რომან კუსიანი: „150 ათასი ლარის გადახდას არ ვაპირებ“

რომან კუსიანი: „150 ათასი ლარის გადახდას არ ვაპირებ“

ყოფილი პარლამენტარი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი რომან კუსიანი საქალაქო სასამართლომ პარტიისთვის გაღებული 30 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით - 150 ათასი ლარით დააჯარიმა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე რომან კუსიანი ჯარიმას უკანონოს უწოდებდა და დოკუმენტალურად ასაბუთებდა, რომ ზემოხსენებული თანხა მისი პირადი დანაზოგია, სასამართლომ მისი არგუმენტი არ გაიზიარა. ასევე, დაჯარიმდა ხუთი პირი, რომელთა პროცესიც რომან კუსიანთან ერთად გაიმართა.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, რომან კუსიანი არც იმ მოსამართლის ვინაობით დაინტერესებულა, ვინც მის მიმართ ასეთი განაჩენი გამოიტანა და არც ადვოკატი აუყვანია, რადგან იცოდა, რომ მის შემთხვევაშიც, მართლმსაჯულების ნაცვლად,  პოლიტიკური დაკვეთა აღსრულდებოდა.

For.ge რომან კუსიანს ესაუბრა.

- ეს სასამართლო პროცესი არც ყოფილა, უბრალოდ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილების გაფორმება, რომელიც მიღებულია მოგელაძის მიღმა ამოფარებული ბეჟაშვილისგან და მისი თანამოაზრეებისგან, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ ადამიანების შეზღუდვა „ქართული ოცნების“ დახმარების გამო. შეიძლება ითქვას, რომ მთავარი დოკუმენტი, რომელიც ჩაგვბარდა, როგორც მე, ისე, დანარჩენ გასამართლებულ პირებს, ეს არის მოგელაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს ჩატარებამდე უკვე აყადაღებს გასასამართლებელი ექვსივე ადამიანის ქონებას. სწორედ ეს არის სახელისუფლო გადაწყვეტილების ახალი ნოვაცია, რომელთაც უკვე არაფრად უღირთ სასამართლო და თუ აქამდე ფორმალობას მაინც იცავდნენ, დღეს უკვე სასამართლოში არანაირი ინტერესი აღარ აქვთ. ყველაზე მთავარი დანაშაული კი ის იყო, თუ რატომ იხილებოდა ეს საკითხი, რადგან არანაირი გადაწყვეტილება ხელთ არ ჰქონდათ და ექვსივე პირი ერთად გაგვასამართლეს. მაშინ, როცა ეს არის სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმეები. შესაბამისად, ამ წუთამდე სასამართლოს არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობს, რომ საქმეები მაინც გაეერთიანებინათ და რაიმე საფუძველი შეექმნათ ამისთვის. ესეც არ აინტერესებდათ. ექვსივე პირი, „ტროიკის“ პირდაპირი გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთად გაგვასამართლეს, ყოველგვარი კანონმდებლობის გარეშე.

სასამართლო პროცესზე თქვენ დაინტერესდით, თუ რატომ არ ისჯება ლევან ბეჟაშვილი, რომელმაც ინდმეწარმეობის დროს ნაცმოძრაობის სასარგებლოდ 500 ათასი ლარი გადარიცხა.

- ჩემი მხრიდან დაისვა საკითხი, რომ თავად სამართალდამრღვევ ბეჟაშვილს არანაირი მორალური, სამართლებრივი უფლება არ აქვს, უხელმძღვანელოს ასეთ სტრუქტურას, რომელიც პარტიების სადამსჯელოდ შეიქმნა (საუბარია მოგელაძის სტრუქტურაზე), და, ასევე, - აუდიტის სამსახურს. ანუ მოგელაძეს ამოფარებული ბეჟაშვილი პარტიების დასჯას ახორციელებს. საუბარია ერთ რამეზე, რომ 2012 წლამდე ბეჟაშვილი, როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ასევე, რეგისტრირებული იყო ინდმეწარმედ. ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არსებობს, რომელიც დღეს მე სასამართლოსაც წარვუდგინე. საინტერესოა, რომ ბეჟაშვილი, 41 კვ.მ. საცხოვრებელი ბინით, ბანკიდან 500 ათას დოლარიან სესხს იღებს, რისი ფუფუნებაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ გაგვაჩნია. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორ იქნა ერთობლივად მიღებული ბეჟაშვილისა და ბანკის მიერ. გარდა ამისა, დამსახურებისა და ნაციონალური მოძრაობის ასეთი მხარდაჭერის, მათი დავალებების პირნათლად შესრულებისთვის, პირდაპირი მნიშვნელობით, მათდამი შემოწირულობის განხორციელებისთვის, 2011 წელს პრეზიდენტი მას სიმბოლურ ფასად, ერთლარიანი მიწის ნაკვეთით ასაჩუქრებს. ეს არის სახელისუფლო კორუფციის ტიპიური მაგალითი, რასაც უკვე დახვეწილი ფორმებიც აღარ აქვს და, როგორც უნდათ, ისე აკეთებენ. მხოლოდ ეს საკითხები დავსვი, რომ თავად სამართალდამრღვევ ბეჟაშვილს, არც მორალური და არც იურიდიული თვალსაზრისით, არ შეუძლია, პოლიტიკური პარტიების დევნას ახორციელებდეს.

აუდიტისგან რა პასუხი მიიღეთ?

- აუდიტის პასუხი დღეს იყო „განხილული“ სასამართლოზე, სადაც ჩემს მიერ წარდგენილი გახლდათ ყველანაირი ოფიციალური დოკუმენტაცია. მათ შორის, ჩემს მიერ შევსებული ოფიციალური დეკლარაცია, უკანასკნელი ოთხი წლის საბანკო ამონაწერები, რომელიც ჩემს შემოსავლებს ადასტურებს. ამის მიუხედავად, აუდიტს ამოფარებულმა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ და, მოგვიანებით უკვე სასამართლომ, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არანაირ მტკიცებულებად არ ჩათვალა და დაბნეულმა მიიღო და დაამტკიცა იგივე გადაწყვეტილება, რაც მიღებულია პოლიტიკური დაკვეთის დროს.

ამხელა თანხის გადახდას როგორ აპირებთ? საუბარია 150 ათას ლარზე.

- პირადად მე 150 ათასი ლარის გადახდას არანაირად არ ვაპირებ და ჩემს ოჯახთან ერთად მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. ამაზე უარესსაც ველოდებით, ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მზად ვართ ყველანაირი გამოწვევისთვის, მზად ვარ, რომ ის დაყადაღებული ბინაც წაიღოს ხელისუფლებამ თავისი რომელიმე ზონდერისათვის, მაგრამ ეს დროებითია. მინდა დავარწმუნო არა მარტო ხელისუფლება, არამედ ჩვენი საზოგადოებაც, რომ ეს ძალიან დროებითი მოვლენაა და შიში არავის უნდა ჰქონდეს. ეს არის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა იმ შემოწირულობისთვის, რომელიც მე განვახორციელე „ქართულ ოცნებაში“, კონკრეტულად, „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიაში. ზღვრულ ნორმამდე, კიდევ მაქვს დარჩენილი 30 ათასი ლარი და ვაპირებ, დამატებით 30 ათას ლარზედაც ვიზრუნო, რომ პარტიაში შევიტანო.

როგორც ვიცი, სასამართლოში რვა პირი იყავით დაბარებული.

- უნდა განეხილათ რვა მოქალაქის საქმე, მაგრამ ორი მათგანი სასამართლოში ჯერ არ დაუბარებიათ.

დანარჩენი ხუთი რა თანხით დააჯარიმეს?

- მათი მხრიდანაც იურიდიული დოკუმენტაცია იყო წარმოდგენილი, მაგრამ სასამართლო პროცესი აბსურდის თეატრი იყო. არანაირი იურიდიული დოკუმენტაცია მხედველობაში არ მიიღეს, მათ შორის, არც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები და შემოსავლები, არც ამ პირების ყოველთვიური შემოსავლები.

მოსამართლე ვინ იყო?

- მართალი გითხრათ, არ დავინტერესებულვარ, არ დამიმახსოვრებია სახელი და გვარი. ადვოკატიც კი არ ამიყვანია, რადგან ვიცოდი, რომ იურიდიული ბრძოლა ვერ გაიმართებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სასამართლო, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური გადაწყვეტილების აღმასრულებელია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ.