საერთაშორისო იურიდიული კომპანია Skadden-ი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს დაიცავს. ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია Skadden-ის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.
შეხვედრას Skadden-ის ლონდონის ოფისის ხელმძღვანელი დევიდ ჰერლიხი და ვაშინგტონის ოფისის ხელმძღვანელი გრეგორი ბესტორ გრეგი ესწრებოდნენ.
გრეგორი გრეგი ცნობილია, როგორც ადვოკატი და იურისტი, ასევე როგორც პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ის იყო თეთრი სახლის იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი 1998 წელს. 2009-2010 წლებში კი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას პირადი მრჩეველი.
„რაც შეეხება Skadden-ს, ეს არის ცნობილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც დასახელდა 2012 წლის საუკეთესო იურიდიულ კომპანიად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე 2012 წელს მოიპოვა IFLR (გამოცემა: საერთაშორისო ფინანსური სამართლის მიმოხილვა) ევროპისა და ამერიკის ჯილდო. Chambers Global-ის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო კომპანიად. აღნიშნულ ჯგუფში მოღვაწე 126 იურისტი შეყვანილია მსოფლიოს საუკეთესო იურისტთა სიაში. სწორედ ეს იურიდიული კომპანია დაიცავს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, რომლის უფლებებიც დაირღვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. უახლოეს მომავალში დაიწყება საქართველოს ხელისუფლებასთან დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ამბობს, საკითხი ასე დგას, იმ მოქმედებებმა, რაც ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ შარშან, ოქტომბრიდან მოყოლებული, წარმოქმნა მისთვის ფინანსური სახის ზიანი.
„საქართველოში დავას აზრი არ აქვს, ამიტომაც ამ ზიანის კომპენსირებისთვის შეირჩა საარბიტრაჟო ინსტიტუტი. ეს არის მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განხილვის ცენტრი, რომელიც იხილავს ასეთ საქმეებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებების დაცვა იცით, რომ საქართველოში შეუძლებელია და ამიტომაც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ამ ცენტრისთვის საჩივრით მიგვემართა, რომელიც განიხილავს ყველა იმ ზიანს, რაც მას მიაყენეს და მიიღებს გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად საქმის მოგების შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურებისთვის გარკვეული თანხა.
ეს ცენტრი, რომელიც მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედი არბიტრაჟია, მდებარეობს ვაშინგტონში, ხოლო ფირმა, რომელიც ამ საკითხში ჩაერთო, არის საერთაშორისო იურიდიული ფირმა, რომელიც დაკავებულია მსგავსი ტიპის საარბიტრაჟო დავებით, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ამ ფირმის მეშვეობით მოხდა ე.წ. ებრაელების საქმის განხილვა, რომლებმაც 100 მილიონი მოუგეს საქართველოს, იცნობენ საქართველოს კარგად და იმ პრობლემატიკას რაც აქ არსებობს. აქვთ დიდი გამოცდილება და ამდენად, ამ ნიშნით მოხდა მათი შერჩევა. სხვათა შორის, ამ იურიდიულ კომპანიას მიჰყავს ბერეზოვსკისა და აბრამოვიჩის საქმე“, - აცხადებს კბილაშვილი.
როგორც კბილაშვილი ამბობს, პროცედურების გათვალისწინებით, სარჩელი შემდეგი კვირიდან შევა და მოქმედებებიც დაიწყება.
თანხა, რაც ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილსა თუ მასთან დაკავშირებულ კომპანიებს დააკისრა, ჯარიმების სახით რამდენიმე მილიონი ლარია, ამ თანხას სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში საკუთარი კამპანიის დასაფინანსებლად გამოიყენებს, მისი ანაზღაურება კი არა მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ საქართველოს სახელმწიფოს მოუწევს.
ამას თუ კომპანიების დაყადაღების შედეგად მიყენებულ ზიანსაც დავუმატებთ, საქართველოს ბიუჯეტს ივანიშვილის სასარგებლოდ საკმაოდ დიდი თანხების გაღება მოუხდება.
როგორც კბილაშვილი ამბობს, თანხა სახელმწიფოს ეკისრება, და ის თანხაც, რაც ებრაელი ბიზნესმენების სასარგებლოდ გადაიხადეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა.
„საარბიტრაჟო დაწესებულებაში საკითხი დგება სახელმწიფოს ქონებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, მაგრამ სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხს არ ადგენენ. შემდგომ უკვე, როდესაც ქვეყანას ასეთი მნიშვნელობის თანხა ეკისრება, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნა, ვის გამო მოხდა ასე. ეს არ არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც სამხედრო დამნაშავის საკითხს იხილავს და წყვეტს“, - ამბობს კბილაშვილი.
მისივე განმარტებით, ეს არის წმინდა საარბიტრაჟო დაწესებულება, რომელიც იხილავს წმინდა ფინანსურ დავებს. „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ადამიანის უფლებების დარღვევას იხილავს და იქ კომპენსაციას მეორადი ხასიათი აქვს, თანაც სიმბოლური. ამასთან ყველა პროცედურა უნდა იყოს გავლილი.
ეს საარბიტრაჟო დაწესებულება იხილავს კონკრეტულად ფინანსური ხასიათის ზიანს, ადგენს მის არსებობას, ოდენობას და ამასთან არ არის საჭირო, რომ შიდა სამართლებრივი პროცედურები იყოს დაცული.
ევროსასამართლოსგან განსხვავებით ერთი პლიუსი ის არის, რომ როდესაც საჩივარი შედის, ევროპაში შეიძლება 5-6 წელი ისე გავიდეს, რომ საერთოდ არავინ არ შემოგეხმიანოს, აქ კი გაწერილი პროცედურებია, როდის რა ხდება. მართალია, ძირითადად, დავის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საქმის სირთულეზე და მონაწილეთა რაოდენობაზე, მაგრამ საბოლოოდ, პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვის ან დაახლოებით ერთი ან ორი წლის მანძილზე“, - განმარტავს კბილაშვილი.
სარჩელი შევა, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე იმ მესაკუთრეების სახელით, რომლებმაც „ქართუ ჯგუფის“ აქციები შეიძინეს. ივანიშვილი თავის პრეტენზიებს დააყენებს გასხვისებამდელ პერიოდზე, რომელიც ბანკს მიადგა, ხოლო დღევანდელი მესაკუთრეები თავიანთ პრეტენზიებს წამოაყენებენ იმ ზიანის შესახებ, რაც აქციების გასხვისების შემდეგ მიადგა „ქართუ ჯგუფს“. გარდა ამისა, სარჩელს შეიტანენ იმ კომპანიების მფლობელებიც, რომელ კომპანიებსაც თავის დროზე კონტროლის პალატის მოქმედებების შედეგად მიადგა ზარალი მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელთან იყვნენ დაკავშირებული, ეს კომპანიებია „ელიტა ბურჯი“, „გლობალ.ტვ“, „მენეჯმენტ სერვისი“.