როგორც მოსალოდნელი იყო, NDI–ს კვლევები უმალვე აიტაცა ნაცმოძრაობამ. საპარლამენტო უმრავლესობა NDI–ს კვლევების შედეგებით კმაყოფილია და საკუთარი „ამომრჩევლის“ მადლიერია. მეტიც, ნაცმოძრაობისთვის NDI–ს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის თურმე კვალიფიციური და კომპეტენტურია.
სამაგიეროდ, კოალიცია „ქართული ოცნება“ NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, მათი მთავარი ინდიკატორი არის არა რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, არამედ მხარდამჭერთა ის უპრეცედენტო რაოდენობა, რომელიც მათ მიერ ჩატარებულ ხუთივე აქციაზე დაფიქსირდა.
„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, NDI-ს და არც სხვა ორგანიზაციის გამოკითხვებს არ ვენდობით. გააჩნია მათ წარმომავლობას, დაფინანსების წყაროებს და მეთოდიკას. ჩვენ არ ვიცნობთ მეთოდოლოგიას, არ ვიცით, როგორაა ჩატარებული საველე სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ინდიკატორი არ არის რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ - „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ ხუთივე აქციაზე ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა უპრეცედენტო იყო. არც გორში, არც მცხეთაში, არც ოზურგეთში, არც ქუთაისში და არც თბილისში ასეთი მასშტაბური აქციები არ ჩატარებულა“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე და საკუთარი ნათქვამის მიუხედავად, დიდ პატივისცემას აფიქსირებს ამერიკული ორგანიზაციების მიმართ.
საიდან გაჩნდა NDI-ის კვლევაში ნაცმოძრაობის მხარდამჭერი 36% და რატომ არის ეს მაჩვენებელი „ქართული ოცნებისთვის“ 18 %?! საინტერესოა, საპარლამენტო არჩევნებში ნაცმოძრაობას ორჯერ მეტი ამომრჩეველი რატომ მისცემს ხმას, მაშინ, როცა რეალობა სულ სხვა ციფრებს ასახავს და საქართველოს ყველა კუთხეში ჩატარებულ „ქართული ოცნების“ აქციებზე ათობით ათასი ადამიანი დგას. იმ დროს, როცა „ქართული ოცნების“ მომხრეებს საჯაროდ აქციებზე გამოჩენის არ ეშინიათ, რატომ დაუმალავენ ისინი NDI-ის წარგზავნილებს თავიანთ პოლიტიკურ სიმპათიას? ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ყველაფრის თავი და თავი ლევან თარხნიშვილია და მისი ორგანიზაციაა, რომელსაც NDI-იმ კვლევა დაუკვეთა. ეს ის თარხნიშვილია რომელიც დღესდღეობით პრეზიდენტ სააკაშვილის თანაშემწედ ითვლება და რაც მთავარია მის სახელს უკავშირდება არჩევნების გაყალბება.
საინტერესოა, რატომ ეფარებიან ნაცმოძრაობის ერთგული ორგანიზაციები NDI-ის და, ზოგადად, ამერიკული ინსტიტუციების სახელს, თუ პიირიქით.
NDI-ის კვლევის სანდოობასთან დაკავშირებით, For.ge პოლიტიკოსებს ესაუბრა.
„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ფონია, რომ NDI-ის კვლევები რეალობას არ შეესაბამება. ეს კვლევები შეიძლება გამოადგეთ სადმე ნორვეგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, მაგრამ არა - საქართველოში, სადაც ყველა ადამიანს, ვინც საბიუჯეტო დაწესებულებაში, სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა შეზღუდული აქვს.
„ყველას, ვინც მუშაობს, ხელისუფლება აიძულებს, რომ ხმა მისცეს ნაციონალურ მოძრაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაათავისუფლებენ სამსახურიდან. ამდენად, NDI-ისა და, ზოგადად, ამ ტიპის კვლევები არავითარ ნდობას არ იმსახურებს. ამიტომ, თითქოს, ნაციონალურ მოძრაობას თურმე ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს და ორჯერ ნაკლები მხარდამჭერი ჰყოლია „ქართულ ოცნებას“, ეს აბსურდის სცენებიდანაა და არა პოლიტიკური რეალობიდან,“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და საპარლამენტო არჩევნებშიც ამ პოზიციას დააფიქსირებს.
„საპარალამენტო არჩევნების ჩატარების შემდგომ დარწმუნდებით, რომ კვლევის ეს შედეგები სრულიად ყალბი და არასწორია. დაიმახსოვრეთ ეს კვლევები, რომელიც ჩაატარა NDI-მ და შემდეგ შეადარეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ეს იქნება ცა და დედამიწა“, - განმარტავს ზვიად ძიძიგური.
ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია For.ge-სთან საუბარში NDI-ს სახელს ამოფარებული ლევან თარხნიშვილის ორგანიზაციის ინტერესზე საუბრობს.
„მე არაერთგზის ავუხსენი ლუის ნავაროს, რომ ის შეკვეთას აძლევს იმ კომპანიას, რომელიც არის ლევან თარხნიშვილის საკუთრება. იმ თარხნიშვილის, რომელმაც სამარცხვინოდ გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები. იგი სააკაშვილისა და ბოკერიას თანაგუნდელი, მეგობარი და თანამზრახველია. დღეს მისი თანამდებობა არის პრეზიდენტის თანაშემწეობა. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტის თანაშემწეს აძლევ შეკვეთას, რომ მან ჩაატაროს კვლევები?! შესაბამისად, უკვე მერამდენედ, თარხნიშვილის კომპანია აყალბებს კვლევის შედეგებს, თანაც, რადიკალურად აყალბებს, რის შემდეგაც ხდება თავად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) დისკრედიტაცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ NDI-სთან და მასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გვაქვს. თუმცა გვაბრკოლებს ის, რომ საზოგადოებაში ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა ყოველდღიურად ეცემა, რადგან ის სრულიად გაყალბებულ შედეგებს აქვეყნებს“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
მისი თქმით, პოლიტიკოსები, ისევე, როგორც დანარჩენი საზოგადოება, აღარ ენდობიან ამ კვლევის შედეგებს. თუმცა ჯონდი ბაღათურიასთვის ბევრად დამაჯერებელია ოქსფორდის კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, 43 %-იანი ნდობა აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 25 %-მდე აქვს ნაცმოძრაობას.
„ეს უფრო დამაჯერებელი სურათია, თუმცა ის 25% -ც ნაცმოძრაობისთვის ბევრია და ამდენი ამომრჩეველი ხმას მაინც არ მისცემს ნაცმოძრაობას. უბრალოდ, რესპონდენტები საჯაროდ ასახელებენ ნაცმოძრაობას, გულში კი „ქართულ ოცნებას“ გულისხმობენ. მათ არ სურთ, გადაიკიდონ ნაცმოძრაობის წევრები, მაგრამ უბანზე რომ მივლენ, ხმას მაინც არ მისცემენ. ოქსფორდის კვლევები მართლაც დამაჯერებელია, დაახლოებით ასეთი უნდა იყოს შედეგები“, - მიიჩნევს ჯონდი ბაღათურია.
შეგახსენებთ, NDI-ის ამჟამინდელი კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ადამიანების 36% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, 18 % - კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 4% - არც ერთ პარტიას, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 1% - სხვა ოპოზიციას. სხვა ოპოზიცია კი მოიცავს შემდეგი პარტიების ჯამს – „ლეიბორისტული პარტია“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქართული დასი“, „თავისუფალი საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“, „თეთრები“, „ევროპელი დემოკრატები“ და „საქართველოს დემოკრატიული პარტია“.