„ჩემო ვანო“, - ბიძინა ივანიშვილის ამ უწყინარმა გამოთქმამ ნაციონალებში ბზარი გააჩინა. ვანო მერაბიშვილისადმი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება პოლიტიკაში მისი გამოჩენის დღიდან დღემდე არ შეცვლილა და მისთვის ვანო მერაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთ მოაზროვნე ადამიანად, კარგ მენეჯერად რჩება, რომელიც „ეკონომიკის სფეროში კომპეტენტურობით“ მასაც კი აოცებდა. არც ვანო მერაბიშვილი იშურებს კომპლიმენტებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიზნესმენისადმი მისი კორექტული ნათქვამი შორს არის იმ აგრესიისგან, რასაც ნაციონალური ბაგეები ღაღადებენ. ვანოსთვის ბიძინა ივანიშვილი არც რუსეთის აგენტია (ყოველ შემთხვევაში, ნაციონალებისთვის საყვარელ ამ თემაზე საუბრისგან იგი თავს იკავებს) და, მეტიც, მისთვის ბიძინა ივანიშვილი კარგი ქველმოქმედია (და არა პოლიტიკოსი), რომელსაც თავადაც აძლევდა თურმე რჩევებს საქველმოქმედო საქმეების განხორციელებაში.
უდაოა, რომ ქართული პოლიტიკისთვის ამ ორ მნიშვნელოვან ფიგურას ერთმანეთთან კარგი წარსული აკავშირებთ. ეს გასაკვირი არცაა, ვარდების რევოლუციიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ სააკაშვილი სპეციალურად ჩაფრინდა ბობოყვათში ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად (რომელიც იმ დროს ურეკში გახლდათ) და უთქვამს, მერაბიშვილი უნდა გავუშვაო. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ სააკაშვილს მერაბიშვილის გაშვება გადაეფიქრებინა და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებისადმი მიწერილ პირველსავე წერილში გაამჟღავნა. ასე რომ, ამ ერთი პასაჟითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი მერაბიშვილს იმთავითვე არ ენდობოდა, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც მას ბუნებით ერთგულ კაცად, გონიერ ორგანიზატორად აღიქვამდა.
უკვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ მერაბიშვილისა და ივანიშვილის პოლიტკორექტულობის მიღმა ხომ არ დგას დიპლომატიური ჭიდილი ან პოლიტიკური ფლირტი?! საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს მათი ასეთი სიამტკბილობა, მით უფრო, რომ ოქტომბრისთვის საკმაოდ ცხელი პოლიტიკური პერიოდი გველის. ხომ არ გამოავლენენ ისინი ერთმანეთის მიმართ რეალურ განწყობას და ხომ არ დაიღლებიან ურთიერთისადმი ასეთი პატივისცემით?! ბიძინა ივანიშვილისადმი ვანო მერაბიშვილის ლოალობა ხომ არ არის საწინდარი იმისა, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ვერ გამოყენებენ?! კითხვები მრავალგვარია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ნაციონალების კოჰორტიდან მაინცდამაინც ვანო მერაბიშვილის გამორჩევამ თავად ნაციონალებსა და ივანიშვილის გუნდსაც თავსატეხი გაუჩინა. ნაციონალური ერთობა კი, იმის მტკიცების მიუხედავად, რომ - „ჩვენ ერთი გუნდი ვართ,“ - გატყდა.
რას ფიქრობენ ბიძინა ივანიშვილისა და ვანო მერაბიშვილის უცნაურ დამოკიდებულებაზე ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები. ამ თემით For.ge დაინტერესდა.
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ასპარეზზე, ნაციონალური მოძრაობა შეშფოთდა და ისეთი ნაცრისფერი ფიგურა, ნაცრისფერი კარდინალი, როგორიც ვანო მერაბიშვილია, იძულებული გახდა, გამოჩენილიყო ასპარეზზე. ფაქტობრივად, ივანიშვილის გამოჩენამ აიძულა მერაბიშვილი, გამხდარიყო საჯარო პოლიტიკოსი. ამდენად, მერაბიშვილის შეფასებები ეს არის რეაქცია ივანიშვილზე.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ივანიშვილი იმიტომ არ მოსულა პოლიტიკაში, რომ მერაბიშვილი გამოსულიყო ასპარეზზე, არამედ მოვიდა იმისთვის, რათა საკუთარი ხედვით მართოს სახელმწიფო, მერაბიშვილი კი იმიტომ გამოჩნდა ასპარეზზე, რომ არ დაუშვას ივანიშვილის გამარჯვება.
„ასე რომ, ეს არავითარი პოლიტიკური ფლირტი არ არის და ეს არის ნაციონალური მოძრაობის რეაქცია ივანიშვილზე. ამ რეაქციის გამოვლენა კი მერაბიშვილია“.
ერთმანეთის მიმართ აშკარად კორექტული ურთიერთობა პაატა ზაქარეიშვილს აფიქრებინებს, რომ ორივე პოლიტიკოსის სტილი არსებითად განსხვავდება სააკაშვილისგან, რომელიც არ ერიდება ბილწსიტყვაობასა და შეურაცხოფას.
„ამ შემთხვევაში, მერაბიშვილი უფრო გაწონასწორებულია. ამის დაუნახაობა არ შეიძლება. იმედი მაქვს, ასეთი ურთიერთობა მერაბიშვილის მხრიდან შენარჩუნდება, რადგან ივანიშვილისგან მოსალოდნელი არ არის, რომ იგი შეურაცმხყოფელ, არაკორექტულ ურთიერთობებში გადავიდეს. იმედია, არც მერაბიშვილი არ დაუშვებს ამას და არჩევნებამდე შენარჩუნდება ზომიერი, ფრთხილი ურთიერთობები“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
შეკითხვაზე, კორექტული დამოკიდებულების მიუხედავად, მერაბიშვილი და ივანიშვილი რეალურად რას ფიქრობენ ერთმანეთზე, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი გამოირჩევა თავისი გულწრფელობითა და გულახდილობით. ეს მისი უდიდესი პლუსია და მცირედით, შეიძლება, მინუსიც იყოს, რადგან ჟურნალისტები მის სიტყვებში რაღაცეებს იჭერენ. ზაქარეიშვილის აზრით, ივანიშვილს ზურგსუკან დასამალი არაფერი აქვს, ამიტომაცაა გულახდილი და რასაც ფიქრობს, იმას ამბობს, განსხვავებით მერაბიშვილისგან, რომელიც იმას ფიქრობს, ზედმეტი არ თქვას.
„სულ საკუთარ თავთანაა ჩასაფრებული, რომ რაღაც არ წამოსცდეს. რა თქმა უნდა, ეს დამაფიქრებელია. ამიტომ მათ შორის დიდი განსხვავებაა. ივანიშვილი ცდილობს, თავისი სათქმელი გამოხატოს, მერაბიშვილი კი ფიქრობს, რომ, რასაც იტყვის, არავინ გამოიჭიროს. ანუ, ცდილობს, რასაც იტყვის, ამით არაფერი არ თქვას“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
პარლამენტარ ჯონდი ბაღათურიას აზრით კი, ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე ჭკვიანია, ამიტომაც ცდილობს, ტაქტიანად იმოქმედოს და კორექტული იყოს. მეტიც, ჯონდი ბაღათურია იხსენებს, რომ ასეთივე კორექტული დამოკიდებულება გაამჟღავნა ვანო მერაბიშვილმა მის მიმართ პარლამენტში, როცა, მწვავე საკითხების მიუხედავად, ცდილობდა არ გაემწვავებინა და დაპირისპირებაში არ გადასულიყო. ბაღათურია ფიქრობს, რომ მერაბიშვილი ისე იქცევა, რომ ლანძღვის დაწყება სწორი არ გამოვა, თუმცა სათქმელი მაინც უნდა უთხრან.
„ამიტომ, მე მგონი, ბიძინა სწორად იქცევა. მოწინააღმდეგესთან კორექტული მოქცევა გასაკვირი გახდა ჩვენთან, რადგან ძალიან უღირსად იქცევიან ნაციონალები თავის ოპონენტებთან. ვეჭვობ, რომ ფრაზამ „ჩემო ვანო“ გატეხა ნაციონალების ერთობა, ნაციონალების ერთობა ბიძინას მერე მნიშვნელოვნად გატყდა. მაინცდამაინც ამ სიტყვების მერე მოხდა ეს თუ არა, ვერ გეტყვით. ნაციონალებმა დაინახეს, რომ მათი ხელისუფლების შეცვლის ჟამი დადგა. ნაცებში მიმდინარეობს ფლუსტრაცია. ისინი ჩაფიქრებულნი არიან. ვისაც ქათამზე ცოტა უფრო მეტი ჭკუა აქვს, ფიქრობს, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს. ყველანი საკუთარ მომავალზე ფიქრობენ. საუბარია იმ ნაციონალებზე, ვისაც ამის შანსი აქვს. თორემ არიან ტიპები, რომლებიც განწირულები არიან და მიაჩნიათ, რომ შანსი აღარ აქვთ. ზუსტად ისინი არიან საშიშნი, რომ ბანდიტიზმზე არ წავიდნენ“, - გვითხრა ჯონდი ბაღათურიამ.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის სამომავლო შანსებს, ამ შეკითხვას თავად ივანიშვილმა უნდა უპასუხოს, - ასეთნაირად მიიჩნევს ბაღათურია, თუმცა, ზოგადად, ფიქრობს, რომ შანსები პოლიტიკოსებმა არ უნდა განსაზღვრონ, არამედ - ქართველმა ხალხმა და ქართულმა მართლმსაჯულებამ.
„ნაცების, პირადად სააკაშვილის და მერაბიშვილის, ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, არის ის, რომ, მართლმსაჯულებაზე მაღლა ამაღლდნენ და თვითონ დაიწყეს ადამიანების ბედის განსაზღვრა. იგივე შეცდომა, ცალსახა პოლიტიკური ნიშნით დევნა და რევანშიზმი არ უნდა დავუშვათ, მაგრამ არც ინდულგენცია უნდა მივცეთ ვინმეს. ჩვენ მართლმსაჯულებაზე მაღლა არ უნდა დავდგეთ და კანონმა უნდა განსაზღვროს ყველას მდგომარეობა“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ორივე მხარემ კორექტული დამოკიდებულება გამოხატა და ერთმანეთის იაფფასიანი პოლიტიკური კრიტიკა არ დაუწყიათ, რომ თურმე ერთი მათგანი რუსეთის აგენტია და მეორე - მაფიის თავმჯდომარე.
„ჩემი აზრით, თითოეულ მათგანზე გავლენა იქონია იმ წარსულმა, რაც მათ აკავშირებთ. ამდენად, გამოხატეს პატივისცემა ამ წარსულის მიმართ. მივესალმები იმას, როცა, ერთმანეთის კრიტიკასთან ერთად, პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატონ“.
რომელი მხარე თამაშობს კორექტული დამოკიდებულებით, ხომ არ დაიღლებიან ასეთი საიმტკბილობით და, ბოლოს და ბოლოს, გამოავლენენ თუ არა რეალურ დამოკიდებულებას, ეს საკითხები ჩვენთან ერთად, რამაზ საყვარელიძესაც აინტერესებს.
„ვერ გეტყვით, თითოეული მათგანი რას ფიქრობს მეორეზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც თოთოეულ მათგანს ჰქონდა იმის საშუალება, რომ უფრო აგრესიული ყოფილიყო მეორის მიმართ, (რადგან პოლიტიკური ბრძოლა უკვე ამ რეჟიმშია გადასული), ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ასეთი ბრძოლა მათ არ გააჩაღეს.
ვერც იმას გეტყვით, ასეთი დამოკიდებულებით რომელი მხარე უფრო მეტს აღწევს. გააჩნია, ვის რა ჩანაფიქრი აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მერაბიშვილისეული ფრთხილი შეფასებების იქით იყოს ბრძოლის გარკვეული გეგმა, რომელიც ამ სიფრთხილის ფონზე უფრო ეფექტური იქნება. ასე რომ, სამომავლო პროგნოზისთვის სიტუაცია მომწიფებული არ არის,“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე აზრით, ერთობის შენარჩუნება ყოველთვის მომგებიანი არაა და ასე მოიქცნენ ნაციონალებიც. არაა გამორიცხული, ნაციონალებისთვის ასეთი მანევრი უფრო მომგებიანი იყოს.
„არსებობს გამოთქმა - კეთილი და ბოროტი პოლიციელი, ანუ, როდესაც ერთი მხარე სიკეთის განსახიერებაა, მეორე - აგრესიის. ასე რომ, იმის პროგნოზი, ნაციონალების სტრატეგიაში ცვლის თუ არა რაიმეს მერაბიშვილის ინტონაცია, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია“, - აცხადებს ექსპერტ