საქართველოს ხელისუფლება ომისა და მშვიდობიანობის დროს უყურადღებოდ არავის დატოვებს!!!

საქართველოს ხელისუფლება ომისა და მშვიდობიანობის დროს უყურადღებოდ არავის დატოვებს!!!

 

„არც მშვიდობიანობის დროს და არც ომში არცერთ ადამიანს არ მივატოვებთ“, - ასეთია თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია. ეტყობა, ამ ისედაც ბანალურ ფრაზას შეხსენება იმიტომ დასჭირდა, რომ აგვისტოს ომის დროს სახელმწიფოსგან მიტოვებული იყო არა მარტო შიდა ქართლის მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ ახალგაწვეულები და რეზერვისტებიც, რომლებმაც, უმეთაუროდ დარჩენილებმა აღარ იცოდნენ, როგორ გამოეღწიათ.

თავდაცვის უწყების ახლადდანიშნულმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სხვა კონცეფციებიც გაახმიანა. კერძოდ, შაშკინის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამი „t“-ს კონცეფციაზე მუშაობს: „Total care“- (ტოტალური ზრუნვა), „Total training“- (ტოტალური მომზადება) და „Total defence“ - (ტოტალური თავდაცვა).
რას ნიშნავს ზემოხსენებული ახალი კონცეფციები და ხომ არ აპირებენ მთელი საქართველოს რიგით ჯარისკაცებად გადამზადებას?! ამის შესახებ For.ge-ს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა.

როგორ აღიქვით ფრაზა - არც მშვიდობიანობის დროს და არც ომში არცერთ ადამიანს არ მივატოვებთ? ეს ხომ ისედაც აპრიორია, რომ სახელმწიფომ არცერთი ადამიანი არ უნდა მიატოვოს ომში?

- ზოგადად თვითონ კონცეფციის გაჟღერება პიარული ნაბიჯია, ანუ ფაქტობრივად, სჯობდა ჯერ კონცეფციაზე მუშაობა დაემთავრებინათ და შემდეგ გამართულიყო მსჯელობა. ეს იქნებოდა კარგი და საფუძვლიანი მიდგომა. თუმცა, ეს პიარი თანმდევი პროცესია, ახლა მარტო ნაციონალურ მოძრაობას ნუ გავაკრიტიკებთ ამისთვის, რადგან პოპულიზმი მთელ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ახასიათებს და, ზოგადად, დემოკრატიის გვერდითი მოვლენაა, მით უმეტეს, 21-ე საუკუნის საინფორმაციო ნაკადის დროს.

თავდაცვის სამინისტროსგან გაჟღერებული სამივე პრინციპი აუცილებელია, მეტიც, დიდი ხანია, დეკლარირებული უნდა ყოფილიყო. პირველი პრინციპი, რომ „არ მივატოვებთ არც ომში, არც მშვიდობიანობის დროს“, - ეს დეკლარირება, უკვე 20-ე საუკუნის 60-იანი წლებიდან ზუსტად ასახავს შეიარაღებული ძალების მოწყობის ძირითად პრინციპს. ეს არის გაჟღერებული პრინციპი, რასაც მოჰყვება ნორმატიული აქტები, ქმედებები, რეგულაციები. ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, მთელი შეიარაღებული ძალები, მიუხედავად იმისა, რომ ის არის ერთი ჯარისკაცი, იმოქმედებენ მანამდე, სანამ მას მკვდარს ან ცოცხალს არ დაიბრუნებენ. რა თქმა უნდა, იზრუნებენ იმაზე, რომ სიცოცხლე გადაარჩინონ, მაგრამ არცერთი ჯარისკაცი არ იქნება მიტოვებული.

ანუ, როდესაც უკვე აპრიორი წაგებულია ომი, როგორც ეს აგვისტოს დღეებში მოხდა, მაინც უნდა შეაკლან ყველა სხვა ძალა ამ ერთი ჯარისკაცის გადარჩენას?

- აქ საბრძოლო მოქმედებაზე არ არის საუბარი, არამედ დავუშვათ, თუ ქართველი ჯარისკაცი ჩარჩა ცხინვალის ციხეში, პარალელურ რეჟიმში, ყველანაირ ზომას გამოიყენებენ, როგორც მოლაპარაკების გზით, ისე, სპეცოპერაციის მხრივ, რათა ეს ჯარისკაცი გამოიხსნან. რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, მათ თავიანთი სქემები, ტაქტიკური მონახაზი აქვთ. ამ შემთხვევაშიც კი, ბრძოლის ველზე განსხვავებული მიდგომაა. მაგალითისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულ ქვედანაყოფებს, გერმანელ მეთაურს ჰქონდა ვალდებულება, ნებისმიერი ჯარისკაცი ჩაესვენებინა კუბოში და გაეგზავნა უკან, გერმანიაში. საბჭოთა მეთაურებს ასეთი განკარგულება არ ჰქონდათ, ამიტომ, მათ შეეძლოთ ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპებოდა, ბრძოლის ველზე მიეტოვებინათ და ამისთვის მათ პასუხს არ მოსთხოვდნენ. ანუ, გერმანელების შემთხვევაში, ეს რეგულირდებოდა კანონმდებლობით, რუსების შემთხვევაში კი, ასეთი რეგულაცია არ იყო. შესაბამისად, განსხვავებული მსხვერპლი იყო.

გერმანელი მეთაური, რომელსაც ასეთი განკარგულება ჰქონდა, გაცილებით უფრთხილდებოდა თავის ჯარისკაცს. მართალია, ასეთი სამწუხარო ფაქტი მომყავს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯარისკაცის მორალისთვის. ჯარისკაცმა, რომელმაც იცის, რომ მას არ მიატოვებენ, რა თქმა უნდა, მისი საბრძოლო სულისკვეთება გაცილებით მაღალი იქნება. მაგრამ პარალელურ რეჟიმში, მშვიდობიანობის დროსაც, რა დააშავა ჯარისკაცმა, რომელსაც სურს, ღირსეულად იცხოვროს?! თუ ჯარისკაცს ჩვენ მივცემთ 100 ლარს, შესაძლოა, ასეთი ჯარისკაცი, იაფი დაუჯდეს სახელმწიფოს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ჯარისკაცი სახელმწიფოს არ ჰყავს. მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, უნდა იცოდეს, რომ რისკიანი პროფესია აირჩია, მაგრამ, მისი სიცოცხლის რისკის საფასურად, სახელმწიფო მას გვერდით უდგას, იქნება ეს ჯარისკაცის ჯანმრთელობის პრობლემა თუ საყოფაცხოვრებო, სოციალური საკითხები, სახელმწიფო მის პრობლემას ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს და არა ბიუროკრატიის ენაზე.

მაინცდამაინც ახლა ამ ლოზუნგის გახმიანება რისთვის გახდა საჭირო? ხომ არ მოიკლო ინტერსმა ჯარში წასვლის მიმართ? მართლაც ნებაყოფლობით მიდიან ადამიანები ჯარში თუ მხოლოდ ღარიბი ოჯახის შვილები ხვდებიან ამ ადგილას? ამ კონცეფციის გახმიანებას იმანაც ხომ არ უბიძგა, რომ აგვისტოს ომის დროს რეზერვისტები, ჯარისკაცები მტერს შეატოვეს, ასევე, მიატოვეს დაღუპული ჯარისკაცები და, რომ არა ჩვენი სასულიერო პირების ძალისხმევა, მათი გვამები გაიხრწნებოდა. ასეთი უსულგულო დამოკიდებულების გამო ხომ არ იმატა ნიჰილიზმმა ჯარში წასვლასთან დაკავშირებით და ხომ არ დაინახა თავდაცვის უწყებამ საკუთარ თავში შეცდომა, როცა მხოლოდ რეზერვისტებს შეატოვეს ომი და გენერლები გარბოდნენ?!

- დიახ, ჟურნალისტებმა სწორედ ასე უნდა დასვან შეკითხვა, რადგან, სიმართლის გარკვეული მარცვალი ამაში არის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, როცა შეიარაღებულ ძალებში მსახურების მოტივაცია დაიკარგა. მოტივაციის გარკვეული წილი არის ფინანსური ანაზღაურებაც, რადგან, თუ შევარდნაძის პერიოდში 400 ლარი საკმაოდ დიდი ანაზღაურება იყო და მაშინ ასეთი სამსახური იშვიათი იყო, უკვე 2005-2008-2012 წლებში 400 და 500 ლარი აღარ არის მიმზიდველი. შესაბამისად, სუბიექტურმა და ობიექტურმა პირობებმა განაპირობეს ის, რომ შეიარაღებულ ძალებში წასვლის მსურველთა კონკურენცია რაოდენობრივად შემცირდა და, ასევე, გაუარესდა მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი. თავისთავად, ეს სიტუაცია გამოსასწორებელია. აპრიორი თუ ვთანხმდებით, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი შეიარაღებული ძალები, შესაბამისად, შეიარაღებული ძალების მშენებლობას უნდა მივუდგეთ აპრობირებული მეთოდოლოგიით, რასაც წარმატებით იყენებს გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი. ამიტომ მოტივაციაა მთავარი. 

თუ ჩემგან გინდათ, რომ მე ვიყო პროფესიონალი სამხედრო, ეს ნიშნავს. რომ მე უნდა გავაკეთო ჩემი საქმე, სხვა მეორეხარისხოვანი საქმეები უნდა ჩამომაშოროთ. შესაძლოა, ხელფასი არ მქონდეს მაღალი და კერძო სექტორში უფრო მეტი შემოსავალი იყოს, მაგრამ ხელფასი უნდა იყოს სტაბილური, გარანტირებული და უნდა ვიცოდე, რომ პენსიამდე და პენსიის დროსაც მექნება გათვლადი ფინანსური შემოსავალი, რომლითაც ღირსეული ცხოვრება შემეძლება. სამაგიეროდ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად ვიცოდე სროლა, ტაქტიკური ილეთები და სხვა.

ჯარისკაცმა კარგად უნდა იცოდეს სროლა, რომ თავის სამშობლოს გამოადგეს, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირბოროტო თემასაც შევეხოთ, რომელიც ავღანეთსა და ერაყში ჩვენი ბიჭების დაღუპვას საზარბაზნე ხორცად აღიქვამს. „არ მივატოვებთ ადამიანებს“, - ამ კონცეფციაში ისიც თუ იგულისხმება, რომ  ავღანეთსა და ერაყშიც არ უნდა მიატოვონ ქართველი ჯარისკაცები?! თუ ხელისუფლება მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ საავადმყოფოს პალატაში დაჭრილ ჯარისკაცს მოინახულებს, ისიც საკუთარი პიარისთვის? ასეთ ცხელ წერტილებში, რომელიც ჩვენი სამშობლო არ არის და სხვისი ომია, რატომ არ ხდება ასეთივე მზრუნველობის გამოჩენა ქართველი ჯარისკაცების მიმართ?

- სამწუხაროდ, თავდაცვის უწყება საზოგადოებისგან რკინის ფარდითაა გამოყოფილი და ხალხმა არ იცის ბევრი რამ, რაც ხდება. გარკვეულწილად, კარგიც ხდება. ნებისმიერი დაზარალებული (2008 წელს ან ნებისმიერ კონფლიქტებში, ავღანეთსა და ერაყში) საკმაოდ კარგად არის უზრუნველყოფილი. დაღუპულისა და დაჭრილის ყველა ოჯახი სახელმწიფოსგან მაქსიმუმს იღებს. თუმცა გაუცხოება აქვთ ჟურნალისტების მიმართ, რადგან ზოგჯერ ჟურნალისტი სკანდალურს ეძებს.

არის მოსაზრება, რომ მეტია დაღუპული და არა ის ციფრი, რასაც აცხადებენ.

- მე რეალურ ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი. გარდა ამისა, არსებობს ამერიკული საიტი (ახლა მისამართი არ მახსოვს და დავაზუსტებ), რომელიც აქვეყნებს ყველა ქვეყნის დაღუპულ ჯარისკაცთა სიას. აქ ფაქტების დამალვა არ ხდება. შესაძლოა, ქართულმა მხარემ რაღაც დამალოს, მაგრამ ნებისმიერი საერთაშორისო ოპერაციის დროს ერთი დამალული ფაქტიც კი პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს იმ კონკრეტულ ქვეყანაში, რომელიც ამ ფაქტს დამალავს. შესაძლოა, დრო და ვითარება გასაიდუმლოებული იყოს და ეს თავიდანვე დეკლარირებულია „აისაფის“ ოპერაციის მმართველობის მხრიდან. დაღუპვის ვითარება, დრო და ადგილი, შესაძლოა, არ დასახელდეს და ჟურნალისტებს მიეწოდოთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რასაც ხელმძღვანელობა ჩათვლის საჭიროდ. ეს ამ ომის თავისებურებაა და ამას უნდა შევეგუოთ.

რაც შეეხება ტერმინს - საზარბაზნე ხორცი, თუ ამ ტერმინს იყენებს ექსპერტი ან პოლიტიკოსი და თვლის, რომ ჩვენი ჯარისკაცები მართლაც საზარბაზნე ხორცად მიჰყავთ და ეს არ არის მეტაფორა ემოციური სპეკულაციებისთვის, მაშინ ეს ადამიანი დღედაღამ უნდა აპროტესტებდეს აისაფის მისიას, მთავრობის სასახლის წინ იდგეს და სხვა ყველაფერი გადადოს. თუ ვინმე თვლის, რომ 200 ადამიანი ნამდვილად საზარბაზნე ხორცია, მან პროტესტი არ უნდა შეწყვიტოს. სინამდვილეში, ეს არ არის საზარბაზნე ხორცი, ესაა რისკიანი საბრძოლო ოპერცია, რომელიც სამშვიდობო მისიის ეგიდით ტარდება, მაგრამ ეს არის ის ხარჯი, რომლის გაწევასაც საქართველოს აიძულებს ჩვენი პოლიტიკური კონიუნქტურა. ვგულისხმობ რუსეთთან დაპირისპირებას. მომავლის იმედად, დღევანდელი დღე არ უნდა განისაზღვროს. შესაძლოა, მომავალში ვინმემ მართლა დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობა, რაც პირადად მე მეეჭვება, მაგრამ დღეს ამ ქვეყანასთან დაუმთავრებელი ომი გვაქვს, რომელიც საზავო მოლაპარაკებით არ დასრულებულა. მართალია, შეჩერებულია საბრძოლო მოქმედება, მაგრამ, რაკი ომი გრძელდება, ჩვენ მარტონი, ვინმეს მხარდაჭერის გარეშე, რუსეთს ვერ გავუმკლავდებით. იმისთვის, რომ ევროპელმა პოლიტიკოსმა თავის ობივატელს დაუდასტუროს, რომ საქართველოს გამო ღირს გარისკვა, ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოსს სჭირდება არგუმენტი და ზუსტად ეს არგუმენტია საქართველოს მონაწილეობა აისაფის ოპერაციაში.

ახლა სამეფო დინასტიები ხომ არ მართავენ ევროპის სახელმწიფოებს, რომ ცალსახად გადაწყვიტონ, ქართველი ხალხი გვიყვარს და ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ უნდა მივიღოთ მონაწილეობაო?! ამიტომ, თუ საქართველო რისკავს, რომ გერმანელი ჯარისკაცის გვერდით გარკვეული უსაფრთხოების ზონა შექმნას, რომ გერმანელმა ან ფრანგმა ჯარისკაცმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, საფრანგეთმაც და გერმანიამაც გარკვეული რისკები უნდა აიღოს თავის თავზე და უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება. ეს არის ამ მისიის მთელი დიალექტიკა. შესაძლოა, რაოდენობაზე ვიკამათოთ. მე ვთვლი, რომ 1500 ჯარისკაცი არის ის რაოდენობა, რომლის უფლებაც ჩვენს თავს შეიძლება მივცეთ, მაგრამ ეს საკამათო თემაა. თუმცა საკამათო არაა, რომ ამ მისიაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა და არა სიმბოლური მონაწილეობა, რადგან სიმბოლური მონაწილეობა არ ქმნის ფაქტორს. სიმბოლური მონაწილეობა აქვს სომხეთს, აზერბაიჯანს და ესტონეთსაც, რომელთა ჯარისკაცებიც რამდენიმე ათეულს არ სცილდებიან, მაგრამ საქართველოს წინაშე აბსოლუტურად განსხვავებული ამოცანებია.

ახალ კონცეფციაში ასეთი ფრაზებიცაა - ტოტალური თავდაცვა, ტოტალური ზრუნვა. რისთვის ვემზადებით?! ისევ ომი, რუსეთიდან მომავალი საფრთხე თუ ხალხის დაშინება არჩევნების წინ?

- მოდით, დაშინება-არდაშინებაზე პოლიტიკოსებმა ისაუბრონ. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსალოდნელია თუ არა ომი, ქვეყანა მზად უნდა იყოს ჰიპოთეტური სცენარებისთვისაც კი. მით უმეტეს, როცა ასეთი საფრთხე არსებობს. თუ ჩვენ უსაფრთხოების კონცეფციას ვიღებთ, როგორც საფუძველს, და საფრთხედ განსაზღვრულია რუსეთი, შესაბამისად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ღონისძიებები, მათ შორის, თავდაცვის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამ საფრთხის მოგერიებას. ამიტომ, ტოტალური თავდაცვა არის სტრატეგია, რომლითაც ამ საფრთხის უკუგდება მოხდება. როდესაც დაიდება კონცეფცია, თუ რა პრინციპები და მეთოდები იქნება გამოყენებული ტოტალური თავდაცვის უზრუნველსაყოფად, შემდგომ შეიძლება კონკრეტულად საუბარი, მაგრამ თვითონ ტოტალური თავდაცვის იდეაა ის, რომ საქართველოს დაცვა ნებისმიერი ქართველის, საქართველოს მოქალაქის ვალდებულებაა, რაც ძალიან სწორია. ოღონდ ადამიანებს უნდა მივცეთ ამ ვალდებულების შესრულების უფლება. ხელისუფლებამ უნდა მიაღწიოს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ეს გაითავისოს. ამის დაძალება არ შეიძლება.

ანუ ადამიანს ჯარში წასვლა თუ არ უნდა, არ უნდა წაიყვანონ?

- არაა აუცილებელი, ყველამ თოფი აიღოს ხელში, მაგრამ თქვენ, როგორც მანდილოსანმა, შესაძლოა, დამატებით პროფესიად აიღოთ მედდობა, შეისწავლოთ და, ომის შემთხვევაში, თუ ძალიან გართულდა სიტუაცია, მესამე ეშელონში გაგიწვიონ, როგორც მედდა. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ავტომატით ხელში წახვიდეთ წინა ხაზზე. სახელმწიფო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ომის შემთხვევაში, ერთიან მექანიზმად ამუშავდეს.

მაგრამ საქართველო ისრაელი ხომ არ არის, რომყველანი ომში, ყველანი ჯარისკაცებად“? იქითკენ ხომ არ მიდის საქმე, რომ მუდამ საომარი ვითარება გვიწერია?

- ეს არ იქნება ტვირთი სახელწიფოსთვის. პირიქით, ეს ქართველების დაახლოების  უდიდესი სტიმული იქნება. დამერწმუნეთ, აფხაზეთში როცა მყავდა ქვედანაყოფი, ჩემს ქვედანაყოფში იყო ოსიც, სომეხიც, იეზიდიც და ისინი მეგობრები გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ახალწვეულები იყვნენ, 18 წლის ბიჭები. ისინი არ იყვნენ მოხალისეები, მათ არანაირი ეთნიკური პრობემები ერთმანეთში არ ჰქონდათ. ერთნაირად გულითა და სულით იბრძოდნენ საქართველოსთვის და ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. ერთიანობის განცდა, დისციპლინარულ ჩარჩოებში ერთი საქმისთვის სამსახური, აახლოებს საზოგადოების წევრებს. ამიტომ, ეს კარგი იქნება. მით უმეტეს, საქართველო ყოველთვის ასეთი სახელმწიფო იყო, რომელშიც არსებობდა ქუდზე კაცის ინსტიტუტი. ქუდზე კაცი - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული რეზერვის სისტემა, რომელიც ევროპამ მე-17 საუკუნის ბოლოს დაიწყო, საქართველოში კი ეს გვქონდა.

ნებისმიერმა ადამიანმა იცოდა თავისი ადგილი და მზად იყო, საკუთარი ადგილი დაეკავებინა ერთიან სამხედრო მანქანაში. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ისრაელი, ისრაელს ამის ტრადიცია არ აქვს, ისრაელმა ეს გათვლებით, მექანიკურად შექმნა, ხოლო საქართველოს ეს აქვს სისხლში, ტრადიციაში და ასე იყო საქართველო მოწყობილი, როგორც მინიმუმ, ფარნავაზიდან მოყოლებული.