მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს გამოწვევათა უნიკალურ ნაკრებს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის, მისი სტაბილურობისა და შესაძლოა, ქართული სახელმწიფოებრიობისთვისაც კი. გამოწვევები მოიცავს: ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვას, რასაც სახელმწიფოს სრული ან ნაწილობრივი მიტაცება მოსდევს; რუსეთის სამხედრო ზეწოლას, რომელიც არჩევნებთანაა დაკავშირებული; პოსტსაარჩევნო არეულობის საფრთხეს და დასავლეთში გულუხვად დაფინანსებულ პოლიტიკურ აქტივობას საქართველოს მხარდაჭერის სტერილიზაციის მიზნით.
როგორც ცნობილია, სხვა ქვეყნები არჩევნებთან დაკავშირებულ ერთ ან ორ მსგავს რისკს სხვადასხვა დროს აწყდებიან. მაგრამ არცერთი ქვეყანა, მით უფრო, სტრატეგიულად უმნიშვნელო, არ ეჯახება ერთდროულად ყველა ამ საფრთხეს არჩევნების ჩატარების დროს. ამ რისკებისა და გამოწვევების ერთობლიობა მართლაც უნიკალურია საქართველოსთვის. დიდწილად ეს რუსეთის პოლიტიკური ამოცანების და ამ ქვეყნის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკურ პროექტში ფულის რეინვესტირების შედეგია.
რუსეთი ასევე იყენებს ზოგიერთ ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათ თავისებურებებსა და ქცევის სტილს: მოუთოკავ ემოციურობას, პროვოკაციულ რიტორიკას, თანამედროვეობამდელ დამოკიდებულებას სახელმწიფოებრიობისადმი, პირადი ამბიციების საზოგადო ინტერესებზე მაღლა დაყენებას, რეფორმების პროგრამის არქონას და მოსკოვთან გარიგების ძიებას. ამ ტიპის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დამღუპველი გავლენა მოახდინეს საქართველოს ისტორიაზე 1991 წლის შემდეგ და ქვეყანას სამოქალაქო ომისკენ ან მსგავსი პროცესებისკენ უბიძგებდნენ.
მას შემდეგ, რაც შარშან ოქტომბერში რუსული ბიზნესის ჩრდილოვანი სამყაროდან ქართულ პოლიტიკაში შეაბიჯა, მილიარდერი ივანიშვილი პოლიტიკური მხარდაჭერის გზით სახელმწიფოს მისაკუთრებას შეუდგა. თითქმის მთელი მისი ბიზნეს-აქტივები რუსეთშია და არა საქართველოში. ეს აქტივები 2004 წლის (ამ წელს ის საქართველოში დაბრუნდა) $4 მილიარდიდან 2011 წელს $6.4 მილიარდამდე გაიზარდა, გადააჭარბა რა საქართველოს მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტს, რაც იმ წელს $5.7 მილიარდს შეადგენდა. კრემლმა ნება დართო ივანიშვილს განეგრძო სიმდიდრის დაგროვება რუსეთში მისი საქართველოში ცხოვრების პერიოდშიც და დღესაც უფლებას აძლევს სარფიანად გაყიდოს რუსული აქტივების ნაწილი, რათა განმეორებით ჩართოს ის საკუთარ პოლიტიკურ პროექტში. ამ თვალსაზრისით საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია შორსაა ,,თანაბარი სათამაშო მოედნისგან“; ფინანსური ძალაუფლების კუთხით სიტუაცია მკვეთრად ივანიშვილის სასარგებლოდ არის (EDM, 13 მარტი, 16 მაისი).
ივანიშვილი და მისი ორგანიზაცია მატერიალურ ძღვენს და მომსახურებას ჰპირდება ყველას, ვინც ხმას მისცემს მის „ქართული ოცნებას“; ბოლოდროინდელი მაგალითები მოიცავს: ,,ოცნების ბარათებს“ და ფურცლებს, რომელიც ახლახანს ქუთაისის აქციაზე გავრცელდა, და რომელიც სწორედ დახმარების შესახებ თხოვნების ჩაწერისთვის იყო განკუთვნილი; ასევე ფონდ „ქომაგის“ პოლიტიკურ ქველმოქმედებას. ეს ფონდი ნაწილობრივ ივანიშვილის შემოწირულობებით, ნაწილობრივ კი ინდივიდებისა და შვილობილი კომპანიების მიერ საზღვარგარეთიდან შემოსული საბანკო ტრანსფერებით ფინანსდება („ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სატელევიზიო არხები ხელს უწყობდნენ ფონდ „ქომაგის“ მოწოდებების გავრცელებას); ასევე თანამგზავრული თეფშების უფასო გავრცელება ოჯახებისათვის, ვისაც სურს ივანიშვილის მე–9 არხის პროგრამების მიღება; თბილისელებს ივანიშვილმა ელექტრომომარაგების კომპანიის შეძენა და ელექტროენერგიით მომსახურებაზე ტარიფის შემცირება შესთავაზა, რაც ამ კომპანიის წამგებიან რეჟიმში მუშაობას და ივანიშვილის სახსრებიდან მის სუბსიდირებას ნიშნავს. ასეთი დაპირებები დაბალშემოსავლიანი ამომრჩევლებისათვის სავსებით დამაჯერებლად ჟღერს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ელექტორატის ნაწილში ფართომასშტაბიანი სუბსიდირება უკვე განახორციელა: მის მშობლიურ საჩხერის რაიონში, თბილისის ინტელიგენციასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში (Civil Georgia, 1-12 ივლისი).
ქართული კანონები საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ამომრჩევლის ფულადი სახსრებით მოსყიდვის პრევენციას ახდენს. არჩევნებთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ზედა ზღვრის დარღვევა სასამართლოს გადაწყვეტილებით უზარმაზარი ჯარიმებით ისჯება. მიუხედავად ამისა, მილიონობით, თუნდაც ათეულმილიონობით დოლარის ჯარიმების რეალიზება პრაქტიკაში, როგორც ჩანს, რთულია და ჯერჯერობით მას უმნიშვნელო შემაკავებელი ექფექტი აქვს ივანიშვილის ფულად რესურსებზე საქართველოში; ეს ჯარიმები ვერანაირად ვერ ზღუდავს ვაშინგტონსა და ბრიუსელში ლობისტური ფირმებისთვის გაწეულ მასშტაბურ ხარჯებს.
საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები რუსული სამხედრო ძლევამოსილების ჩრდილქვეშ მიმდინარეობს. რუსული არმიის მობილური სამხედრო მანქანა სრულ მზადყოფნაშია ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა საქართველოში რუსეთმა შეიძლება მოქმედების საბაბად გამოყენოს და „წესრიგის აღდგენა“ მოინდომოს. ივანიშვილი და მისი გუნდი საზოგადოებრივ კვლევებში „ნაციონალურ მოძრაობას“ მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მაგრამ მედიასაშუალებებით იმუქრება, რომ მარცხის შემთხვევაში ქუჩის საპროტესტო გამოსვლებს დაიწყებს. (იხ. მეორე ნაწილი). დასავლეთის დიპლომატიური წრეები იზიარებენ საქართველოს მთავრობის შეშფოთებას მასზედ, რომ პოლიტიკურმა რყევამ და ძალადობრივმა ინციდენტებმა შესაძლოა გზა გაუხსნას რუსეთის ინტერვენციას. ეს გაუთვალისწინებელი სვლები ყურადღებით იქნა განხილული, თუმცა ოფიციალურ დონეზე საჯარო დისკუსია არ გამართულა. ასეთ განხილვას შეეძლო, ერთი მხრივ, წაექეზებინა უპასუხისმგებლო ქმედებები ოპოზიციის ზოგიერთი ელემენტის მხრიდან და მეორე მხრივ, რუსეთისათვის მიეცა სამხედრო დაშინების შესაძლებლობა.
რუსეთის სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, მეზობელ სომხეთსა და ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი წვრთნები უნდა ჩაატარონ. სექტემბერში დაგეგმილი წვრთნები მოიცავს რუსეთის შინაგანი ძალების მასობრივ განლაგებას საქართველოს ირგვლივ. ეს განლაგება იოლად შეიძლება გაფართოვდეს (2008 წლის მსგავსად) მომდევნო თვეში, ამჯერად ოქტომბერში, ქართული არჩევნების დასრულებისთანავე.
საქართველოს პოლიტიკური ქვეტექსტისა და შემრიგებლური საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, რუსული ძალები კვლავაც შეძლებენ გადაერთონ საწრთვნელი მდგომარეობიდან ჩარევის მდგომარეობაზე, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. მაშინ რუსეთიდან საგანგებოდ გადმოსროლილი შინაგანი ჯარები წვრთნებს ჩრდილოეთ კავკასიაში ივლისში გადიოდნენ, მაგრამ საბრძოლო მდგომარეობაში წინახაზზე დარჩნენ და მწყობრად გადავიდნენ შეტევაზე 2008 წლის აგვისტოში. შეერთებული შტატები ამჟამად (ისევე როგორც 2008 წელს) საკუთარი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიით, ხოლო ევროპა საკუთარი კრიზისითაა დაკავებული.
მოსკოველმა პოლიტიკოსებმა შეიძლება იოლად ისარგებლონ ამ დროებითი შესაძლებლობით, რათა თავისი ქართული პრობლემა „გადაწყვიტონ“. ამისათვის კრემლს ორი რამ ესაჭიროება: პირველი, საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის კონფლიქტში გადაზრდა და მეორე, დასავლეთის თვალში ქართული საარჩევნო პროცესის იმ დონეზე დისკრედიტაცია, რაც საკმარისი იქნება პრევენციული დასავლური დიპლომატიის დასაბნევად ან კრიზისზე რეაგირების შესაფერხებლად. პირველ წინაპირობას საქართველოში ახლა შეურიგებელი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქმნიან, ხოლო მეორეს ვაშინგტონსა და ბრიუსელში – ძვირადღირებული ლობისტური კომპანიების ვრცელი ჩამონათვალი.
foreignpress.ge