„ჰარიფებისთვის“ შემორჩენილი ხრიკი სახელისუფლებო ხურჯინიდან

„ჰარიფებისთვის“ შემორჩენილი ხრიკი სახელისუფლებო ხურჯინიდან

მმართველი პარტია ოპოზიციაზე ზეწოლის პარალელურად ამომრჩეველთა მოხიბვლას აგრძელებს, თუმცა რამდენად ეფექტური აღმოჩნდება საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება, ამას ოქტომბერში ვნახავთ, როდესაც საქართველო ხელს მოუწერს ან არ მოუწერს „ნაციონალებს“. ისიც ძნელი სათქმელია, ამ ხელშეკრულებას რატომ ენიჭება პრიორიტეტი, როცა მთელი 8 წლის განმავლობაში, მმართველ ძალას ხალხთან არაფერი შეუთანხმებია.

მოკლედ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოსთან ე.წ. ხელშეკრულების დადებას იწყებს, რომლის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა მეტ სარგებელს მიიღებს. ეს გამოიხატება უმუშევრობის განახევრებაში, საყოველთაო დაზღვევაში, სოფლის მეურნეობის გაორმაგებაში და 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგებაში. 
სხვათა შორის, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებთან „ხელშეკრულებების“ დადება „ნაციონალერი მოძრაობის“ ძველი ტრიუკია და მსგავსი ფურცლები სააკაშვილმა თბილისელებს 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის დროს უკვე დაურიგა. 

„ნაციონალურ“ „ხელშეკრულებაში“ ვკითხულობთ: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველოს ხალხთან ერთად დაამარცხა კორუფცია და კრიმინალი, შენდება ახალი საქართველო. მაგრამ, ბევრ ოჯახს ჯერ კიდევ უჭირს, ბევრია უმუშევარი. ქვეყნის წინსვლითა და წარმატებით მეტი სიკეთე უნდა მიიღოს თითოეულმა ოჯახმა. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება - მეტი სარგებელი ხალხს!
მიზნის მისაღწევად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ ხელშეკრულებით დებს პირობას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში: განახევრდება უმუშევრობა: აქტიურად ამუშავდება დასაქმების სამინისტრო, დარეგისტრირდება თითოეული უმუშევარი,სამუშაოს ყველა მაძიებელს ექნება სახელმწიფოს დაფინანსებით გადამზადების და ახალი კვალიფიკაციის მიღების საშუალება, მათ შორის, ახალ ტექნიკურ სასწავლებელსა და გადამზადების ცენტრებში.
ჯანდაცვის დაზღვევა ექნება ყველას: სოციალურად დაუცველთათვის, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, დევნილებისთვის, პოლიციელებისთვის და ჯარისკაცებისთვის იქნება შესაბამისი კატეგორიის დაზღვევა. ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის იქნება დაზღვევის საბაზისო პაკეტი. ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
გაორმაგდება სოფლის მეურნეობა: ყველა სოფელში ბოლომდე მოგვარდება წყლის, გაზის და გზების პრობლემა. გაიხსნება 500-ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო. მოირწყვება დამატებით 90,000 ჰექტარი მიწა. სოფელი მიიღებს 2000 ერთეულ ახალ ტრაქტორს. მოხდება სოფლის მეურნეობის სრული მექანიზაცია. სასოფლო-სამეურნეო მიწის 90% იქნება დამუშავებული.
ყველა ოჯახი მიიღებს 1000-ლარიანი ვაუჩერს: ოჯახები თავად გადაწყვიტენ, ამ ვაუჩერით რა პრობლემა მოაგვარონ. ამ ვაუჩერით შესაძლებელია: დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური ხარჯების დაფარვა; მედიკამენტების და სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება, საწვავისა და სასუქის ხარჯის გასტუმრება.
ამ ხელშეკრულებით „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს: დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფითა და სოფლის მეურნეობის განვითარებით მივაღწევთ საერთო მიზანს - მეტი სარგებელი ხალხს!“
ხელშეკრულებას აქვს ბეჭედი და ხელს მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი აწერენ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კრეატიულობაში ბადალი რომ არ ჰყავს, ამაში მთელი 8 წელიწადია, ყოველდღიურად ვრწმუნდებით, კარგი იქნებოდა მისი ყველა კრეატივი ისეთივე უსაფრთხო და უვნებელი ყოფილიყო, როგორც ეს ბეჭედდასმული ფურცლებია. ამჯერად, რისი იმედი უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, წამოაგებს ამომრჩეველს თუ მისი ანკესი უკვე ვეღარ დაიჭერს, ექსპერტებს საკუთარი მოსაზრება აქვთ.

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი: პროპაგანდისტული ტრიუკია, ბუნებრივია, რომ ამომრჩეველმა, რომლისთვისაც ისინი ასოცირდებიან ამ ხელშეკრულებაში მოცემულ დაპირებებთან, ამ ადამიანებს დაუჭირონ მხარი.

უნდა გითხრათ, რომ თუ მკაცრი ვიქნებით, 1000-ლარიან ვაუჩერს ვგულისხმობ, ხომ არ გვაქვს საქმე ამომრჩევლის მოსყიდვასთან, რომ შენ თუ მე ამირჩევ, მიიღებ 1000 ლარს, იურისტი არ გახლავართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მოსყიდვის კონტურები ამაში იგრძნობა.

გარდა ამისა, მიჭირს სერიოზულად ვილაპარაკო მიხეილ სააკაშვილის რაიმე დაპირებებზე. მისთვის სახელმწიფო იყო სათამაშო, მისი პირადი გარემო, რომელსაც რთავდა ისე, რომ თვითონ სიამოვნებით ეცხოვრა ამ გარემოში. ალამაზებდა ფასადებს, აკეთებდა სათხილამურო ტრასებს და ა.შ.

ძნელია სერიოზულად ილაპარაკო ამ ხელშეკრულებებსა და დაპირებებზე. ჩვენ რომ საქმე გვქონდეს ახალ და უცნობ პოლიტიკურ ფიგურასთან და არ ვიცოდეთ ის რისი გამკეთებელია და რას აკეთებდა 8 წლის განმავლობაში, მაშინ შეიძლებოდა, ეჭვი გაგვჩენოდა, რომ ეს მართლა სერიოზული ფორმაა, ხელშეკრულებას აფორმებს ამომრჩეველთან წინასწარ და ამომრჩეველს გარკვეულწილად მაინც აქვს გარანტია, რომ ეს ხელშეკრულებები შესრულდება.

ჩვენი ამომრჩეველი თუ ამ 8 წლიანი ისტორიის შემდეგ კიდევ დაიჯერებს, ამ დაპირებებს, არ ვიცი, ეს ძნელი წარმოსადგენია“.

ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი 4 წლის მანძილზე არ შეასრულებს ამ დაპირებებს, რა დაეკისრება. მარტო იმის იმედით, რომ მმართველი პარტია პირგასამტეხლოდ თვითგვემას მიეცემა, ამ ფურცლების მარტო შენახვა კი არა, ჩარჩოში ჩასმაც ღირს. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კი გვირჩევს, ეს დოკუმენტი სულაც შვილთაშვილებს შევუნახოთ.

სოსო ცისკარიშვილი: ტერმინი ხელშეკრულება არ არის ბავშვების სათამაშოდ გამოგონილი, მას გააჩნია მკაფიო იურიდიული განმარტება. ამიტომ, რას თამაშობს ხელისუფლება, ხალხთან განსაზღვრულია სრულიად კონკრეტული დოკუმენტით, მაგრამ როგორ ესმის ხელისუფლებას მნიშვნელობა ხელშეკრულების, ამის თაობაზე რაიმე დამაიმედებელი გამოცდილება არ გააჩნია არც ხალხს და არც ჩვენს ხელისუფლებას.

 წინასაარჩევნო ტყუილების კორიანტელი, ეს მხოლოდ, უკაცრავად გამოთქმისთვის და „ჰარიფებისთვის“ შემორჩენილი ხრიკია სახელისუფლებო ხურჯინიდან, რომელიც დიდი ხანია, გაივსო ტყუილებით და შიგ რაიმე სიმართლის მოძიება უაღესად გაჭირდება.

თუ რაიმე ხელშეკრულებაზეა საუბარი, მაშინ ჯერ უნდა იყოს აღწერილი ხელშეკრულების მხარეებს შორის რა ტიპის ვალდებულებები არსებობდა და წარმატების მიმანიშნებელი ნუსხა უნდა არსებობდეს, ამ ხელისუფლებამ კონკრეტულ ოჯახთან რამდენად პირნათლად შეასრულა საკუთარი ვალდებულებები. როდესაც საუბარია მხოლოდ მომავალზე, რომლის საფუძველიც სამწუხაროდ არ არის რეალური, რასაკვირველია, ეს არის გამიზნული ცდუნება, იმისთვის რომ უსახსრობაში დარჩენილი ადამიანი ჩაებღაუჭოს თუნდაც ისეთი განწირული იმედით, რომელზეც ნათქვამია, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო.

ანუ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მართლა წყალს არ წაეღო ჩვენი მოსახლეობა, როგორც პირდაპირი, ასე გადატანითი მნიშვნელობით და ახლაც, როცა ხელისუფლება დაპირებით გამოდის, იმის შნოც კი არ აქვს რომ ეს ყველაფერი ახლავე შესთავაზოს ადამიანებს. ხოლო წინასაარჩევნო პერიოდის არსებობა ყველა ასეთ დაპირებას არასერიოზულად წარმოაჩენს და უკვე მომაბეზრებელი აფერის სახეს იღებს.

საინტერესოა, რა ვალდებულებას იღებს საკუთარ თავზე ხელისუფლება და რითი აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ ის არ და ვერ ასრულებს ასეთ ვალდებულებებს. თუ ეს არ არის მკაფიოდ გაწერილი, მაშინ ეს არის ფარატინა ქაღალდი, რომელიც სჯობს, სადმე სხვაგან აიფაროს ხელისუფლებამ.

ეს გარკვეული გასართობია ამომრჩევლისთვის, ვინც მეტ-ნაკლებად ერკვევა სიტუაციაში. შვილთაშვილთათვის შემოსანახად, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტს ექნება სახალისო მნიშვნელობა, რომ აგერ, პაპის პაპამ ხელი მოაწერა დოკუმენტს მატყუარა ხელისუფლებასთან და ასეთი იყო საუკუნეების წინანდელი საქართველო“.

განსაკუთრებით საინტერესოა ის დეტალიც, რომ ხელშეკრულებას სახელმწოფოს მხრიდან ორი ხელმომწერი ჰყავს, როგორც ჩანს, ამ უფლებამოსილების მინიჭებით, მიხეილ სააკაშვილს სურს, დაგვანახოს, რომ „ნაციონალებიდან“ გამოარჩია ერთი ფიგურა და ფსონი მასზე დადო. აკი გვითხრა კიდეც, რომ ეს თანამდებობა ვანო მერაბიშვილმა კარგი მუშაობით დაიმსახურა, თუმცა სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ეს უფრო მერაბიშვილის გულის მოსაგები თამაშია.

„როგორც ჩანს, ეს არის ცალკე ხელშეკრულება მერაბიშვილთან, რომ დროზე ადრე არ აიცრუოს გული თავის ახალ სამსასხურზე“,- აცხადებს ცისკარიშვილი.

მოკლედ, ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთან ხელცარიელი აღარ მივა და სამახსოვრო ფურცლებს დატოვებს, ისე კი არსად არ წერია, ამ 1000 ლარიან ვაუჩერებს როდის დაგვირიგებენ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თუ მორიგი საპარლამენტო ვადის ამოწურვისას, ანუ 4 წლის მერე.