ამბროლაურის რაიონში დაჩქარებული ტემპით ღებავენ და სახელდახელოდ აპირკეთებენ შენობების ფასადებს. საქმე იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილის ამბროლაურში სტუმრობა სექტემბერში იყო გათვალისწინებული, მაგრამ გეგმები შეიცვალა და თარიღმა აქეთ გადმოიწია. რაჭული ამბები for.ge-მ სარწმუნო წყაროებისგან (ორი წყაროსგან) ინტერნეტის და ტელეფონის საშუალებით შეიტყო.
მიხეილ სააკაშვილი ამბროლაურში ივლისის ბოლოს, ან აგვისტოში ჩავა და გახნის „საქართველოს ბანკის“ ფილიალს, რომელსაც ახლა აშენებენ. ასევე გახსნის საცურაო აუზს, ოღონდ არ ვიცით ეს აუზი მხოლოდ გახსნის დღეს იმუშავებს, თუ შემდეგაც. საცურაო აუზსაც ახლა აშენებენ და რადგან სააკაშვილის სტუმრობის თარიღმა აქეთ გადმოიწია, დინჯ რაჭველებს ძალიან აჩქარებენ და 24-საათიან რეჟიმში ამუშავებენ. ახლადაშენებულ აუზში ვინ გადაეშვება საცურაოდ, ამის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და ამიტომ, ვერაფერს მოგახსენებთ.
ამბროლაურში გახსნილია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინკას“ ფილიალი, რომელსაც რაჭველები „ფინკა ბანს“ ეძახიან. ამბროლაურში ძნელად იპოვით ოჯახს, რომელსაც „ფინკადან“ სესხი არ ჰქონდეს გამოტანილი - „რაჭველებს გამოაქვთ და გამოაქვთ სესხები. ვისაც ძროხა და საკარმიდამო ნაკვეთი აქვს, სესხი ყველას აქვს გამოტანილი და სანაცვლოდ საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები აქვთ ჩადებული“.
„ნაციონალური მოძრაობა“ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე იმ ადამიანებს, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ, სთხოვენ თავიანთი მობილური ტელეფონით გადაიღონ ბილუტენებში როგორ შემოხაზავენ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს და ამ ორგანიზაციას. ტელეფონით გადაღებული რამდენიმე წამიანი ვიდეო კი „მტკიცებულების“ სახით „ნაცმოძრაობის“ კოორდინატორებს უნდა წარუდგინონ.
თუმცა, რაჭველებმა ისიც იციან, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი კანდიდატის შემოხაზვის შემდეგ შეუძლიათ ბიულეტინი გამოუსადეგარი გახადონ - გადახაზონ, გადმოხაზონ. „ნაცმოძრაობას“ ამის საწინააღმდეგო რა მექანიზმი აქვს მოფიქრებული, ეს ჯერ არ ვიცით.
ამბროლაურში სტუმრობის დღეს, სანამ სააკაშვილი რაჭველებს ვერტმფრენით ესტუმრება, რამდენიმე საათით ადრე (ან წინა დღეს) ასფალტის ამოტეხილ ნაწილებს ალბათ, სახელდახელოდ ამოავსებენ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ასე მოხდა 10 ივლისს, სანზონაში - დღის პირველ ნახევარში იმ ადგილთან ახლოს, სადაც სააკაშვილთან შეხვედრა იყო დანიშნული, ასფალტის ამოტეხილი ნაწილები სახელდახელოდ ამოავსეს, ოღონდ მხოლოდ ოცი მეტრის რადიუსში, დანარჩენი ისე დატოვეს, როგორც იყო.
ამბროლაურში ალბათ, იპოვნიან ისეთ ბავშვებს, ვინც მიშა-მიშას ყვირილით ხმას ჩაიხლიჩავს, მათ კი დირიჟორებად ქალბატონები ეყოლებათ. ასე მოხდა სანზონაში და ალბათ, იგივეს გაიმეორებენ ამბროლაურშიც. შემდეგ დამსწრეთა შორის ერთ-ერთი მივა და სააკაშვილს თავის გაჭირვებაზე შესჩივლებს. ბატონი მიხეილიც დაუყოვნებლივ გასცემს მისი დახმარების განკარგულებას.
დაჩქარებული ტემპით მიმდინარე სამუშაოების გამო სიდინჯით განთქმული რაჭველი კაცები წუხან, მაგრამ თავს ზევით ძალა არა აქვთ - ყველაფერი ისე უნდა გააკეთონ და დაახვედრონ სააკაშვილს, როგორც უბრძანეს. იმედია სამშნებელო სამუშაოები მშვიდობიანად ჩაივლის და თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მსგავსად ამბროლაურში ხარაჩოდან არავინ გადმოვარდება და ბეტონის ე.წ. სინკარი არავის დაეცემა.