თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ დაკავებულ წევრებს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ქართული ოცნების“ წევრები მერაბ კაჭახიძე, ტარიელ ქარდავა და თეიმურაზ შეყლაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის იმ ნაწილით, რომელიც თვალთმაქცურ გარიგებას გულისხმობს და მაქსიმალური სასჯელი წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.
დაცვის მხარემ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ კაჭახიძის, ქარდავასა და შეყლაშვილის გათავისუფლება გამოძიებას ხელს შეუშლიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ოცნების“ წევრების დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც აღწერილია, რაში სდებენ ბრალს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს.
„2012 წლის მაისში დაიწყო გამოძიება, პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლი).
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პარტიის წევრს შეუძლია საწევროს სახით პარტიის სასარგებლოდ შეიტანოს წელიწადში 1200 ლარი, ხოლო მოქალაქეს შეუძლია პარტიის სასარგებლოდ წელიწადში განახორციელოს შემოწირულობა 60000 ლარის ოდენობით.
ამავე კანონით იკრძალება სხვა პირის სახელით პარტიის საწევრო შენატანის ან შემოწირულების განხორციელება.
კანონის აღნიშნული მოთხოვნის გვერდის ავლით, პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა პარტიულ ანგარიშებზე თანხის მობილიზების დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც კოალიციის ხელთ არსებული ფული, მისთვის „კანონიერი“ სახის მიცემისათვის, უნდა გადანაწილებულიყო ათეულობით ფიზიკურ პირზე, რომლებიც საკუთარი სახელით პარტიისთვის შემოწირულობას განახორციელებდნენ.
გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალი კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა.
აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს.
ამასთან, გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იმავე სქემა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალმა „ეროვნულმა ფორუმმა“.
კერძოდ, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, „ეროვნული ფორუმის“ გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გადარიცხა „ეროვნული ფორუმის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით.
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია მერაბ კაჭახიძე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა, რომელთაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში ბრალი წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით - კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისათვის“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
როგორც პროცესის შემდეგ ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურორმა სასამართლოზე მყარი არგუმენტები ვერ წარადგინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსამართლემ „ქართული ოცნების“ წევრებს პატიმრობა მაინც შეუფარდა.
ლადო მაჭარაშვილი, მერაბ კაჭახიძის ადვოკატი: „საღამოს ათ საათზე ოფისიდან გამოვიდა მერაბ კაჭახიძე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამმა ავტომანქანამ გააჩერა, ესენი იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს მისი დაკავება, ისე, რომ არ განუმარტეს მისი უფლებები, უბრალოდ, უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციელები.
გაჩხრიკეს მისი ავტომობილი, საბარგულიდან ამოიღეს მერაბ კაჭახიძის კუთვნილი თანხა 2000 ლარი. დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში გამომძიებელმა ზოგადი ფრაზეოლოგიით უთხრა, რომ თითქოსდა ის დაკავებული იყო თვალთმაქცური გარიგებისათვის.
საქმეში ფიგურირებს საიდანღაც მოტანილი 1400 ლარი, საიდანაც თითქოს უკანონოდ გაურიგდა ვიღაცას, რომ თითქოსდა ამ თანხას მისცემდა. მერაბ კაჭახიძე უარყოფს ამ ბრალდებას და ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ეს თანხა რას უკავშირდება, თუმცა დაკავებას თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
თედო კობახიძე, ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის უფროსი: ჩვენმა ადვოკატებმა სასამართლოზე გამოთქვეს პოზიცია და დააყენეს შუამდგომლობები, რომ ამ საქმეში არ იყო სისხლის სამართლებრივი დევნის საუძველი, აღნიშნული საქმე იყო აუდიტის სამსახურის მიერ შესასწავლი და ყველაზე დიდი, სწორედ ამ უწყებას დაქვემებარებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ადვოკატები თვლიან, რომ ეს არ არის 164 პრიმა მუხლი, რაც არის ამომჩევლის მოსყიდვა.
როგორც კობახიძე აცხადებს ადვოკატები უკვე მუშაობენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. ხვალ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
„შესაბამიისად, აღმკვეთ ღონისძიებას გავასაჩივრებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინეს ფარული ჩანაწერები, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა წარმოადგინა“, - ამბობს კობახიძე.
მისივე განმარტებით, მერაბ კაჭახიძე ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, არ ეთანხმება წარდგენილ ბრალს და იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.
რაც შეეხება ეროვნული ფორუმის წევრებს, მათი ადვოკატიც დარწმუნებულია, რომ მათაც უსაფუძვლო ბრალი წაუყენეს.
დავით დეკანოიძე, ეროვნული ფორუმის ადვოკატი: „უსაფუძვლოდ დააკავეს და ორთვიანი პატიმრობაც ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად წაუყენეს. ბრალი წაუყენეს ღამის 11-დან 12 საათამდე, დაკითხვაც ამ პერიოდში მოხდა, ხოლო აღკვეთის ღონისძიების განხილვა დაინიშნა დილის 10 საათისთვის. ამ დრომდე მე უნდა მენახა ოთხი ვიდეოდისკი ფარული ჩანაწერით, რომლის ხანგრძლივობა არის 5 საათი და გავცნობოდი საქმის მასალებს, რომელიც ღამის პირველ საათზე გადმომცეს.
სასამართლოზე, როგორც წესი, და როგორც ყოველთვის, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ შუამდგომლობას.
ეროვნული ფორუმის, ერთ-ერთი წევრი გაიხადეს აგენტად ქალბატონი, რომელსაც მისცეს ჩანთა ფარული კამერით და მთელი დღის განმავლობაში ეს ქალბატონი დასდევდა ამათ და იწერდა, სად დადიოდნენ და რას აკეთებდნენ, თუმცა ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო მაინც ვერ ნახა.
ფარულ ჩანაწერებში ფაქტობრივად არაფერი არ არის - გადაღებულია, როგორ დადიან, ხვდებიან ნაცნობებს, როგორ ქეიფობენ, ბანკში როგორ შედიან და პარტიის ანგარიშზე შეაქვთ შემოწირულობა. არც ერთი ამ ქმედებათაგანი არ არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი“.
კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, ზვიად ზიძიგური, აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა.
ზვიად ძიძიგური: „ვინც ესწრებოდა სასამართლო პროცესს ნახავდა, რომ მერაბ კაჭახიძეს არაფერი არ დაურღვევია კანონმდებლობიდან გამომდინარე, ის პარტიული საწევროების მობილიზებას აკეთებდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ამისთვის ინსტუქტაჟს უტარებდა პარტიის წევრებს და ეს როგორც ბრალდების მტკიცებულება, ისე გამოაქვეყნა ხელისუფლებამ.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ნიშნით დევნა, სხვა არაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი დევნითა და ზეწოლით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ხელისუფლება უფრო მეტად წაგებული რჩება, ვიდრე მოგებული. ეს არაერთხელ დაადასტურა პრაქტიკამ და ახლაც მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება საწევროების შემოტანას კონსერვატიულ პარტიაში, არა თუ შეჩერდება, არამედ უფრო მასშტაბულ სახეს მიიღებს“.
კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქმის კურსში ჩააყენებენ ყველა უცხოურ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში საარჩევნო პროცესს აკვირდება.
„რა მასალებიც არსებობს, მათ შორის ბრალდების მტკიცებულებებსაც, ყველაფერს ავკინძავთ და მივაწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსებს და ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც აკვირდება იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება იმ დაძაბულობას, რომელსაც ესენი ქმნიან პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ დაძაბულობას გავხეთქავთ საარჩევნო ურნებში და არავითარ შემთხვევაში სხვა მიმართულებით არ გადავიყვანთ ჩვენს საქმიანობას. მხოლოდ საარჩევნო ყუთებში იქნება გაცემული პასუხი ხელისუფლების ამ უმსგავსო საქციელზე“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
„ქართული ოცნების“ წევრების დაკავებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც გამოეხმაურა და დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს.
როგორც საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, გამოძიების ხელთ არსებული მასალები და ვიდეომასალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მხოლოდ უკანონო საწევრო შენატანებსა და უკანონო შემოწირულობებზე მიუთითებს და არავითარ შემთხვევაში ამომრჩევლის მოსყიდვაზე, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, თუმცა ის ისჯება როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არა როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იმ გარიგების დადება, რომელიც მიზნად ისახავს ამავე კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდებას, ისჯება გარიგების ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, შესაბამისად, სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალაში მითითებულ ქმედებებზე რეაგირება მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა. ამ დრომდე უკანონო შემოწირულობების ყველა საქმეზე რეაგირება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით განხორციელდა, აღნიშნული საქმეების სისხლის სამართლის კონტექსტში გადატანის ტენდენცია კი, რომელიც დღეს გამოიკვეთა, 164-ე პრიმა მუხლის ძალიან ფართო ინტერპრეტაციაა და შემაშფოთებელია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საია პროცესის მწარმოებელ ორგანოს მოუწოდებს, შეწყვიტოს მოცემულ საქმეზე გამოძიება და მასალები რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნოს.
როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, სამართალდამცებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების სქემის ერთ-ერთი მონაწილე „კონსერვატიული პარტიის“ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა ლომია იყო, რომელსაც წინასწარ მოძიებული ექვსი ფიზიკური პირისთვის უნდა გადაეცა თანხა საწევრო შენატანისთვის.
აღნიშნული ვიდეომასალა ოპერატიული ღონისძიების გზით სწორედ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ არის მოპოვებული. ოპერატიული ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს გონივრული ზღვარი, რათა ქმედება დანაშაულის ჩადენის წაქეზებაში არ გადაიზარდოს და არ შექმნას დანაშაულის პროვოკაციის მცდელობა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს“,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.