"ისტორია შეიძლება იყოს მსუბუქი მანტიაც და მძიმე აბჯარიც"

[თომას დე ვაალი, open Democracy]

კავკასიას ხშირად ისე აღწერენ, როგორც მუდმივ, ინვარიანტულ ნაციონალისტურ მტრობაში გამომწყვდეული ხალხების რეგიონს. რეალობა ბევრად უფრო რთული და შესაბამისად, უფრო საიმედოაამბობს თომას დე ვაალი.

 

სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც ადამიანები ხშირად იმეორებენ, რომ ”ისტორიის ტვირთი” მძიმედ აწევთ. მე კიდევ სულ უფრო მეტად საპირისპიროს ვამტკიცებ. თუმცა  ამ რეგიონში ყველაფერი მართლა  ისტორიის საბურველშია გახვეული და თანამედროვე ადგილობრივი პოლიტიკოსებიც მას ხშირად მოუხმობენ. 

 

აი ერთი ასეთი მაგალითი: 2004 წლის იანვარში, თავისი ინაუგურაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი იმ კაცის საფლავზე წავიდა, რომელსაც თითქმის ყველა საქართველოს ყველაზე დიდ მეფედ მიიჩნევს – ეს დავით აღმაშენებელია, რომელიც 1089-1125 წ.წ. მეფობდა.

 

მაგრამ იდეა, რომლის თანახმადაც,   ისტორიის ძახილი  განაპირობებს ამ რეგიონის უკურნებელ კონფლიქტებს და ხალხებსაც ამ კონფლიქტებისკენ უბიძგებს, უკრიტიკოდ არ უნდა გავიზიაროთ. ხანდახან ისტორია იმდენადაა  მნიშვნელოვანი, რამდენადაც მას ამის ნებას დავრთავთ. რაც უფრო ღრმად იხედებით კავკასიის წარსულში, მით უფრო იშლება ის განსხვავებული  ნარატივების მოზაიკად და ბევრი მათგანი არა მხოლოდ კონფლიქტებზე, არამედ თანამშრომლობაზეც მოგვითხრობს. თუ  ჩვენ ამ რეგიონის ისტორიას უფრო სკეპტიკური, უფრო მეტიც, პოსტმოდერნული თვალით შევხედავთ, ჩვენ მას სამსახურს გავუწევთ.

 

კავკასიაზე წლების მანძილზე ვწერდი, მაგრამ როდესაც 2009 წელს პატარა წიგნისთვის, რომელსაც „კავკასია: შესავალი“ ეწოდა, კვლევა დავიწყე, მეც კი გამაკვირვა იმ ფაქტმა, თუ რამდენად ეწინააღმდეგებოდა ჩემს მიერ შესწავლილი ზოგიერთი ისტორიული მოვლენა დღეს გაბატონებულ  პოლიტიკურ ნარატივთაგან ბევრს. აი საინტერესო სამი მაგალითი.

 

პირველი – 1820 წელს, ომში, რომელსაც რუსეთი ოტომანთა იმპერიის წინააღმდეგ აწარმოებდა, სომხები და აზერბაიჯანელები ცარისტულ  არმიაში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ. იმ ისტორიულ გადაკვეთაზე შიიტურ-სუნიტურმა დაპირისპირებამ გადახაზა თურქული ძმობის იდეაც კი. თავად ალექსანდრე პუშკინი გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ მოქმედებდა ყარსის მისადგომთან ”ყარაბახის პოლკი”, რომელშიც აზერბაიჯანული კავალერია შედიოდა.

 

მან ამ პოლკის ერთ-ერთ  ოფიცერს, ფარჰად-ბექს აღფრთოვანებული ლექსიც კი მიუძღვნა. ამიტომ უნდა მოვეკიდოთ ფრთხილად ნებისმიერ ვარაუდს აზერბაიჯანისა და თურქეთის მარადიული მოკავშირეობის შესახებ, რაც ხშირად უკიდებს ცეცხლს პოლიტიკურ განწყობილებებს ყარაბახთან დაკავშირებით  (და რამაც რამდენადმე შეარყია, დღემდე წარუმატებელი, სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი).

 

მეორე, მიღებულ აზრს ეწინააღმდეგება ის ფაქტიც, თუ როგორ შეიცვალა აფხაზურ-ქართულ-რუსული ურთიერთობანი 1850 წლის შემდეგ. 1801 წელს რუსეთმამ საქართველოს დაცემის მერე, მისი ანექსია განახორციელა.  მას შემდეგ, მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლება იმით, რომ ქართველ არისტოკრატებს იმპერიულ იერარქიაში დაწინაურების საშუალებას აძლევდა და კეთილშობილ ტიტულებს უნარჩუნებდა, სულ უფრო მეტად უზრუნველყოფდა, მათ ლოიალობას მეფის რუსეთის მიმართ. მაგრამ ზუსტად იმავე დროს რუსები აფხაზებს ველური პროთუქრული ტომის წევრებად და დაუძინებელ მტრებად მიიჩნევდნენ.

 

1852 წელს რუსი გენერალი გრიგორი ფილიპსონი ჩიოდა, რომ მის სამხედროებს შავი ზღვის ციხე-სიმაგრიდან შიშით ვერ გამოუდგამთ ფეხი. ისინი შიშობდნენ რომ,  აფხაზი მეამბოხეები სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ”მოკლედ,  რომ ვთქვათ - ჩვენ დავიპყარით აფხაზეთი, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვმართავთ”. მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში რუსების მიერ აფხაზების გადასახლებამ თავისი სამშობლოდან, იქ ქართველთა ჩასახლებას შეუწყო ხელი, რამაც შეცვალა დემოგრაფიული სურათი და შექმნა იმ კონფლიქტის საფუძველი, რომელიც მე-20 საუკუნეში გაჩაღდა.  ეს ისტორია აჩენს კითხვებს აფხაზურ-რუსული ურთიერთობების ურყევობისა და  რუსულ-ქართული მტრობის შესახებ.

 

მესამე, რამაც გამაოცა ის იყო, თუ როგორ ძლიერად განსხვავდებოდა საქართველოს მიერ, მე-20 საუკუნეში გამოცხადებული პირველი დამოუკიდებლობის გეოპოლიტიკური ორიენტაცია მეორისაგან – 180 გრადუსით. 1918 წლის მაისში, რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, როდესაც საქართველოს თურქეთის გარდაუვალი თავდასხმა ემუქრებოდა, თბილისის მთავრობის თავმა, ნოე ჟორდანიამ უხალისოდ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.

 

ჟორდანია, რომლის მენშევიკური პარტიაც (სოციალ-დემოკრატიული) ბოლშევიკებთან განხეთქილების შედეგად იშვა (1903-1904 წ.წ.), რუსეთთან კავშირების გაწყვეტის გამო თავის ამბივალნტობას გამოხატავდა: ”ჩვენმა წინაპრებმა გადაწყვიტეს ზურგი ექციათ აღმოსავლეთისთვის და დასავლეთისკენ გაეხედათ. მაგრამ გზა დასავლეთისკენ რუსეთზე გადის და ამიტომ დასავლეთისკენ სვლა რუსეთთან ერთიანობას ნიშნავს”.

 

ჟორდანიას დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ თითქმის სამ წელიწადს იარსება მანამდე, სანამ ის საბჭოთა კავშირს არ მიუერთდა 1921 წელს. 7 ათეული წილის შემდეგ, სსრკ-ს ნელი დეზინტეგრაციის შედეგად, საქართველომ დამოუკიდებლობის მეორე და უფრო წარმატებული მცდელობა განახორციელა. ამ დროს რუსეთს უკვე კოლონიზატორს და მტერს უწოდებდნენ, ხოლო თურქეთი ახლად აღმოჩენილ, მეგობრულად განწყობილ მეზობლად იქცა.  აქედან კი იმ დაკვნის გამოტანა შეიძლება, რომ თუ საქართველოს ბრძოლა თვითგამორკვევისთვის ისტორიულ კონსტანტად შეიძლება მივიჩნიოთ,  მისი ალიანსების ბუნება – არა!

 

ძალაუფლების გათვლები

”რაში გვაინტერესებს ეს ყველაფერი? – შეიძლება იკითხოთ თქვენ. ”განა ეს ისტორიული მაგალითები რეგიონის აწმყო დაძაბულობებისა და პრობლემების ფონზე საინტერესო, თუმცა ირლევანტური არ არის?“ – მე ასე, ორი მიზეზის გამო, არ მიმაჩნია.

 

პირველი, ეს ისტორიული ძვრები იმის ვარაუდს აჩენს, რომ კავკასიაში მხრჩოლავ კონფლიქტებში არაფერია კულტურულად დეტერმინირებული. ეს ადასტურებს, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო „ეთნიკურ შეუთავსებლობასთან“, ან „უძველეს მტრობასთან“. ისინი წარმოიქმნა და შეიძლება ჩაქრეს ინტერესების ცვლილებისა ან გათვლების შესაბამისად. ეს კი, ჩვენს ყურადღებას საბჭოთა პერიოდსა და ამ პერიოდის წინმსწრებ ორ ათეულ წელზე გადაიტანს, რაც სასარგებლო იქნებოდა.

 

კავკასიის კონფლიქტები  აქ  იღებს სათავეს (ან მე მიმაჩნია ასე): არა შორეულ წარსულში, არამედ იმაში, თუ როგორ აგროვებდა საბჭოთა სისტემა პრობლემებს, როდესაც მის შემადგენლობაში მყოფ ხალხებს შორის არსებულ განაწყენებას ქრთამით და ძალის გამოყენების მუქარით ახშობდა, ნაცვლად იმისა, რომ ჭეშმარიტად მოეგვარებინა პრობლემები (რითაც შეიძლებოდა  კომპრომისის კულტურისა და მოქნილობის მიღწევა).

 

როდესაც პოლიციელმა მოსკოვში თავისი პოსტი მიატოვა, ყველას გაუჩნდა ქრონიკული დაუცველობის განცდა და ზოგიერთმა ამაში ახალი შესაძლებლობა დაინახა – ჩასჭიდებოდა მომაკვდინებელ ისტორიულ ნარატივს, რომელსაც საბჭოთა კავკასიის ინტელექტუალები ათწლეულობის მანძილზე ელოლიავებოდნენ. ცუდი ისტორია ერთმანეთზე გადამტერებული რეგიონალური ელიტებისთვის იარაღად იქცა.

 

მაგრამ ყველგან იგივე არ მოხდა  დაძაბულობის  ზოგიერთმა შესაძლო კერამ გამონაკლისის სახით აჩვენა, რომ ისტორია ასევე შეიძლება იყოს ის რესურსიც, რომელიც ეწინააღმდეგება უხეშ ინსტრუმენტალიზაციას. საბჭოთა კავშირის დაშლამ ხელახლა გააღვივა დიდი ხნის გაყინული კონფლიქტები აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და მთიან ყარაბახში, თუმცა აჭარაში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში, ერთ დროს ოტომანთა იმპერიის ნაწილში, სადაც ძირითადად მუსულმანები ცხოვრობენ, კიდევ ერთი კონფლიქტი, რომელიც სათავეს პრე-საბჭოთა ეპოქაში იღებს,   არ განახლებულა.

 

მთავარი მიზეზი ამისა, ჩემი აზრით, ისაა, რომ საბჭოთა ეპოქის რეგიონალურ დავებში თურქეთისა და ისლამის,  როგორც იდენტობის მარკერის არარსებობამ, ერთი შედეგი გამოიღო – მან ვეღარ შეასრულა კონფლიქტის კატალიზატორის როლი აჭარლებსა და დანარჩენი ქართველებს შორის.

 

ისტორიის ეს ღიაობა გასაოცარი მიმართულებით აირეკლა ანკლავის,   მთიანი ყარაბახის გამო მომხდარ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში. ეს არ იყო არც დასაბამიერი და არც ცივილიზაციური შეტაკება. ის უკეთ აღიწერება, როგორც შეტაკება ორი ახლად შექმნილი ნაციონალური სახელმწიფოსი, რომლებიც ამ ტოტემურ ტერიტორიას ისე აღიქვამდნენ, როგორც მობილიზების მიზეზსა და ძველ-ახალი იდენტობის უმთავრეს საკითხს.

 

არ არსებობს ეთნიკური შეუთავსებლობა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. საბჭოთა ეპოქაში მათ საკმაო რაოდენობის შერეული ქორწინებები ჰქონდათ და დღესაც საქართველოსა და რუსეთის  ტერიტორიაზე ისინი თავისუფლად ვაჭრობენ და ურთიერთიერთობენ. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ყარაბახის პრობლემა  არა რიგითი ადამიანების, არამედ პოლიტიკური ნარატივების შერიგების პრობლემაა და ყველაფერი უსაფრთხოებამდე და სიმბოლიზმამდე დადის: თუ საკითხი შეიძლება ისე მოგვარდეს, რომ შესრულდეს ყველა მხარის უსაფრთხოების საჭიროებანი და თუ მათ ამაყ სიყვარულს ყარაბახისადმი პატივს მიაგებენ, ადამიანთა უმეტესობას ასეთი პროცესის მხარდაჭერა პრობლემას არ შეუქმნიდა და ყველაფერი  პრობლემის გადაწვეტისკენ მიმავალ გრძელ გზად გადაიქცეოდა.

 

სხვა ისტორია

თუ ისტორიის პირველი გაკვეთილის თანახმად,  რეგიონის კონფლიქტები გარდაუვალი არ იყო, მეორე გაკვეთილი იმას გვასწავლის, რომ კავკასია არც ისე სისხლიანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ადგილობრივები ომობდნენ მაშინ, როდესაც უნდა ეომათ, მაგრამ ისინი ომის თავიდან აცილების დახვეწილ მეთოდებსაც ფლობდნენ.  რა თქმა უნდა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ კავკასიაში არ არის ძალადობა და აქაურობა ერთგვარი  ვეგეტარიანული  სივრცეა. კავკასია დანია არ არის. აქ ძალადობისა და იარაღის მძლავრი კულტურაა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ყველაფერი ეს უფრო ხშირად რეალური მკვლელობის ექსპრესიულ სუბსტიტუტად გვევლინება.

 

1990-იანი  წლების სამხრეთ კავკასიური კონფლიქტები, უზარმაზარი ტრაგედიები, ამ თვალსაზრისს ადასტურებს. მათი ყველაზე აღსანიშნავი მახასიათებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი მასაა, (თითქმის 1.5 მილიონი ადამიანი სამ წელიწადში) და არა მოკლულების რაოდენობა (დაღუპულთა რაოდენობა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე იმავე დროს მიმდინარე ომში, ბოსნიაში, მაგალითად). ეს იყო საზარელი რეგიონალური ჰუმანიტარული კატასტროფა.

 

ამავე დროს, ზემოთქმული იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ყარაბახშიც და აფხაზეთშიც სამხედროებს ძირითადად მოსახლეობის დაშინება და გაძევება ერჩივნათ, ვიდრე დახოცვა. გამონაკლისები, ისეთები როგორიც იყო მასობრივი მკვლელობები 1992 წლის თებერვალში ხოჯალიში, და ბოროტმოქმედების ზოგიერთი  შემთხვევა აფხაზეთში, როგორც წესი, უფრო ულმობელი გარეშე პირების ნამოქმედარი იყო და არა ადგილობრივების.

 

და კიდევ ერთხელ, არ-დაღუპულ ადამიანთა მსგავსად, აქ არ-შემდგარი კონფლიქტებიც არსებობს. აჭარის მაგალითს შეიძლება შერეული სომხურ-ქარული რეგიონი, ჯავახეთიც დაემატოს (სადაც 1918 წელს ხანმოკლე ომი მოხდა) და კიდევ იმ ლეკების შემთხვევაც, რომლებიც დაღესტნისა და აზერბაიჯანის საზღვრების ორივე მხარეს ბინადრობენ, მაგრამ არჩიეს აღარ დაეყენებინათ დღის წესრიგში გაერთიანების პრობლემა. ასევე, ქართველებმა და ოსებმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე,  მათი ურთიერთობის ტრაგიკულ შეწყვეტამდე 2008 წლის აგვისტოს ომის გამო,  პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ორჯერ მოახერხეს (1991-1992 წლების ომების შემდეგ) თანაცხოვრება და სავაჭრო ურთიერთობების გაბმა.

 

ეს ყველაფერი ხაზს უსვამს პრაგმატიზმის იმ ღრმა ისტორიას სამხრეთ კავკასიაში, რომელიც, თუ თავს შეიწუხებთ და მზერას მიაპყრობთ, აქვეა, ზუსტად ზედაპირს ქვევით, კავკასიის პოლიტიკურ ელიტას, რომელიც მიხვდა, რომ რეგიონალური დაძაბულობების ექსპლუატაცია მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია, სულაც არ სურს ასეთი  პრაგმატული თანაარსებობის ისტორიების გაზიარება, მაგრამ უცხოელ სტუმრებსა და პოლიტიკოსებს ასეთი ვალდებულებები არა აქვთ. მათ, რეგიონში მოგზაურობისას, შეუძლიათ ილაპარაკონ ამ ალტერნატიულ ისტორიებზე და გაავრცელონ გზავნილი იმის შესახებ, რომ ისტორია შეიძლება იყოს მსუბუქი მანტიაც და  მძიმე აბჯარიც.