NDI-ის მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ნაციონალების რეიტინგი თებერვალთან შედარებით 11%-ით არის შემცირებული.
თებერვალში ჩატარებული კვლევით ნაციონალებს 47%-ანი მხარდაჭერა ჰქონდათ. ახლა კი მათი მხარდაჭერა 36%-ია. „ქართული ოცნების“ რეიტინგი 10%-ით არის გაზრდილი და 18% დაფიქსირდა. „ქრისტიან-დემოკრატებს“ თებერვალშიც და ივნისშიც 3%-იანი რეიტინგი აქვთ. დანარჩენი პარტიები კი 0-ის ფარგლებში არიან.
კვლევების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს ეხება, NDI- მ ორშაბათს გამოაქვეყნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კვლევის ეს ნაწილი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ოფიციალურად გახდა. აქამდე NDI კვლევის შედეგებს მხოლოდ პარტიებს აცნობდა იმ არგუმენტით, რომ პარტიების რეიტინგები საზოგადოებისთვის საინტერესო არ უნდა იყოს და ეს რეიტინგები პარტიებს მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის უნდა ესაჭიროებოდეთ. მაგრამ საქართველოში ეს საკითხი განსაკუთრებულად აქტუალურია და შედეგები მაინც ხდებოდა ცნობილი, თანაც პარტიების მიერ ინტერპრეტირებული. ეს კი ძალიან ბევრ გაუგებრობას იწვევდა და შემდეგ NDI- ის მუდმივად განმარტებების გაკეთება უწევდა.
ამჯერად კვლევის ეს ნაწილიც ოფიციალურად გამოქვეყნდა. ამასთან, კვლევაში მოტანილია 2010 წლის ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების წინ NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგები და შემდეგ უკვე არჩევნების ოფიციალური შედეგები, რომლებიც ფაქტობრივად ერთმანეთს ემთხვევა. როგორც ჩანს, იმის საჩვენებლად, რომ NDI-ს კვლევები შემდეგ მართლდება, რადგან ეს კვლევები ყოველთვის იწვევს უკმაყოფილებას და უნდობლობას.
მიუხედავად იმისა, პარტიები შედეგებით მაინც უკმაყოფილონი არიან და თავის დამშვიდებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ.
„ქართული ოცნება“, „ამ ორგანიზაციის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად“, ამ შედეგებს უბრალოდ არ აღიარებს. „ქრისრტიან-დემოკრატები“ ამბობენ, რომ მათ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყიათ და მიაჩნიათ, რომ მათი 3%-იანი შედეგი ამის ბრალია.
თავის დამშვიდების ყველაზე საინტერესო მეთოდი კი ხელისუფლებამ მოიფიქრა და პირადად შევესწარით, როდესაც ლიდერები პარტიის არცთუ რიგით წევრებს არწმუნებდნენ, რომ მათი შედეგები არ შეცვლილა და ისევ ისეთია, როგორიც თებერვალში იყო. ამ საკმაოდ განათლებულმა და მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე ადამიანებმა კი ყოველგვარი კითხვების გარეშე დაიჯერეს, რომ 47-სა და 36-ს შორის არანაირი განსხვავება არ არის და ეს 36 უდრის იმ 47-ს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ, რომლის გვარსაც შეგნებულად არ დავასახელებთ, რადგან გუშინ იგივეს იმეორებდა ნაციონალების ყველა წარმომადგენელი, სანაძლეოც კი დაგვიდო, ჩვენი შედეგები არ შეცვლილაო. მერე ვიღაცასთან დარეკა გადასამოწმებლად, ცოტა ხანი ხმა უხსნიდა, თუ როგორ უდრის 47 36-ს, შემდეგ კმაყოფილი სახით გათიშა ტელეფონი და გამარჯვებული სახით დაგვიწყო ნაციონალური არითმეტიკის საფუძვლების ახსნა.
მისი თქმით, თებერვალში 47% ნაციონალებს საერთო ჯამში ქონიათ და აქ შედიოდა პირველადი არჩევანიც, მეორე არჩევანიც და ასევე იმ ხმების გარკვეული პროცენტიც, ვისაც გადაწყვეტილება ან არ მიუღია, ან საკუთარი პოზიციის გამხელა არ ისურვა. ახლა კი ეს 36% მხოლოდ პორველადი არჩევანია და ეს ხმები რომ დაემატება, ისევ 47% იქნებაო.
არადა, NDI- ის გამოქვეყნებულ მასალაში ძალიან ნათლად წერია, რომ ეს 47%-ც პირველადი არჩევანია და 36%-ც. მეორადი არჩევანი ორივე შემთხვევაში 2-3%-ია და არაფერს ცვლის.
როდესაც ამ ადამიანს მასალა ვაჩვენეთ, სადაც გარკვევით სწერია, რომ თებერვალში „ნაციონალებს“ 47% ჰქონდათ და ახლა 36% აქვთ, ამასთან, თვალსაჩინოებისთვის გრაფიკზე ერთი კატეგორია ერთნაირი ფერით არის აღნიშნული და, წესით, კითხვებიც კი არ უნდა ჩნდებოდეს, ამ ადამიანმა გვიპასუხა, მერ არ ვიცი, აქ რა წერია და ამის შესასწავლად დრო მჭირდება, მაგრამ ის ვიცი, რომ ჩვენ 47% გვქონდა და ისევ ამდენი გვაქვსო. თანაც ამტკიცებდა, რომ ეს სწორედ ამ კვლევებში წერიაო!!!
შესაძლოა, ეს ფაქტი ამ ერთი ადამიანის შეცდომად ჩაგვეთვალა, მაგრამ, ჩვენდა გასაოცრად იგივეს იმეორებდნენ „ნაციონალების“ ყველა წარმომადგენლები, მათ შორის, ლიდერებიც.
როგორც ჩანს, „ნაციონალებმა“ გადაწყვიტეს, რომ რადაც არ უდნა დაუჯდეთ, თავისი წევრები და მომხრეები დაარწმუნონ, რომ მათ რეიტინგს არაფერი ემუქრება და მუდმივად იქნება ისეთი, როგორიც მათ სურთ. ამის დამტკიცებისთვის კი ელემენტარული არითმეტიკის წესების დარღვევასაც არ ერიდებაინ და ეს ადამიანებიც ჯიუტად და ეჭვშეუტანლად ამტკიცებენ, რომ 47 ტოლია 36-ის.