მჯერა, რომ ფოთელების მხარდაჭერა მექნება, როგორც მათი წარმომადგენლის და  დამცველის

მჯერა, რომ ფოთელების მხარდაჭერა მექნება, როგორც მათი წარმომადგენლის და დამცველის

უფლებადამცველი ეკა ბესელია ფოთში „ქართული ოცნების“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობისთვის იბრძოლებს. ბესელიას საკუთარ ძალებში ეჭვი არ ეპარება და დარწმუნებულია, რომ დეპუტატის მანდატს ღირსეულად მოიპოვებს. შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ ფოთელები  გონივრულად, ვაჟკაცურად და სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ და ხელისუფლებას ნდობის მანდატს აღარ მიანიჭებენ.

ეკა ბესელია თვის ბოლოდან  ფოთში გადადის. მისი თქმით, ფოთი განსაკუთრებული სტატუსის ქალაქად უნდა იქცეს და აღნიშნავს, რომ მის მიერ შემუშავებული კონფეცფიის ნაწილი სწორედ,  ამაზეა ორიენტირებული.

კონკრეტულად, რას გულისხმობს ფოთის განსაკუთრებული სტატუსის ქალაქად ქცევა, რა კონცეფცია აქვს შემუშავებული  ფოთის რეგიონისა თუ მოსახლეობის საკეთილდღეოდ, რამდენად რთული იქნება საარჩევნო ბრძოლა  სამეგრელოს რეგიონში,  სადაც ახალაიების კლანია გაბატონებული.  for.ge ადვოკატს,  ფოთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ეკა ბესელიას ესაუბრა.

ეკა ბესელია: სწორედ, იმიტომ რომ რთულია ეს რეგიონი და სწორედ იმიტომ,  რომ სამეგრელოს რეგიონს  ჩვენი დახმარება,  მხარდაჭერა,  მფარველობა, ფეხზე დადგომა და დაცვა სჭირდება, გადაწყვეტილება ფოთში ჩემს მაჟორიტარი კანდიდატობის თაობაზე სწორედ ამიტომ იქნა მიღებული. მე  ეს წინადადება მივიღე.  მიმაჩნია, რომ ჩვენ ფოთში და მთლიანად სამეგრელოში გამარჯვებას შევძლებთ  და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელოს მოსახლეობა ოქტომბრის არჩევნებში ძალიან ბრძნულ და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ისინი არ მოისურვებენ  იცხოვრონ წარსულში, რომელიც მათ სიდუხჭირეს,  უსამართლობასა და გაუსაძლის პირობებში ყოფნას უქადნის. ფოთი განსაკუთრებული ქალაქია,  განასახიერებს სამეგრელოს და იმავდროულად,  მთლიანად საქართველოს.  მე ფოთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. სამეგრელოში ვარ დაბადებული და გაზრდილი. შესაბამისად,  ძალიან კარგად ვიცნობ რეგიონს,  ვიცნობ ფოთის სპეციფიკას და გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.  მჯერა, რომ  ფოთის მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამისად, მათ პარლამენტში თავიანთი დამცველი ეყოლებათ.

- თუმცა, 2008 წელს, როდესაც მოსახლეობა გენდოთ და არჩევანი სწორედ თქვენზე გააკეთა, თქვენ მოპოვებული მანდატი ვერ გამოიყენეთ. ახლა, რატომ უნდა გენდოთ საზოგადოება?

- თუნდაც,  იმიტომ უნდა მენდოს ხალხი, რომ 2008 წელს არჩევნების შემდეგ,  მორალური ნაბიჯი გადავდგი. მე  მანდატისთვის კი არა, ხალხის უფლებებისთვის ვიბრძოდი. როდესაც პირადზე მაღლა საჯარო ინტერესს აყენებ, ეს ნდობის ხარისხს ზრდის. ნუ დავაკნინებთ იმ მორალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ. რატომ უნდა მენდოს ხალხი? მე ხელისუფლებაში არ ვყოფილვარ, რომ მოქალაქეებს სახელმწიფო რესურსით მივხმარებოდი და დახმარებას ყოველთვის იმ პროფესიით ვცდილობდი, რომელსაც მე წარმოვადგენდი. მე უფლებადმცველი ვარ და ძალიან ბევრ ადამიანს დავხმარებივარ. ჩემი განვლილი გზა თუნდაც ძალიან კრიტიკულად, რომ შეაფასო, ძალიან ბევრი ადამიანი კარგად მიხვდება რა აძლევთ მათ ნდობის საფუძველს.

-„ნაც. მოძრაობაც“ სამეგრელოს რეგიონში გამარჯვებაში თითქმის დარწმუნებულია, ისინი დიდ იმედს ამყარებენ ამ რეგიონზე. ამ შემთხვევაში, როგორი იქნება საარჩევნო ბრძოლა თქვენსა და თქვენს ოპონენტს შორის?

-  ბრძოლა ძალიან რთული იქნება. დარწმუნებული ვარ,  „ნაციონალური მოძრაობა“  ვერ გაიმარჯვებს,  თუ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს.  ხელისუფლებას იმედი აქვს  სამეგრელოში  თავისი რეპრესიული მანქანა, ოჯახური კლანი - ახალაიების ფაქტორი გამოიყენოს, რომელთაც ძალიან დიდი ძალაუფლება მისცა,  მაგრამ მთელი ცივილიზებული სამყარო ხედავს,  რომ 21-ე  საუკუნეში,  ქვების სროლითა და იარაღის ჟღარუნით სიმშვიდე არასოდეს მიიღწევა.  ერთი წამითაც არ მაქვს  განცდა იმისა, რომ სამეგრელოს მოსახლეობას იმ პირობებში ცხოვრება მოსწონდეთ,  რა პირობებშიც ახლა იმყოფებიან. მიმაჩნია, რომ  ისინი  მათ შორის,  ფოთის მოსახლეობა უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ.  ფოთი  განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს, აუცილებელია მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც ამ რეგიონის მოსახლეობას აქვს.  ხელისუფლება, რომელიც 9 წელიწადია ატყუებს მოსახლეობას, მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება და არაფერს აკეთებს  სანაცვლოდ, სამეგრელოს მოსახლეობა ასეთ ხელისუფლებას ნდობის მანდატს აღარ მისცემს. მჯერა,  ფოთელების, რომ ისინი გონივრულად, ვაჟკაცურად და სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ და  „ქართულ ოცნებას“ მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ხმას მისცემენ და მჯერა,  რომ  მე მექნება ფოთელების მხარდაჭერა, როგორც მათი წარმომადგენლის და  დამცველის.  ეს განცდა, რომ არ მქონდეს ბუნებრივია,  ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი.

-  რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რა გაძლევთ ასეთი  ნდობის საფუძველს?

-  ვიცნობ არჩევნების შედეგებს, რომელიც   ბოლო წლებში ჩატარდა, ვიცნობ  მოსახლეობის განწყობას. თვის ბოლოდან მე  ფოთში გადავდივარ და მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს დავიწყებ.  ბოლო  ორ თვეში ჩემს  მეგობრებთან ერთად, 200 -ზე მეტი  სოფელი მოვიარე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უშუალოდ, პირადი შეხვედრები მქონდა მოსახლეობასთან. ახლა კი, კონკრეტულად ფოთის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში შევხვდები და მათ პირადად დაველაპარაკები.

- რა კონცეფცია გაქვთ მომზადებული, რა არის თქვენი გეგმა,  რომელსაც ფოთის მოსახლეობას წარუდგენთ?

ჩვენი გეგმა საკმაოდ დიდია. მის პრეზენტაციას ცალკე გავაკეთებთ და საზოგადოებას წარვუდგენთ. ახლა ინტერვიუში ვერ ჩავტევთ, თუმცა ავღნიშნავ, რომ  ფოთი განსაკუთრებული სტატუსის ქალაქად უნდა იქცეს.  მისი პოტენციალი ძალიან დიდია. ამ კონცეფციის პრეზენტაციას, თუ როგორ ვხედავთ  რეგიონის  პრობლემების გადაჭრის გზებს  უახლოეს დღეებში გავაკეთებ და ყველა დაინტერესებულ პირს გავაცნობ.

რას ნიშნავს ფოთის განსაკუთრებული  სტატუსის ქალაქად  ქცევა?

ფოთი საქართველოს კარიბჭეა. ეს   ისტორიული ადგილია, რომელსაც თავისი მდებარეობითა და  ბუნებრივი რესურსებით  უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ეს არაა მხოლოდ პორტი. ფოთი საქართველოს  ფილტვებია.  მართლაც,  რომ მოწესრიგდეს კომუნიკაციები და განვითარდეს ინფრასტრუქტურა, გადაიჭრას  წყლის პრობლემა,  რომელიც  ქალაქს აწუხებს,  ბიუჯეტი სწორად დაიგეგმოს, განვითარდეს კერძო სექტორი,  მოიხსნას კორუფციის თემები,  რეალურად შრომის უფლებები იქნეს დაცული და  მოგვარდეს სამართლიანობის პრობლემა.  ეს ყველაფერი  კომპლექსური თემაა,  რომელსაც ცალ-ცალკე მიდგომა სჭირდება.

-კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა  „ქართული ოცნების“ მორგი აქცია ბათუმში დაანონსა. რატომ არ იმართება  მორიგი აქცია თუნდაც,  სამეგრელოში ?

სამეგრელოში აქცია მალე დაიგეგმება.  ვფიქრობ, ეს  სწორედ აგვისტოში იქნება. ზუსტად თარიღს,   კოალიციის ლიდერი გამოაცხადებს, თუმცა ჩვენ უახლოეს ორ თვეში მთელი საქართველო  უნდა მოვიაროთ.  ეს უნიკალური პროექტია,  როდესაც  „ქართული ოცნების“ სახელით საქართველოს ყველა სოფელში  შევდივართ.  არ დარჩება არცერთი სოფელი, სადაც კოალიციის წარმომადგენლები არ შევლენ. რაც შეეხება აჭარაში დაანონსებულ „ქართული ოცნების“ აქციას, ვფიქრობ,  ეს ღონისძიება უნიკალური იქნება, თუმცა  განსაკუთრებულად, სამეგრელოში შეხვედრას ველოდები.

- სამეგრელოში „ქართული ოცნების“ აქციაზე რამდენად მოსალოდნელია დაპირისპირება, თუნდაც კოალიციისა და ხელისუფლების მხარდაჭერებს შორის და ის, რომ სამეგრელოში „ქართული ოცნების“ აქცია ჯერ-ჯერობით ვერ გაიმართა, რაიმე არეულობის შიშით ხომ არაა განპირობებული?

- სამეგრელოში აქციის დროს რაიმე დაპირისპირებას გამოვრიცხავ. მიუხედავად იმისა, რომ  რეგიონი რთულია, როდესაც ხალხმრავალი და მასშტაბური შეკრებაა, სადაც ათეულ -  ათასობით ადამიანი მონაწილეობს იქ  ხელისუფლება პროვოკაციებს ვერ გეგმავს. ასეთი პროვოკაციები იგეგმება ცალკეულ შეხვედრების დროს, სადაც ხელისუფლება მართლაც, არაცივილიზებულ,  არადემოკრატიულ და სამარცხვინო მეთოდებს იყენებს, თუმცა პირადად მე,  ასეთ დიდ  შეკრებაზე რაიმე პროვოკაციებს, ექცესებსა და დაპირისპირებას   არ ველოდები.