საქართველოს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს რომ ბოროტად იყენებს, ეს უკვე ცალსახაა და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მსჯელობის საგანიც გახდა. ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენები მხოლოდ იმიტომ დაუყადაღეს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო ეს ანტენები უსასყიდლოდ დარიგებულიყო. აღარაფერს ვამბობთ, „გლობალ TV“-ს ანტენების დაყადაღებასა და „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტ შალვა რამიშვილის გადაცემაში „აკრედიტაციის გარეშე“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი რუსუდან წიკლაური „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ, წიკლაურმა დეტალურად ისაუბრა, როგორ მუშაობენ ნაციონალები ჯერ წინასაარაჩევნოდ, ანუ როგორ ახდენენ თავიანთი მხარდამჭერების სიების შეგროვებას, ხოლო შემდეგ როგორ ახორციელებენ საარჩევნოდ მათ მობილიზებას. ასევე წიკლაურმა ნაციონალების მიერ არჩევნების გაყალბების მეთოდებზეც ისაუბრა.
ამის საპსაუხოდ „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ მომხრეების სიების შედგენა ქართული კანონმდებლობით დასჯადი არ არის.
„პირველ ყოვლისა, ვადასტურებთ, რომ პარტიის მიზანი არის არჩევნებში გამარჯვების მოპოვება და ამ მიზნის მისაღწევად პარტია იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, სწორედ ამგვარ საშუალებას წარმოადგენს მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოს გამოყენება პარტიის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ისეთი ლეგიტიმური მიზნისა, როგორიცაა სიუჟეტში ნახსენები, ე.წ. მხარდამჭერთა სიების შეგროვება. ყველა თანამედროვე დემოკრატიაში საარჩევნო კამპანიისთვის სრულიად ლოგიკურ აქტივობას წარმოადგენს პარტიის მხარდაჭერის რესურსის გაზომვა და პრობლემური რაიონების იდენტიფიცირება. ზემოთქმული საქართველოს კანონმდებლობითაც ნებადართული საქმიანობაა და არ არის რაიმე შეზღუდვის ობიექტი“, - ნათქვამია ნაციონალების განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ რომ მსგავს აქტივობებში, ცალკეულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით ჩართულნი არიან საჯარო მოხელეებიც, რაც ნაციონალების განცხადებით, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას.
„პარტია განუხრელად იცავს კანონმდებლობის მოთხოვნას, რომლითაც საჯარო მოხელეები პარტიულ აქტივობებში მონაწილეობისას არ უნდა იყენებდნენ სამსახურეობრივ მდგომარეობას და აგიტაციაში არ მონაწილეობდნენ უშუალოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში“, - ამბობენ ნაციონალები.
მათივე განცხადებით, 32-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი რუსუდან წიკლაური იყო ერთ-ერთი მოხალისეთაგანი, რომელიც ჩართული იყო პარტიის აქტივობებში. მისი პარტიული საქმიანობა არასდროს უკავშირდებოდა მის სამსახურებრივ მოვალეობას. ამასთანავე, იგი ამ სამუშაოს ასრულებდა როგორც მოხალისე, სამსახურისაგან თავისუფალ დროს და არასდროს არ აუღია ამისათვის გასამრჯელო.
„რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა რუსუდან წიკლაურის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, რის გამოც პარტიამ აღარ მიიჩნია საჭიროდ მისი, როგორც მოხალისის შრომის გამოყენება საარჩევნო მიზნებისათვის. ბუნებრივია, ამას არ მოუხდენია არავითარი გავლენა მის სამსახურზე და რუსუდან წიკლაური დღემდე აგრძელებს მუშაობას სამეურვეო საბჭოს წევრად“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კონკრეტულ კანონდარღვევაზე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ც მიუთითებს. კერძოდ, საუბარია კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის მიერ სოფლის რწმუნებულებისთვის მიცემულ დავალებებზე.
„ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორმა გურჯაანის საკრებულოს წევრებსა და სოფლის რწმუნებულებს დაავალა ადგილობრივი წარმოშობის ავტორიტეტული პიროვნებების საარჩევნოდ მობილიზაცია. ეს პიროვნებები წინასაარჩევნოდ რამდენიმე დღით ადრე სოფელში უნდა იყვნენ და არჩევნებზე მინუმუმ ათი ისეთი ადამიანი მიიყვანონ, რომლებიც ხმას აუცილებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ. ამ სამსახურის სანაცვლოდ კი ერთკვირიანი ანაზღაურებადი შვებულება გარანტირებული ექნებათ. რწმუნებულმა ჩვენს წყაროს ასევე განუცხადა, რომ ეს დავალება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა და ვიცე-გუბერნატორმა გოგიტა სიბაშვილმა უშუალოდ მისცეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
დღეს ამ განცხადებას გიორგი ღვინიაშვილი გამოეხმაურა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ კითხვაზე გიორგი ღვინიაშვილმა უპასუხა, რომ უკანონო ბრძანებებს არ იძლევა.
„მე საერთოდ დავალებებს ვიძლევი, კანონსაწინააღმდეგოს არა. არ მესმის იმ აჟიოტაჟის, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან. ხაზგასმით ვაცხადებ, - ისეთ დავალებას, რომელიც არღვევს საარჩევნო კოდექსს, არ ვიძლევი“, - განაცხადა ღვინიაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.
ამდენად, პოლიტიკური ვითარება ასეთია - ერთი მხრივ ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პერიოდში მთელს ადმინისტრაციულ რესურსს საკუთარი ინტერესებისთვის მაქსიმალურად იყენებს. ამასთანავე, საუბარია ამომრჩევლების მოზიდვის საკმაოდ უხეშ ფორმებზე, როგორიცაა დაშინება, სამსახურიდან გაგდების მუქარით დაშანტაჟება და ა.შ. ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
მეორე მხრივ კი, კონკრეტულ კომერციულ კომპანიებს, ვისზეც ხელისუფლებას აქვს ეჭვი, რომ რაიმე სახით ბიძინა ივანიშვილთან კავშირი აქვთ, მილიონიან ჯარიმებს აკისრებენ, ქონებას უყადაღებენ, ზეწოლას ახდენენ მათ თანამშრომლებზე. ამას ემატება თავად კოალიციის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლა და კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგონრად დიდი ოდენობის ჯარიმის დაკისრება იმისთვის, რასაც მას პრაქტიკულად ვერ უმტკიცებენ. ყველაფერ ამას ფონად გასდევს ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, რაც ტელეკომპანია „მაესტროს“-სთვის სატელიტური ანტენების დაყადაღების თანხლებით მიმდინარეობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადების შეფასება კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვთხოვეთ. მისი თქმით, თუ საჯარო მოხელე ამგვარ საქმიანობას არასამუშაო დროს ეწევა, ამაზე კანონი შეზღუდვას არ აწესებს, მაგრამ ამისთის საჯარო მოხელე თავის მდგომარეობას არ უნდა იყენებდეს.
„ამომრჩეველთან მისული საჯარო მოხელე მას არ უნდა ეუბნებოდეს, რომ არის გამგებელი, რწმუნებული და ა.შ. ანუ თავისი მდგომარეობის გამოყენებით იგი ამომრჩეველზე თუნდაც ირიბ ზემოქმედებას არ უნდა ახდენდეს“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ამ საქმიანობაში ადამიანები გასამრჯელოს იღებენ. ხმალაძე ამბობს, რომ რატომღაც მოხელეები ხდებიან მხოლოდ ნაციონალების აქტივისტები, კერძოდ, იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები დასაქმდნენ, სპეციალურად იქმნება სამუშაო ადგილები.
„იქმნება სამუშაო ადგილები, რომლებიც რეალურად საჭირო არ არის. ასეთ ადგილებზე საქმდებიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ანუ ისინი მუშაობენ სხვა ადგილას და ხელფასს ღებულობენ აბსოლუტურად სხვა საქმიანობაში. ფორმალურად თითქოს დარღვევა არ გვაქვს, მაგრამ რეალურად ფულს სხვა რამეში უხდიან და ისინი სხვა რამეს აკეთებენ. მაგრამ ამის დამტკიცება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა კონკრეტულ შემთხვევებზე ჩატარდეს გამოკვლევა, ესა თუ ის ადამიანი მართლაც იქ მუშაობს, სადაც ის გაფორმებულია თუ არა“, - აღნიშნავს ხმალაძე.
იგი საუბრობს პოლიტიკური ძალის მიერ საკუთარი მხარდამჭერების აღწერაზეც, რაც მისი თქმით, სრულიად კანონიერია და ამის გაკეთების უფლება ყველას აქვს, მაგრამ როდესაც ადამიანს ეძლევა კონკრეტული დავალება, რომ აღწეროს ამომრჩეველთა კონკრეტული რაოდენობა, შემდეგ კი უზრუნველჰყოს ის, რომ არჩევნებზე ამ ადამიანებმა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მისცენ ხმა, ეს უკვე კანონდარღვევაა.
„თქვენც და მეც შეგვიძლია კონკრეტულ ადგილას მივიდეთ და ადამიანებს მოვუწოდოთ, რომ ჩვენ დაგვიჭირონ მხარი, მაგრამ ეს არის ის ზღვარი, სადაც ჩვენ უნდა გავჩერდეთ. ამის შემდეგ რომ დავიწყოთ მათთან სიარული, გინდა თუ არა, წამოდი და ხმა მე მომეციო, ეს უკვე იძულებაა, თუნდაც არაფერს შევპირდეთ ამ ადამიანებს, მუქარაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. იძულებაა ისიც, თუ მაგალთად კაცი სახლშია და არ უნდა არჩევნებზე წასვლა, ამ დროს მე სია მაქვს და ვხედავ, რომ ეს კაცი არ მოვიდა, ამიტომ მივდივარ მასთან და არჩევნებზე ვეპატიჟები, ხოლო როდესაც მეუბნება, რომ ეზარება წასვლა, ჩემი მანქანით მიყვანასაც ვთავაზობ. ეს ყველა ვარიანტში იძულებაა, რადგან თუ ადამიანს არჩევნებზე წასვლა სულს, საჭირო არ არის მანქანის მირთმევა, ის თვითონაც მშვენივრად მივა. ეს უკვე უკანონობაა, ისევე, როგორც მაგალითად ის, რომ ამომრჩევლებს აფრთხილებენ, საარჩევნო ბიულეტენს სურათი გადაუღეთ, რომ ნამდვილად დავრწმუნდეთ, რომ ხმა ჩვენ მოგვეცითო“, - ამბობს ვახტანგ ხმალ