სამი დღეა, პარლამენტში აურზაურია. თანამშრომლები ნივთების ჩალაგებით არიან დაკავებულნი და ყველა მათგანი ამბობს, რომ მათ ამისთვის ვადა კვირის ბოლომდე აქვთ. აგვისტოში ისინი შვებულებაში გავლენ და მერე რა იქნება, კაცმა არ იცის.
აღსანიშნავია, რომ ბარგს არამხოლოდ აპარატის თანამშრომლები ალაგებენ, არამედ დეპუტატებიც და ისიც უნდა ითქვას, რომ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ გარდა, აზრად არც ერთ დეპუტატს არ მოსვლია, რომ მათი იძულებითი ჩაბარგება და გადაბარგება გაეპროტესტებინა. დეპუტატები გარკვეული ვადით არიან არჩეულნი და არავის არ აქვს უფლება, მათ უთხრას, რომ ვადის ამოწურვამდე სამუშაო ადგილი დატოვოს. მათი უფლებამოსილების ვადა კი ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ იწურება.
„პარლამენტის აპარატის უფროსის წარმომადგენლები მობრძანდნენ და გააფრთხილეს ჩვენი აპარატის თანამშრომლები, რომ დაეწყოთ ოთახების დაცლა და კვირის ბოლომდე მისცეს ვადა. უთხრეს, რომ ეს ეხებოდა ყველას, დეპუტატებსაც და აპარატის თანამშრომლებსაც. მათ უთხრეს, დეპუტატებიც გააფრთხილეთო. მათ მიზეზი არ უთქვამთ და ამასთან დაკავშირებით ვიცი მხოლოდ ის, რაც მედიით ვრცელდება.
რა თქმა უნდა, მათ ამის უფლება არა აქვთ და ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. წიკლაურებს და გაბაშვილებს თუ სადმე მიერეკებიან, ეს თავის პატრონებთან გაარკვიონ, ჩემი პატრონი არის ჩემი ამომრჩეველი და, ვიდრე ჩვენი უფლებამოსილება არ ამოიწურება, გამორიცხულია, ფრაქციამ დატოვოს სამუშაო ოთახები და ვნახოთ, ჩვენს ნივთებს როგორ გამოყრიან გარეთ“, - ამბობს ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი.
რა ბრძანება გაიცა და რატომ, რამ განაპირობა პარლამენტის ასეთი ნაჩქარევი დაცლა და ეს ვისი ბრძანებით ხორციელდება, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პარლამენტის აპარატის უფროსს, დავით ჯანიაშვილს ესაუბრა.
დავით ჯანიაშვილი: არანაირი ბრძანება არ არის გამოცემული. როგორც მოგეხსენებათ, დამთავრდა სასესიო პერიოდი. საგაზაფხულო სესია გარანტირებულად დამთავრდა და საგაზაფხულო სესია ნამდვილად აღარ იქნება. ამიტომაც, რადგან აღარც სესია იქნება და კომიტეტების აპარატებშიც მუშაობა, პრინციპში, შეწყვეტილია, ამას ემატება ისიც, რომ დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი და დეპუტატები ძირითადად გადართულნი არიან ამ პროცესზე, ჩვენ აპარატს დავავალეთ, რომ აპარატის თანამშრომლებმა დაიწყონ, როგორც პირადი, ასევე სამსახურეობრივი ნივთების კომპაქტურად შეკვრა და დასაწყობება.
ამის მიზეზი არის ის, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და რაღაც პერიოდი იქნება გადატანისთვის საჭირო და ეს პროცესი დაიწყო. მე ვერ ვხვდები, ამას ასეთი აჟიოტაჟი რატომ მოჰყვა.
პარლამენტის შენობის დაცლა როდის უნდა დასრულდეს?
- როგორც კი ახალ პარლამენტში გადასვლა დაიწყება. ზუსტი თარიღი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ გარანტირებულად გეუბნებით, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი უკვე იქ შეიკრიბება.
ამ მოწვევის პარლამენტს საშემოდგომო სესიის გახსნა აქ არ მოუწევს?
- ვერ გეტყვით, არ ვიცი.
თუკი საჭირო გახდება საშემოდგომო სესიის გახსნა, მაშინ რა მოხდება?
- ვერ გეტყვით, თუ მოუწევს, ალბათ, აქ ჩატარდება.
აპარატის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ამ კვირის ბოლომდე მისცეს ვადა, რომ ოთახები დაცალონ. რამ განაპირობა ასეთი სიჩქარე?
- ეს ინფორმაცია არასწორია. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჩვენ მათ მხოლოდ ის ვუთხარით, რომ დაიწყონ თავისი ნივთების შეკვრა, კომპიუტერებში არსებული ინფორმაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანა და ა.შ.
ჩვენ ეს ვუთხარით იმიტომ, რომ ეს ერთ კვირაში ნამდვილად ვერ მოხერხდება და აქედან ძალიან ბევრი რაღაცის წაღება მოგვიწევს და ამიტომ, მოხდა ორი დღის წინ აპარატების ხელმძღვანელების შეკრება, რომ ეს მითითება მიგვეცა.
ეს პარლამენტის წევრებასაც ეხებათ?
- მე პარლამენტის წევრებს კურატორობას არ ვუწევ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე, როგორც აპარატის ხელმძღვანელს, დავალებული მაქვს, რომ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ საკანონმდებლო პროცესი არ შეფერხდეს შენობის გამოცვლის გამო.
მე პარლამენტის წევრებს ვერ მივუთითებ შეიცვალონ თუ არა თავისი ადგილსამყოფელი. მე მხოლოდ პარლამენტის აპარატთან მაქვს შეხება.
ანუ, დეპუტატებისთვის ეს შეტყობინება არ გაგიგზავნიათ?
- რა თქმა უნდა, არა. ჩვენ მათთვის არაფერი გვითქვამს. მათ შეუძლიათ, რომ უფლებამოსილების ამოწურვამდე იყვნენ და იმუშაონ.
თუკი საჭირო გახდა საშემოდგომო სესიის ამ პარლამენტში გახსნა, მაშინ პრობლემა შეიქმნება, რადგან აპარატი უკვე ქუთაისში იქნება გადასული და ვინ დაგავალათ, რომ ეს ახლა დაიწყოთ?
- კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერს ვაკეთებ ისეთს, რომ სესიის ჩატარებას ხელი შევუშალო. ჩემთვის არავის არ უბრძანებია გუშინ და გუშინწინ რაიმე ახალი. მე ვიცი, რომ დამთავრდა საგაზაფხულო სესია და ნამდვილად ვიცი, რომ აქ საშემოდგომო სესიის გახსნამდე რიგგარეშე სესია არ იქნება და ამიტომ მინდა, ეს პერიოდი გამოვიყენო ჩვენი, როგორც პირადი, ასევე სამსახურეობრივი ნივთების მოწესრიგება-დალაგებისთვის და შემდეგ უკვე გადატანისთვის.
ანუ ეს არის პირადად თქვენი გადაწყვეტილება?
- დიახ, ჩემი გადაწყვეტილებაა.
შრომის ანაზღაურების საკითხი როგორ მოგვარდება? თუ ნივთები გადაიტანეს, სამსახურში ვეღარ ივლიან და მაინც მუშაობაში ჩაეთვლებათ?
- აპარატის თანამშრომლებს ან აქ მოუწევთ მუშაობა ან ახალ შენობაში. ასე რომ, აპარატის თანამშრომელმა სამსახურში არ იაროს, მსგავსი რამ არ მოხდება.
ანუ თანამშრომლებს აგვისტოში შვებულებაში არ გაუშვებთ? ჩვენ გავიგეთ, რომ მათ უთხარით, აგვისტოში ისინი შვებულებაში უნდა გავიდნენ...
- ცხადია, მათ შვებულების გამოყენების უფლებაც ექნებათ. აგვისტოში თანამშრომლების 90% სამსახურში არ დადის. ანალოგიური იქნება წელსაც. ის ათი პროცენტი, ვინც აგვისტოში შვებულებაში არ გავა, ივლის.
თავად პროცესის დაჩქარება რამ გამოიწვია?
- ვინ გითხრათ, რომ პროცესი დაჩქარდა? რაც ქუთაისში გადასვლის საკითხი დადგა დღის წესრიგში, იმ დღიდან ვიცი, რომ 2012 წელს რომ დამთავრდებოდა საგაზაფხულო სესია, უნდა დამეწყო მზადება გადასვლისთვის და ამას ვაკეთებ. არაფერი ახალი და უცნაური არ ხდება და რატომ მოჰყვა ამას აჟიოტაჟი, არ ვიცი.
არის ისეთი ვარიანტიც, რომ პარლამენტის შენობა გაიყიდა და ამან განაპირობა პროცესის დაჩქარება...
- თუ გაიყიდა, ეს უნდა ჰკითხოთ ეკონომიკის სამინისტროს.
თქვენ არ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
- ნამდვილად არ მაქვს.
თანამშრომლები იმასაც ამბობენ, რომ უკვე იგეგმება შენობიდან ფანჯრების ჩამოხსნა და საერთოდ დემონტაჟისთვის მზადება. არ არის მართალი?
- ეს მეც წავიკითხე და ძალიან მაინტერესებს, ვისგან მოდის ეს ინფორმაცია. ფანჯრებს როგორ ჩამოვხსნით, როდესაც შენობაში ვსხედვართ?
პარასკევამდე დროის მიცემა რატომ მოხდა?
- ვინ გითხრათ, რომ პარასკევამდეა დრო მიცემული?
ეს ერთი ადამიანისგან არ ვიცით. ყველა კომიტეტში ამას ამბობენ.
- მე არ მინდა, რომ გვარებს გავყვეთ, მაგრამ რამდენიმე თანამშრომელი იმასაც ამბობს, რომ თანამშრომლებს ყრიან სამსახურიდან, არ მიჰყავთ ქუთაისში და ა.შ. მაგრამ მე ყველა თათბირს ვიწყებ იმით, რომ, ვისაც სურვილი აქვს, ყველა გააგრძელებს ქუთაისში მუშაობას. ამიტომ ვინც ასეთ კომენტარს აკეთებს, მათივე ნათქვამი იქნება პარასკევამდე დროის მიცემაც, ფანჯრების ჩამოხსნაც და ა.შ.
უკვე დაზუსტებულია, თუ რამდენი თანაშმრომელი მოდის ქუთაისში?
- სამწუხაროდ, არა, რადგან თავად მათ არ იციან, მოდიან თუ არა არა. ცხადია, არის ობიექტური მიზეზები, რომ ბევრი ვერ მოახერხებს ქუთაისში წამოსვლას და სწორედ ამ მიზეზების გამო ბევრი ეძებს სამსახურს. ვინც იპოვის, ვფიქრობ, ის არ წამოვა და, ვინც ვერ იპოვის, წამოვა. რამდენი ადამიანი ვერ იპოვის სამსახურს, ამის პროგნოზი ჩემთვის ძნელია და ამიტომ ახლა ვერაფერს ვიტყვი.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკანონმდებლო პროცესი არ შევაფერხოთ. ამის ნათელი მაგალითია, რომ დავიწყეთ სტაჟირების კურსი, რომ რაღაც ბაზა გვქონდეს ქუთაისშიც და ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ ამ პროცესისთვის მაქსიმალურად მზად ვიყოთ.
აპარატში რამდენი ადამიანი მუშაობს?
- ჩვენ ახლა გვყავს 640 თანამშრომელი და ამაში შედის პარლამენტის თავმჯდომარის და ვიცესპიკერების კაბინეტები, ათი დეპარტამენტი, ორი სამსახური, თხუთმეტი კომიტეტის აპარატი. აქ შედის ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლებიც. აქ არ შედის მაჟორიტარების ბიუროები.
ასეთი ინფორმაციაც არის, რომ კომიტეტები ოთახების დაცლის შემდეგ ნოლ სართულზე ჩავლენ და იქ თითო ოთახში გააგრძელებენ მუშაობას...
- არ არის მართალი. ყველა დარჩება თავის ოთახში. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ, როგორც უმჯობესი იქნება, ისე გავაკეთებთ. თუ ჩვენ ჩვენი ნივთები ჩალაგებული გვექნება, ჩათვალეთ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით, ქუთაისში ნებისმიერ დროს გადავიდეთ და, თუ ვნახეთ, რომ პირველ სექტემბრისთვის ქუთაისში პარლამენტის ადმინისტრაციის შენობა მზად იქნება, მოვკიდებთ ჩვენს ნივთებს ხელს და გადავალთ ქუთაისში.
ქუთაისში მშენებლობა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს?
- არ ვიცი, მშენებლობაში ნაკლებად ვერკვევი და ვერ გეტყვით, დაჩქარებულია თუ შენელებული. მაგრამ ვიცი, რომ უნდა დამთავრდეს სექტემბრისთვის.