ქართული პოლიტიკა:მოსისხლე მტრობა

ქართული პოლიტიკა:მოსისხლე მტრობა

მართლაც საფრთხეშია თუ არა ქართული დემოკრატია? მთავრობა ამტკიცებს, რომ „პრორუსულმა ოპოზიციამ“ შეიძლება ჩაშალოს ამ წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. ამის საპირიპიროდ, ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიციური პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ჩივის, რომ სისტემატიურ დისკრიმინაციას განიცდის სულ უფრო და უფრო ავტორიტარული რეჟიმისგან. გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქართველების მხოლოდ 38%-ს მიაჩნია, რომ დღეს საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაშინ როდესაც თებერვალში ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 49%.

შესაძლოა, ქართველების შეხედულება საკუთარ ქვეყანაზე ზედმეტად პესიმისტურია. როგორც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ბოლოდროინდელ წინასაარჩევნო შეფასებაშია აღნიშნული, საქართველომ ბოლო წლებში რამდენიმე საკვანძო დემოკრატიული რეფორმა განახორციელა. ახალი ინსტიტუტები საარჩევნო სიის სიზუსტის გარანტიებს ქმნის და არეგულირებს პარტიულ დაფინანსებას. 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში საარჩევნო კოდექსში შეტანილმა შესწორებებმა მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები დანერგა, თუმცა უარის თქმა საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე (სადაც 6000-დან 158 000 ამომრჩევლამდე მერყეობს) იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ხმა, სხვა ხმებზე ნაკლებად ფასობს. „მასთ ქერის“ პრინციპის გაზიარება გააუმჯობესებს ოპოზიციური პარტიების წვდომას მედიასთან, რადგან ის ავალდებულებს საკაბელო ოპერატორებს გაავრცელონ ყველა ტელეკომპანიის საინფორმაციო მაუწყებლობა ექვსკვირიანი კამპანიის პერიოდში. მთლიანობაში, „2012 წლის საარჩევნო პროცესი უფრო ფორმალიზებული და დარეგულირებულია წარსულ არჩევნებთან შედარებით“, ასკვნის NDI.

მიუხედავად ამისა, ქართული პოლიტიკის ბნელი მხარე, რომელიც თომას დე ვაალმა „საგვარეულო შუღლს“ შეადარა, ძალიან ცხადად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ივანიშილი პოლიტიკაში შემოვიდა გასული წლის ოქტომბერში. საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი დღემდე საქართველოს მოქალაქეობის გარეშე რჩება – აბსურდული სიტუაცია, რასაც გმობს მისი თანამოქალაქეების უმრავლესობა; რაც უფრო მალე გადაწყდება ეს საკითხი, მით უკეთესია. კონტროლის პალატა დადანაშაულებულია იმაში, რომ არაპროპორციულ ჯარიმებს აკისრებს მოძრაობა „ქართულ ოცნებას“, რის გადახდაზეც ივანიშვილმა უარი განაცხადა. (რასაც პასუხად მისი ზოგიერთი აქტივის დაპატიმრება მოჰყვა). და მანამ, სანამ პარლამენტმა გაიზიარა „მასთ ქერის“ პრინციპი, მე-9 არხი, ახალი სატელევიზიო არხი, რომლის თანამფლობელიც ბ-ნი ივანიშვილის მეუღლეა, და „გლობალ TV”, ერთადერთი მაუწყებელი, რომელიც მის სიგნალს გადასცემდა, თითქმის უწყვეტი დევნისგან დაზარალდა.

მხარეები მწვავედ აკრიტიკებენ ერთმანეთს, ჩივიან დევნაზე, კამპანიის არასწორ დაფინანსებაზე, სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვის მცდელობასა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე. 4 ივლისს ევროპარლამენტში გამართული დებატებიც მსგავსი უკიდურესობებით ხასიათდებოდა. როგორც ეს „ქართული ოცნების“ კამპანიურმა შეხვედრება ცხადყო ცენტრალური საქართველოს სოფლებში მერეთსა (26 ივნისი) და კარალეთში (12 ივლისი), სიტუაცია, როგორც ჩანს შეიძლება კიდევ უფრო ამაზრზენი გახდეს.

მიუხედავად ამისა, ივანიშვილის პოლიტიკურმა გამოღვიძებამ ქართველი ამომრჩევლებიც გამოაღვიძა. უზარმაზარი, მშვიდობიანი აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რაც შორსაა იმ ყველაფრისგან, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა. კვლევები ცხადყოფს, რომ დღეს გაცილებით მეტი ქართველი (75%) გეგმავს ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, ვიდრე ამას შარშან სექტმბერში (51%) აპირებდა. და პოლიტიკური დებატები დიდწილად ფოკუსირებულია ისეთ პრობლემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია რიგითი ქართველებისთვის და არამხოლოდ პერსონალიებისთვის.

„ქართულმა ოცნებამ“ მისი ზოგიერთი გეგმა მაისში წარმოადგინა: კომუნალურ მომსახურებაზე გადასახადების შემცირება, ინვესტიციების განხორციელება სოფლის მეურნეობაში, ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა და გაზრდილი პენსიები. ვანო მერაბიშვილმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ივნისის ბოლოს პრემიერ-მინისტრი გახდა, ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე, მთავრობის პოსტსაარჩევნო ოთხწლიანი პროგრამის შესახებ ილაპარაკა. მასაც სურს პენსიების გაზრდა, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის შემოღება, და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის განხორციელება. ბ-ნმა მერაბიშვილმა უმუშევრობასთან ბრძოლისთვის (ქართველების დაახლოებით 34% აცხადებს, რომ უმუშევარია, მაშინ როცა ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი 16%) ახალი დასაქმების სამინისტროც შექმნა, და ყველა ოჯახის 600 დოლარის ღირებულების ვაუჩერით უზრუნველყოფის პირობას დებს.

მიანიშნებს თუ არა მერაბიშვილის დანიშვნა იმაზე, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გახდება პრემიერმინისტრი მას შემდეგ, რაც 2013 წლის დასაწყისში მისი ვადა ამოიწურება? მერაბიშვილის, როგორც ქართული პოლიტიკის რამდენიმე დიდ მონსტრთაგან ერთ-ერთის გვერდზე გაწევა, რა თქმა უნდა იოლი არ არის. ყოველ შემთხვევაში, პუტინის სტილში სკამების გაცვლის სცენარს, ქართველებში მომხრეზე მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება.

იმედისმომცემია ის, რომ ქართველების 55%-ის აზრით არჩევნები კარგად ჩატარდება და გაყალბების მხოლოდ 21%-ს ეშინია. თუმცა თვითდამშვიდების საფუძველი მცირეა. ბ-ნმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუკი მის ხელთ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი რაიმე ფაქტი მაინც აღმოჩნდება, ის მოსახლეობას ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს. უცხოელი დამკვირვებლების უმრავლესობისა და ბევრი ქართველისთვის, ეს უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 27% პროცენტი აცხადებს, რომ ასეც მოიქცევა. ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ეს განწყობა შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს.

სანამ ქართველების უმრავლესობა იმაზეა ფოკუსირებული თუ ვინ გაიმარჯვებს, საქართველოს მოკავშირეები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისადმი ნდობა, გადამწყვეტია. როგორც NDI აცხადებს, „დემოკრატიული ინსტიტუტების და პრაქტიკის შემდგომი განვითარება იძლევა საუკეთესო შანსს დასავლური ინტეგრაციის, ხანგრძლივი კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის“. იმ ფონზე, როდესაც როგორც ჩანს მომდევნო თვეებში პოლიტიკური ტემპერატურა მოიმატებს, კარგი იქნება თუ ქართველი პოლიტიკოსები ამას გაითვალისწინებენ. მაგრამ გაითვალისწინებენ კი?
foreignpress.ge