კარალეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებამ ე.წ. „ქცევის კოდექსის“ შემუშავება გადაწყვიტა და დეკლარაციის ტექსტი ხელმოსაწერად მზად არის. ცხადია, ამ ტექსტს პირველი ედპ შეუერთდება და ოპოზიციური პარტიის სტატუსით ხელისუფლების მადიდებელ სიტყვებსაც არ დაიშურებენ. ედპ-ს კომენტარი ნაციონალური ტელეარხებისთვის არის საჭირო, რომ ე.წ. ოპოზიციის პოზიცია დაფიქსირდეს. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ დეკლარაციის მიღებას „ახალი მემარჯვენეები“ და „ქრისტიან-დემოკრატებიც“ კი ეჭვის თვალით უყურებენ.
შაბათს გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თეა წულუკიანმა კარალეთში მომხდარი ინციდენტის სათანადოდ შესწავლის საკითხი დააყენა. მან ოთხი ადამიანის ფოტოსურათი წარმოადგინა, რომლებიც, წულუკიანის განცხადებით, კარალეთის ინციდენტში აქტიურად მონაწილეობდნენ და დასჯილნი არ არიან მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე დაკავებულნიც არიან და გასამართლებულნიც.
როგორც თეა წულუკიანი განმარტავს, ეს ოთხი პირი ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის, ბადრი ბასიშვილის ზონდერები არიან და არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის. მისი თქმით, სწორედ ეს პირები იყვნენ ქვების სროლის, ჩხუბის და შეხლა-შემოხლის ინიციატორები. წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ამ პირების მიმართ სანქციების გატარება მოითხოვა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დაკავებული წევრები არიან დაზარალებულები და ერთ-ერთ მათგანს აქვს ტვინის შერყევა.
წულუკიანი აცხადებს, რომ გაუგებარია რისთვის სხედან ისინი ციხეში. მისი თქმით, გუშინ გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები სასჯელის მოსახდელად კახეთში გადაიყვანეს, რაც გაართულებს ამ ადამიანების ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.
მან ასევე დასვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც შეუძლებელს გახდიდა უწყებათაშორისი კომისიის წარმატებულ საქმიანობას სამეგრელოს რეგიონში.
„ჩვენ ვთქვით - შს მინისტრი ბაჩო ახალაია მამამისს ხომ არ მისცემს საყვედურს კანონდარღვევებთან დაკავშირებით“, - აცხადებს წულუკიანი.
ამ შეხვედრის შემდეგ „ნაციონალების“ წარმომადგენელმა, პავლე კუბლაშვილმა საგანგებო დეკლარაციის შემუშავების იდეა გაახმოვანა, რომელიც წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ ერთიანი დოკუმენტის შექმნას ითვალისწინებს.
როგორც კუბლაშვილმა განმარტა, ამ დოკუმენტის მიზანი იქნება, განსაზღვროს საარჩევნო კამპანიის ძირითადი საკითხები, რომელიც შეეხება უარის თქმას ძალადობაზე, მოსყიდვაზე და ასევე კანონის შესაბამისი ნორმების დაცვაზე ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის.
„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც უნდა შეუერთდეს ყველა პოლიტიკური გაერთიანება და ამ დოკუმენტის მიზანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა კუბლაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიები გამოეხმაურებიან და ხელს მოაწერენ აღნიშნულ დოკუმენტს.
დღის ბოლოს კი უკვე დეკლარაციის ტექსტი გაავრცელეს.
„ჩვენ, ამ დეკლარაციის ხელმომწერი პარტიები, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა მრავალ საკითხთან დაკავშირებით, ვაღიარებთ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტ მნიშვნელობას ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის. ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ:
1. უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია.
2. უარს ვამბობთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე;
3. მზად ვართ განუხრელად დავიცვათ ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით;
4. ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.
დეკლარაციაზე ხელმოწერის თანხმობა ედპ-მ იდეის გახმოვანებისთანავე გამოთქვა. ამ დროს ტექსტი ჯერ უცნობი იყო და არავინ იცოდა, რა პირობები ჩაიწერებოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქცევის კოდექსის შესრულების მონიტორინგის მექანიზმები შევიმუშაოთ. ეს უფრო არასამთავრობოების მოვალეობა უნდა იყოს“, - განაცხადა გურამ ჩახვაძემ.
„ახალი მემარჯვენეები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“ კი ამ გადაწყვეტილებას გარკვეულწილად პიარისთვის გათვლილ ნაბიჯად მიიჩნევენ და მის შედეგიანობაზე ეჭვი ეპარებათ.
„დოკუმენტს პოლიტიკური თვალსაზრისით აქვს დატვირთვა და ასევე პიარის თვალსაზრისით ნამდვილად ექნება დატვირთვა. თუ საკითხი დგას ასე, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისთვის მაინცდამაინც ასეთი დოკუმენტის შექმნაა საჭირო, კი, ბატონო, შევქმნათ. მაგრამ მე ძალიან მეეჭვება, რომ ამას რაიმე შედეგი ჰქონდეს. თუმცა, საზოგადოება დღეს იმდენად პოლარიზირებულია, რომ არ მინდა, ამ თვალსაზრისით ჩვენ, „ახალმა მემარჯვენებმა“ რაიმე პრობლემა შევქმნათ“, - ამბობს „მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე კი ამბობს, რომ „იმ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც გარკვეულ ვალდებულებას ქმნის, რომ ჩვენ პოლიტიკური დებატების დროს გამოვიყენოთ მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტები, დებატები, სიტყვა, როგორც ურთიერთობის მექანიზმი და არა აგური, იარაღი და ა.შ. ცხადია, ასეთი დოკუმენტის მიღება კარგი იქნება, მაგრამ მეორე საკითხია, თუ ამ დოკუმენტს ვინ შეასრულებს და ვინ არა“.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხელს ორივე პარტია მოაწერს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“.
„დაამტკიცოს „ნაცმოძრაობამ“ და მათმა ხელისუფლებამ, რომ გულწრფელად სურთ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და არა დაპირისპირება და ჩვენ ვირწმუნებთ მათი სურვილების სინამდვილეს“, - ამბობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას, შეუერთდეს თუ არა ამ დოკუმენტს, უახლოეს დღეებში მიიღებს, მას შემდეგ, რაც დოკუმენტს გაეცნობა.
საინტერესო ის არის, რომ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ამ დოკუმენტს კომისიის სხდომაზე შეთანხმებულ საკითხად აფასებს.
„ჩვენი კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის დადებითი და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც იქნა განხილული. დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც მიმდინარეობდა. ამიტომ, თუკი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ძალები საკვანძო საკითხებზე თუნდაც დეკლარაციას მიიღებენ, ეს, ცხადია, პროცესებზე დადებითად მოქმედებს“, - ამბობს გიგა ბოკერია.
თეა წულუკიანის განცხადებით კი, ამ საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.