საქართველოში აქტიურდება კონკურენტული საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, პოლიტიკური ცხოვრება ამ ამიერკავკასიურ რესპუბლიკაში დივერსიფიცირდება – დედაქალაქის საზღვრებს სცდება და სოფლებში გადადის.
იმ ფონზე, როდესაც უმუშევრობა, ზოგიერთი შეფასებით 30%-ს აჭარბებს (ოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი 15,1%), საქართველოს მოქალაქეების ინტერესი ცხოვრების ხარისხის ისეთი ძირითადი ასექტების მიმართ, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, უფრო აქტუალურია, ვიდრე საარჩევნო პროცესის სამართლიანი მიმდინარეობით წუხილი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ვაშინგტონის არასამთავრობო ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ივნისის ანგარიშის ავტორები. NDI 2012 წლის არჩევნების მონიტორინგს ატარებს.
გაცნობიერებული აქვს რა მსგავსი განწყობები, ოპოზიციური ალიანსი „ქართული ოცნება“ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოსახლეობას სოფლის მეურნეობაში მილიარდი ლარის (600 მილიონი დოლარი) ინვესტიციას დაპირდა. ეკონომიკის ამ სექტორში საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 55,6 % დასაქმებული. მოძრაობა „ქართული ოცნების“ თქმით, ისინი მნიშვნელოვან რესურსებს მიმართავენ ასევე განათლებისა და ჯანდაცვის მიზნებისკენ.
მთავრობამ, თავის მხრივ, თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია. ივლისის დასაწყისში რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა აგრარულ სექტორში 4 მილიარდი ლარის (2,41 მილიარდი დოლარი) ინვესტირებას, ასევე დასაქმების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებში ახალი სამინისტროს შექმნას გეგმავს.
წარსულში ასეთი დაპირებებით ბრძოლა დიდწილად საქართველოს დედაქალაქში, თბილისში გაიმართებოდა, სადაც ქვეყნის 4,6 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ცხოვრობს. მაგრამ ახლა, როდესაც დღევანდელი კამპანიის მთავარ ასპექტად დასაქმების პრობლემა იქცა, ბრძოლამ ქვეყნის სიღატაკით მოცულ რაიონებში გადაინაცვლა, იქ სადაც სამსახურის შოვნა მხოლოდ თბილისში გამგზავრებით შეიძლება.
„სოფლებში სიღტაკის კვალი ყველას ატყვია“, ამბობს მოძრაობა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ცენტრალურ იმერეთის რეგიონში არჩილ კბილაშვილი. „აქ მეზობლისგან 5 ლარსაც (3,03 დოლარი) ვერ ისესხებ“.
ბოლო კვირებში, „ქართული ოცნება“ და მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო აქციებს მართავდნენ, ამომრჩევლებს ხელს ართმევდნენ, პრეზიდენტი კი დამატებით სამედიცინო დაწესებულებებს ხსნიდა იმ სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში, რომლებსაც წინა საარჩევნო კამპანიების დროს ყურადღების ღირსად მხოლოდ პროფორმისთვის ჩათვლიდნენ.
დედაქალაქის გარეთ მცხოვრები მაყურებელი, როგორც წესი, „დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე“ წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებს, მხოლოდ საკუთარი ტელევიზორების ეკრანებზე ადევნებდა თვალყურს, ამბობს პოლიტოლოგი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან გიორგი მარგველაშვილი. „ახლა კი ყველაფერი პატარა ქალაქების ტერიტორიებზე ხდება. ახლა ისინი ტელევიზორებში საკუთარ თავს ხედავენ“.
როგორ აისახება ეს ერთი თუ მეორე მხარის შანსებზე არჩევნებში, ჯერჯერობით გაურკვეველია. ჩვენ ამ ეტაპზე არ ვფლობთ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების შესახებ თბილისის მიღმა დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობაზე.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგები მოწმობს (გამოიკითხა 6, 299 ამომრჩეველი მთელი საქართველოს მასშტაბით), რომ რესპუბლიკის ბევრ მცხოვრებს უჭირს არჩევანის გაკეთება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დაპირებებს შორის. სოფლის მეურნეობის და სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდის საკითხებში ეს ორი პარტია ფეხდაფეხ მისდევს ერთმანეთს: დასაქმების სფეროში რესპონდენტების 28% მხარს უჭერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 24% – „ქართულ ოცნებას“; სოფლის მეურნეობაშიც ხმები 28%-დან 24% -ს შორის გადანაწილდა, პლუს მინუს 2%-ანი ცდომილებით.
აღნიშნული სამი საკითხიდან სააკაშვილის პარტიამ მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში დაიკავა აშკარად წამყვანი პოზიციები, მოიპოვა რა რესპონდენტების 30%-ის ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ ნდობით განწყობილი 20%-ის წინააღმდეგ.
სოციოლოგიური კვლევის შედეგებმა აჩვენა პრეზიდენტის პარტიის აშკარა უპირატესობა „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით (ელექტორატის 36% 18%-ის წინააღმდეგ), მაგრამ სახეზეა ისიც, რომ საზოგადოებრივ აზრში შეიძლება მოხდეს ძვრა. თებერვლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი პროცენტულად 11 პუნქტით შემცირდა, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ გაიზარდა 8%-ით.
დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ამომრჩევლების საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება მთავრობის და მისი პარტიის მაჩვენებლებს ქმედითი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, კორუფციასთან ბრძოლასა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას. „ეს არ არის მხოლოდ სიცოცხლისუნარიანობა, ეს არის სახელმწიფოს შესაძლებლობა რეალურად ფუნქციონირებდეს“, – ამბობს ის. „თუკი სახელმწიფო უუნაროა, თუკი ის შეზრდილია ორგანიზებულ კრიმინალთან, სოფლის მეურნეობის საექსპორტო რელსებზე გადაყვანა ან საექსპორტო საცავების შექმნა კივისთვის ან სხვა რამ უბრალოდ არ შეიძლება“.
გიორგი კანდელაკის აზრით, მართალია, ორივე ბანაკი შესაძლოა ერთი და იგივე ამოცანების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული, მაგრამ მათ პროგრამებს შორის „უფსკრულია“: „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ შექმნის ჯანდაცვის საყოველთაო ფონდს, მაშინ როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს კერძო კონკურენციის „სტიმულირებისკენ“ ჯანდაცვის და სამედიცინო დაზღვევის სფეროში. „ქართველი ამომრჩეველი ბრძენია, ის კონტექსტში კარგად ერკვევა“, – დასძენს იგი.
საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარე გაიმარჯვებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გრძელვადიან გავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე, მიაჩნია პოლიტოლოგ მარგველაშვილს: „დედაქალაქი იწყებს იმის აღიარებას, რომ ის არ არის ის ერთადერთი ცენტრი სადაც პოლიტიკა კეთდება“.
foreignpress.ge