ქართველი “სილოვიკების“ ზენიტი

ქართველი “სილოვიკების“ ზენიტი

საქართველოს პრეზიდენტმა გასული თვის ბოლოს მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა და ახალ პრემიერმინისტრად შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი დანიშნა.

მერაბიშვილმა, თავის მხრივ, შს მინისტრად მისი სადაო პროტეჟე თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დაასახელა, ხოლო თბილისში დაბადებულმა ეთნიკურად რუსმა, დიმიტრი შაშკინმა თავდაცვის მინისტრის პორტფელი მიიღო.

თბილისელი დამკვირვებლები, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე სააკაშვილის მიერ განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პირისპირ რჩება ისეთ სერიოზულ ძალასთან, როგორიცაა ახალი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“, რომლის სათავეში მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი დგას.

მაგრამ მოტივაციის მიუხედავად, მერაბიშვილისა და ახალაის დაწინაურება მაინც შემაშფოთებელია გავრცელებული ხმების გამო: მათ სახელებს უკავშირდება გამოუძიებელი მკვლელობები და ახალაიას მიერ პენიტენციალურ სისტემაში გატარებული ულმობელი რეპრესიები.

44 წლის მერაბიშვილი პარლამენტში პირველად არჩეულ იქნა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პარტიიდან, საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან, 1999 წელს. თვრამეტი თვის შემდეგ მან ხმაური გამოიწვია, როდესაც „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადა, რომ შევარდნაძე „გადაიღალა“ და უძლური გახდა წინ აღდგომოდა კორუფციის ეპიდემიას, რაც საქართველოში საარაკო ამბად იქცა.

2003 წელს, ვარდების რევოლუციის შედეგად, შევარდნაძის გაძევებისა და მის მემკვიდრედ ყოფილი პარლამენტარისა და იუსტიციის მინისტრის -მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ, მერაბიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველ მდივნად დაინიშნა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ – სახელმწიფო უშიშროების მინისტრად. ეს სამინისტრო სულ მალე შეუერთდა შსს–ს და იგი ამ „სუპერ სამინისტროს“ ხელმძღვანელად დაინიშნა 2009 წლის დეკემბერში.

ამ თანამდებობაზე მერაბიშვილი მეთაურობდა დიდად გახმაურებულ რეფორმასა და წმენდას პოლიციის რიგებში, მაგრამ იმავდროულად, 2008 წელს, მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამტკიცებდა, რომ მერაბიშვილი შეურიგდა სამინისტროშივე „სადამსჯელო ჯგუფის ჩამოყალიბების ფაქტს, რომელიც კანონზე მაღლა იდგა და რომელსაც შეეძლო ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაცია, თუ ამას მიზანშეწონილად ჩათვლიდნენ”.

მიმდინარე კვირაში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მერაბიშვილმა აღიარა, რომ იყო მრავალი შემთხვევა, მათ შორის ბანკირ სანდრო გირგვლიანისა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოკლეს 2006 წლის იანვარში, რაც დადებითად არ აისახა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტზე.

მერაბიშვილი უკვე დიდი ხანია ითვლება მეორე ყველაზე გავლენიან, ქართველ თანამდებობის პირად სააკაშვილის შემდეგ; იგი ზედიზედ გადაყენებული პრემიერმინისტრების ზურგსუკან დგომით ინიღბებოდა, რომელთა ამოცანა, უპირველესად, თუ მთლიანად არა, ეკონომიკაზე იყო კონცენტრირებული.

თავის იშვიათ ინტერვიუებში ის გვევლინება, როგორც ქედმაღალი, თავხედი, უაღრესად ინდიფერენტული წვრილმანებისა და ნიუანსების მიმართ. ახალი მთავრობის პროგრამასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხისას, 4 ივლისს გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „სტატისტიკა არაფერს ნიშნავს“ და რომ მთავარი მისთვის, ხალხის განწყობის გაუმჯობესებაა.

პარლამენტის დეპუტატთა ოპოზიციურმა ნაწილმა ხმა არ მისცა პროგრამას, რომელსაც ჰქვია „მეტი სარგებელი ხალხს“. სააკაშვილის მიერ, გასული რვა წლის განმავლობაში, ზარზეიმით გამოცხადებული მრავალი ადრინდელი პროგრამის მსგავსად, ისიც მიმართულია უმუშევრობის დონის შემცირებისაკენ და განსაკუთრებით სოფლებში, აგრარული სექტორის აღორძინებისაკენ; სახელდობრ, პროგრამაში 80 000 სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით ინვესტიციების მოზიდვაა გათვალისწინებული და ასევე, გადასახადების შემცირება და სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა, მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად.

„მთავრობის ამოცანა წარმატებული, მდიდარი, ერთიანი სახელმწიფოს აშენებისთვის შესაფერისი პირობების შექმნაა, ასევე მუდმივად ყურადღების გამოჩენა, რათა თითოეულმა მოქალაქემ იცხოვროს ღირსეულად და კომფორტულად“ – განაცხადა მან. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯის სახით, მერაბიშვილმა გამოაცხადა ყოველი ოჯახისათვის ვაუჩერის გეგმაზომიერი განაწილება 1000 ლარის (604 $) ოდენობით, რომელსაც გამოიყენებენ კომუნალური ხარჯების დაფარვის ან მედიკამენტების და საწვავის შესაძენად.

პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, ამ ინიციატივას „აშკარა პოპულიზმი“ უწოდა.

ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსი მერაბიშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნასა და „ძალოვანი“ სამინისტროების მეთაურებად ახალაია–შაშკინის შერჩევას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. იმის გათვალისწინებით, რომ მერაბიშვილის ახალი სამთავრობო პროგრამა ვერ შეძლებს სულ რაღაც სამ თვეში ეკონომიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას, შეიძლება დავასკვნათ, რომ ის ცდილობს ქვეყანაზე კონტროლის გაძლიერებას ივანიშვილისა და მისი კოალიციის „ქართული ოცნების“ მხრიდან მომავალი საფრთხის გამო.

აღნიშნული საფრთხის შეკავების სურვილით, ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ივანიშვილი 126,2 მილიონი ლარით ($77, 5 მლნ) დააჯარიმა ათასობით სატელიტური თეფშის უფასოდ გავრცელების გამო, ასევე 90 მილიონი ლარით – პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევის, კერძოდ ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიებისთვის 239 მსუბუქი ავტომობილის ,,შეღავათიანი პირობებით“ მიყიდვის გამო. როდესაც მან ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა, ჩამოართვეს „ქართუ ჯგუფისა“ და მასთან დაკავშირებული ორი ბანკის აქციები და გაიტანეს აუქციონზე, თუმცა უშედეგოდ.

ევროპარლამენტში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ქეთრინ ეშტონის სახელით საუბრისას, კვიპროსელმა ჩინოვნიკმა ანდრეას მავროიანისმა ,,შეშფოთებით აღნიშნა ის, რომ მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციის ლიდერის ივანიშვილის მონაწილეობას, რომ რესურსები მის წინააღმდეგაა მიმართული და პარტიების დაფინანსებისა და ხმების მოსყიდვასთან დაკავშირებული კანონების გამოყენება ცალმხრივ რეჟიმში ხდება”.

მერაბიშვილის მსგავსად, 31 წლის ახალაისაც როგორც კანონს ისე განიხილავენ. პენიტენციალური სისტემის მეთაურის რანგში, მას არაერთხელ დასდეს ბრალი პატიმრებისადმი სასტიკ მოპყრობაში და სწორედ ამან გამოიწვია პატიმართა ბუნტი 2005 და 2006 წლებში, რომელიც ძალის გამოყენებით ჩაახშვეს. ოპოზიციის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თავდაცვის მინისტრად ახალაიას დანიშვნა სამი წლის წინ დაახასიათა, როგორც სააკაშვილის ყველაზე სახიფათო საკადრო გადაწყვეტილება, რაც მას ოდესმე მიუღია.

36 წლის შაშკინი კი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის ვაჟია; რამდენიმე წლის განმავლობაში ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხაზით თბილისში მუშაობდა, დაიმსახურა რა კომპეტენტური შუამავლისა და მენეჯერის რეპუტაცია; ხანმოკლე პერიოდში, 2009 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე, იგი სასჯელაღსრულების სისტემის მინისტრად მსახურობდა, ვიდრე განათლების მინისტრად დაინიშნებოდა.

10 ივლისის ინტერვიუში, რომელიც ყოველდღიურ გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნდა, შაშკინმა გნაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები (აშშ–სთან თანამშრომლობა და NATO-ში ინტეგრაცია) არ შეიცვლება, თუმცა აღნიშნა, რომ იგი შეიმუშავებს და განავითარებს ახალ სტრატეგიას, რომლის მიზანი სამხედრო მოსამსახურეთათვის და მათი ოჯახებისათვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა იქნება.

ჩვეული გაზვიადებით შეაქო სააკაშვილმა შაშკინი, როგორც „ერთ–ერთი უდიდესი ქართველი პატრიოტი“. თუმცა, ზოგიერთებს, შესაძლოა დაებადოთ შეკითხვები, თუ რა გზავნილს შეიცავს ეთნიკური რუსის საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნა, განსაკუთრებით ჩეჩნებსა და სხვა ერებს, როგორც ობიექტებს „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრატეგიისა”, რომელიც გასულ თვეში მიიღო პარლამენტმა. ამ სტრატეგიის მიზანი რეგიონის მოსახლეობის მოსკოვისგან გაუცხოების პროცესის დაჩქარება და საქართველოს ისეთ ქვეყნად წარმოჩენაა, რომელიც ყველაზე უკეთ დაიცავს მათ ინტერესებს.
foreignpress.ge