გმირი და კოშმარი: სტალინის რებრენდინგი

გმირი და კოშმარი: სტალინის რებრენდინგი

რას იზამთ, თუკი თქვენი სახელგანთქმული თანაქალაქელი, ბოროტი საქმეებით ცნობილი საბჭოთა დიქტატორია? ქართული ქალაქის, გორის მუზეუმში ცდილობენ რეალისტური, პოსტსაბჭოთა სურათი წარმოადგინონ.

სტალინის მუზეუმში შესვლისთანავე გეუფლება უცნაური გრძნობა. ,,ეს მუზეუმი ისტორიის ფალსიფიკაციაა“, ვკითხულობთ თვალისმომჭრელ ტრანსპარანტზე, რომელიც სტალინის მუზეუმის მთავარ შესასვლელში ჰკიდია; ,,ეს საბჭოთა პროპაგანდის ტიპური ნიმუში და ისტორიაში ყველაზე სისხლიანი რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობაა.“

იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელიც მოგვიანებით ისტორიაში შევიდა როგორც იოსებ სტალინი, დაიბადა უბრალო ქართულ ოჯახში, გორში, 1878 წელს და მიუხედავად იმისა, რომ ეს რეჟიმი კარგა ხანია აღარ არსებობს, ქალაქი გორი კვლავაც ყურადღების ცენტრშია მისი ავადსახსენებელი შვილის წყალობით.

სულ ორიოდე წლის წინათ, გორის ცენტრალურ მოედანზე დიქტატორის უზარმაზარი ქანდაკება იდგა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში კი მსგავსი მონუმენტები აღარ არსებობდა. ქალაქ გორის მრავალი ბინადარი დღესაც ისევ ფაქიზად ეპყრობა ბელადის ხსოვნას, მაშინ როცა მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მას სისხლიან დიქტატორად განიხილავს.

გრანდიოზული მუზეუმი პირველად გორში საბჭოთა ბელადის სიცოცხლეშივე გაიხსნა, რომელიც აკლდამას უფრო მოგვაგონებს, ხოლო ახალი მამხილებელი ბანერები მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელებების შესახებ ღაღადებენ. იქვე მაღაზიაში, დაუჯერებელია, მაგრამ სტალინის პორტრეტებით ,,დამშვენებული’’ მაისურები, სანთებელები და ახალი ჭურჭელი იყიდება.

2003 წელს, ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსული მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური მთავრობა, ამ პატარა ქვეყნიდან, რომელმაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 70 წელიწადი გაატარა, ყველაფერი საბჭოურის გაქრობას ცდილობს, ისინი გეგმავენ სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გადაქცევას. მთავრობას განზრახული აქვს გაზარდოს ფინანსები და მოახდინოს მთლიანი რეკონსტრუქცია ისე, რომ შეინარჩუნოს დიქტატორის პირადი ცხოვრების, ხელისუფლებაში მისი აღმასვლის ამსახველი ექსპონატები. ამასთანავე სურს დაამატოს ინფორმაცია, რომელიც სტალინის რეჟიმის შედეგებს გვიჩვენებს კოლექტივიზაციის მსხვერპლთა ჩათვლით, უკრაინაში – შიმშილობით, რეპრესიული წმენდითა და გულაგით, აგრეთვე საბჭოთა იძულებითი შრომა–გასწორების მრავალი ბანაკის ჩვენებით.

,,არსებობს საბჭოთა კავშირის მიერ ქვეყნების ოკუპირების ამსახველი მრავალი მუზეუმი ესტონეთში, ლატვიასა და სხვა ქვეყნებში” – აცხადებს პარლამენტის დეპუტატი ბატონი სააკაშვილის პარტიიდან გიორგი კანდელაკი, რომელიც ამ პროდუქტის ერთ–ერთი ინიციატორია. ,,მაგრამ არ არსებობს ერთი მუზეუმიც კი, რომელიც სტალინის საშინელებათა მთელ ისტორიას მოგვითხრობდეს ისევე, როგორც ეს ჰოლოკოსტის მუზეუმშია წარმოდგენილი”.

მუზეუმის თანამშრომლები არ არიან მაინცდამინც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ. ,,როგორც ირკვევა, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება“ – ამბობს ექსკურსიამძღოლი ოლღა თოფჩიშვილი, ვარდისფერი ტუჩსაცხითა და მისივე ვარდისფერი კაბის შესაფერისი თვალის ჩრდილებით, რომელიც მუზეუმში 29 წელია მუშაობს. მუზეუმის დარბაზების შემოვლისას, მიუთითებს სტალინის მეთოდური აღმასვლის გამომხატველ ფოტოსურათებზე, რა თქმა უნდა, ვარდისფერი ჯოხით. იგი აღიარებს სტალინის მმართველობის ბნელ მხარეს, თუმცა მაინც ცდილობს გაამართლოს რამდენიმე სიტყვით: ,,პირადად მე ვფიქრობ, რომ სტალინი დიდი სახელმწიფო მოღვაწე გახლდათ და ის ნამდვილად ზრუნავდა თავისი ქვეყნის და ხალხის ბედზე“, – ამბობს ის და განაგრძობს – „მაგრამ თავისთავად ცხადია, ყველაფერი ისე როდი ხდება როგორც ჩვენ გვსურს; იყო შემზარავი, საშინელი პერიოდი, თანაც, რასაკვირველია, არავინ უნდა ეცადოს ამის დამალვას“.

დღევანდელი შეფასებით, სტალინის მმართველობის პერიოდში დახოცილ ადამიანთა რაოდენობა მერყეობს 4 მილიონიდან 20 მილიონამდე. ამჟამად მუზეუმის ნაწილი, იმისათვის რომ აჩვენოს ყოველგვარი ნეგატიური სტალინის ეპოქისა, ერთ პატარა სექციას წარმოადგენს, რომელიც ორი წლის წინათ გაიხსნა და ეძღვნება იმ რეპრესიულ პერიოდს, როდესაც მილიონობით ადამიანი დაიხვრიტა ან შრომა–გასწორების ბანაკებში გაიგზავნა. ქალბატონი თოფჩიშვილი უარყოფს, რომ მუზეუმი სუფთა პროპაგანდას ეწევა. „ის ბანერები, ქვემოთ რომ დადგეს, იუწყებიან თითქოს ყველაფერი სიცრუე იყოს. არ ვეთანხმები ამას, ისინი არამცდაარამც არ უნდა ცდილობდნენ დაგვავიწყონ ჩვენი ისტორია, მე არასოდეს მითქვამს ტყუილი“.

მუზეუმი ასახავს აღმასვლას გაბედული საბანკო მძარცველიდან თავის ახალგაზრდულ წლებში, ციმბირში გადასახლების, 1917 წლის რევოლუციის, საბოლოო ჯამში – საბჭოთა კავშირის მეთაურისა და მსოფლიო სოციალიზმის ჩათვლით. თუკი ერთი დარბაზი დიქტატორისთვის დამახასიათებელი მომაკვდინებელი იერით გამოირჩევა, მეორეში მისთვის გამოგზავნილი საჩუქრების კოლექციაა, მისი პორტრეტით ამოქარგული ხალიჩების ჩათვლით, სხვადასხვაგვარი კერამიკული ნაკეთობითა და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი აკორდეონითაც კი.

გარეთ დგას საბჭოთა ლიდერის პერსონალური ჯავშნიანი მატარებლის ვაგონი, რომლითაც ისარგებლა იალტის კონფერენციაზე გამგზავრების დროს მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, აგრეთვე შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე თავის საზაფხულო რეზიდენციაში ვიზიტისას სიკვდილის /1953 წელს/ წინა წლებში. სადა ავეჯი, ხალიჩები და სხვა მოწყობილობები ორიგინალურია. ეს ყველაფერი იმავე სახითაა დატოვებული, როგორც ბელადის დროს იყო.

„იგი მეტად უბრალოდ და განდეგილად ცხოვრობდა, ყოველთვის სადად იცვამდა და ჩვეულებრივი ავეჯით სარგებლობდა“ – დასძენს ქალბატონი თოფჩიშვილი, „როდესაც თქვენ ხედავთ კორუფციას და ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის თავშეუკავებლობას დღეს, ხალხს ახსოვს ის და ისინი აფასებენ ამას“.

მუზეუმი გაიხსნა 1937 წელს, როცა სტალინური რეპრესიები ზენიტში იყო. ამ შთამბეჭდავი ნაგებობის მშენებლობა საბოლოოდ 1950-იან წლებში დასრულდა, განიცადა რა არაერთი სახეცვლილება თავისი არსებობის განმავლობაში, რასაც თავის მხრივ განაპირობებდა ეპოქის პოლიტიკური აუცილებლობა. 1980–იანი წლების მიწურულს, გარდაქმნის პერიოდში, პირველად გამოჩნდა მონაცემები, სადაც ვლადიმირ ლენინის მიერ (თავისი სიცოცხლის ბოლოს) გამოთქმული იყო ეჭვები სტალინის ხასიათის შესახებ. რამდენიმე წლის წინ პირველად იყო ნახსენები ლევ ტროცკი, მთავარი სამხედრო მოაზროვნე, რომელიც მოგვიანებით ამოშანთეს საბჭოური ისტორიული წიგნებიდან.

საქართველოს მოსახლეობაში, ფართო გაგებით, განსაკუთრებით კი გორში ბელადის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია; თუკი ქვეყნის ურბანულ ელიტაში ყოველივე საბჭოური ეზიზღებათ, სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთგვარი ნოსტალგიით იხსენებს გვიანდელ საბჭოთა პერიოდს. არსებობს ასევე ერთი ნიუანსი სტალინთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს რისხვას, რადგან იგი საოკუპაციო რეჟიმს ხელმძვანელობდა, მაგრამ მეორეს მხრივ, მოიცავს სიამაყეს, რაც განპირობებულია სტალინის ეთნიკური ქართველობით და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებაში შეტანილი წვლილით.

პოლიციის ორმა ოფიცერმა, რომელთაც საბჭოთა მემკვიდრეობასთან და კორუფციასთან ბრძოლის ნიშნად ბატონი საკაშვილის მთავრობის მიერ შემოტანილი ახალი, ცისფერი, კოხტა საზღვაო უნიფორმა ამშვენებდათ, შაბათ–კვირას მუზეუმში სტუმრობის შემდეგ გამოთქვეს თავიანთი მხარდაჭერა დიქტატორის მისამართით. „სტალინი, ეჭვგარეშეა, გენიოსი იყო“, განაცხადა ერთ–ერთმა მათგანმა, ვინაობის გამხელაზე კი უარი თქვა. „მე ვამაყობ იმით, რომ ის წარმოშობით ჩემი ქალაქიდან იყო“. კოლეგამ მას თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.

მალე მუზეუმის იერ-სახე მთლიანად შეიცვლება, „დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას ამგვარი მუზეუმები არ სჭირდება“, დასძენს ბატონი კანდელაკი. იგი ვარაუდობს, რომ რემონტი ორი წლის მანძილზე გაგრძელდება და ახალი, თანამედროვე ინტერაქტიული მუზეუმი, რომელიც მიეძღვნება სტალინიზმის კოშმარულ პერიოდს, იმავე ადგილას გაიხსნება. „ჩვენ ნამდვილი მუზეუმი გვექნება, რომელიც სიმართლეს გვეტყვის იმ სასტიკი რეჟიმის შესახებ“.

თუმცა მუზეუმის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად ქალბატონი თოფჩიშვილი ისევ უკმაყოფილებას გამოთქვამს: „ისე ხდება, როგორც საბჭოურ ეპოქაში. იმ პერიოდში არ მოგვცემდნენ უფლებას სტალინის შესახებ აუგი გვეთქვა, ახლა კი ნებას არ გვრთავენ, რომ დადებითად მოვიხსენიოთ იგი“.

საბჭოური ისტორიის უარყოფითი მხარეები

გორში, სტალინის მუზეუმი პირველი მაგალითი არ არის, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ქვეყნის წარსული იმიჯის შეცვლას ცდილობს.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ–ერთი პირველი რაც გააკეთეს, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე საბჭოური ოკუპაციის მუზეუმის აგება იყო.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი განრისხდა ამ გადაწყვეტილების გამო და განუცხადა სააკაშვილს, რომ მან ვერაფრით გაიგო რას ნიშნავს საბჭოთა ოკუპაცია, თუკი ბევრი ცნობილი ბოლშევიკი ეთნიკური ქართველი იყო.

ამაზე სააკაშვილმა უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსებს შეეძლოთ გაეხსნათ ქართული ოკუპაციის მუზეუმი მოსკოვში. არა გვგონია, რომ ბატონი პუტინი გართობის ხასიათზე დამდგარიყო ასეთი შეთავაზების შემდეგ.
Foreignpress.ge