ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად? საქართველოს მოსახლეობის 25%-ს ამაზე პასუხი არ აქვს, ნაცმოძრაობის ჯერ კიდევ დაუსახელებელ კანდიდატს (ვინაიდან სააკაშვილი მესამე ვადით კენჭს ვეღარ იყრის) პრეზიდენტად 22% ისურვებდა, ხოლო ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს - 20%. პასუხზე უარი 17-% მა განაცხადა. როგორც ჩანს, NDI-ს კვლევითაც, ბიძინა ივანიშვილის პარტიის სამომავლო საპრეზიდენტო კანდიდატს საზოგადოების ნდობა იმთავითვე აქვს, თუმცა გაუგებარია, ვის სასარგებლოდ მისცემს ხმას ის 25 %, რომელმაც ამ ეტაპზე არ იცის, ვის ისურვებდა საქართველოს პრეზიდენტად.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს მესამე ვადით კენჭისყრა ეკრძალება, (რაც კვლევის ავტორებმაც განუმარტებს ინტერვიუერებს), რესპონდენტთ 6% მაინც დაჟინებით მოითხოვდა სააკაშვილის კანდიდატურას ამ პოსტზე და მის პრეზიდენტობას მესამე ვადითაც ნატრობდა. NDI-ს რეიტინგებში რატომღაც ყოველთვის პოპულარულ გიორგი თარგამაძეს კი ამჯერად მოსახლეობის მხოლოდ 4% ისურვებდა პრეზიდენტად.
NDI-მ კიდევ ერთხელ გააოცა საქართველოს მოსახლეობა და კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პროცენტები ასე გადაანაწილა: მოსახლეობის 36% -ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემს ხმას, 18%- ივანიშვილის კოალიციას, 22%-მა - არ იცის, 16% - უარი პასუხზე, 4% - არც ერთ პარტიას, 3% - ქდმ-ს, 2%-სხვა ოპოზიციურ პარტიებს. NDI ასკვნის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი სექტემბრის შემდეგ როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში გაზრდილია. ამიტომაც, გამოკითხულთა უმეტესობა (75%) მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში. თუმცა ამ მხრივ ყველაზე ნაკლებ აქტიურობას ქობულეთის ოლქი გამოიჩენს. სამაგიეროდ, საბურთალოელები არჩევნებში მონაწილეობის დაუოკებელი სურვილით ლიდერობენ. საბოლოოდ კი, არჩევნებზე თბილისელთა 75% წავა.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგების საჯაროობისგან დღემდე თავს იკავებდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკური პარტიების ლიდერების რეიტინგებს საჯაროდ ასახელებს. აქამდე პარტიებისთვის ამ ინფორმაციის გაცნობა კონფიდენციალურ რეჟიმში ხდებოდა და, ვნებათაღელვასთან ერთად, ინტერპრეტაციის საშუალებასაც იძლეოდა.
ამჟამინდელი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობისთვის პატრიარქი კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე ყველაზე მოწონებად პიროვნებად რჩება (იგი მოსახლეობის 92%-ს მოსწონს); მართალია, გიგი უგულავას (ივნისის კვლევით, 60% აქვს, თებერვლის კვლევით - 68%), მიხეილ სააკაშვილის (58%-70%), ვანო მერაბიშვილის (55%-63) დავით ბაქრაძის (53%-61) მოწონების მაჩვენებელი კვლავაც მაღალია, მაგრამ თებერვლის კვლევასთან შედარებით, დაკლებულია. სამაგიეროდ, მომატებულია ბიძინა ივანიშვილის მაჩვენებელი, რომელიც თებერვლის მაჩვენებლის 40%-დან 46%-მდე ავიდა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 46%-ს ივანიშვილი მოსწონს. თუმცა ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ივანიშვილის მოწონება-არმოწონების თაობაზე.
ინგა გრიგოლიას, დიმიტრი შაშკინის, ნიკა გილაურის, ვერა ქობალიას, სოზარ სუბარის მოწონების მაჩვენებელმა იკლო. განსაკუთრებით, შაშკინისა და გილაურის რეიტინგები ვარდება.
ირაკლი ალასანიას მოწონების მაჩვენებელი თებერვლის მონაცემს ესადაგება და 32 პროცენტია. ამასთან, მოსწონთ თუ არა ალასანია, ამ კითხვაზე პასუხს ვერ სცემს 39%-მა. თინა ხიდაშელის მოწონების მაჩვენებელმა ოდნავ იმატა და 26% შეადგინა, კახა შარტავასა და ზვიად ძიძიგურის მოწონების მაჩვენებელი 23 პროცენტია, ხოლო ეკა ბესელიასი - 27%.
იმატა ჯონდი ბაღათურიას პოპულარობამაც და თებერვლის 16%-თან შედარებით, 22 %-ზე ავიდა. სამაგიეროდ, თითქმის იგივეა გუბაზ სანიკიძის (22%), დავით გამყრელიძის (21%), კობა დავითაშვილის (20%), დავით უსუფაშვილის (20%), შალვა ნათელაშვილის (19%) მოწონების მაჩვენებელი. მოწონების თითქმის იგივე შეფასება აქვთ ლევან ვეფხვაძეს (19%), გიორგი ტუღუშს (19%), გიგა ბოკერიას (16%), გია ცაგარეიშვილს (15%) და სხვებს. ნინო ბურჯანაძის რეიტინგი 8-დან 12 %-მდე გაიზარდა, სამაგიეროდ, იგი არ მოსწონს საზოგადოების 67%-ს, 14%-მა კი არაფერს ამბობს.
თბილისელ რესპონდენტთაგან 54%-ს გიგი უგულავა მოსწონს, ასევე, 38%-ს მოსწონს ინგა გრიგოლია, ზურაბ აბაშიძე (32%), ვიქტორ დოლიძე (28%), ჯაბა სამუშია (27%), მაგრამ ეს მაჩვენებლები თებერვალთან შედარებით, მაინც დაბალია.
გრაფაში - „როგორ შეაფასებთ ქვემოთ ჩამოთვლილთა საქმიანობას“, 69%-ით კვლავაც პატრიარქი ლიდერობს, შემდეგა მოდის ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილი, დავით ბაქრაძე, ბიძინა ივანიშვილი, გიორგი თარგამაძე და სხვ.
რაც შეეხება ინსტიტუციებს, ყველაზე დადებითად ჯარის, პოლიციისა და შსს-ს საქმიანობა შეფასდა. სამაგიეროდ, კონტროლის პალატის საქმიანობა შედარებით ნეგატიურადაა დახასიათებული და საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტს კონტროლის პალატის მიმართ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
„რომელი პოლიტიკური პარტია ან გაერთანება შეძლებს სხვადასხვა საკითხების მოგვარებას?“- ამ შეკითხვაზე პასუხით კვლავაც მმართველი გუნდი ლიდერობს. კონკრეტულად, ამ გრაფის მიხედვით, ნატოში გაწევრიანების მხრივ მოსახლეობის 33%-ს ნაცმოძრაობის ეიმედება, 36 %-მა კი ჯერ კიდევ ფიქრობს. ასევეა, ჯანდაცვის, განათლების და სხვა გრაფები, უმეტესობას პასუხი არ აქვს, რაც ამჟამინდელი კვლევის მნიშვნელოვანი თავისებურებაა. სამაგიეროდ, სოფლის მეურნეობის აყვავებისა და ტერიტორიული მთლიანობის, განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მხრივ, რესპონდენტები „ქართულ ოცნებას“ ასახელებენ.
„რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ - ნაციონალების მაჩვენებელმა 7%-ით იკლო და 34% შეადგინა, სამაგიეროდ, 9%-ით იმატა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჩვენებელმა და 20% გახდა.
არჩევნებამდე NDI კიდევ ერთი კვლევით გაგვანებივრებს. ამასთან, ეს ორგანიზაცია, მოსახლეობაში ნაკლები ნდობის მიუხედავად, არ აპირებს კვლევის მეთოდოლოგია უფრო საჯარო გახადოს, რადგან მიაჩნია, რომ სხვა მსგავს ორგანიზაციებთან შედარებით, ყველაზე გახსნილები არიან.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4-22 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით. კვლევები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა. უკვე ცნობილია, რომ კვლევის ცთომილების ზღვარი არის პლუს–მინუს ორი პროცენტი. აღსანიშნავია, რომ თებერვალში ჩატარებულ წინა კვლევასთან შედარებით, 4-8%-ით გაიზარდა კონკრეტულ კითხვაზე უარის თქმის მაჩვენებელი.
For.ge NDI-ის ოფისის ხელმძღვანელ ლუის ნავაროს ესაუბრა.
ამ შედეგების გათვალისწინებით, შეიძლება გვითხრათ, რომ ამავე პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებენ პოლიტიკური პარტიები არჩევნებში?
- ძნელი სათქმელია, როგორი შედეგები იქნება, ვინაიდან ჩვენი კვლევა არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ჩატარდა. კვლევა ჩატარებულია ივნისში და მხოლოდ ივნისში დაფიქსირებულ განწყობას აღწერს. ამიტომ კვლევა არჩევნების შედეგების განჭვრეტადი არ არის.
რატომ გადაწყვიტეთ, კვლევის ამ ნაწილის განსაჯაროება?
- აქამდე ამ რეიტინგებს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს ვუზიარებდით, ხშირად ხდებოდა ინფორმაციის გაჟონვა, რაც უკავშირდებოდა ინფორმაციის არასწორ გაშუქებას. მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს სანდო ინფორმაციაზე მიუწვდებოდეთ ხელი და არასწორი ინტერპრეტაცია მინიმუმამდე დავიყვანოთ, ამიტომაც განვასაჯაროეთ.
ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი დაკლებულია, სხვა პარტიებთან მიმართებით სად შეიმჩნევა კლება?
- არცერთი სხვა პარტიის მაჩვენებელი დაკლებული არ არის, გარდა ნაციონალური მოძრაობისა. „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი გაზრდილია, ყველა დანარჩენი პარტია კი ცთომილების ზღვარის ფარგლებშია დარჩენილი.
ნაციონალების მაჩვენებელი „ქართული ოცნების“ ხარჯზეა დაკლებული?
- ძალიან რთულია იმის თქმა, საიდან მოდის ეს ციფრები. ჩვენი კვლევა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ასეთი დასკვნები გავაკეთოთ. ჩვენს კვლევაში „არ ვიცი“ - კატეგორია იმავე მაჩვენებელშია. „უარი პასუხზე“ კი მომატებულია. არ შეგვიძლია ეს დადასტურებით ვთქვათ, მხოლოდ თეორიულად შეიძლება ივარაუდოთ, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო. შესაძლოა, ნაცმოძრაობის მაჩვენებელი გადასულიყო „ქართული ოცნების“ მაჩვენებელში. შესაძლოა, მეორე ვარიანტიცაა, რომ ნაცმოძრაობის მაჩვენებელი გადასულიყო „არ ვიცი“ კატეგორიაში.
გამოკითხულთა 25 % საპრეზიდენტო არჩევნებში სასურველი კანდიდატის დასახელებისგან თავს იკავებს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ იკავებენ თავს?
- ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან მხოლოდ 17 % იკავებს თავს, ის 25 % არის „არ ვიცი“ კატეგორია, 20 % კი არის ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, ის 17 % ან 25 % სად წავა, შეგვიძლია მხოლოდ რაღაცები ვივარაუდოთ, როგორც ერთ პარტიაზე, ასევე, მეორეზე. ამიტომ ბევრი ვარაუდი შეიძლება იყოს. თუკი „მოგწონთ-არ მოგწონთ“ სლაიდებს გადავხედავთ, იმავე რაოდენობის ადამიანები იკავებენ თავს ხელისუფლების წარმომადგენლების მოწონება-არმოწონებაზე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების. ასე რომ, ძნელი სავარაუდოა, სად წავა ეს ხალხი.
საქართველოში, სადაც მოსახლეობა დაშინებულია, რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ მსგავსი სოციოლოგიური კვლევების ჩატარება?
- არაფერი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავასკვნათ, რომ ხალხი საქართველოში შეშინებულია და კვლევაში მოტანილ კითხვარებს სწორ პასუხებს არ სცემს. ამ ლოგიკით, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლებს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს „უარი პასუხზე“ კატეგორია დაფიქსირებული და ოპოზიციის წარმომადგენლებში უფრო მაღალი უნდა იყოს „უარი პასუხზე“ დაფიქსირებული.