საქართველო, როგორც საკვანძო-სატრანზიტო ფუნქციის მქონე მშვიდობის კუნძული

საქართველო, როგორც საკვანძო-სატრანზიტო ფუნქციის მქონე მშვიდობის კუნძული

თურქმენეთის ქალაქ ავაზაში, სადაც გაერო-ს კონფერენცია გაიმართა, მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. შედგა ორმხრივი შეხვედრები რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე, ასევე გაერო-ს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გატარებულ რეფორმებზე.

კონფერეციაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, რეგიონში დაკავშირებადობისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით. პრემიერ-მინისტრმა, გაერო-ს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. პრემიერის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მიდგომა სატრანზიტო და სავაჭრო სფეროში ქმნის მდგრად და პროგნოზირებად გარემოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის.

„ძვირფასო დელეგატებო, საქართველო არ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მომხმარებლები, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკური ციკლის აქტიური მონაწილენი. ჩვენი სტრატეგიული მიდგომა სატრანზიტო და სავაჭრო სფეროში ქმნის მდგრად და პროგნოზირებად გარემოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის. როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და აფართოებს მიწოდების ჯაჭვის გლობალურ მდგრადობას.

ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო საზოგადოების განვითარებაში, ეს არის ვალდებულება, ვიყოთ იმ გამოწვევების დაძლევის საშუალება, რასაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები ეჭიდებიან. გიდასტურებთ საქართველოს ურყევ ერთგულებას, ვიყოთ პარტნიორი, შესაძლებლობა და საშუალება ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისათვის. პარტნიორებს მოვუწოდებთ თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კავშირების გაფართოვებისკენ და საერთო გეოგრაფიული გამოწვევების გარდაქმნისკენ რეგიონული კეთილდღეობის ლოკომოტივებად“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ. „ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, ისტორიულად წარმოადგენდა ბუნებრივ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად გვაქცევს, რომელიც კონტინენტებს აერთიანებს და ბაზრებს აკავშირებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული ბიზნესისთვის საქართველო ყველაზე მოკლე სახმელეთო მარშრუტს წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისკენ, არამედ ცენტრალური აზიისა და უფრო ფართო აღმოსავლური ბაზრებისკენ.

„ჩვენი აღმოსავლელი, სახმელეთო მეზობელი ქვეყნებისათვის საქართველო გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ევროპის კარიბჭეა. თუმცა, მხოლოდ კარიბჭეობა საკმარისი არ არის, საჭიროა, რომ ეს კარიბჭე ეფექტიანი იყოს. სატრანზიტო ოპერაციების ეფექტიანობა მოითხოვს გააზრებულ პოლიტიკურ არჩევანს, სტრატეგიულ ინვესტიციებსა და მომსახურების მაღალი ხარისხისადმი ერთგულებას. სწორედ ამ გზას ადგას საქართველო უკვე ათწლეულზე მეტია და შედეგებიც ამას ადასტურებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სტრატეგიული მდებარეობის გამო, ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ამ კონფერენციის ფარგლებში, შედგა ორმხრივი შეხვედრებიც რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ქვეყნებთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, სწორედ დაკავშირებადობის კუთხით, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.