ბიძინა ივანიშვილის წარსულია იმის გარანტი, რომ მისი მოღვაწეობა სწორედ ადამიანზე იყო ორიენტირებული

ბიძინა ივანიშვილის წარსულია იმის გარანტი, რომ მისი მოღვაწეობა სწორედ ადამიანზე იყო ორიენტირებული

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ისანში კენჭს „ქართული აკადემიის“ წევრი ნუკრი ქანთარია იყრის. რა შანსები აქვს „ქართული აკადემიის“ წევრს ისნის რაიონში, სადაც „ნაციონალები“  ყველა თავის  რესურსს გამოიყენებენ, არის თუ არა ქართული პარლამენტი მსახიობებისა და სპორტსმენების თავშეყრის ადგილი და მოვა თუ არა „ქართული ოცნება“ უმრავლესობით პარლამენტში? For.ge „ქართული აკადემიის“ წევრს ნუკრი ქანთარიას ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ გამარჯვების მოპოვებას ისნის რაიონში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ თავის კანდიდატს გაამარჯვებინოს?

ჩვენმა ფართომასშტაბიანმა აქციების სიმრავლემ  ნათლად დაგვანახა, რომ უპირატესობა „ქართული ოცნების“ მხარესაა. ეს უპირატესობა კიდევ გაიზრდება. არც ისნის რაიონია გამოკლებული ამ სიტუაციას და ვფიქრობ, 27 მაისს „ქართული ოცნების“ თბილისში გამართულ აქციაზე საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი მოვიდა ამ რაიონიდან. ამ რაიონში ვცხოვრობ მეც, ვიცი საზოგადოების განწყობაც და დარწმუნებული ვარ, რომ მეც და „ქართული ოცნებაც“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

-თქვენ როგორც „ქართული კადემიის“  თუ როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი იყრით კენჭს?

-მე ვიყავი და დავრჩები „ქართული აკადემიის“ წევრად, მერე როგორ იქნება, არ ვიცი.

-ვისი კანდიდატურის დაყენებას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ ისანში?

-ნამდვილად არ ვფლობ ამ ინფორმაციას, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ გავიმარჯვებთ.

-როგორ აფასებთ თქვენი და „ქართული ოცნების“ კანდიდატების მოგების შანსებს?

-ვფიქრობ, რომ ჩემი მოგების შანსები დიდია, ჩემი უპირატესობა საკმაოდ დიდია, თუნდაც იმიტომ, რომ სიმართლე ჩემს მხარესაა. ჩემი ოცნება არ იყო დეპუტატობა, მაგრამ რახან ეს პასუხისმგებლობა ავიღე,  გავალ კიდევაც ბოლომდე კოალიციასთან ერთად. ვფიქრობ, რომ დანარჩენ კანდიდატებსაც მოგების დიდი შანსი გააჩნიათ არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. დღეს საჭიროა მეტი სიფხიზლე და ჩვენ აუცილებლად მოვალთ უმრავლესობით პარლამენტში.

-თბილისის მაჟორიტატი დეპუტატების კანდიდატების დასახლების შემდეგ,  გაჩნდა მოსაზრება, რომ საქართველოს პარლამენტი  არის სპორტსმენებისა და მსახიობების თავშეყრის ადგილი.  რა კრიტერიუმებით შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები?

-როგორც თვითონ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, აქ ყურადღება ექცევა სანდოობას, პროფესიონალიზმს, წესიერებას, ასე შეირჩა ეს შემადგენლობა. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით არ არსებობს უნივერსიტეტი, რომელსაც დაამთავრებ და პირდაპირ პარლამენტარი გამოხვალ. ვფიქრობ, რომ  ყველა მოქალაქეს, რომელსაც გარკვეული სურვილი გააჩნია, რომელსაც აირჩევენ და ენდობიან, შეუძლია პარლამენტში მოღვაწეობა.

-მოსახლეობასთან შეხვედრებისას, როგორ შეეცდებით  „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის უპირატესობის ახსნას, როდესაც თქვენი და „ნაცმოძრაობის“ პროგრამები, ფაქტიურად იდენტურია?

-ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება და იყო,  რომ ადამიანებს გაუჩნდეს ცხოვრების საშუალება, რომ მათ ამ ქვეყანაში ეცხოვრებოდეს. რომ მათ ჰქონდეთ მუშაობის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, იმის უფლება, რომ შვილებს განათლება მიაღებინონ. ეს ყველაფერი „ნაცმოძრაობამ“ დაიზეპირა და თუთიყუშებივით იმეორებენ, ცოტა გაამრავლეს, ცოტა რაღაც მიუმატეს და ერთნაირი სიტყვებით და ჟესტებით იმეორებენ. ამჯერად უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია, საზოგადოება ვის დაუჭერს მხარს, რადგან „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ ადამიანი.

ასეთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის წარსულია იმის გარანტი, რომ მისი მოღვაწეობა სწორედ ადამიანზე იყო ორიენტირებული. საჩხერეც ამის მაგალითია და ის უამრავი ხალხიც, რომელიც ფაქტიურად გადაარჩინა ივანიშვილმა, აღარაფერს ვამბობ  აგებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც თურმე ახლა აღმოჩნდა „ნაციონალებისთვის“ უხარისხო. უმადურობას, როგორც ჩანს, საზღვარი არ ჰქონია. ვფიქრობ, რომ თბილისისა და საქართველოს მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

-ბოლო პერიოდში ჩატარებული კველევების შედეგად, რეიტინგებში სახელისუფლო პარტიას უფრო მეტი პროცენტი აქვს, ვიდრე ქართულ ოცნებას. როგორია თქვენი პროგნოზი, ვინ მოვა უმრავლესობით პარლამენტში?

-დავიარე იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, გორის სოფლები და ჩემს თვალებს უფრო ვუჯერებ, ვიდრე NDI-ს ციფრებს.  ჩვენ კანტიკუნტად თუ შეგვხვდა „ნაციონალური მოძრაობის“  მხარდაჭერები, რომლებიც  აცხადებენ, რომ შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ, რადგან არცერთ ხელისუფლებას მათთვის არ უზრუნია. შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობა ხელისუფლების მიმართ, ზიზღშია გადასული და ეს ძალიან საშიშიც გახლავთ.  ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჩვენ გვიჭერს მხარს, რომელიც აჭარაში კიდევ უფრო გაიზრდება, ამას სამეგრელო და სხვა რეგიონებიც მოჰყვება.