ოქსფორდის უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, საქართველოს მოსახლეობის 40% მხარს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს, 29% კი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
NDI-ს კვლევის თანახმად – კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხული რესპონდენტებიდან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ (75%), 36% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, 18 % - კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 4% - არც ერთ პარტიას, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 1 % - სხვა ოპოზიციას.
ამ ორ გამოკითხვას შორის რადიკალური სხვაობაა, რომელი კვლევის შედეგი უნდა ვირწმუნოთ და სინამდვილეში როგორია საზოგადოებრივი აზრი საქართველოში ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ერთი კვლევის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, მეორე კვლევის მიხედვით კოალიცია „ქართული ოცნება“. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი განწყობები მაისის შემდეგ არაერთხელ საჯაროდ გამოიხატა, გარკვეული ვარაუდი უკვე არსებობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია, NDI, დიდი ხანია, საპირისპიროს გვიმტკიცებს და საზოგადოებაც მის კვლევებს ეჭვქვეს აყენებს. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე?
- ბოლო ორი-სამი წელია წელია NDI-ს კვლევების ძალზე კატეგორიულად შეფასება მიწევს და როგორც წესი, ერთი წინადადებით შემოვიფარგლები ხოლმე, თუმცა ახლა განვავრცობ, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. დავიწყებ იმ ერთი წინადადებით, ეს რომ არ ვთქვა, არ შეიძლება - NDI-ს ადგილობრივი ოფისი ფაქტობრივად, იმ კვლევის შედეგებით, რასაც ის წარმოადგენს, აუპატიურებს საქართველოს საზოგადოების აზრს.
როდემდე და რა დოზით მოითმენს ამას საზოგადოება, ამაზე იქნება დამოკიდებული მისი სამომავლო პერსპექტივა და მომავალი. როცა ღირსებას ასე გილახავენ, ღირსეული საზოგადოება მზად უნდა იყოს სათანადო პასუხისთვის.
კიდევ ერთი თემა, რომელიც ამასთან კავშირშია, ვფიქრობ, მოქალაქისთვის და საზოგადოებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ყბადაღებული ლათინოამერიკელის მონა იქნება თუ კარსმომდგარი რუსის. ღირსეული, ღირსების მქონე საზოგადოებისთვის ერთნაირად აუტანელი უნდა იყოს როგორც ერთი, ისე მეორე.
აქვე კიდევ ერთ ძალზე საინტერესო ნიუანსს მინდა შევეხო. რამდენიმე დღის წინ მმართველმა პარტიამ ცნობილი დეკლარაციის პროექტი შესთავაზა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს, სადაც მეოთხე პუნქტი იყო ძალზე საინტერესო.
მეოთხე პუნქტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ცესკოს მიერ დათვლილი შედეგები და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული არჩევნების შედეგები არ გააპროტესტონ და ცნონ.
წინასწარ მსგავსი წინადადების წამოყენება ერთი, რომ აბსურდია რადგან, არავინ არ იცის, რა მოხდება. მეორეც, NDI არის იმის კლასიკური მაგალითი, თუ რამდენად ავტორიტეტული შეიძლება იყოს, თუნდაც ისეთი, მართლაც ავტორიტეტული ორგანიზაციის (ამ შემთხვევაში ცენტრალურ ოფისს ვგულისხმობ, NDI მართლაც არის, მსოფლიოში სახელგანთქმული ორგანიზაცია), ადგილობრივი წარმომადგენლობა, ამ შემთხვევავაში, ამავე საზოგადოებაში.
ავტორიტეტი სამწუხაროდ, ძალიან აბსტრტაქტული და ძალიან ფარდობითი ცნება გახდა და თითქმის დღევანდელი დღესავით შემიძლია გითხრათ, რა მოხდება ოქტომბერში, თუ ამ დეკლარაციაზე ამ ფორმულირებით იქნება ხელი მოწერილი.
სწორედ ეს ავტორიტეტული ორგანიზაცია – NDI, და მისი კოლეგები საქართველოს საზოგადოებას მოახვევენ თავს იმ ხელისუფლებას, რომელიც სურთ მათ და არა საქართველოს საზოგადოებას. დღეს გამოქვეყნებულმა კვლევებმა მომცა საფუძველი, რომ ეს არა მხოლოდ ვივარაუდო, არამედ ვამტკიცო.
კიდევ ერთი საინტერესო რამ - მე მიმიწვიეს გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ლექციის წასაკითხად, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეზე და ზოგადად, ბოლო ოცი წლის საქართველოს პოლიტიკურ კულტურასა და პოლიტიკურ პერიპეტიებზე.
ძირითადი თემა, რაც მათ აშფოთებდათ, გახლდათ ის, თუ რატომ განეიტრალდა საქართველოში რუსეთის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება და რატომ არის ქართულ საზოგადოებაში რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ამდენი მხარდამჭერი, იგივე პრორუსულ პარტიებს მეტ-ნაკლებად რატომ გაეზარდათ მომხრეები.
რატომაა, რომ საქართველოს საზოგადოება, რომლისთვისაც თითქმის მთელი ოცი წელი მიუღებელი იყო ყოველგვარი რუსული, დღეს მარტივად იღებს და არ აპროტერსტებს პრორუსულ პარტიებს, მოწოდებებს რუსეთთან აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობის შესახებ.
რატომ არის, რომ იბეჭდება გაზეთებში და სხვადასხვა ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები ღიად დეკლარირებენ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, ინტენსიურობას, რატომ გაჩნდა ასეთი რეალობა ქართულ საზოგადოებაში.
მე მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ რუსეთის მიმართ მიუღებლობის ზრდის პარალელურად, სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში იკლებს ნდობა ამერიკული ინსტიტუტების მიმართ და ოქტომბრის არჩევნები იქნება ტესტი, ზოგადად, არა დემოკრატიისა საქართველოში, არამედ იმისა, რამდენად გაიზრდება ან შემცირდება ქართულ საზოგადოებაში მიუღებლობა ამერიკული ინსტიტუტების მიმართ და ეს შეიძლება, საქართველოს ტრაგედიად შემოუბრუნდეს.
გასაგებია ამერიკის სტრატეგიული ინტერესები საქართველოში, მაგრამ ამერიკას შეიძლება უამრავი პარტნიორი ქვეყანა ჰყავდეს, საქართველოსთვის კი ამერიკა არის ყველაზე პრიორიტეტული პარტნიორი, რომლისაც ასე გვჯეროდა და ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ამერიკა არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორი.
ამერიკის მიმართ საზოგადოების ნდობის კლება და რღვევა შეიძლება საქართველოს ტრაგედიად შემოუბრუნდეს და ეს გაცილებით ტრაგიკული იქნება საქართველოსთვის, ვიდრე ამერიკისთვის ერთ-ერთი რიგითი პარტნიორის დაკარგვა.
თვლით, რომ NDI-ს კვლევა სწორედ ამ პროცესის მასტიმულირებელია?
- ეს იქნება პირდაპირ იმაზე მიბმული, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ამერიკა და მისი ცალკეული ინსტიტუტები საქართველოს საზოგადოების აზრს. დღევანდელი დღე არის ძალიან მძიმე ნიშანი იმისა, რომ ოქტომბერში კვლავ მოხდეს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის იგნორირება, რადგან დღეს რაც გამოქვეყნდა, ამას რბილად რომ ვთქვა, იგნორირების გარდა ვერაფერს დავარქმევ.
მართლა მინდა, გულწრფელად მჯეროდეს, რომ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება (სხვაზე აღარ მაქვს საუბარი), საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება არა მხოლოდ საქართველოს ხალხის ინტერესებშია, არამედ მისი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის.
ასეთი უპატივიცემულობა და იგნორირება ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის, კარგს არაფერს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საქართველოსა და მისი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობებსაც.
არჩევნებამდე ორი თვით ადრე მსგავსი ტენდენციების ასე ხელაღებით და აშკარად წარმოჩენა, ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაძაბავს სიტუაციას ქვეყანაში და ვერანაირად ხელს ვერ შეუწყობს იმ ძალიან მძიმე მუხტის განეიტრალებას, რომელიც დღეს შეიქმნა.
მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, არ მინდა, რომ საქართველო დადგეს სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე და ამაში ლომის წილი ითამაშონ ე.წ. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მინდა, რომ ჩემმა შვილმა ამ ქვეყანაში იცხოვროს და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ჩადგეს იმ ქვეყნების რიგში, სადაც ხელისუფლების ცვლილება ჯდება კონსტიტუციით მიღებულ ჩარჩოებშიც და ხელისუფლებათა ცვლილება ხდება არჩევნების გზით, სადაც ხალხი არ არის იძულებული, საკუთარი ნება გამოხატოს კანონისა და კონსტიტუციის მიღმა.
ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ ამისი უფლება უნდა მოგვეცეს და საქართველო განვითარდება სტაბილურად თუ არა, ამაში გადამწყვეტი როლი მიენიჭება სწორედ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს.
ვის ინტერესში შეიძლება იყოს საზოგადოებრივი აზრის იგნორირება – NDI-ს ადგილობრივი ოფისის, თუ ამერიკის ადმინისტრაციის?
- მჯერა, რომ ამერიკისთვის საქართველოს სტაბილურობა, საქართველოს საზოგადოების კეთილდღეობა და კიდევ ერთი კატაკლიზმის თავიდან არიდება, რომლის წინაშეც შეიძლება ეს ქვეყანა რეალურად დადგეს, შედის სწორედ აშშ-ს, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის ინტერესებში. მჯერა, რომ ეს არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მათი სასიცოცხლო ინტერესიც უნდა იყოს - უმძიმეს რეგიონში, რომელიც როდის აფეთქდება და კონფლიქტების ბუდეა, საქართველო აარიდონ ძალზე მძიმე კატაკლიზმებს.
შესაძლებელია თუ არა დავუშვათ, რომ დასავლეთს უბრალოდ, არ აწყობს ბიძინა ივანიშვილი, რადგან თავის ჭკუაზე ისე ვერ ატრიალებენ, როგორც მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი ბევრად უფრო დამოუკიდებელი იქნება გადაწყვეტილებების მიღების დროს და სწორედ ეს აშფოთებს დასავლეთს?
- დღეს, ამ ეპოქაში, როდესაც გლობალიზაციამ ყველაფერი წალეკა და გადაფარა, საუბარი იმაზე, რომ რომელიმე, მითუმეტეს საქართველოს მასშტაბის ქვეყნის პირველი პირი, რა ქონების პატრონიც უნდა იყოს, მოწყდება თანამედროვე პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს, ტენდენციებს და მხოლოდ საკუთარ თამაშს დაიწყებს, ამაზე საუბარი უბრალოდ, სისულელეა და სასაცილოა. ეს არ არის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის საქართველო, როცა ცხონებული ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და რაც მივიღეთ, ყველამ კარგად ვნახეთ.
დღეს ამას უბრალოდ არავინ არ დაუშვებს, არც გარე ძალა და არც შიდა ძალა. ის, რომ ამაზე ვინმე ოცნებობდეს, ამაზე აპელირება უბრალოდ სისულელეა. დღეს, როგორადაც არ უნდა გავიაზროთ, მსოფლიო არის ერთიანი ორგანიზმი და მის საწინააღმდეგოდ სვლა ყველას ძალიან ცუდად მოუბრუნდება და დაუმთავრდება.
მითუმეტეს, როდესაც საუბარია ადამიანზე, რომელმაც უზარმაზარი ქონება დააგროვა, აქედან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად მის პრაგმატულობაში შეიძლება ეჭვის შეტანა.
საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანი ერთ დღესაც ადგება და მთელი დღევანდელი მსოფლიოსა და მისი დღევანდელი პარტნიორების წინააღმდეგ, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების წინააღმდეგ ქვების სროლას დაიწყებს (ქვების სროლა დღევანდელ საქართველოში მტკივნეული და პოპულარული ტერმინია), უბრალოდ, სისულელეა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ NDI-ს ორი თანამშრომელი „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიაში მოიაზრება, კითხვა მწვავედ რომ არ დავსვა, უბრალოდ, უცნაურად არ გეჩვენებათ?
- არანაირი კანონი არ ზღუდავს, რომ შენი სამუშაო ადგილისა და პროფესიის მიხედვით პოლიტიკური აქტივობა და პოლიტიკური მოღვაწეობა იზღუდებოდეს. აქ მორალურ მხარეზე შეიძლება ვისაუბროთ თორემ კანონი ამას არ კრძალავს და ამდენად, ამ ადამიანებს ვერანაირ შეზღუდვას ვერ დავუწესებთ, ვის სიაშიც უნდათ, იქ იყვნენ.
აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მაინც და მაინც ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი იყოს ესა თუ ის პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაცია.
იმ შემთხვევაშიც კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აბსოლუტურად სუფთად რომ მოიგოს ოქტომბრის არჩევნები, იმის გამო, რომ ასეთ მანიპულაციებს ეწევიან ე.წ. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი ოფისები, სწორედ ამის გამო შეიძლება დადგეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ.
ეს აღარ არის 2003-2006-2008 წლების საქართველო, როდესაც ამ ტიპის ორგანიზაციების აზრის მიმართ ნდობა საქართველოში იყო მაღალი. ეს აღარ არის ის საქართველო და ესენი ისევ იმ გადმოსახედიდან უყურებენ.
ისევ ვიმეორებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ეს ორგანიზაციები მანიპულირებას არ ეწეოდნენ, რადგან ყველაზე დიდი დარტყმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ოქტომბრის არჩევნებში შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტორმა.
იმ აბსოლუტურად ობიექტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც NDI-ს გვერდით შეიძლება იყვნენ, ასევე აბსოლუტურად ობიექტურად რომ ცნონ ობიექტური არჩევნების შედეგები, მათ მიმართაც კი შესაძლოა, ხალხის ძალზე დიდი ნაწილის ნდობა იყოს ნულის ტოლი. რატომ მიჰყავთ პროცესი აქამდე, მე ეს მიკვირს.
თუკი NDI საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას ახდენს, მას უნდა ამოძრავებდეს გარკვეული მოტივაცია, და დავუშვათ ეს არის საზოგადოების წინასწარ შეგუება არჩევნების ანალოგიურ შედეგთან. როგორ ფიქრობთ, ეს ვის შეიძლება აწყობდეს, ამერიკას, NDI-ს თბილისის ოფისს თუ „ნაციონალურ მოძრაობას“?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფრით არ შეიძლება აწყობდეს რაიმე ისეთი, რაც შემდეგ არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მისი სასიცოცხლო ინტერესია, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოებაში იყოს ძალზე მაღალი ნდობა.
მეორე მთავარ ფიგურანტს, აშშ-საც არაფრით არ უნდა აწყობდეს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დადგომამ ეს ქვეყანა მორიგი კატაკლიზმების წინაშე დააყენოს, მაგრამ ისიც არ მჯერა, რომ ადგილობრივი ოფისიც ყველაზე უფრო ავტორიტეტული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისა, ასეთი თავნებობის უფლებას აძლევდეს თავს და მიდიოდეს ყველას წინააღმდეგ.
აბა რა ხდება როგორ ფიქრობთ?
- არის რაღაცეები, რაზეც პირდაპირი პასუხისგანაც თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება ხელთ არ მაქვს.
თუკი ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში NDI-ს მიერ ხდება არა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, არამედ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება, შესაძლებელია თუ არა, დავუშვათ, რომ თუ ასეთი ტენდენციები ოქტომბერშიც შენარჩუნდება, საქართველოში მივიღებთ ეგვიპტის მსგავს სიტუაციას?
- როდესაც ამერიკის მთავრობის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ, ზუსტად ამას ვგულისხმობ. როდესაც ახლო აღმოსავლეთში ასეთი უმძიმესი სიტუაციაა და ამერიკის მთელი ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური რესურსები იქით არის მიმართული, კავკასიის რეგიონში, რომელიც არანაკლებ მძიმეა, და არანაკლებ ფეთქებადსაშიში თავისი პოტენციალით, მეორე ფრონტის გახსნა არ მგონია, ამერიკის ინტერესი იყოს.
ღმერთმა ნუ ქნას, აქ მეორე ეგვიპტისა და მეორე სირიის წამოწყება, რადგან საქართველო არ არის ისეთ რეგიონში მდებარე ქვეყანა, სადაც თეორიული კონფლიქტი მხოლოდ ამ ქვეყნის ფარგლებში დარჩება.
შეგახსენებთ, რამდენად დაძაბული იყო სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მთიანი ყარაბაღის თემა სადაც კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა სროლები, იყო მსხვერპლი და ა.შ. ამასთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების რამდენიმე საინტერესო მოსაზრებაც წავიკითხე, სადაც რამდენიმე მათგანი მიანიშნებდა, რომ რატომღაც (ვფიქრობ, ეს არანაირად არ უკავშირდება საქართველოს) ოქტომბერში ელოდებოდნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას და სომხეთსა და აზერბაიჯანის შესაძლო ფარტომასშტაბიან დაპირისპირებასაც არ გამორიცხავდნენ.
როდესაც ასეთ რთულ რეგიონზეა საუბარი, აქ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არა მხოლოდ ადგილობრივმა სახელმწიფოებმა, არამედ იმ ქვეყნებმაც, რომლებიც აქ სტრატეგიული პარტნიორების რანგში მოღვაწეობენ.
გვერდში რუსეთი რომ გვყავს, ამაზე საუბრის გაგრძელებაც აღარ ღირს. რუსეთი, რომელსაც ყველა ბერკეტი ხელიდან ეცლება ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში ყველა მანიპულაციით შეეცდება კოსოვოს სცენარი გაითამაშოს პრინციპით - „სისხლი სისხლის წილ“.
თუ ამერიკა სირიაში შევიდა, არ არის გამორიცხული, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ან ნებისმიერი თითიდან გამოწოვილი მიზეზით საქართველოში შემოვიდეს რუსეთი და თუ შენ ხელს შეუწყობ რეგიონში პროცესების დაძაბვას, ამისი გათვლაც და წარმოდგენაც ძალიან საშიშია.
ამიტომ ვამბობ, რომ ლოგიკის თანახმად და იმედია, აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაციაც სწორედ ლოგიკას უქვემდებარებს თავის მოქმედებებს. ლოგიკურად, საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში კონფლიქტის პროვოცირება, მითუმეტეს არჩევნების გამო, ამერიკას ნამდვილად არ უნდა აწყობდეს და ამ მიმართულებით უნდა წარმართოს თავისი საქმიანობა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყნისთვის ეს დამანგრეველი და დამღუპველი იქნება.
და ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რა გვაძლევს იმის საფუძველს დავუშვათ, რომ NDI-ს კვლევის ეს ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება, არის არადამაჯერებელი, არაობიექტური და მიკერძოებული?
- ათასი კვლევა ჩატარდა და არ ვიცი, ვინმემ გაზომა თუ არა ამ ორგანიზაციების და ზოგადად სოციოლოგიური კვლევების მიმართ ნდობის და მიუღებლობის ხარისხი. ეგებ საზოგადოების უდიდეს ნაწილს სჯერა, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და მეტი არაფერი?
როდესაც ორგანიზაცია, რომელმაც ასე გაიტეხა საზოგადოების თვალში სახელი, შემდეგ გამოვა და გეტყვის, რომ არჩევნების შედეგებს ცნობს, მაშინვე ჩნდება პროტესტის გრძნობა, რომ ორგანიზაციას, რომელიც აქამდე ატყუებდა და არ ენდობოდა, ახლაც არ უნდა ენდოს.
კიდევ ერთხელ ვამბობ – აბსოლუტურად სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობებშიც კი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების სერიოზული უკმაყოფილება.
თუ მაინცდამაინც ვინმეს სურდა ამ ტიპის ორგანიზაციების აზრი ყოფილიყო გათვალისწინებული არჩევნებზე, შევეცდებოდი, რომ მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული ყოფილიყო მათი კვლევის შედეგები და უკვე შემდეგ, არჩევნებზე მათი აზრი გაცილებით ავტორიტეტული და მისაღები იქნებოდა საზოგადოებისათვის. თუნდაც, მათ მიერ დასახელებული შედეგი აცდენოდა წინასწარ გამოქვეყნებული კვლევების შედეგებს.
ანუ, შეექმნათ თუ აემაღლებინათ ავტორიტეტი და ხალხთან მისასვლელი პირი ჰქონოდათ და არა ასე უკუღმა მოქცეულიყვნენ - ყველაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოებას მათ ობიექტურობაში ეჭვი შეეპაროს და მერე უცებ მოინდომონ, რომ მათი ვერდიქტი, არჩევნების სამართლიანობა-არასამართლიანობასათან დაკავშირები, ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს.
საზოგადოებისთვის უფრო კარგად აღსაქმელი რომ იყოს, ეგებ მოკლედ ავხსნათ, როგორ შეიძლება რომელიმე ორგანიზაციამ, რომელიც იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, მიიღოს ის შედეგი, რაც მას სურს?
- საკმაოდ მარტივად. ამ შემთვევაში მიდიხარ იმ ადამიანებთან, რომლებიც წინასწარ იცი რა განწყობისანი არიან - კონკრეტულად ამ კვლევაზე არ ვლაპარაკობ, ვგულისხმობ კვლევას, რომელსაც ატარებენ დასახული მიზნის გასამართლებლად.
ამისთვის ძირითადად, ორ მიმართულებას იყენებენ. პირველი - გამოსაკითხი ადამიანების შერჩევისას ობიექტური პრინციპი კი არ არის აღებული საფუძვლად, არამედ მიდიან ერთ კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან, რომლისგანაც იციან, რა განწყობასა და რა პასუხებს მიიღებენ და მეორე - ეს არის კითხვებთან დაკავშირებული პრობლემა - სვამენ იმ კითხვებს და იმგვარად, რომ მიიღონ სასურველი პასუხი. არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელსაც ისე სვამენ, რომ უკვე იციან, რა პასუხი შეიძლება მიიღონ შენგან, აქედან გამომდინარე იღებენ იმ შედეგს, რასაც იღებენ.
დარწმუნებული ვარ, რა ინფორმაციაც აიღეს, ის ინფორმაცია გამოაქვეყნეს, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს წინასწარ იმისათვის, რომ სწორედ ამ ტიპის ინფორმაცია ამოეღოთ და სწორედ ამ კონკტერული სოციალური ჯგუფისგან.
ალბათ, ვიღაცამ უნდა მოითხოვოს, მაგრამ როგორც წესი, ანონიმურობის პრონციპი დაცულია და როგორც წესი, მათ ესეც აძლევს ხელს იმისათვის, რომ ასეთი შედეგები დადონ ხოლმე.
ასეთი კვლევა ანონიმური რომ არ იყოს და გამოკითხულთა მთელი სია გამოქვეყნდეს, მაშინ მარტივად შეიძლება დადგენა, რამდენად ობიექტურად შეირჩა გამოსაკითხთა ველი. რაკი ანონიმურობა დაცულია, ასეთი ტიპის გადამოწმების საშუალება არ არსებობს და როგორც ჩანს, ამით სარგებლობენ კიდეც.