ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ერგნეთის ბაზრობის აღდგენას აპირებს. ამის შესახებ თავად ივანიშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ერგნეთის ბაზრობას. მას არა მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა, არამედ ხელს უწყობდა ურთიერთობების აღდგენას“, - მიაჩნია ივანიშვილს.
თავის დროზე ერგნეთის ბაზრობამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში. 2004 წლის ზაფხულში ბაზრობა კორუფციის კერად გამოცხადდა და გაუქმდა. იქიდან საქართველოში მართლაც შემოდიოდა კონტრაბანდული ტვირთი, რაც ჩვენს ეკონომიკას ზიანს აყენებდა, მაგრამ ერთი დადებითი შედეგი ჰქონდა - ამ ბაზრობის წყალობით, ქართულ-ოსური კონფლიქტი თითქმის მოგვარებული იყო. ექსპერტების აზრით, დღევანდელი გადასახედიდან, ამ ბაზრის დახურვა მცდარი გადაწყვეტილება იყო. ვარდების რევოლუციის პირველსავე დღეებში ერგნეთის ბაზრის დახურვა ირაკლი ოქრუაშვილის სახელს უკავშირდებოდა. იმ პერიოდში იგი შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. მოგვიანებით ითქვა, რომ ერგნეთის ბაზრობისკენ მიმავალ ტვირთებს ის და მიშა ქარელი ინაწილებდნენ.
რეალურად, ჩვენს ხელისუფლებას მაშინ სულ სხვა გეგმები ჰქონდა. ეს უკავშირდებოდა სანაკოევის პროექტს. ამიტომ, ნაციონალური ხელისუფლება ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე კი არ იყო ორიენტირებული, არამედ - პარალელური დე ფაქტო ხელისუფლების შექმნასა და ამის შემდეგ - ცხინვალის მოსახლეობის გადმობირებაზე. თუმცა ამისგან არაფერი გამოვიდა.
ერგნეთის ბაზრობა ღია ცის ქვეშ რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული კუსტარულად ორგანიზებული სავაჭრო ინფრასტრუქტურა გახლდათ, რომელიც ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში ედუარდ შევარდნაძის და ლუდვიგ ჩიბიროვის დამთბარი ურთიერთობების შედეგად ადმინისტრაციულ საზღვარზე სპონტანურად ჩამოყალიბდა. ეს იყო ერთგვარი არაოფიციალური თავისუფალი ვაჭრობის ზონა, რომლითაც ცხინვალის რეგიონის ფინანსურ სივრცეში მიმოქცევაში შევიდა ქართული ეროვნული ვალუტა, ხოლო მოქალაქეები თითქმის შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ კონფლიქტის ორივე მხარეს.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ერგნეთის ბაზრობის ფუნქციონირება ძალიან კარგი იყო და ამ პოზიციის გამოყენება შეიძლებოდა.
For.ge-სთან საუბარში კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების შემდეგ, სიტუაცია უფრო გართულდა, თუმცა ქართული მხარე, თუნდაც სხვა ფორმით, უნდა ეცადოს ამ ბაზრის აღდგენას.
„თუ როგორ მოხერხდება ამის გაკეთება, თავიდანვე ძნელი იქნება ამაზე საუბარი, ვიდრე არ გავალთ ოსურ მხარეზე და არ დავუწყებთ საუბარს, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, რათა შემდგომ დავაჯეროთ, რომ ამ ტიპის ღონისძიებები ძალიან კარგი იქნება. ჩვენ უნდა ვეცადოთ“.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ერგნეთის ბაზრობა ბუნებრივი მოვლენა იყო, ამიტომ, თუ ხელისუფლება ხელს არ შეუშლის მის ფუნქციონირებას, იგი თვითონვე შეიქმნება. მეტიც, თუ ადმინისტრაციული საზღვრები გაიხსნება, მოსახლეობა მოძრაობას დაიწყებს და საჭირო ურთიერთობები აღდგება, ადამიანები თავადვე იპოვიან გამოსავალს.
„ვინაიდან იქ დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარები და დგას ბაზები, ამიტომ უკვე ახალ სირთულეებთან გვაქვს საქმე. ისეთი პირობები, რაც შევარდნაძის დროს იყო, ახლა არ გვაქვს. არც მაშინ იყო იდეალური პირობები, მაგრამ უკეთესი პირობები ნამდვილად იყო. თუ ამ ბაზრობამ ფუნქციონირება დაიწყო, მაშინ ეს იქნება ყველაფრის ბაზარი, აქ შეიძლება რუსეთიდან შემოვიდეს პროდუქცია, მთელი სამხრეთ ამიერკავკასიის პროდუქციაც (სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, შესაძლოა, თურქეთიდანაც) აქ მოიყრის თავს, რადგან ყველაზე კარგი ადგილი იყო პროდუქტის თავმოყრისა და გაცვლისთვის, როგორც რუსეთის მიმართულებით, ისე სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. ამიტომ, ამაზე უკეთესი წერტილის წარმოდგენა შეუძლებელია. დღეს რომ არ იცოდე, რა ხდება და კომპიუტერს რომ მისცე დავალება, იპოვოს საუკეთესო ადგილი ამ ტიპის ბაზრობისთვის, აუცილებლად მოძებნის ცხინვალთან დაახლოებულ ტერიტორიას, რადგან ყველაზე საუკეთესო გზები იქ მიდის, რკინიგზა ახლოს გადის, ყველაფერი ახლოსაა,“ - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების გამო აქ უკვე ქართული მხარის ნება საკმარისი აღარაა. ადრე კი რუსები ნეიტრალურად ითვლებოდნენ და „სამშვიდობო“ ფუნქციებს ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, ისინი ხშირად გამოდიოდნენ სამშვიდობო ფუნქციებიდან, მაგრამ მაინც იძულებულნი იყვნენ, ამ ჩარჩოში ჩატეულიყვნენ. არც მაშინ აწყობდა რუსეთს ერგნეთის ბაზრობა, მაგრამ, პირდაპირ ვერ უშლიდა ხელს.
„როგორც დღეს სააკაშვილი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება და ეს ბაზრობა იყო ცუდი, ჩვენ ასე არ უნდა ვთქვათ. პირიქით, უნდა ვაღიაროთ, რომ აქ იყო გამოსავალი და, მოდით, ხელახლა დავიწყოთ ამ მიმართულებით მოძრაობა. ჩვენ საშუალება და რესურსები გვაქვს, დაველაპარაკოთ ოსურ მხარეს და ისინი ამ მიმართულებით მსჯელობაზე წამოვიყვანოთ“, - აცხადებს კონფლიქტოლოგი.
მისი თქმით, ერგნეთის ბაზრობის გახსნა სპონტანურად არ მომხდარა. მართალია, იგი გაიხსნა შევარდნაძის დროს, მაგრამ მანამდე, ორი-სამი წელი, ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა. ამიტომ, დრო უნდა გავიდეს და ვნახავთ, საზოგადოება როგორ აიტაცებს ამ მოვლენას.
რაც შეეხება ბაზრობის დახურვას, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კონტრაბადის შემოტანა მხოლოდ მოტივი იყო და არა მიზეზი. ასევე, ეჭვობს, რომ იმ დროს ოქრუაშვილს უნდოდა, საკუთარ ხელში ჩაეგდო მთელი ეს სავაჭრო ურთიერთობები.
„ოქრუაშვილმა დაშალა რა ერგნეთის ბაზრობა, იგი გადაიტანა ცალ-ცალკე წყაროებად და ცალ-ცალკე დაიწყო მისი კონტროლი. მაშინ, როცა ერგნეთის ბაზრობას ძალა ჰქონდა, როცა თავს იყრიდა ერთ ადგილზე. როგორც კი დაშალეს და ცალკე დარგებად აქციეს, ამან გამოიწვია უკუშედეგი და ოსური მხარე აღარ ენდობოდა ქართულ მხარეს. აშკარად დაიწყო ამ წყაროს ვიღაცის ჯიბეებში გადამისამართება. ოქრუაშვილი იქნებოდა ეს, თუ შიდა ქართლის გუბერნიაში არსებული სტრუქტურები, მათ დაიწყეს ამ ბაზრის კონტროლი, რამაც პოზიციების განადგურება გამოიწვია. ამ ბაზრის იმ ფორმით დატოვება, როგორც იყო, არ შეიძლებოდა, მაგრამ ნელ-ნელა შეიძლებოდა არა გაუქმება, არამედ რეფორმირება და რეგულაციების შემოღება. თუ მიიღებდნენ რეგულაციებს, ხომ კარგი, თუ არ მიიღებდნენ, სხვა რეგულაციების შემოღება იყო საჭირო. აქ აუცილებელი იყო დაწვრილებითი მუშაობა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორი. ამდენად, თუკი ორმხრივი ეკონომიკური ინტერესები იქნება, შეიძლება ეს ძალიან სერიოზული ფაქტორი გახდეს დიალოგის დასაწყებად.
„შესაძლოა, ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც დღეს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ და მათთან ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო. ამის ერთ-ერთი ფაქტორი იქნება სწორედ ერგნეთის ბაზრობაც. არა მარტო ერგნეთის ბაზრობა, ეს ერთი კონკრეტული ფაქტორია. ცივილური ფორმებით ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი არ არის, რა თქმა უნდა, კონტრაბანდის ხელშეწყობასა და ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება ამას მოჰყვეს. აქ საუბარია იმაზე, რომ ერგნეთის ბაზრობას აქვს იმის პოტენციალი, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის დადებითი როლი ითამაშოს“.
მისივე თქმით, ამ ბაზრის ჩამოყალიბებას დრო დასჭირდება და მყისიერად არ ამოქმედდება, მაგრამ იმის ნება, რომ ეკონომიკური ფაქტორები და ბერკეტები უნდა ავამოქმედოთ, აბსოლუტურად სწორია.
ნოდარ ხადურის თქმით, დე ფაქტო ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი შევარდნაძის დროსაც იდგა, მაგრამ დღეს ბევრი ფაქტორი და ნიუანსია გასათვალისწინებელი.