„ნაციონალების“ მაჟორიტარული ბრძოლის მეთოდები

„ნაციონალების“ მაჟორიტარული ბრძოლის მეთოდები

For.ge-ს ინფორმაციით, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისგან მივიღეთ, ხელისუფლებამ რეგიონებში არჩევნების მოგებისთვის ახალი მეთოდი მოიფიქრა - მაჟორიტარებად დასახელებული კანდიდატები პროპორციულ სიაში გამსვლელ ნაწილში ვერ მოხვდებიან, რითაც ხელისუფლება ორი კურდღლის დაჭერას შეეცდება. ერთი ის არის, რომ მაჟორიტარებს აიძულებს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ არჩევნები იმ ოლქში, სადაც კენჭს იყრიან მოიგონ. ეს კი ორმაგად არის მნიშვნელოვანი, რადგან, როგორც წესი, ადამიანები ძირითადად იმ პარტიას აძლევენ ხმას, ვისი კანდიდატიც არის მათთვის სასურველი მაჟორიტარი. ამასთან, მაჟორიტარების სიაში არჩაწერას პიარისთვისაც გამოიყენებენ.

ამიტომაც გასაგები იქნება, რომ მაჟორიტარების კანდიდატები ყველა მეთოდს მიმართავენ იმისთვის, რომ როგორმე გაიმარჯვონ.

For.ge-ს ინფორმაციით კი, მაჟორიტარები ადგილობრივ დონეზე უკვე „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატების მოსყიდვას ცდილობენ.

გასაგები მიზეზების გამო იმ ადამიანების ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ, ვინც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა. მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ისინი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან და, მათი თქმით, ნაციონალების ოფისიდან მიიღეს დავალება, რომ ამ მეთოდებით უნდა იმოქმედონ.

„ნაციონალების“ პარტიის ცენტრალურ ოფისში, ცხადია, ამ ინფორმაციას უარყოფენ, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ საკითხზე საუბრისას ისინი იმ პირების ვინაობით დაინტერესდნენ, ვინც ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვაწოდა. მათი ასეთი ინტერესი კი, ცხადია, ამ ეჭვებს უფრო მეტად ამძაფრებს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების მოსყიდვას კი ისინი რამდენიმე მეთოდით გეგმავენ. მთავარი იქნება ფულის შეთავაზება, რომ ისინი ივანიშვილზე მეტს გადაუხდიან და არჩევნების შემდგომ თავისუფლად საქმიანობის საშუალება მიეცემათ. ოღონოდ, ამისთვის არჩევნებამდე ისე უნდა ითამაშონ, რომ, თითქოს, ივანიშვილის ერთგულები არიან, მაგრამ არ უნდა იაქტიურონ.

მეორე მიმართულება არის ის, რომ მათ ნაწილმა ივანიშვილის გუნდის ყოფნაზე ახლავე უნდა თქვას უარი იმ მოტივით, რომ ისინი დარწმუნდნენ, ივანიშვილი რომ ქვეყნისთვის საზიანო საქმეს აკეთებს. ამ შემთხვევაში, ცხადია, თანხა, მეტი იქნება.

მესამე მეთოდი კი უკვე ნათესავების დაჭერა იქნება სხვადასხვა მეთოდით, რაც აქამდეც აპრობირებული მეთოდი იყო.

იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილის გუნდს ყველანაირ ფინანსურ საშუალებებს უკეტავენ, ფულის შეთავაზება საკმაოდ კარგად გათვლილი ხერხი ჩანს.

თავად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების კანდიდატები ჯერჯერობით არანაირ კომენტარებს არ აკეთებენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მათ დამოუკიდებლად რეგიონებში მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ და, შესაბამისად, იმის თქმა, თუ მარტო მუშაობის პერიოდში როგორ იმოქმედებენ, ძნელი სათქმელია.

ამიტომაც ახლა მნიშვნელოვანი იქნება, რეგიონებში პროცესები როგორ განვითარდება და ეს საარჩევნო კამპანია რა ფორმებით წარიმართება.