ჟურნალისტი მერაბ ჭიქაშვილი პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა

ჟურნალისტი მერაბ ჭიქაშვილი პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა

 

„ობიექტივის“ ჟურნალისტი და წამყვანი მერაბ ჭიქაშვილი, რამდენიმე მეგობართან ერთად, პოლიციამ საკუთარ სახლთან 15 ივლისს, დაახლოებით 01.00 საათზე დააკავა. მერაბ ჭიქაშვილის დაკავების მიზეზად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასახელდა, თუმცა თავად მერაბ ჭიქაშვილი For.ge-სთან საუბარში ამ მიზეზს კატეგორიულად გამორიცხავს და, როგორც საკუთარ, ისე მეგობრების დაკავებას მის პირად საქმიანობას უკავშირებს. კერძოდ, იგი მოძრაობა „რატომ“-ის თავმჯდომარეა და საკუთარ შეხედულებებს თამამად გამოხატავს.

- ღამის 11.30 საათზე საკუთარი სახლის ეზოში მეგობრებთან ერთად მანქანაში ვიჯექი. მე ვიჯექი უკან, ჩემი ერთი მეგობარი მართავდა მანქანას და მეორე იჯდა წინ. ვიდრე ეზოში შევიდოდით, გარეთ გასასვლელში პატრული იდგა. შევედით თუ არა, მანქანა  ჩემი საკუთარი სახლის ეზოსთან გავაჩერეთ, პატრული მოვიდა და საბუთების წარდგენა მოსთხოვა როგორც მძღოლს, ისე - მის გვერდით მყოფს. ჩემთვის არაფერი უთქვამთ.

მძღოლმა თავად უთხრა, რომ ალკოჰოლის შემოწმებას გაივლიდა და პრობლემა არ იყო, ოდნავ ნასვამი იყო, რადგან იქვე, ჩემი სახლის გვერდით, პატარა რესტორანში, „პურის სახლში“ ვივახშმეთ ჩემს ბავშვობის მეგობრებთან ერთად. როგორც კი შევატყე, რომ სიტუაცია დაიძაბა და პატრულმა დააპირა გვერდზე მჯდომის, არამძღოლის, დაკავება, ვითომ დაუმორჩილებლობის მოტივით, ასევე, მძღოლის დაკავებაც სცადეს, გამოვხატე პროტესტი და ვუთხარი, რატომ აკავებთ-თქო?! თავიდანვე განვუმარტე, რომ მე ვარ ჟურნალისტი და უფლებადამცველი, და არ შეიძლებოდა, ადამიანისთვის ხელი დაეკავებინათ. როცა ჩემი ორი მეგობარი წაიყვანეს, უკვე გადმოსული ვიყავი მანქანიდან და ჩემს ეზოში ვიმყოფებოდი, ჩამოვიდნენ ჩემი ოჯახის წევრებიც და ამ დროს ისევ შემობრუნდა პატრულის ორი მანქანა და იკითხა, თუ ვინ იჯდა მანქანაში უკან. ვუთხარი, მე ვიჯექი-თქო და შენც დაკავებული ხარო. ბუნებრივია, გამიჩნდა შეკითხვა, რატომ დამაკავეს, ამავდროულად, გავუწოდე ხელები, როცა დავინახე, რომ ბორკილებს იღებდა. მათთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. ეს გამორიცხულიცაა, რადგან ვიცი, რომ ეს კარგი არ არის და არც შეიძლება. თანაც, ყველაზე მშვიდობიანად შევეგებე ჩემს დაკავებას. თუმცა ვთხოვე, განმიმარტეთ, რატომ, რის საფუძველზე მაკავებთ-მეთქი. - 173-ე მუხლით, დაუმორჩილებლობის გამოო. ვუთხარი, თქვენ მხოლოდ იკითხეთ, თუ ვინ იჯდა უკან, და ამის გამო თუ მაკავებთ, საოცარია-მეთქი. წამიყვანეს, გვატარეს სხვადასხვა ადგილას. მინდა ვთქვა, რომ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა. ვითხოვე, ჩემთვის დარეკვის საშუალება მოეცათ. დავრეკე მედიაკავშირის ხელმძღვანელ ბონდო მძინარიშვილთან და ვუთხარი, რაშიც იყო საქმე.

ადვოკატი თუ აიყვანეთ?

- დიახ, ადვოკატებიც გვყავდა. უკვე დილით, პროცესზე, როცა ე.წ. კაპეზედან გამოგვიყვანეს და წავედით სასამართლოში, იქ მოვიდნენ როგორც მედიაკავშირ „ობიექტივის“, ისე “საია”-ს ადვოკატები. სასამართლოზე გამოვთქვი ეჭვი, რომ აქ იმის გამო ვიმყოფებოდი და ჩემს მეგობრებსაც კანონისთვის შეუსაბამოდ იმიტომ ექცეოდნენ, რომ სურდათ შეეჩერებინათ ჩემი საქმიანობა, იმავე ჩემს ჟურნალისტობასთან დაკავშირებით და იმის გამოც, რომ რაღაცებს ხმამაღლა გამოვხატავ. ადვოკატებმაც განუმარტეს მოსამართლეს, რომ ის მტკიცებულება, რაც დაუმორჩილებლობის მუხლის ფარგლებში პატრულმა წარმოადგინა, ესეც კი არ ითვალისწინებდა სასჯელს. ჩვენი ბრალეულობა არაფერში იყო. პატრულმა ჩემს შესახებ თქვა, რომ თითქოს მე, მერაბ ჭიქაშვილი, ხელს ვუშლიდი, როცა მანქანის საჯარიმოზე გადასაყვანად ელექტრონულ ქვითარს აფორმებდნენ. ბუნებრივია, ეს სუსტი არგუმენტი იყო და მოსამართლეს ვუთხარი, რომ, ქალბატონო მოსამართლე, თუნდაც იქიდან გამომდინარე, თუ როგორი ჰუმანური დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ პატრულთან, არაფერში ჩანს, რომ ჩვენ მათ რამეში შევეწინააღმდეგეთ. აქედან გამომდინარე მაინც, იქნებ, მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება-თქო.

ამის მიუხედავად, მოსამართლემ არასასურველი, არაკანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა და 400 ლარიანი ჯარიმა დამაკისრა სახდელის სახით.

თქვენი მეგობრებიც დაჯარიმდნენ?

- ჩემს მეგობრებსაც იგივე სახდელი დააკისრეს. ამ დროს კი მძღოლმა ისედაც აღიარა, რომ ნასვამი იყო და ალკოჰოლის ტესტმაც დაადასტურა ეს. ძალიან მარტივად შეეძლოთ, შეედგინათ ოქმი, მანქანა გადაეყვანათ საჯარიმოზე და საქმე არ წასულიყო კაპეზემდე. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ჩემი საქმიანობის გამო, ჩემი გადაცემებისა და არაერთ აქციაში მონაწილეობის გამო დაიჩაგრნენ ჩემი მეგობრებიც და პირადად მეც. წარმოგიდგენიათ, ადამიანის დაკავება მანქანაში უკან ჯდომის გამო?!

თქვენ მოძრაობარატომ“-ის თავმჯდომარე ხართ. ამდენად, ალბათ, თქვენს დაკავებას მარტო ჟურნალისტიკას არ უკავშირებთ.

- რა თქმა უნდა, ჩემს აქტიურ საქმიანობას, უფლებების დაცვასა და სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვას ვუკავშირებ ამას.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებთ?

- ამ 400 ლარიან ჯარიმას გავასაჩივრებთ და, იქნებ, ერთხელ მაინც აღდგეს სამართლიანობა და სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანოს.

მოსამართლე ვინ იყო?

- მირანდა ერემიძე.