თბილისის მერობისთვის ოპოზიციური პარტიების, „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ერთიანი კანდიდატის შერჩევის პროცესი მოულოდნელ ფაზაში შედის. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ამ ორ პარტიას შორის აქამდე არსებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მათი ერთობლივი კანდიდატი უნდა ყოფილიყო ნეიტრალური და პოლიტიკური წარსულის არმქონე პიროვნება, სამწუხაროდ, ჩაიშალა. ანალიტიკოსები ამას იმით ხსნიან, რომ წინასწარ შერჩეულმა ნეიტრალურმა კანდიდატებმა, სავარაუდოდ, უარი განაცხადეს მერობის კანდიდატობაზე.
ამ ფონზე, თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატებად ორი პარტიული ფიგურა განიხილება: ალეკო ელისაშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველოდან“ და გიორგი შარაშიძე პარტიიდან - „გახარია საქართველოსთვის“.
ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც თავდაპირველად უარყო მისი კანდიდატურის განხილვა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ამომრჩეველი ყველაფერს 4 სექტემბერს გაიგებს. ეს თარიღი მერობის კანდიდატების დასახელების ბოლო ვადაა.
„4 სექტემბრამდეა მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა, ვადას არ გადავაცილებთ. მანამდე გაიგებთ, ვინ იქნება. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება კანდიდატი. ჩვენ და გახარიას გუნდს გვეყოლება საერთო კანდიდატი. რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა - გაიგებთ 4 სექტემბერს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
5 აგვისტოს კი „გახარიას გუნდიდან“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად მათი გუნდის წევრი, გიორგი შარაშიძე განიხილება.
თავად გიორგი შარაშიძემ დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება.
„რა თქმა უნდა გიდასტურებთ. ჩვენსა და კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შორის არსებობს მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ და ამ მემორანდუმის მიხედვით, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთობლივ კანდიდატებზე. თუმცა, აქვე მინდა დავაზუსტო კიდევ ერთხელ, რომ შესაძლოა, ესენი პარტიული კანდიდატები იყვნენ და რა თქმა უნდა, თუ იქნებიან პარტიული კანდიდატები, ამ შემთხვევაში, ყოველგვარი კონკურენცია ჩვენსა და „ლელოს“ შორის იქნება გამორიცხული. მათ ექნებათ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა და შესაძლოა, იყვნენ ნეიტრალური კანდიდატები. კი ბატონო, ვადასტურებ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მიმდინარე მოლაპარაკებები ცხადჰყოფს, რომ ოპოზიციური პარტიები აქტიურად ეძებენ გზებს თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის სერიოზული კონკურენტის გამოსავლენად. 4 სექტემბერი კი ის თარიღია, როდესაც, ალბათ, საბოლოოდ გაირკვევა, ვინ იქნება ის ერთიანი კანდიდატი, რომელიც შეეცდება დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში გამარჯვებას.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ თბილისის მერობისთვის კახა კალაძეს სერიოზულ კონკურენციას ვერც გიორგი შარაშიძე და ვერც ალეკო ელისაშვილი გაუწევს. მისი აზრით, ეს რეალობაა, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობებისა, საერთო კანდიდატი შეარჩიონ.
„ფაქტია, გიორგი შარაშიძე სრულიად უფერული პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც საზოგადოება კარგად არ იცნობს. ასეთ მოკლე ვადაში უცნობი ადამიანის გაპიარება და ცნობადობის ისეთ დონეზე აყვანა, რომ კალაძეს კონკურენცია გაუწიოს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მას არ აქვს ისეთი „ბეგრაუნდი“ და საზოგადოებრივი წონა, რომ ხალხის დიდი ნაწილი დაიყოლიოს.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მას საზოგადოება ბევრად უკეთ იცნობს, მაგრამ აღიქვამს, როგორც არასერიოზულ, არასტაბილურ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ყველაფერი თქვას - ილაპარაკოს დილით ერთზე და საღამოს სხვაზე, ურთიერთსაპირისპიროზე. ეს ჩანაწერები არსებობს კიდეც. მას შეუძლია, ჯერ ლანძღოს ოპონენტები, შემდეგ კი ჩაეხუტოს და ისე მოიქცეს, თითქოს, არაფერი ყოფილა - თუნდაც ხაზარაძესთან და ზურაბიშვილთან მისი ურთიერთობა. ასე რომ, ასეთი ფიგურაა. ვიცით მისი უხეში, ხულიგნური გამოხტომებიც“, - განაცხადა მამრაძემ.
მისივე შეფასებით, ასეთი ფიგურა ვერ მოიპოვებს ამომრჩევლის ნდობას და ვერ შეძლებს კალაძის გამოწვევას.
კითხვაზე, ოპოზიციის ამ ორი კანდიდატიდან რომელი იქნება უფრო მისაღები თბილისელი ამომრჩევლებისათვის, მამრაძე პასუხობს:
„შარაშიძე, ელისაშვილისგან განსხვავებით, არ არის დატვირთული იმდენად უარყოფითი რეიტინგით, როგორც ელისაშვილი, თუმცა ნაკლებად ცნობადია და ეს ფაქტორია. თუმცა, რაც შეეხება იმას, რატომ შეიცვალა „ლელოსა“ და ყოფილი პრემიერის პარტიის შეთანხმება ნეიტრალურ კანდიდატზე, ვფიქრობ, მათ ვერ იპოვეს ნეიტრალური და, ამავდროულად, ცნობადი პიროვნება, რომელიც ასეთ შეთავაზებაზე დასთანხმდებოდა.
უცნობს, რა თქმა უნდა, ამ დროში ვერ გააპიარებენ და ვერ გახდიან ცნობილს ამ მოკლე დროში. თუმცა, ხომ არიან ცნობილი მოღვაწეებიც - ხელოვანები, სპორტსმენები, რომლებსაც ხალხი კარგად იცნობს. არცერთმა მათგანმა, ცხადია, არ მისცა თანხმობა, რომ ყოფილიყო მათი ნეიტრალური კანდიდატი. ამიტომ, ისევ თავის წიაღში დაიწყეს ძიება“, - განმარტავს მამრაძე.
მისი აზრით, ამ შეთანხმების ნაწილის შეცვლა არჩევანის სიმწირით არის გამოწვეული. „მიადგნენ ცნობილ ადამიანებს და რასაკვირველია, ყველა უარს ეტყვის. ვის უნდა ამათთან გაკარება“, - ფიქრობს ანალიტიკოსი.
მამრაძის შეფასებით, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ „საოცარი კრახი“ განიცადა.
„დღესდღეობით,პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საოცარი კრახი დაფიქსირდა - შარშანდელი არჩევნებიდან, დღემდე. ასე რომ, მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ცნობილია თბილისელებისთვის და, მეტ-ნაკლებად, პოზიტიურად აღიქმება, რომელიც დათანხმდება „ლელოს“, ან „გახარიას“ შემოთავაზებას“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ოპოზიციური ველი თბილისის მერობისთვის ძალიან შეზღუდულია და რეალურად, ძლიერი ალტერნატივა კალაძისთვის არ ჩანს. მისი ვარაუდით, ისინი კვლავ გააგრძელებენ ფორმალურ ძიებას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამომრჩეველს არ ექნება ისეთი არჩევანი, რომელიც მართლაც შეცვლის თბილისში პოლიტიკურ ლანდშაფტს. ანალიტიკოსის აზრით, კალაძეს, ამ ეტაპზე, სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.