ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებით ისტერიკაში მყოფმა ნაცმოძრაობამ კიდევ ერთხელ ხელყო თავისუფალი მედია და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.
ღრმა სამართლებრივ, მორალურ და გონებრივ კრიზისზე მეტყველებს საქართველოს პროკურატურის განცხადება: „აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას“.
„ქართული აკადემია“ გმობს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნეობოლშევიკურ აგრესიას და თანადგომას უცხადებს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მაესტროს“, რომელსაც მოვლენათა ობიექტური გაშუქებით შეუძლია დაუპირისპირდეს ხელისუფლების ინსტრუმენტ ე. წ. ნაციონალურ არხებს და გაარღვიოს საქართველოს უკვე გამოფხიზლებულ რეგიონებში გამეფებული ინფორმაციული ვაკუუმი. მხოლოდ ინფორმირებულ საზოგადოებას შეუძლია თავისუფალი არჩევანის გაკეთება, კონკრეტულ შემთხვევაში კი - ტოტალიტარული აზროვნების ანტიხალხური რეჟიმის დამარცხება და ამით ჩვენი ქვეყნის მომავლის გადარჩენა.
თუ გორში ამჟამად მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენებსა და, განსაკუთრებით, „ზონდერების“ მიერ კარალეთში მოწყობილ პროვოკაციასაც გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ დამარცხებისათვის განწირული სააკაშვილი ცდილობს მოვლენათა ესკალაციას, სისხლიანი სამოქალაქო დაპირიპირების გამოწვევასა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას. ამით მას სურს თავიდან აიცილოს ის საფრთხე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წამოსცდა - „ისინი ცდილობენ, არჩევნებში ჩაგვითრიონ“.
იმედს გამოვთქვამთ, ოპოზიცია არ დაკარგავს წონასწორობას, ოქტომბრის არჩევნებამდე მიიყვანს სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს და ქართველ ხალხთან ერთად იქ გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს.