ქართულ პოლიტიკურ არენაზე კიდევ ერთი „ძველი ახალი“ სახე გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე გაავლო წყალგამყოფი ქართულ პოლიტიკაში და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, ვისთანაც იგი ითანამშრომლებდა, პარტია „თავისუფალი გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილიც დაასახელა. დღეს ივანიშვილი ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც „საქართველოს გზის“ ლიდერმა განცხადება გააკეთა, რომ მხარს უჭერს ივანიშვილს და მის გუნდს.
სალომე ზურაბიშვილმა თავიდან საქართველოში შექმნილი ვითარება მიმოიხილა და განაცხადა, რომ ხელისუფლება დღეს საშინელ პოლიტიკას ეწევა, კერძოდ, ქვეყნის გარეთ საქართველოს სახელისუფლება მის მიერ დაქირავებული ლობისტების მეშვეობით, საქართველოს შესახებ ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, თითქოს საქართველო არის შოვინისტების, ჩამორჩენილების, საბჭოთა მენტალობის და უმცირესობების მჩაგვრელი ადამიანების ქვეყანა.
„ამით ხელისუფლებას სურს, რომ იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ მათ მხარს უჭერს, თავი ისე მოაჩვენონ, როგორც ერთადერთი პროგრესული ძალა, რომელსაც ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. როგორც არ მოერიდა ხელისუფლება, რომ საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად ქვეყნის ტერიტორიები გაეწირა, ასევე არ ერიდება იმას, რომ საქართველოს სახეს და ისტორიას გადაუაროს იმისთვის, რომ ძალაუფლება კიდევ ცოტა ხნით შეინარჩუნოს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ქვეყნის შიგნით ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ანტიდასავლური მიდგომების გაჩენის პროვოცირებას. ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ამერიკა და ევროპა (რომლებიც ზურაბიშვილის თქმით, ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები) ჩვენი მტრები არიან, ებრძვიან ჩვენს ღირებულებებს და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას უჭერენ მხარს. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია.
„საქართველოს დასავლურობა არ არის იმისთვის, რომ ვიღაცას მოვეწონოთ და ვიღაცამ მხარი დაგვიჭიროს. ეს არის ჩვენი წარსული, ჩვენი ისტორია და ჩვენი მომავალი. სხვა ალტერნატივა საქართველოს არ გააჩნია. ჩვენ ეს კარგად უნდა შევიგნოთ და დავანებოთ თავი ისეთ მიდგომას, რომ ვიღაცამ მხარი არ დაგვიჭირა, რომ რომელიღაც ელჩმა რაღაც ისე არ თქვა და ა.შ. ელჩები თავის საქმეს აკეთებენ. დღევანდელ მსოფლიოში, მე მგონი ჩემზე კარგად ეს არავინ იცის, ბოლომდე მხარს უჭერენ მუბარაქებს და სხვებს, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, და სანამ ხალხის ნების გამოხატვის შედეგად არ გამოჩნდება, რომ სხვას უნდა დაუჭირონ მხარი. ეს არის დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს წესი“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
ამბობს, რომ ამჯერად დროებით არის ჩამოსული და კვირას დილით ისევ დატოვებს საქართველოს. ზურაბიშვილის თქმით, დუმილის დრო დამთავრდა და იგი საჯაროდ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს. მისი თქმით, ივანიშვილი სააკაშვილის გუნდზე არჩევნებით გამარჯვების ერთერთი რეალური შანსი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი რეალური გზაა.
„ბიძინა ივანიშვილს მხარს ვუჭერ არა როგორც პიროვნებას, თუმცა მიმაჩნია, რომ თავისი წარსულით არის ღირსი, ამ ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს და თავისი ნიჭი და გამოცდილება ამ ქვეყნისათვის გამოიყენოს. მე მხარს ვუჭერ ივანიშვილს, რადგან მან არჩევნების გზა აირჩია. თქვენ კარგად გახსოვთ ჩემი და ჩემი პარტიის პოზიცია, ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით და არა ახალი დავიდარებით. ამასთანავე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეულ სტრატეგიას და მის მიერ შერჩეულ გუნდს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს „გარედან“ დაეხმარება, რადგან მიაჩნია, რომ დღეს საქართველოს თავისი კონტაქტებით და გამოცდილებით ქვეყნის გარეთ უფრო გამოადგება. ამიტომ სალომე ზურაბიშვილი არ იქნება არც მაჟორიტარობის კანდიდატი, და არც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში არ იქნება წარმოდგენილი.
„ფოთელებს დიდი ბოდიში, მათ ძალიან კარგი მაჟორიტარი ეყოლებათ, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. ფოთთან ჩემი ანგარიშები მოგვიანებით გასწორდება და დარწმუნებული ვარ, თავის დროზე ამ ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებ. სახელმწიფო საქმიანობას დავიწყებ, როგორც კი ამისი დრო დადგება და გარწმუნებთ, რომ ეს დრო ძალიან მალე დადგება. აქ არ არის საუბარი რომელიმე პოსტზე, რადგან ყველამ კარგად იცით ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ დღეს პოსტების განაწილების დრო არ არის. ამიტომ მე არ ვარ კანდიდატი არც ერთ პოსტზე და ამავდროულად კანდიდატი ვარ ყველა პოსტზე, ანუ ამ ქვეყნისთვის სადაც საქმე იქნება გასაკეთებელი, იქ შევუდგები საქმის კეთებას და არა მხოლოდ ჩემი ძალებით, დღეს მე წარმოვადგენ ორ ადამიანს, ჩემს თავს და ჯანრი კაშიას. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პირობა შევასრულო“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მან თავის პარტიაზეც ისაუბრა და მიიჩნევს, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ყველა ოპოზიციური პარტია ერთ კოალიციაში არ უნდა გაერთიანდეს და ამბობს, რომ მის ამ პოზიციას ბიძინა ივანიშვილიც იზიარებს. ამიტომ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია დამოუკიდებლად მოღვაწეობას გააგრძელებს, თუმცა „ქართული ოცნების“ კონკურენტი არ იქნება, მაგრამ თუკი ივანიშვილი მის მიერ წინასწარ გაცხადებულ კურსს გადაუხვევს, მას ოპოზიციაში ჩაუდგება.
„ვაითუ ბიძინა ივანიშვილმა მარჯვნივ ან მარცხნივ გადადგას ნაბიჯი იმ გზიდან, რომელიც მის გზად მიმაჩნია, მაშინ ეს პარტია ოპოზიციაში ჩაუდგება მას. არ მგონია, რომ ეს გვემუქრებოდეს, მაგრამ მრავალპარტიულობა სწორედ ამას ნიშნავს, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. მინდა საქართველო ავაშენოთ ცოტა სხვა საწყისებზე, ვიდრე აქამდე იყო და რამაც დღევანდელ ნგრევამდე მიგვიყვანა“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს უკვე შეუთანხმდა, რა უნდა გააკეთოს თავად და ეს იქნება მუშაობა ემიგრანტებთან. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვის გარეშეც საქართველოს მშენებლობა შეუძლებელია.
„საქართველო ამ ადამიანებისთვისაც უნდა მოვამზადოთ, მაგრამ მათაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ ქვეყნის მშენებლობაში“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.