„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ ახალი სკანდალის ფონზე, შესაძლოა, მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრან, კიდევ ერთი ბრალი წარუდგინონ და სასჯელიც დაუმძიმონ. ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მიმდინარე პროცესს ადგილობრივ არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობას უკავშირებს - მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიისა და მისი ლიდერის „გაშავება“. მეორე ნაწილი თვლის, რომ დღეს მმართველი გუნდის ინტერესში არ არის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების არმონაწილეობა.
აქვე შეგახსენებთ, შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.
უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო. მათივე განცხადებით, ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები გატარდება. ამის საპასუხოდ, მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით. ამასთან, მისივე თქმით, მათ მიერვე, წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. მათივე მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტის თანხა სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი ამოიწურა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა თქვას, ადგილი ჰქონდა თუ არა რამე ტიპის სამართლებრივ დარღვევას. ამის შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ ხაზარაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის დაწყება-არდაწყების შესახებ. მისივე თქმით, ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც „ლელოს“ ლიდერს შეეხება, უშუალოდ პარტიასა და მის რეიტინგზეც აისახება წინასაარჩევნოდ.
„როგორც ვიცი, ჯერ გამოძიება არ დასრულებულა და ეს არის წინასწარი მონაცემები. როდესაც გამოძიება დასრულდება და დადებს თავის დასკვნას, შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, აღიძვრება თუ არა მის წინააღმდეგ ახალი საქმე და დაუმატებენ თუ არა სასჯელს.
ხაზარაძე არჩევნებში არ მონაწილეობს, იქიდან გამომდინარე, რომ თავად პატიმრობაშია. არჩევნებში მისი პარტია მონაწილეობს, მაგრამ ვინაიდან ის პარტიის ლიდერია, ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია, ნარატივი, ან თუნდაც უარყოფითი აურის შექმნა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად და რეპუტაციულად ნეგატიურია, ხოლო ლიდერის ირგვლივ შექმნილი ასეთი უარყოფითი ფონი ავტომატურად აისახება პარტიაზე. რიგითი ამომრჩეველი იფიქრებს, რომ მამუკა ხაზარაძე არ არის კეთილსინდისიერი ადამიანი, მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
კიდევ ერთი ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, „გააშავონ“ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს. მისი განმარტებით, აგორებული ანტიპიარი არა თუ ოპოზიციურ პარტიებზე, არამედ თავად მმართველი გუნდის რეიტინგზე იქონიებს უარყოფით გავლენას.
„ეს აგორებული თემა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - არათუ ჭეშმარიტების დადგენას, არამედ ეს არის ახალი პროპაგანდისტური მანევრი იმისთვის, რომ ხაზარაძე კიდევ ერთხელ გააშავონ. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან კომფორტული იყო ის პოზიცია, რასაც ის რვა პარტია აფიქსირებდა, ანუ ბოიკოტის თემა - უპრობლემოდ გადაიბარებდა ყველა რაიონს და რეგიონს და მთელი საქართველოს მაშტაბით, ერთპიროვნული მმართველი იქნებოდა. გარკვეულწილად, „ლელომ“ და გახარიამ მათ ეს გეგმები აურიეს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ იძულებულია, წავიდეს პროპაგანდისტულ ნაბიჯზე, მიმაჩნია, რომ ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა. არც ხაზარაძეა ჯიბეგაფხეკილი და მით უმეტეს, არც გერმანიის ელჩს უჭირს. ეს ყველაფერი პირიქით იმოქმედებს ამომრჩეველზე: რაც მეტად დაუწყებენ ხაზარაძესა და გახარიას წნეხსა და ზეწოლას, ეს უფრო გააღიზიანებს ოპოზიციურ ამომრჩეველს და საბოლოო ჯამში, ისინიც კი, ვინც არჩევნებზე არ აპირებდა მისვლას, მივლენ არჩევნებზე და ხმას მისცემენ ერთ ან მეორე პარტიას.
„ქართული ოცნება“ ფუჭად ცდილობს, რომ პროპაგანდისტული მექანიზმი გამოიყენოს ხაზარაძის წინააღმდეგ. არის შანსი, რომ მას განაჩენი დაუმძიმონ და ეს შეიძლება გამოიყენოს „ოცნებამ“. ვფიქრობ, „ქართული ოცნებისთვის“ უფრო მომგებიანი ის იქნებოდა, რომ პრეზიდენტს შეეწყალებინა ხაზარაძე და ჯაფარიძე და არა პირიქით - ზეწოლა ოპოზიციურ ლიდერებზე ოპოზიციურ ამომრჩეველს უფრო აერთიანებს და განაწყობს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ, For.ge-სთან საუბარში.
რა ბრალი უნდა დაუძიმდეს ადამიანს, მეუღლის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების გაქირავებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. მეუღლემ რომც უჩივლოს, დამაძალა რომ ხელშეკრულების გარეშე გამექირავებიაო (რაც ალბათ გამორიცხულია), მაგასაც დამტკიცება უნდა, ისე ჩიტსავ ვერავის აუფრენ.
ყოველი ასეთი მოკერებული ამბავი, სოლიდარობის გრძნობას აღვივებს ადამიანებში, რაც ხაზარაძის პარტიას მომავალ არჩევნებში ნამდვილად წაადგება.