უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა For.ge-ის პრესკლუბში დღეს გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად NDI -ის კვლევების შედეგები შეაფასა.
ნაცვლიშვილის განმარტებით, ჯერ სოციოლოგიური კვლევები, მათ მიმართ მოლოდინები, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი ინტერპრეტაცია და მთელი ეს ემოციური ვნებათაღელვები ჩვენს ქვეყანაში ეროვნულ-სპორტულ სახეობად გადაიქცა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სოციოლოგიასთან დაკავშირებული კვლევის პროცესი საზოგადოების აზრის კვლევიდან ნელნელა საზოგადოებრივ აზრზე უხეში ჩარევის იარაღად გადაქცევისკენ გადაიზარდა.
რაც შეეხება უშუალოდ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ NDI -ის კვლევის შედეგებს, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ როგორც მოქალაქე პატივს სცემს ამერიკულ კვლევით ორგანიზაციებს, თუმცა მათ მიმართ მაინც ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა გაუჩნდა.
„მე მაქვს ბევრი შეკითხვა როგორ და ვინ ატარებს ამ კვლევას და მე ობიექტურად ვფიქრობ, რომ იმ ვითარებაში, რომელიც ხელისუფლებამ 9 წლიანი მმართველობის შედეგად შექმნა არსებული სარკე არაადექვატურია. სოციალური სარკე გამრუდებულია და ის ადექვატურად ვერ გამოხატავს საზოგადოების რეალურ განწყობილებას. ანუ ცდომილება საზოგადოების რეალურ განწყობილებასა და NDI -ის თუ სხვა სოციოლოგიურ კვლევების შედეგად წარმოჩენილ სურათს შორის, ჩემი აზრით ძალიან დიდია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, NDI -ის კვლევებზე მისი უშუალო პრეტენზია, კითხვას უკავშირდება, რომელიც შემდეგი სახით არის წარმოდგენილი. „ხვალ რომ არჩევნები იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“.
„შედეგმა აჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 18 %, ნაციონალური მოძრაობამ კი 36% მიიღო. მე არ მჯერა ამ შედეგის. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ორმაგი მაჩვენელი ექნებოდა“, - დასძინა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, კვლევებმა ასევე ნაციონალური მოძრაობის 24 %-იანი კლება, „ქართული ოცნების“ კი 80% იანი მატება აჩვენა და აღნიშნა რომ ეს რეალობა იქნება. ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ამ დინამიკას ადასტურებს არა მხოლოდ ეს ციფრები და არსებული მონაცემები, არამედ ის სამთავრობო ცვლილებებიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ განახორციელა.
მისი შეფასებით, რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებაში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებით სააკაშვილმა ძალიან ღრმა სახელისუფლებო კრიზისი დაადასტურა.
ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, სააკაშვილმა იგრძნო, რომ ივანიშვილმა ის მოულოდნელად რაღაცა ტიპის მოხდენილი მანევრით ჩამოიტოვა. დინამიკამ ამ მიმართულებით კი მისი განმარტებით, სტარტი „გრანდიოზული“ 27 მაისის აქციიდან აიღო და დასძინა, რომ სამთავრობო ცვლილება ამ დინამიკას და ამ ვარდნის შეჩერების მცდელობა იყო.
„ხელისუფლება არის ღრმა პოლიტიკურ, ემოციურ და ესთეტიურ კრიზისში, ის ცდილობს როგორმე შეამციროს გარღვევა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში 27 მაისს დაფიქსირდა. ხელისუფლებამ საკუთარ თავს შეუძახა „შეაჩერე ვარდნა“ და ამის განსახორციელებლად მოახდინა მთავრობის გადაყენება და მასში ასეთი გრანდიოზული ცვლილებები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, გამოჩნდა რომ ხელისუფლებას მხარდამჭერების კატასტროფული დეფიციტი ჰქონდა. მაგრამ აქვე განმარტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ფიქსირებული მხარდამჭერები ყავს, ამიტომ, მისი თქმით, სინამდვილეში იმ ხალხის რაოდენობამ იმატა, რომელთაც აღარ აქვთ თვიცენზურა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ და განწყობილებებს პირდაპირ აფიქსირებენ.
„როცა კოალიცია თავის მომხრეებთან ერთად ასე ძალუმად გადმოიღვარა დედაქალაქის ქუჩებში ამან დათრგუნა მათი შიში. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეხლანდელი სამთავრობო ცვლილებები თუ ოპოზიციური პარტიების რაღაც პროგრამული დოკუმენტები მხარდამჭერების მატება-კლების განმსაზღვრელი გახდეს. საქართველოში ძირითადი ამომრჩეველი უკვე ფორმირებულია და ასეთი ცვლილებებით ხელისუფლება საზოგადოებაზე ვერ მოახდენდა ზემოქმედებას. ან თუ მოახდენდა, არც თუ დადებითს“, - დასძინა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება მის სიმპატიებს პოლიტიკური პარტიების მიმართ, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ის „ქართული ოცნებისკენ“ იხრება და აღნიშნა, რომ ეს სიმპატიები უახლოეს მომავალში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ფორმირებული.
„ის საარჩევნო ხმა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები გამოვიყენებ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. ნაციონალური მოძრაობა ჩამოშორდეს საქართველოს ხელისუფლებას და მის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოვიდეს. ეს მყარად მაქვს გადაწყვეტილი და ყველა ლეგიტიმური საშუალებებით შევეცდები ამაში თანამოქალქეებიც დავარწმუნო “, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას არის თუ არა ამჟამად „ქართულ ოცნებაში“, ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ოღონდ ბრჭყალების გარეშე მას ქართული სისხლი, 3 ათას წლოვანი ერის ისტორია და უკეთესი ცხოვრებისკენ თანამოქალქეების ოპტიმიზმი აკავშირებს. მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარების ვალდებულება ბიძინა ივანიშვილმა აიღო, ამიტომ მიიჩნევს, რომ მის გვერდით უნდა იყოს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ კოალიციისგან შემოთავაზება ჯერ არ მიუღია.
„მე არ მიმიღია შემოთავაზება კოალიციისგან იმის თაობაზე, რომ გავწევრიანებულიყავი მის რომელიმე პარტიასთან. თუკი ეს იქნება, ამ საკითხზე ამის შემდეგ ვისაუბრებ. სხვა შემთხვევაში ჩემი განცხადებები იქნება ცოტა ამბიციური და არაეთიკური. იქნება შემოთავაზება? იქნება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა. თუმცა დასძინა, რომ ამჯერად არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი არ გააჩნია.
ნაცვლიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი დაპირისპირება არ ყოფილა და „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში რესპუბლიკელები ყველაზე მეტად დაუჭერდნენ მხარს მის გადაწყვეტილებას.
„რესპუბლიკელებიდან" ჩემი წამოსვლა არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდება, მე ამოვწურე ჩემი თავი და ერთგვარი პაუზა ავიღე. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს "რესპუბლიკელებთან" და ისინი ჩემი გულშემატკივრები არიან", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რაიმე ტიპის ორგანიზაციული კავშირი არ შეიძლება იყოს აუცილებელი პირობა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გახსნილობისა.
მისივე განმარტებით, არცერთ სასახლეში, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არც „ქართული ოცნების“ ოფისში არ იძლევიან ინსტრუქციებს სამშობლოსა და საზოგადოებისათვის მსახურობისათვის.
ნაცვლიშვილი ხელისუფლების ახალ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც წინასაარჩევნოდ პარტიების ქცევის წესების ჩამოყალიბებას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ამით ხელისუფლებამ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპონენტებს დაცინა.
მისი თქმით, ეს ინიციატივა არის ვირტუალური, ფასადური, არაფრით გამყარებული სიტყვების წყობა და აღნიშნა, რომ ამით საზოგადოებას ვერაფერს ვეღარ შემატებს. ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლება ერთი ხელით ადამიანებისთვის ჯიბიდან ფული აცლას ცდილობს, მეორე ხელით კი პატიოსნების შესახებ დეკლარაციას წერს.
„ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული ეს ინიციატივა არის ცინიზმი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველაფერი, რაზეც იქ არის საუბარი, ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენებაზე, ძალადობაზე და ა.შ. ამის ერთადერთი ინიციატორი, შემსრულებელი და შემძლე არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“. გამოდის, რომ პოლიტიკური კანიბალები ვეგეტარიანიზმის პროპაგანდას ეწევიან. ეს არის საკუთარი საზოგადოების და პოლიტიკური ოპონენტების დაცინვა“, - დასძინა ნაცვლიშვილმა.