„პოლიციელზე ხელის აღმართვა მძიმე კატეგორიის დანაშაულია და მისი გატარება დაუკვალიფიცირებლად, იწვევს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის წახალისებას!“

„პოლიციელზე ხელის აღმართვა მძიმე კატეგორიის დანაშაულია და მისი გატარება დაუკვალიფიცირებლად, იწვევს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის წახალისებას!“

მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს ბრალი გადაუკვალიფიცირა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის, სასჯელის სახით, გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა ორ წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა ორიდან ექვს წლამდე. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოსამართლემ ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ შეუძლია, პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაანონსდა საპროტესტო აქცია. ბათუმიდან, თბილისში დაბრუნებულმა აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და სკანდირებდნენ -„თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“.

განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, საკმაოდ ოპერატიულად, დიპლომატიური უწყების 24-მა წარმომადგენლობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. რა თქმა უნდა, დაგმეს ამაღლობელის მიმართ გამოტანილი, მათივე შეფასებით, არაპროპორციული და პოლიტიზებული განაჩენი. გამოუცხადეს სოლიდარობა და ხელისუფლებას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი. ოპერატიული იყო რასა იუკნევიჩიენე, რომელმაც დაწერა, რომ ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას იმაზე უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა რუსეთში გააკეთა.

„მზია ამაღლობელს, ახლახან, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს მხოლოდ შესანიშნავი ჟურნალისტის პოლიტიკური დევნა არ არის. მზია ევროპული მომავლისთვის საქართველოს ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას იმაზე უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა რუსეთში გააკეთა“, - წერს რასა იუკნევიჩიენე, X-ზე.

განაჩენი, რომელიც მოსამართლემ გამოიტანა, უკან დახევად შეაფასა ბათუმში საგანგებოდ ჩასულმა რადიკალურმა ოპოზიციამ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელის პატიმრობა მეტყველებს რეჟიმზე, რომელსაც აღარ აქვს გამბედაობა, დაიხიოს უკან, როცა ნათელია, რომ არანაირი დანაშაული არ არსებობდა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა.

„არ არის ის განაჩენი, რომელსაც ჩვენ, ყველა ველოდებოდით, რომ მზია განთავისუფლდებოდა. ამიტომ, არ შეიძლება, ასეთ რეჟიმებთან რამე მოლოდინი გქონდეს. უნდა ვიყოთ ძალიან მშრალი ამ შეფასებაში და ვიცოდეთ, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ. ასევე, დავინახოთ, სად არის იმ სისუსტის ნიშნები, რომლებიც აშკარად გამოჩნდა მთელი ამ პროცესის მსვლელობის დროს. ამასთან, სად არის სიძლიერის უდიდესი ნიშანი და ამას ჰქვია დღეს მზია ამაღლობელი. მადლობა, მას!

მისი პატიმრობაში ჩატოვებით, ევროკავშირს „ქართულმა ოცნებამ“ უთხრა ის, რასაც ეუბნება ყოველდღე. ასევე, ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ ჩვენ თქვენთან არ გვინდა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ვითომ ჩვენი სუვერენობა. ეს არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. პირიქით, ეს მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის ნებას ვერავინ ვერ დაუდგება წინ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიდი ალბათობით, ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში, თუმცა, როგორც არაერთხელ, არცერთი საელჩო ბოდიშს არ მოიხდის:

„როგორც არ მოიხადეს ბოდიში სააკაშვილის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში მელიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში გვარამიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში პარლამენტის შტურმის საქმეზე. საერთოდ, არც ერთ საქმეზე, რომელშიც ეს საელჩოები სტრასბურგის სასამართლოში მტყუანი აღმოჩნდნენ, ბოდიში არ მოიხადეს. სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ხელწერად იქცა. სამწუხაროა, რომ ასე გააუფასურეს საკუთარი სიტყვა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ანალიტიკოსის, ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, როგორც საქართველოს ერთიანობის ხელყოფა არავის ეპატიება, ასევე არავის არ უნდა ეპატიოს და შერჩეს საქართველოს სახელმწიფოს დაცემა-დაჩიავების მცდელობა. მისი თქმით, სწორედ ეს სურდათ და სურთ ე.წ. ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დამკვეთებს.

„მზია ამალობელი იგივე დავალების შემსრულებელია, რასაც საუკუნეების განმავლობაში, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ჯურის მოღალატეები აკეთებდნენ, დაწყებული - კოლხეთის სამეფოდან, დამთავრებული - დღევანდელ დღემდე. ამ, ვიღაც, ფულის შოვნის გამო გაჯონჯოლიელებულმა მზია ამაღლობელმა, ისეთივე საზიზღარი ქმედება ჩაიდინა სახელმწიფოს მიმართ, როგორიც 1795 წლის 11 სექტემბერს, იმ მოღალატეებმა, რომლებიც კრწანისის შემდეგ მივიდნენ აღა-მაჰმად ხანთან და უთხრეს, უკან მობრუნდი, ერეკლეს ჯარი არა ჰყავსო. დამპყრობელმა საჭურისმაც არ დააყოვნა და...

დიახ, აქ, ამ ფულისთვის სულგაყიდული ქალის პოლიციელზე სილის გარტყმით „შეამოწმეს“ საქართველოს სახელმწიფო ქვეყნის გარე მტრებმა. სახელდობრ, ამაღლობელის ვანდალური ქმედების შემდეგ, რას მოიმოქმედებდა დამოუკიდებლობის გზაზე მტკიცედ შემდგარი ქვეყანა. ამიტომაც მომართეს პატრონებმა დამოუკიდებელი სასამართლოს წინააღმდეგ ყველა, აქ მყოფი დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ დღეს შედეგი მიიღეს ის, რომ ქართული სახელმწიფო დგას იქ, სადაც უნდა იდგეს ანუ ქართველი ხალხის სადარაჯოზე.

დიახ, დღეს ქართულმა მართლმსაჯულებამ პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელის მიმართ განაჩენის დადგომით, დაიცვა ქართული სახელმწიფოს, ქართული სასამართლოსა და ქართველი ხალხის ღირსება. დღეს, საბოლოოდ გაფრთხილდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ყველა მოღალატე, სულგაყიდული და აგენტი, დაწყებული - მზია ამარლობელიდან, დამთავრებული - ხაზარაძემდე, რომ საქართველოს სახელმწიფოს შეგნებული, მიზანმიმართული შეურაცხყოფა და მისი ინსტიტუტების დაკნინება არავის არ ეპატიება“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე სვამს კითხვას - ვინ არის მზია ამაღლობელი და რატომ არის მის გარშემო, მხარდაჭერის გააფთრებული კამპანია? მისი თქმით, თუ ჩავუღრმავდებით საკითხს, აღმოვაჩენთ, რომ გლობალისტური იდეების გატარებისა და მედიაციის კუთხით, „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“ საქართველოში ბადალი არ ჰყავთ.

„დიახ, სწორედ ეს გარემოებაა მთავარი მოტივატორი გლობალისტური ძალებისთვის, მზია ამაღლობელი არაერთგზის დაეჯილდოვებინათ, მათ შორის, LGBTQ დღის წესრიგის მუდმივი ჰედლაინერობისთვის, რასაც სხვა არაფერი ეწოდება, თუ არა პროპაგანდა! მზია ამაღლობელის, როგორც ფსევდო-მედიატორის როლი, 2024 წლიდან გადადის პოლიტიკური აქტივიზმის როლში და ამას ამაღლობელი აკეთებს გარედან მითითებების გათვალისწინებით. ქვეყანაში რევოლუციური ფონის გასაძლიერებლად, ის არ ერიდება კარგად აპრობირებულ პროვოკაციულ ნაბიჯს, რის გამოც ადმინისტრაციული წესით ისჯება,

მაგრამ თავისუფლდება თუ არა ადმინისტრაციული სახდელისგან, მიდის პოლიტიკური ავანტიურის უკიდურეს ნაბიჯზე და სისხლის სამართლის დანაშაულზე მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ინსტრუქცია აქვს და ეს ინსტრუქცია აპრობირებულია სხვადასხვა ქვეყნებში, მანამდე. კარგად უნდა ესმოდეს ადეპტ-მზიას, რომ პოლიციელზე ხელის აღმართვა, მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, მძიმე კატეგორიის დანაშაულია და მისი გატარება დაუკვალიფიცირებლად, იწვევს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის წახალისებას, რაც ძირშივე აღმოსაფხვრელი ამოცანაა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

 

მარბიელი არ სჭირდება დიდი იურისტობა - ვნახეთ რაჩ გააკეთა ამაღლობელმა, მოვისმინეთ მისი პირველი კომენტარი, ტყუილი, რომ ხელი შემთხვევით მოუხვდა ... მერე მისგან და სხვა შინა თუ უცხოელისგან საქმის გაპოლიტიკურების მცდელობა... განაჩენი კანონიერია და ზომიერი!
არ ვიცი რა მოხდა ახობაძის საქმეზე - მტკიცებულებები არაა საკმარისი, თუ ჩაუდეს? თუ ჩაუდეს, ჩამდები უნდა დაისაჯოს, თუ მტკიცებულებები არ ჩაითვალა საკმარისად, ყოჩაღ მოსამართლე!
1 საათის უკან