დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო „საქართველოს ლეგიონის“ საპატიო თავმჯდომარე, გენერალი გია ყარყარაშვილი. მან 12 ივლისს გორის რაიონის სოფელ კარალეთში მომხდარ ინცინდენტზე ისაუბრა.
ყარყარაშვილის თქმით, იგი ორი დღის განმავლობაში შიდა ქართლის სოფლებში იმყოფებოდა და ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ მოენახულებინა ის სოფლები, სადაც კონფლიქტების პერიოდში მოუწია ყოფნა. გია ყარყარაშვილი ამბობს, რომ ყველა სოფელში შესვლისას ყველა ადამიანის მიმართ გამოხატავდა პატივისცემას განურჩევლად მათი შეხედულებებისა და პოლიტიკური მრწამსისა, რადგან თითქმის ყველა მათგანს იცნობს და ასეთივე იყო განწყობა თავად ყარყარაშვილის მიმართ, რისთვისაც შიდა ქართლის მოსახლეობას მადლობას უხდის.
„ ამ ადამიანებმა იმდენი ჭირ-ვარამი გადაიტანეს, რომ იმსახურებენ დღესაც განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იყვნენ. ამ დასახლებებში დევნილები 80 ლარიანი დახმარების იმედად ცხოვრობენ და სხვა არანაირი სარჩო-საბადებელი არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, უნდოდათ, რომ სახლში მივეპატიჟებინე, მეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ პური აქვთ სახლში, მაგრამ მაინც გულითადად მეპატიჟებოდნენ. იმ ინცინდენტის არც ერთ მონაწილეზე ცუდს არ ვიტყვი, რადგან უმრავლესობა ჩემი თანამებრძოლი იყო. უფრო მეტიც, 2003 წელს, როდესაც პარლამენტში შეწყალების კომისიის საკითხებზე ვმუშაობდი, მათი უმეტესობა ჩემი რეკომენდაციით არის ციხიდან გამოსული. ამას ნამდვილად არ ვნანობ, რადგან ბევრ მათგანთან ერთად ცხინვალის რეგიონში ვიბრძოდი“, - აღნიშნავს გია ყარყარაშვილი.
ყარყარაშვილის შეშფოთებას იწვევს, სიძულვილის მარცვალი, რაც კონფრონტაციის საფუძველი ხდება. ყველაფერი კი რამდენიმე სიტყვაში გამოიხატება, რასაც შიდა ქართლში „ქართული ოცნების“ წევრებს ეუბნებოდნენ და ეს სიტყვებია - „თქვენ რუსები გინდათ“. ყარყარაშვილი ამბობს, რომ პირადად მისთვის ასეთი რამ არ უთქვამთ, თუმცა ამ სიძულვილის მარცვალმა, რაც კარალეთში დაინახა, პრეს-კონფერენციის ჩატარება და ხელისუფლებისადმი მიმართვის გაკეთება გადააწყვეტინა.
„ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემდი და მათ მიმართ ცუდი განწყობა დღესაც არ მაქვს. პირადად მინდა ერთი სახელი და გვარი ვახსენო და ამ ადამიანს მივმართო. მივმართავ გიგა ბოკერიას - გიგა, ოდესღაც ვიცნობდით და პატივს ვცემდით ერთმანეთს, თუ დამისაბუთებთ, რომ „ქართული ოცნება“, ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“ დავით უსუფაშვილი და ამ პარტიის სხვა წევრები, რომლებიც მგონი ამერიკაში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე საქართველოში, არიან რუსული ინტერესების გამტარებლები, მე დღესვე არათუ პოლიტიკურ აქტივობას შევწყვეტ, არამედ საერთოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევცვლი, რადგანაც ჩემთვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირებაში პრიორიტეტული არც რუსეთის ბაზრის გახსნაა, არც ქუთაისური მწვანილის და კახური ყურძნის გატანა. ჩემთვის პრიორიტეტულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა მოხდეს არა თხოვნით, არამედ მიზანიმართული პოლიტიკით, რომლის ერთი მხარე იქნება საქართველოს პრინციპული პოლიტიკა, საერთაშორისო სამართლის საფუძვლებზე დაყრდნობით და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით. ამავდროულად დიალოგით, რომელიც პრინციპული უნდა იყოს. თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ ეს პოლიტიკური ფიგურები რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან, მე საქვეყნოდ მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამებრძლოს, ყველა ვეტერანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭირონ მხარი“, - აცხადებს ყარყარაშვილი.
იგი ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპკორპუსს და მოუწოდებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ადექვატური რეაგირება მოახდინონ. აქვე ყარყარაშვილი ამბობს, რომ ერთის მხრივ დიპლომატები ამბობენ, რომ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს უჭერენ მხარს, მაგრამ არ შეიძლება არჩევნები ორ მხარეს შორის სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. გენერალი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში პირადად მას მტრები არ ჰყავს, მაგრამ ხელისუფლების უკმაყოფილოა მისი სისასტიკის გამო. გია ყარყარაშვილის თქმით, მას აშფოთებს ასევე ციხეებიდან გამოსული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცევიან პატიმრებს და მოუწოდებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს და ასევე ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ.
„მე ზუგდიდში ტყვეობაში ვიმყოფებოდი და იქაც კი ჩემთვის არც ერთ ადამიანს შეურაცხმყოფელი სიტყვით არ მოუმართავს. როდესაც ადამიანს განსხვავებული აზრის გამო რუსეთის აგენტს ეძახი, ეს შენი დაბალი ინტელექტის ნიშანია, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პირადად ჩემთვის კარალეთში ამგვარი რამ არავის უთქვამს“, - ამბობს ყარყარაშვილი.
მისი თქმით, ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც კარალეთის ინცინდენტის დროს „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა, თავად ყარყარაშვილმა გამოაშვებინა ციხიდან და მის ოჯახსაც კარგად იცნობს. „საქართველოს ლეგიონის“ საპატიო თავმჯდომარე ამბობს, რომ მთლიანობაში ეს ინცინდენტი ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. მიზეზი კი პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომ თუ მათთან არ ხარ, ესე იგი რუსეთის კაცი ხარ.
რაც შეეხება შიდა ქართლის რეგიონში მოსახლეობის განწყობას, ყარყარაშვილის თქმით, იქ ძირითადად ოპოზიციური განწყობაა, მაგრამ აქვე იგი ამბობს, რომ დევნილების დასახლებებში ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლება არ აქვთ.
„მერეთში შეიძლება ოპოზიციური განწყობა სჭარბობდეს, ასევე არბოში და კორბში, მაგრამ არის სოფლებიც, სადაც სახელისუფლებო განწყობა სჭარბობს. რაც შეეხება დავნილთა ჩასახლებებს, იქ არსებობის ერთადერთი საშუალება არის 80 ლარიანი დახმარება. ამ ჩასახლებებში არიან მამასახლისები და თუ ვინმე ოპოზიციურ განწყობას გამოხატავს, ის იქნება დასჯილი. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დევნილთა დასახლებებში არჩევანის თავისუფლება არ აქვთ“, - აცხადებს გია ყარყარაშვილი.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ 15 ივლისს გორში „ქართული ოცნების“ აქციაზე რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოხდეს, გია ყარყარაშვილი პასუხობს, რომ თუკი გორში რამე მოხდება, საერთაშორისო ორგანიზაციები ამაში თანამონაწილეები იქნებიან.
„პრევენცია ინცინდენტზე კი არ უნდა გააკეთო, არამედ მანამდე. მათ ახლა უნდა გააკეთონ მკვეთრი განცხადება. თუკი დემოკრატიულ ქვეყანაზი ვსაუბრობთ, შეიძლება საარჩევნო პროცესი სიძულვილში გადაიზარდოს? რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა ასეთ ვითარებაში იმის საფრთხე, რომ გასროლა მოხდეს, ამის ნიშნებს მე დღეს ვერ ვხედავ. უფრო მეტიც, ოპოზიციაში იარაღის რესურსი არ არსებობს“, - ამბობს ყარყარაშვილი.
მან კომენტარი გააკეთა ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს კახა კალაძეს კარალეთში 50 კაციანი დაცვა ახლდა. ყარყარაშვილის თქმით, კალაძეს 8-10 კაციანი დაცვა ჰყავს და ესეც მერეთის ინცინდენტის შემდეგ გახდა საჭირო, რადგან „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ. ყარყარაშვილის თქმით, მათ ადგილზე ხვდება დაახლოებით 10 კაცი, რომელიც პირდაპირ პროვოკაციაზე მიდის და კოალიციის წევრებს მოსახლეობასთან შეხვედრის და საუბრის საშუალებას არ აძლევს.
გია ყარყარაშვილმა ისაუბრა ხაშურში მინისტრ გოგა ხაჩიძის ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებულ მსგავს ქმედებაზე.
„მევლუდ ხაჩიძე ჩემთან გვარდიაში, ხაშურის ბატალიონში საუბრობდა. მერე მე იგი ხაშურის ნავთობბაზის დირექტორად დავნიშნე. ამის შემდეგ იგი ფინანსური საკითხების გამო ორჯერ იჯდა ციხეში, ერთხელ ჯართთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები, ეს კაცი როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლების მიერ იყო დაპატიმრებული.
ეს ადამიანი ყველას რომ აგინებს, მე ჩავალ მის სოფელში, გამოვიყვან სახლიდან და ვის აგინებს დედას, დავანახებ მაგას“, - აცხადებს გია ყარყარაშვილი.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა სიტუაცია ისე დაიძაბოს, რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, იგი ასე პასუხობს, - „ნიშნები გაინტერესებთ? ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ გამარჯვებული და დამარცხებული მხარე, რბილად რომ ვთქვთ, ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები არ იქნებიან. დამარცხებული მხარის მიმართ სისასტიკე იქნება გამოჩენილი. დღესდღეობით კი ხელისუფლება თვლის, რომ დამარცხებული იქნება ოპოზიცია. საარჩევნო სიები, ტექნოლოგიები, მთელი ეს პროცესი მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ამ არჩევნებში ხალხის აზრი რეალურად არ იქნება წარმოჩენილი“, - აღნიშნავს ყარყარაშვილი.