მემკვიდრეობითი კაბინეტი

მემკვიდრეობითი კაბინეტი

სამთავრობო ცვლილებების შემდეგ შსს-ს კადრების ნახევარი სახლში რომ გაუშვეს, ახალი ამბავი არ არის და ამაზე ბევრს საუბრობდნენ თავად ის ადამინები, რომლებიც სამსახურიდან ან ახალაიამ გაათავისუფლა ან თავისი ნებით წავიდნენ იმიტომ, რომ მათ ახალაიასთან მუშაობა არ სურდათ.

სხვათა შორის, ამის შემდეგ იმის შესახებაც გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ სამინისტროს თანამშრომლებს პირადად მერაბიშვილმა სთხოვა, რომ სამსახურებში დარჩენილიყვნენ, რათა სამინისტრო არ დაშლილიყო. ცხადია, ეს მხოლოდ იმათ ეხებათ, ვინც საკუთარი ნებით მიდიოდა სამსახურიდან, თორემ ახალაიას გათავისუფლებული დღესაც საკმაოდ ბევრია, მათ შორის მინისტრის მოადგილეების და დეპარტამენტის უფროსების ჩათვლით.

თავდაცვის სამინისტროში მსგავსი რამ არ მომხდარა და მხოლოდ იმ ადგილებზე მოუხდათ სხვა ადამიანების დანიშვნა, ვინც ახალაიამ თავდაცვის სამინისტროდან თავისთან წაიყვანა. მაგალითად, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის ქმარი, ნიკა ძიმცეიშვილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროშიც ახალაიას მოადგილე იყო და შსს-შიც მისი მოადგილე იქნება.

ასეთი საკმაოდ ბევრია. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, ახალაიას გავლენა შს სამინისტროშიც გავრცელდა და თავდაცვის სამინისტროშიც შენარჩუნებულია მიუხედავად იმისა, რომ შაშკინის დანიშვნისას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები გახარებულნი ამბობდნენ, გვეშველაო. 

მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მაინცდამაინც ვერ ეშველათ, რადგან თავად მინისტრი არ არის ახალაიების გავლენისგან თავისუფალი.

For.ge-ს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრად დანიშნულმა დათა ახალაიამ ძმის კაბინეტი მოინდომა და ისე დაიკავა ბაჩო ახალაიას კაბინეტი, რომ შაშკინისთვის არაფერი უკითხავს. მისი არგუმეტი კი ის ყოფილა, რომ ის ოთახი მისი ძმის კაბინეტი იყო, ახლა მას ეკუთვნის და იქ ვერავინ შევიდოდა.

შაშკინსაც ვერაფერი უთქვამს და მინისტრისთვის სხვა კაბინეტის გამოძებნა მოუხდათ. 

კაბინეტის მემკვიდრეობით გადაცემის ფაქტი საქართველოში ახალი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის ან შაშკინი როგორ შეძლებს ახალაიებთან გამკლავებას, ან ეს ყველაფერი რამდენად ჯდება იმ „მაღალი დემოკრატიის“ ფარგლებში, რაზეც ასე ბევრს ლაპარაკობს ჩვენი ხელისუფლება.

როგორც ჩანს, მერაბიშვილის გაპრემიერებით არც თავდაცვის სამინისტროს პრობლემები მოგვარდა და დამატებით პრობლემები შს სამინისტროშიც შეიქმნა. ეს კი სააკაშვილს რისთვის სჭირდება, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების მიღებისას ის მაინც ეცოდინებოდა, ბაჩანა ახალაიას მერაბიშვილის ადგილზე დანიშვნა რას გამოიწვევდა.