საქართველო გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე დგას, ვიდრე საარჩევნო დაპირებებია

საქართველო გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე დგას, ვიდრე საარჩევნო დაპირებებია

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შუალედური ანგარიშის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობის“, „ქართული ოცნების“, „ახალი მემარჯვენეების“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ დაპირებები ბოლო პერიოდში თითქმის ერთნაირი გახდა. ორგანიზაციის დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ, ყველა აქცენტს სოფლის მეურნეობაზე, დასაქმებასა და დაზღვევაზე აკეთებს, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით განსხვავებულია.

წინა საანგარიშო პერიოდში, ანუ აპრილში „ნაციონალური მოძრაობა“ ძირითად აქცენტს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე აკეთებდა. რატომ გახდა ყველა პარტია უცებ მემარცხენე იდეების მქადაგებელი და რა ძირითადი პრობლემის წინაშე დგას ქართული საზოგადოება, ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ საქართველო დღეს კიდევ ერთხელ დგას ეპოქალური ცვლილების წინაშე, რომლის ფონზეც ყველა საარჩევნო დაპირება და პროგრამა უფერულდება. 

როგორ ფიქრობთ, ყველა პარტიას ახლა და თანაც ყველას ერთდროულად გაახსენდა, რომ წლების მანძილზე ქვეყანაში მწვავე სოციალური პრობლემებია?

- ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ოპოზიციის ამ ხნის განმავლობაში იყო სოციალური თემატიკის იგნორირება, ანუ იმაზე თვალის დახუჭვა, რაც რეალურად ახლოს დგას ხალხთან, რაც ყველაზე მტკივნეულია და რაც მისი ყოველდღიური ყოფის შემადგენელი ნაწილია.

ეს მართლაც საკვირველი იყო, იმიტომ, რომ შეცდომა შეიძლება დაუშვა რთულ  სიტუაცებში, მაგრამ ეს იმდენად თვალსაჩინო პრობლემა იყო და ფაქტობრივად, ხელის გულზე იდო, რომ მისი იგნორირება უბრალოდ აუხსნელი იყო ჩემთვის.

ახლა პირიქით, გასაგებია, რომ მათ მიაგნეს იმ ნიშას რომელიც  ხალხთან ყველაზე ეფექტურად სალაპარაკოა და რეალურად, მისი ყოველდღიური ცხოვრების  შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, საერთო ენაზე ლაპარაკი დაიწყეს ხალხთან.

გაუცხოების თემა ოპოზიციასა და საზოგადოების შორის, რომლის ერთ-ერთი სეგმენტი იყო სწორედ ის, რომ საზოგადოებას სხვა პრობლემატიკა აწუხებდა და ოპოზიციური პარტიები სრულიად სხვა თემატიკას სწევდნენ წინა პლანზე (რაც ასევე აქტუალური იყო, მაგრამ არა ისეთი სისხლხორცეული და ისეთივე ყოველდღიური, როგორც ის სოციალური თემები, რომელიც ხალხს ყოველდღიურად აწუხებდა), ეს გაუცხოების მომენტი აღმოიფხვრა და ყველა ერთიანად გადავიდა  სოციალურ თემატიკაზე, რაც სრულიად ბუნებრივია.

მაგრამ მეორე თემაა, რომ ამან უკვე რაღაც გაშარჟების ელემენტი შეიძინა. პრობლემა იმაშია, რაკი დღეს საქართველოში პარტიებს პლატფორმა არ აქვთ, ფაქტობრივად მემარჯვენეობა და მემარცხენეობა აღარ არსებობს და ეს დარჩა მარტო პარტიების სათაურებში. სათაურების მიღმა ეს არაფერში აღარ იკვეთება, აღარც სააჩევნო პროგრამებში, აღარც იდეოლოგიაში, არც მათ ხედვაში და ა. შ.

მემარჯვენეა პარტია, მემარცხენე თუ ცენტრისტი, პროგრამა აქვთ ცალსახად ერთნაირი და სოციალურ თემატიკაზე ორიენტირებული. სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო ამან გარკვეულწილად გაშარჟების ელემენტი, რადგან საარჩევნო პროგრამების დონეზე, მათ შორის, ფაქტობრივად, აღარანაირი განსხვავება აღარ არის.

აქედან გამომდინარე, რიგითი ამომრჩეველის თვალთახედვიდან, თუ ის ოდნავ კრიტიკულად უდგება ამ ყველაფერს, თავისთავად ჩნდება ერთგვარი ირონიული დამოკიდებულება ამ კოპირებული პროგრამების მიმართ, ეს ბუნებრივია.

კიდევ არის ერთი საინტერესო თემა - ამ ყველაფრის განხორციელების მექანიზმი - რომელი პარტია შეძლებს და დადებს, ან ჩათვლის საჭიროდ ამომრჩევლამდე მიიტანოს არა მარტო პოპულისტური მესიჯები, არამედ ამ მესიჯების და ამ სოციალური დაპირებების განხორციელების რეალური მექანიზმები. ვფიქრობ, ეს იქნება მთავარი, არსებითი და განმასხვავებელი ამ პროგრამებს შორის.

უცხოეთში არ ხდება ასე, რომ ყველა, მემარჯვენე იქნება, მემარცხენე თუ ცენტრისტი ყველა გამოდიოდეს არჩევნების წინ მემარცხენე იდეებით. ჩვენთან რა იწვევს იმას, რომ მემარჯვენეები მემარცხენე იდეებს სთავაზობენ ამომრჩეველს, ყოველი არჩევნების წინ და პენსიის გაზრდას, წყლის შეყვანას, კომუნალური ტვირთის შემცირებას და მსგავს დაპირებებს გასცემენ, როგორ ფიქრობთ, ეს იდეოლოგიები საჭირო არ არის საქართველოში? რატომ გახდა ყველა მემარცხენე?

- ალბათ, ეს სოციალური თემატიკის სიმწვავემ გამოიწვია, იმან, რა მდგომარეობაც დღეს არის ქვეყანაში. ორი მიმართულება შეიძლება განვიხილოთ და  ორი პასუხი შეიძლება ჰქონდეს ამ კითხვას.

ერთია ის, რომ რეალურად, ადამიანს, რომელსაც არ აქვს ყოფითი პრობლემები დაკმაყოფილებული, ანუ პირველადი მოთხოვნები - კვების, ჩაცმის, ძალიან ძნელია, მას ესაუბრო უფრო მაღალ მატერიებზე.

ზოგადად მართვის თეორიასა და ფსიქოლოგიაში არსებობს მოთხოვნილებათა შკალა, სადაც არის ყველაზე პირველი რიგის მოთხოვნილებები და ადის შემდეგ უკვე უმაღლესი რიგის მოთხოვნილებებამდე, რაც გამოიხატება ადამიანის სოციალურად და საზოგადოებრივად პრივილეგირებულობაში.

ამ შკალაზე, როგორც წესი, არ ხდება ისე, რომ ადამიანს გაუჩნდეს ჯერ უმაღლესი რიგის მოთხოვნილება, რომ ვთქვათ - საზოგადოებაში იყოს ლიდერი, საკუთარი თავის წინ წამოწევის, კომფორტის და ა.შ.

როგორც წესი, ჯერ პირველი რიგის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იწყება, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების მოთხოვნილება. თუ უსაფრთხოების გარანტიები არ აქვს ადამიანს, სხვა რანგის მოთხოვნილებებზე არ ერთვება. ჩვენს შემთხვევაში, მოქალაქის უსაფრთხოებაც კი არ არის დაცული.

უსაფრთხოებაში იგულისხმება უპირველესად სოციალური უსაფრთხოება, ანუ პირველადი მოთხოვნილება - ეს იქნება, კვების, ჩაცმის ა.შ. თუ ეს ელემენტარული არ გაქვს დაკმაყოფილებული, თუ შენს შვილს შია, თუ შენი შვილი ჩაცმული არ არის, შენ ვერ ფიქრობ მის განათლებაზე. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ მას კულტურული გარემო შეუქმნა, თეატრში და კინოში ატარო. შენს შვილს თუ ტყვია აქვს მიშვერილი, უკვე ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობ.

აქედან გამომდინარე, გამოვიდეს პოლიტიკური პარტია და შესთავაზოს, დავუშვათ ის სხვა, უფრო მაღალი რანგის მოთხოვნილებები, ასეთი დაპირებები უბრალოდ, ვერ იქნება ადეკვატურად აღქმული.

ეს არის პირველი მიზეზი იმისა, რომ ყველა პარტია ამჯერად გამოდის საზოგადოების, ასე ვთქვათ, სოციალური თემატიკით. რეალურად, ყველა პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გათვლილია ელემენტარულად ადამიანის პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე. თუმცა განათლების თემაც აქტუალურად ჟღერს, მაგრამ განათლების თემა მოთხოვნილებათა ამ შკალაშიც უკვე შემდეგი საფეხურია. როცა ეს ყველა პირველადი მოთხოვნილება, ანუ უსაფრთხოების მოთხოვნილებები გაქვს დაკმაყოფილებული, შიმშილით და სიცივით არ კვდები და ასე ვთქვათ, ტყვია არა გაქვს მოშვერილი, ასეთ შემთხვევაში, უკვე შემდეგი რანგის მოთხოვნილებები შემოდის.

ეს მიანიშნებს იმ რეალურ კატასტროფაზე, რა მდგომარეობაშიც დღეს საზოგადოება იმყოფება და პარტიაც იძულებულია, რეალურად მას ამ ენაზე ესაუბროს. როცა ადამიანს უდგას შიმშილის პრობლემა, გამოვიდეს პარტია და უთხრას მე შენ გპირდები იმას, რომ კულტურული ცხოვრება გექნება მოწესრიგებული, თეატრებს ავაღორძინებ, შენ გექნება საშუალება, რომ თეატრში იარო, ეს, ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მიდის აბსურდამდე. როცა ადამიანს შია, ის არ ფიქრობს იმაზე, თეატრის ბილეთი იყიდოს თუ არა და თეატრის შენობა არის თუ არა ამ შემთხვევაში გარემონტებული და ევროსტანდარტების დონეზე. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ პარტიამ და მოსახლეობამ საერთო ენა იპოვა.

მეორე პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ ზოგადად, საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის პოლიტიკური კულტურა არის ძალიან დაბალი. ამ შემთხვევაში, ერი და ბერი ერთნაირია და აქედან გამომდინარე არც იმის აუცილებლობა დგას, რომ ვინმეს იდეოლოგიას ვერ გააგებინებ.

მემარჯვენეების პრობლემა იცით რაშია, ისევ იქ მივდივართ, სოციალურ თემატიკამდე, როცა ადამიანს შია, ვერ აუხსნი რომ დაუშვათ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები რატომ არის ასეთი სასტიკი და რატომ შეიძლება ადამიანი იყოს სოციალურად დაუცველი საბაზრო ეკონომიკის პირობებში.

ყველაფერი მაინც მიდის სოციუალურ პრობლემამდე, რომელიც დღეს საქართველოს უდგას.

როდესაც ჩამოყალიბებულია საზოგადოება, ჩამოყალიბებულია პოლიტიკური სპექტრი და პოლიტიკური კულტურა, ასეთ შემთხვევაში უკვე გასაგებია იგივე ამომრჩევლისთვის, რომ არსებობს მისი პიროვნული ინტერესი, როგორც  მოქალაქის. მაგრამ არსებობს სახელმწიფოს ინტერესიც და ამ შემთხვევაში, პარტიების საარჩევნო პროგრამა უნდა აბალანსებდეს მოქალაქის და სახელმწიფოს ინტერესებს და მაშინ არის ის სახელმწიფოებრვად მოაზროვნე და სახელმწიფოს განვითარებაზე ორიენტირებული.

ჩვენს შემთხვევაში ეს პრობლემა რეალურად დგას. ისევ მაგალითი რომ მოვიშველიო, ეს ფანტასმაგორიული პროგრამები (ყველაზე რა თქმა უნდა არ ვრცელდება, მაგრამ ზოგადად ასეა), მილიარდებზე გათვლილი, რომ  მილიარდები უნდა ჩაიდოს სოფლის მეურნეობაში და ა.შ. შეიძლება ამომრჩევლის გულს ელამუნება, მაგრამ რეალურად ამას ხომ სუპერინფლაციამდე მივყევართ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისევ იმ მოქალაქეს, ისევ იმ სახელმწიფოს ფინანსური სისტემის სტაბილურობას ურტყამს და მერე ზოგადად, სახელმწიფო მდგრადობასა და განვითარებას.

როცა პოლიტიკურ კულტურაზე ვსაუბრობთ, ამ დაპირების მიღმა რომელიც ჩემთვის, როგორც მშიერი ადამიანისთვის სასიამოვნოა, ამ დაპირების მიღმა უნდა ვხედავდე, რომ ამ დაპირებამ კარგი კი არ შეიძლება მომიტანოს, არამედ პირიქით, დააქციოს ახლო პერსპექტივაში.

მაგრამ ისევ ვამბობ, როდესაც ასეთი მძიმე სოციალური მდგომარეობა, ასეთი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური კულტურაა, უკვე ასე შორს აღარ იხედება ამომრჩეველი და შესაბამისად, პარტიაც და აღარ ითვლის ხვალინდელ დღეზე. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი პრობლემა.

ყოველი არჩევნების წინ ამომრჩეველი მაინც წამოეგება ხოლმე ამ ანკესზე. ადგილობრივი თვითმმართვერლობის არჩევნებზექრისტიან დემოკტარებიშუქისა და გაზის გადასახადის შემცირებას პირდებოდნენ ამომრჩეველს და დიდმა ნაწილმა ეს დაიჯერა. ზოგადად, ამომრჩევლის პარტიისადმი ნდობის ხარისხს რა განაპირობებს?

- საკითხი შეიძლებას ასე დავსვათ - ენდობიან კი ზოგადად ამ პროგრამებს? იმდენჯერ მოხდა იმედგაცრუება, რომ ზოგადად, ნდობის საკითხი დღეს ნაკლებად აქტუალურია, საარჩევნო დაპირებების მიმართ ნდობის საკითხი, ვფიქრობ, დღეს პრიორიტეტული არ არის.

ნებისმიერ დაპირება შეიძლება რეალურად აქციო, ჩადო მილიარდები სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ეს ხომ არ არის ლოკალური ფაქტი, რას გამოიწვევს ეს? - იგივე სასოფლო სამეურნეო, ფინანსურ სისტემას ხომ არ დაანგრევს და ა.შ. ამაზე უკვე აღარავინ აღარ საუბრობს და არც არავინ მსჯელობს.

ანუ, აქ მარტო დაპირების რეალურობაში არ არის საქმე, იმაზეა ლაპარაკი, ერთიან რგოლში, ერთიან სტრატეგიაში და შემდეგ უკვე ბიუჯეტში როგორ ასახვას ჰპოვებს და დომინოს პრინციპით რა რეაქციას გამოიწვევს, ფინანსურ სისტემაში, ეკონომიკურ თუ სხვა დარგებში.

დღეს ჩვენ არა ვართ ჯერ კიდევ მისული იმ დონეზე რომ ასე შორს გავიხედოთ და საარჩევნო პროგრამები ამ თვალსაზრისით შევაფასოთ. თუმცა, დღეს ამ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში, ყველაზე არსებითი არის ის სიტუაცია, როცა ნებისმიერი საარჩევნო პროგრამა არის გადასული მეორე პლანზე, ისევე როგორც ეს იყო 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წინ.

დღეს დგას საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილის სოციალურ ეკონომიკური, პოლიტიკური გადარჩენის თემა და ამიტომ, სოციალური პირობები, საარჩევნო პროგრამები, გარკვეულ როლს ითამაშებენ, მაგრამ აქ ზოგადად სახელმწიფო მართვის  სისტემის ცვლილების მოთხოვნილებაზეა საუბარი და არა იმაზე, ვიღაც 5-ლარიან სადაზღვევო პაკეტს მპირდება, ვიღაც - 10-ლარიანს, თუ-15 ლარიანს. გაცილებით გლობალური არჩევანის წინაშე დგას საზოგადოება ვიდრე კონკრეტული სოციალური დაპირებაა.

საზოგადოებას ეს პრობლემა უდგას უკვე  20 წელია და არც ისე მცირე დროა, იმისათვის, რომ გამოფხიზლდეს და რეალური არჩევანი გააკეთოს, მეტი ყურადღებით შეხედოს თუნდაც საარჩევნო პროგრამებს... როგორ ფიქრობთ, უკვე მომწიფებულია საამისოდ სიტუაცია?

- ზოგადად, საქართველოს პოლიტიკური სისტემის და საზოგადოების პრობლემა ის არის, რომ სამწუხაროდ, 8 -10 წელიწადში ერთხელ დგება ეტაპი, როდესაც პოლიტიკური პროცესები მიდის იქითკენ, რომ აღარ არის საჭირო საარჩევნო პროგრამები, საარჩევნო პროგრამა ვეღარ ასრულებს საარჩევნო პროცესში და საზოგადოების არჩევანში გადამწყვეტ როლს, ანუ ეპოქლური ცვლილებების დრო დგება.

ვერ გეტყვით, რომ ეს არის კარგია, რადგან ასეთი ეპოქალური ცვლილებები ანგრევს ყველაფერს, ზოგადად ეპოქალური ცვლილებების გამოა, რომ საქართველო ვერ ჩამოყალიბდა როგორც საზოგადოებრივი ორგანიზმი, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური სისტემა.

ზვიადის ხანმოკლე ეპოქა შეცვალა შევარდნაძის ეპოქამ, შევარდნაძე შეცვალა სააკაშვილის ეპოქამ, დღესაც ვდგევართ ისევ ეპოქალური ცვლილებების წინაშე და სწორედ ამ ეპოქალური ცვლილებების ეტაპზე ზოგადად, საარჩევნო პროგრამები თავის ფუნქციას და მნიშვნელობას კარგავენ.

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპებზე ზედმეტია საუბარი ყველანაირ სოციალურ პროგრამებზე და ზოგადად საარჩევნო პროგრამაზე. ხალხი იძულებულია თავისი არჩევანი გააკეთოს არა პროგრამების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიხედვით და ა.შ. ის უბრალოდ არჩევანს ვეღარ აკეთებს არჩევნების გზით.

ეს არის მთავარი პრობლემა. არჩევნები, როგორც ხელისუფლების შეცვლის გზა, მას ხელიდან ეცლება. არჩევნები მხოლოდ  ფორმალურ სახეს ინარჩუნებს და რეალურად ვერ გამოხატავს ხალხის საარჩევნო ნებას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დანარჩენი კარგავს თავის ფუნქციას. 

რა საარჩევნო პროგრამას უნდა მისცე ხმა, როდესაც იცი, რომ შენი არჩევანი უბრალოდ ვერ განხორციელდება. აქ არსებითია არა ის, რა საარჩევნო პროგრამას მისცემ ხმას, ან რომელ პარტიას, ან რომელ პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ ზოგადად არჩევნებმა, ხელისუფლების ცვლის კანონიერმა ფორმამ თავისი ფუნქცია ამოწურა.

ამის წინაშე ვდგებით ჩვენ ყოველ 8 წელიწადში ერთხელ. ეს არის მთავარი დარტყმა იგივე საზოგადოების სტაბილურობაზე, სახელმწიფოებრივ სტაბილურობაზე, პოლიტიკურ სისტემის  სტაბილურობაზე.

დღესაც სავარაუდოდ, იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, ამ ეტაპზე ასე ჩანს, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ დაკარგული არ არის...

- რა თქმა უნდა, დღესაც ვდგევართ იგივე პრობლემის წინაშე და ეს იქნება ყველაზე მძიმე, ამას ვამბობდი 2003 წელს და დღესაც ვიმეორებ, ეს იქნება ყველაზე მძიმე დარტყმა ზოგადად საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის. თუ ამჟამადაც, - 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნებმა, როგორც ხელისუფლების ცვლილების კანონიერმა ფორმამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა.