სხვა დრო, სხვა რეალობა და სხვანაირად მომზადებული ოპოზიცია

სხვა დრო, სხვა რეალობა და სხვანაირად მომზადებული ოპოზიცია

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონის 6 მაჟორიტარულ და თბილისის 10-ვე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები დაასახელა.

დედაქალაქში კოალიცია შემდეგ კანდიდატებს წარადგენს: მთაწმინდა - ზაზა პაპუაშვილი, ვაკე - შალვა შავგულიძე, საბურთალო - დავით უსუფაშვილი, კრწანისი - შოთა ხაბარელი, ისანი - ნუკრი ქანთარია, სამგორი - ზურაბ აბაშიძე, ჩუღურეთი - ვიქტორ დოლიძე, დიდუბე - ვახტანგ ხმალაძე, ნაძალადევი - თეა წულუკიანი, გლდანი - სოსო ჯაჭვლიანი. საგარეჯოში კოალიციის სახელით - თინათინ ხიდაშელი, ჭიათურაში - მალხაზ წერეთელი, ხონში - ნიკა სანოძე, მარტვილში - მურთაზ ხურცილავა, წალენჯიხაში - გიორგი ნაჭყებია და ამბროლაურში დავით დარახველიძე იყრინ კენჭს.
მაჟორიტარებს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საკუთარი ამომრჩევლისა და იმ რაიონის მიმართ, რომელსაც ისინი მოიგებენ. მართალია, არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის ეპოქაში დეპუტატთა უმეტესობას მსგავსი პასუხისმგებლობა არც უგრძვნია, მაგრამ კოალიცია „ქართული ოცნება“ გვპირდება, რომ ყველაფერი მანკიერი, რაც წინა ხელისუფლებების დროს არსებობდა, თანდასთანობით მოისპობა. როგორ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე და რის უპირობო გარანტიებს მისცემს ნაძალადევის რაიონის მცხოვრებლებს გამარჯვების შემთხვევაში კოალიცია ქართული „ოცნების წევრი“, თეა წულუკიანი, ამაზე თვითონ ამომჩველებს ბევრად უფრო მეტს ეტყვის პირისპირ შევხედრისას, ჩვენთან საუბრისას კი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ადამიანებმა საკუთარი უფლებები იცოდნენ და ღირსეულად ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ.
ნაძალადევი ცნობილია, როგორც საკმაოდ რთული და სპეციფიური რაიონი, თუმცა უკვე 12 წელია ამ რაიონის მაჟორიტარი მერაბ სამადაშვილია, იმასაც ამბობენ, ამ რაიონში როგორც თევზი წყალში, თავს ისე გრძნობს და რომ მეოთხე მოწვევის მაჟორიტარობისთვისაც ემზადება...

- ეს ის ადამიანია, რომელსაც ნაძალადევში ნაძალადევის რაიონის ინტერესები კი არა, საკუთარი ბიზნესი და იმ ვიწრო წრის ინტერესები აქვს, რომელიც მისი უშუალო გარემოცვაა.

მე არ მაქვს არანაირი პირადი დაინტერესება არც ერთ რაიონთან და მითუმეტეს, ნაძალადევის რაიონთან, ერთადერთი ჩემი ინტერესი, როდესაც ამ გადაწყვეტილებაზე იყო საუბარი, არის ის, რომ ნაძალადევს სამადაშვილის ნაცვლად ჰყავდეს ღირსეული წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც საკანონმდებლო სხდომებზეც ივლის და ნაძალადევლების სახელით მათ ინტერესს დაიცავს. მე მეტი ინტერესი ნაძალადევში არ მაქვს, სამადაშვილისგან განსხვავებით.

გარდა ამისა, ეს ის ადამიანია, რომელიც მოძველდა, მან დეპუტატობით შეიქმნა ის კეთილდღეობა, რაც როგორც ჩანს, იყო კიდეც მისი მიზანი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ის იქნება ისევ თუ არა, მაგრამ თუ მართლაც ბრძოლაში ჩაება, ახლა უკვე დროა, დათმოს პოლიტიკური ასპარეზი, იმიტომ, რომ ამგვარი პოლიტიკოსების დრო დიდი ხანია, წავიდა, ის უბრალოდ, შემორჩა აქაურობას.

შესაძლოა სამადაშვილმა ისევნაციონალური მოძრაობის“ სახელით იბრძოლოს, ცნობილია, რომ ის ცდილობს მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გამართოს და ასეთი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ხალხი მასთან შესახვედრად ძალით გამოჰყავთ საბავშვო ბაღებიდან. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ამომრჩეველთა ხმების გაყალბებას კვლავაც შეეცადოს...

- სამადაშვილისა და მისი გუნდის მეთოდები, როგორ გააყალბონ არჩევნები, რამდენიმე დღის წინ ფართო საზოგადოებამ თვალსაჩინოდ იხილა და უკვე ცნობილია. თუმცა მანამდეც ცნობილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გაყალბების მეთოდები. ამ მეთოდების საწინააღმდეგო და თავიდან აცილების მექნიზმები არსებობს, ჩვენ ეს მექანიზმები უკვე გვაქვს და ვხვეწთ, ასე რომ, ვისაც გასდიოდა აქამდე, აღარ გაუვა.

ჩვენ შევიმუშავებთ მექანიზმებს, რომ ეს აღარ მოხდეს, მაგრამ თუ ის მაინც წავა ამაზე, როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ დააზიანებს.

ნაძალადეველების განწყობა როგორია თუ არის უკვე თქვენთვის ცნობილი?

- როგორც ვიცი, ხალხი უკვე მზად არის ბრძოლისთვის, საარჩევნო ბრძოლას ვგულისხმობ. ახლა მთავარია, რომ ორივე მხრიდან კანდიდატები აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე. მე ვთვლი, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიქნები, ყოველ შემთხვევაში, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

რატომ უნდა მოგცეთ ამომრჩეველმა ხმა, რის გარანტიას აძლევთ, რაში ხართ დარწმუნებული, რომ აუცილებლად შეასრულებთ?

- ხმამაღალი ნათქვამი არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ჩემი წარსულიდან გამომდინარე, გარანტიას ვიძლევი, რომ ვიქნები მათი ინტერესების ერთგული და მათი ინტერესები არ იქნება გამოყენებული ჩემი პირადი მიზნების დაკმაყოფილებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი პირადი ინტერესი მე ამ არჩევნებში არ მაქვს.

ამ ხალხს, თუკი ისინი მომცემენ ხმას, დავუბრუნებ იმ ღირსებას, რომელიც წაართვა ადრინდელმა მაჟორიტარმა და რომელსაც ჰგონია, რომ ეს ადგილი არის მისი სანადირო სივრცე.

ნაძალადევი არის ყველა იქ მცხოვრები მოქალაქის. ყველას ინტერესი თანაბრად უნდა იყოს დაცული და მხოლოდ ვიღაცის ვიწრო ინტერესებს არ უნდა ეწირებოდეს ზოგადი ინტერესი.

გარდა ამისა, კოალიცია „ქართული ოცნების“ პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ყველას ვპირდებით ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, მოქალაქეების დასაქმებას და სამართლიანობის აღდგენას.

იცით, რომ არა მხოლოდ ნაძალადევში, ყველგან არიან პატიმრების ოჯახები, როდესაც ადამიანი მოხვდება ციხეში, მათი ოჯახები ფეხქვეშ არის გათელილი და ეს უნდა შეწყდეს.

არის ძალიან ბევრი პრობაციონერი, რომლებსაც, სხვათა შორის, სამადაშვილი ძალზე უღირსად იყენებდა არჩევნების დროს, იმის გარანტიც ვიქნები, რომ არც ერთი პრობაციონერი, იმიტომ, რომ პრობაციონერია, იყოს მისივე ინტერესების საწინააღმდეგოდ ვიღაცის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებული. კიდევ სხვა ბევრი რამის გარანტიას მივცემ, მაგრამ ამ ყველაფერს ნელ-ნელა გავაცნობ ჩემს ამომრჩეველს შეხვედრების დროს.

ცნობილია, რომ ქართული ოცნებახალხს მუდმივად ხვდება, არა როგორც მაჟორიტარის, არამედ კოალიცია ქართული ოცნებისწევრის რანგში. თუ გქონიათ ნაძალადევლებთან შეხება და თუ იცით მათი პრობლემებისა თუ გასაჭირის შესახებ?

- თბილისში, ძირითადად ერთნაირი პრობლემებია, ნაძალადევში განსაკუთრებით მომხვდა თვალში, რომ ადამიანებს უნდათ სამართლიანობის აღდგენა, სურთ დაუბრუნდეთ იმის შეგრძნება, რომ ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში, რომ თავად უვლიან ოჯახს, რომ ღირსეულად ზრდიან შვილებს და ის უარყოფითი იარლიყი, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის პირობებში ამ რაიონს ჰქონდა ხოლმე მიწებებული, ეს იარლიყი მას აღარ უნდა ჰქონდეს.

იქ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე და ღირსეული ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ ჩემი მთავარი მიზანი იქნება, რომ ყველას ოჯახს ჰქონდეს ის განცდა, რომ არის ღირსეული წარმომადგენელი ჩვენი საზოგადოების. რაც შეეხება ეკონომიკური და სხვა სახის პრობლემებს, აქაც იგივეა, რაც მთელ თბილისში.

ამ არჩევნებისთვის მთელ საქართველოში განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციაა, ისიც ნათელია, რომ ხელისუფლება თვითონვე ცდილობს დაძაბულობის ფონი შექმნას და ოპოზიციის ამომრჩეველთან შეხვედრები სხვა ფორმატში გადაიყვანოს. არსებობს მოლოდინი, რომ მერეთისა და კარალეთის მსგავსი პროვოკაციები განმეორდეს, მაგალითად თქვენს საარჩევნო ოლქში რას ურჩევდით მოსახლეობას?

- სადაც მე ვიქნები, მოსახლეობას ეცოდინება, მისი უფლებები რა არის. ხშირად რასაც წავწყდომივარ, ამომრჩეველი და საზოგადოდ, მოქალაქე არის საშინელ მდგომარეობაში ჩაყენებული, იმიტომ, რომ მან არ იცის, რისი უფლება აქვს.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია და იმ რაიონში, სადაც მე ვიმუშავებ, რა თქმა უნდა, ამისი ნაკლებობა არ იქნება, რომ მხარდამჭერებმა და მოქალაქეებმა იცოდნენ, რა შეუძლიათ მოითხოვონ და რეპრესიის როგორ ფორმას რითი უნდა უპასუხონ.

მეორე თავდაცვითი ზომა არის ის, რომ ჩვენი მომხრეები უშუალოდ ისეთივე მშვიდები არიან, როგორც თავად „ქართული ოცნებაა“, რადგან ჩვენი მიზანი არასდროს არ იყო და არც იქნება რაიმე ტიპის აგრესია და შეხლა-შემოხლა.

ეს მექნიზმები გვაქვს ხელთ. ჩვენ ვართ ოპოზიციაში და აქედან გამომდინარე, არც პოლიცია გვყავდს და არც ჯარი, მაგრამ ჩვენ გვყავს გულანთებული ამომრჩევლების მთელი არმია, ხელისუფლებამ ეს იცის.

ხელისუფლებამ ისიც იცის, რომ თუ ვინმეს ჰგონია, პოლიცია და ჯარი ვინმეს დაუპირისპირდება, ეს ასე არ არის. ამიტომაც გამოჰყავს ხალხის წინააღმდეგ თავისივე კუნთმაგარი ზონდერები, რადგან ქართული პოლიცია და ჯარი ასე ადვილად ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავა.

რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მოვისმინეთ, გასულ არჩევნებზე რა მეთოდით მოიგო მაჟორიტარობა მერაბ სამადაშვილმა და როგორ გაუფუჭესეკა ბესელიას 60 ხმა, მაშინ , როდესაც ეს რაიონი ფაქტობრივად, მან მოიგო. თუ განმეორდა მსგავსი რამ, ამ შემთხვევასში თუ გაქვთ გეგმა, როგორ მოიქცევით?

- როგორც გითხარით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამგვარი რამ არ მოხდეს, არც მგონია რომ განმეორდეს და თუ მაინც მოხდება, ასეთი სიტუაციისთვის შემუშავებული გვაქვს სხვა ტაქტიკა და სტრატეგია, თუმცა მე ამას არ განვიხილავ, რადგან ამგვარი რამ აღკვეთილი იქნება და ვერ მოხდება, რადგან სხვა დროა, სხვა რეალობა და ოპოზიციაც სხვანაირად არის მომზადებული.

რაც შეეხება კონკრეტულად ეკა ბესელიას, მე ღრმად მწამს, რომ მან მაშინ სამადაშვილს არჩევნები მოუგო და სამადაშვილის და მისი გუნდის რამდენიმე წევრის აღვირახსნილმა უკანონობამ ეკა ბესელიას ძალიან ბევრი ხმა უკანონოდ დააკარგვინა.

ანუ უნდა გვქონდეს თუ არა იმედი, რომ ნაციონალური მოძრაობისუძლეველობის მითი ერთხელ და სამუდამოდ გაქრება, იმიტომ გეკითხებით, რომ მას პრაქტიკულად წაგებული არჩევნები არაერთხელ მოგებულად გაუფორმებია.

- მითი „ნაციონალური მოძრაობის“ უძლეველობის შესახებ უკვე დიდი ხანია, დაიმსხვრა, ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ისინი პანიკაში ჩავარდნენ და ერთიმეორეზე მიყოლებით ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვეს ოპოზიციის ლიდერს, შემდეგ ყადაღას ყადაღა მიაყოლეს და როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანეს საკუთარი თავი.

აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ უძლეველობის მითი დღეს აღარ არსებობს და არც მათი თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის. ერთადერთი, რაც არსებობს, ეს არის დასუსტებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით ინარჩუნებს ძალაუფლებას და შიშს იყენებს იარაღად, მაგრამ ეს შიშიც ტყდება.

ამიტომ, ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ მითი მომავალში უნდა დაიმსხვრეს, ის უკვე დამსხვრეულია, ახლა მთავარია, ეს შედეგი ოფიციალურად გაფორმდეს ოქტომბერში.

მოგეხსენებათ, რომ დასუსტებული პოლიტიკური ძალა კიდევ უფრო მეტად საშიში ხდება ხოლმე, იმ ყველაფრის შემდეგ რაც უკვე გააკეთა ხელისუფლებამ, ელოდებით თუ არა, რომ ოქტომბრამდე კიდევ უფრო გამწვავდება სიტუაცია?

- მიუხედავად მერეთისა და კარალეთისა, სიტუაციის უფრო გამწვავებას არ ველოდები, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაათვითცნობიერა, რომ ეს უპირველესად მისთვის არის საზიანო და წმინდა ეგოისტური გადასახედიდან ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს.

ის ზოგიერთი კომპონენტი, რომელიც არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სურს ალბათ რომ ჰქონდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური მომავალი, ყველაფერს იზამს იმისათვის, რომ ზოგიერთი მათი კოლეგა, არანაირად არ გავიდეს კანონის საზღვრებს იქით.

ამიტომ ვფიქრობ, რაღაც ინციდენტები იქნება, მაგრამ სერიოზულ დაძაბულობაზე, რაიმე ტიპის აგრესიაზე, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ლაპარაკი ნაადრევად მიმაჩნია.