„ამომრჩეველთა ლიგა“ მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებს საზოგადოებას ყოველკვირეულად წარუდგენს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თბილისისა და ზუგდიდის საარჩევნო სიაში 160 440 ამომრჩეველია, აქედან გარდაცვლილია 929 მოქალაქე, ანუ ამომრჩეველთა 0.58%, უცხოეთში იმყოფება 7 809 პიროვნება - 4,87 %, დაუდგენელია 19 213 ადამიანი - 11,98 %, არ არის სიაში 2 238 ამომრჩეველი - 1,39 %. სულ ცვლილებებს საჭიროებს 30 189 პიროვნება, ანუ 18,1%.
„მაგრამ თუ ამას დაემატება ამომრჩევლები, რომლებთანაც კონტაქტი არ მყარდება, მაშინ ეს რიცხვი 23,52%-მდე გაიზრდება, ეს ციფრები ცხადყოფს, რომ სიების ფალსიფიცირება ხდება და ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს“ მიიჩნევს „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარე, კოკა გუნცაძე. მოახერხებს თუ არა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასე თუ ისე, ზუსტი სიების დადებას, რომელიც ნორმალური არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს, ამ თემაზე კოკა გუნცაზე გვესაუბრება:
კოკა გუნცაძე: მოგეხსენებათ, რომ „ამომრჩეველთა ლიგამ“ პროექტი, სიების დაზუსტების ალტერნატიული კამპანია კარდაკარ შემოვლის გზით, დაახლოებით ერთი თვის წინ, დაიწყო. პროექტი შედგებოდა სამი ნაწილისგან. პირველი ნაწილი გულისხმობდა მოსამზადებელ პერიოდს, ეს არის ადილობრივი რეგისტრატორების დაკომპლექტება ადგილობრივი და რაიონული შტაბების მეშვეობით შემდეგია ამ რეგისტრარორების მომზადება და ტრენინგი, ინსტრუქციები და საველე სამუშაოებზე გაშვება.
ეს არის ყველაზე რთული პერიოდი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ინსტრუქტორების სწორად შერჩევა ნახევარი საქმის ტოლფასია ამ ტიპის საქმიანობის დროს. ჩვენი შეფასებით ამ ეტაპმა საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა, ახლა გადასული ვართ მეორე ეტაპზე, ეს არის საველე სამუშაოები, პრაქტიკულად ნახევარი სამუშაო უკვე შესრულებულია.
საველე სამუშაოების ხანგრძლივობას ართულებს არეული სიები, არასწორად დალაგებული და მისამართარეული სიები, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა სიების დაზუსტების კომისიის მიერ და მათ როგორც გვითხრეს, ეს იყო საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებული შეუმოწმებელი სიები, რითაც თვითონ ხელმძღვანელობდნენ.
ამის პარალელურად, მიმდინარეობს მესამე ეტაპიც, რაც გულისხმობს მოპოვებული ინფორმაციის ანალიტიკურ ცენტრში დამუშავებასა და მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნას. პროექტი, ალბათ, დასრულდება ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში.
ეს პროექტი თბილისსა და ზუგდიდში ხორციელდება, რომელიც მოიცავს 11 საარჩევნო ოლქს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 1,6 მილიონ ამომრჩეველს, რაც დაახლოებით 35 პროცენტია ერთიანი საარჩევნო სიისა. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება ზუსტი ინფორმაცია რა უზუსტობები არსებობს.
ამ ეტაპზე, ძირითადად, რა ტიპის უზუსტობები გხვდებათ?
- უზუსტობები მოიცავს რამდენიმე კატეორიას, ეს არის გარდაცვლილები სიაში, უცხოეთში გამზავრებულები და დაუდგენელი, მიწერილი პირები, ადამიანები, რომლებიც სიაში არ არიან, გვხვდება არარსებული მისამართები, რომელზეც მიწერილები არიან ადამიანები. ძირითადად ამ კატეორიის უზუსტობებია სიებში, რომელიც წარმოადგენს ფალსიფიკაციის საფუძველს.
რამდენადაც ცნობილია, საჯარო რეესტრის სიები, რომელიც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიას გადაეცა საკმაოდ არაზუსტი იყო, თუმცა ჯერაც ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სიების დასაზუსტებლად მათთან არავინ არ მისულა. თქვენ რა ტენდენციები დაინახეთ?
- ბევრია ალბათ ასეთი, განსაკუთრებით რეგიონებნში, სადაც სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია არ შესულა, თუმცა, ამას თვითონ მოქალაქეები გვეტყვიან და ამის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან. მათ აქვთ ჩვენთან დაკავშირების საშუალება და ალბათ, ამ ყველაფერს დრო გამოაჩენს.
როდესაც სიების დაზუსტების უზრუნველყოფის პოზიციაზე ვლაპარაკობთ, უფრო მნიშვნელოვანი სხვა მომენტია ის, რომ ციფრები, რომელიც ამ კომისიამ ბოლო ბრიფინგზე გამოაცხადა, ნაკლებად რეალისტურია.
პირველ რიგში, მისამართები, სადაც კონტაქტი არ მყარდება, თურმე 1,7%-ს შეადენს, ეს არის არარეალისტური ციფრი, ეს ტყუილია, შეიძლებელია ამ ციფრზე გასვლა. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს კარდაკარის აქციების განხორციელების და შეუძლებელია, რომ სულ რაღაც 1,7 პროცენტთან ვერ დაამყაროს კონტაქტი კომისიამ.
გაცილებით მეტია ასეთი კატეორია, ვისთანაც კონტაქტი არ მყარდება. ბინა დაკეტილია, მეზობელი კონტაქტში არ შემოდის და პასუხობს, რომ არ იცის სად არიან და ა.შ.
კიდევ ერთი, უზუსტობა რაც შევნიშნე, ეს იყო უცხოეთში გამზავრებულებთან დაკავშირებით. მთელი საქართველოს მასშტაბით უცხოეთში გამზავრებული 300 ათასი ადამიანი ძალიან დაბალი მაჩვენებელია, მარტო მილიონამდე ადამიანი მოსკოვში ცხოვრობს, აშშ-ში, ევროპაში მიგრაცია ძალიან დიდია ბოლო წლების განმავლობაში და ვფიქრობ, ეს ციფრი ძალიან შემცირებულია.
ასევე ძალიან დაბალია შიდა მიგრაციის მაჩვენებელი, თვითონ ციფრი დაუდგენელი პირებისა და თქმა იმისი, რომ ჩვენ დავადინეთ შიდა მიგრაცია, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა, რადან შიდა მიგრაციის დადგენა ორ-სამ კვირაში და თან ამ კომისიის ასეთი ზერელე მუშაობის შედეგად, შეუძლებელია, რადგან ეს ყველაზე რთული პროცესია.
ჩვენ ვაპირებთ, შიდა მოგრაციასთან დაკავშირებით კამპანიის დაწყებას, როდესაც დაუდგენელი პირების ზუსტი სია გვექნება. გვეცოდინება არა მხოლოდ რიცხვი, არამედ გვექნება ზუსტი იდენტიფიკაცია თუ ვინ არიან ქვეყანში დაუდგენელი პირები და მოვითხოვთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენას.
ჩვენ მოვითხოვთ სპეციალური სამსახურებისგან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტოსგან, დაადგინონ, თუ ვინ არიან და სად ცხოვრობენ ეს ადამიანები.
ჩვენი რეგისტრატორები მიაკითხავენ და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ადამიანები რეალურად არსებობენ, მაშინ მათ მოეხსნებათ დაუდგენელი პირების სტატუსი. თუ ეს ადამიანები საცხოვრებელ მისამართზე არ არსებობენ, ბუნებრივია ესენი იქნებიან მიწერილი ადამიანები საარჩევნო სიაზე, რომელსაც იყენებს ხელისუფლება არჩევნებში თავისი ბინძური ტექნოლოიგების განსახორციელებლად.
რაც შეეხება შიდა მიგრაციას, რეგიონებში რეგისტრირებული ადამიანების უმეტესობა ქალაქებში არიან თავმოყრილი სამუშაოდ. რამდენად არის შესაძლებელი, რომ მათი რაოდენობის და ვინაობის დადგენა მოხერხდეს, რადგან ეს საკმაოდ რთული პროცესია...
- შიდა მიგრაციის დადგენისას შეუძლებელია, რაღაც ცდომილება არ დარჩეს, ეს ძალიან რთული და შრომატევადი სამუშაოა და ამისი დადგენა უფრო დიდი, სტატისტიკური სამსახურის ფუნქციაა, ამას სჭირდება სერიოზული მომზადება დაგეგმვა და შემდეგ რეალიზაცია. ეს არ გაკეთებულა საქართველოში ძალიან დიდი ხანია. ამხელა მიგრაციის დაზუსტება-დადგენა და მერე კონკრეტული ადამიანების იდენტიფიკაცია საკმაოდ რთული ამოცანაა. თუმცა, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ბუნებრივია, ასეთი ზერელე მეთოდებით ამ შიდა მიგრაციის დადგენა ვერ მოხერხდება.
თუმცა, არსებობს სხვა გზა, დაუდგენელი პირების დიდი სია უნდა შედგეს ამ კადაკარ შემოვლის გზით და შემდეგ უნდა დაიწყოს მეორე ეტაპი ამ დაუდგენელი პირების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილების მოძიება.
ამ მოკლე დროში რამდენად მოესწრება?
- თუ ნება იქნება, მოუსწრებელი არაფერია. თუ ამას არ იზამენ და არ გაგვცემენ პასუხს, არ მოგვაწვდიან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადილის შესახებ ინფორმაციას, მაშინ ჩვენ გამოვალთ სხვა ინიციატივით და როგორც ერთადერთ გამოსავალს, შევთავაზებთ ჩვენს საზოადოებას, ხალხს, შესაბამის ინსტანციებს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს, რა გზა უნდა ავირჩიოთ იმისათვის, რომ საარჩევნო სია იყოს მეტ-ნაკლებად ზუსტი და გაიზარდოს ნდობა არჩევნების მიმართ.
თქვენი რეგისტრატორები რა პრინციპით მუშაობენ, ისინი ყველა ოჯახში მიდიან თუ შერჩევით ხდება სიების გადამოწმება?
- იმ სამოქმედო არეალში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, თბილისსა და ზუგდიდში, ყველა ოჯახს მოვივლით. უფრო მეტიც, დაკეტილ ბინებს ხელმეორედ უბრუნდებიან და თუ მეზობელმაც არ მისცა ინფორმაცია, ე.ი. კონტაქტი არ მყარდება.
რაც შეეხება რეგისტრატორის მუშაობას ველზე, მას აქვს სია, რომელსაც ერთვის ჩვენი ბლანკი კითხვარით, მისი შევსებით ხდება გარკვეული ინფორმაციის გამოტანა ოჯახებიდან და ამის მეშვეობით ვადგენთ, რამდენია გარდაცვლილი, რამდენია უცხოეთში წასული, რამდენთან არ მყარდება კონტაქტი, რამდენი მისამართი არ იძებნება.
ჩვენ ძალიან მალე გვექნება ელექტრონული ვერსია, სრული საინფორმაციო ბაზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავამოწმოთ ეს სიები ანბანის, მისასმართის თუ კატეგორიების მიხედვით. მაგალითად, ვინ არიან დაუდგენელი პირები, უცხოეთში წასულები და ა.შ.
ეს არის საკმაოდ შრომატევადი სამუსაო, რომელიც უამრავი ადამიანის ჩართვას გულისხმობს, ვინ არიან რეგისტრატორები?
- ესენი არიან ჩვენი აქტივისტები, „ამომრჩეველთა ლიგაში“ მოვიდნენ მისი დაფუძნების პირველივე დღიდან, აპრილიდან მოყოლებული ვემზადებით ამ სამუშაოს შესასრულებლად, მოსამზადებელ პერიოდს დასჭირდა დაახლოებით თვენახევარი, ჯერ დავაკომპლექტეთ რაიონული შტაბები, ოლქების მიხედვით, შემდეგ დავიწყეთ რეგისტრატორების მოძიება-დაკომპლექტება, მომზადება. ასევე მოვამზადეთ ოპერატორები.
ესენი არიან ადამიანები, ვისაც სურთ ქვეყანაში პატიოსანი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, ვისაც სურს ცვლილებები, ვისაც აღარ სურს, რომ იცხოვროს ფალსიფიკაციის, პროპაგანდის, სიცრუის ტირაჟირერბის და ძალადობის პირობებში. ვისაც სურს, რომ საკუთარი ნება აისახოს არჩევნების შედეგებზე, აი, ამ ხალხისგან არის დაკომპლექტებული დღეს „ამომრჩეველთა ლიგა“.
2300 ადამიანი მუშაობს ველზე, 11 შტაბი ფუნქციონირებს, შტაბში დაახლოებით სამიდან ხუთ კაცამდე მუშაობს, ოლქის სიდიდის მიხედვით. არსებობს სათაო ოფისიც და საკმარისი ხალხი გყავს იმისათვის, რომ ეს კამპანია განვახორციელოთ.
ძალიან საინტერესოა, რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ამისი დადგენა შესაძლებელი?
- ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, მაგრამ ის, რაც გადმოცემულია რეესტრის მიერ, ეს არის 3,5 მილიონი ადამიანი, ჯერჯერობით ფაქტებზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ჩვენი ანალიზით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და ვფიქრობთ, საქართველოში 2,5 მილიონ ამომრჩეველზე მეტი არ არის. ასე იყო 5 იანვრის არჩევნებზეც, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც და ასეა დღესაც. ამას ადასტურებს ანალიზი, მიგრაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები, რომელიც მიგრაციის პროცესებს ეხება. მთელი ციკლობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში 2,5 ამომრჩეველზე მეტი არ არის. ეს უნდა გავითვალისწინოთ.
ასევე უცხოეთში მყოფ ადამიანებზე უნდა გაკეთდეს ჩანაწერი, რომ უცხოეთში იმყოფება და თუ დაბრუნდება სამშობლოში ხმის მისაცემად, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება, მას ექნება საშუალება მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით და დაიბრუნოს ხმის უფლება, მაგრამ ჩანაწერი უნდა არსებობდეს, რომ გაიზარდოს ნდობა არჩევნების მიმართ..
ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი „ზონდერ ჯუფების“ მეშვეობით ამ მონაცემებს ბოროტად იყენებს არჩევნების დროს. ეს „ზონდერ-ჯგუფები“ ყალბი, უცხოეთში წასულ მოქალაქეებზე გაცემული პირადობის მოწმობებით აძლევენ მათ ნაცვლად ხმას რამდენიმე უბანზე. ასე იყო 5 იანვარს, ასე იყო 21 მაისს და დარწმუნებული ვარ, ამას აპირებენ ახლაც.
ძალიან ბევრ ადამიანს, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებსაც და სხვებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სთხოვენ, მიიტანონ მომხრეების სიები და პირადობის მოწმობები თუ ასლები, ეგებ ხალხს განვუმარტოთ, ეს რას ემსახურება, რომ ისინი შეცდომაში არავინ შეიყვანოს...
- მე ამ მეთოდის აზრს ვერ ჩავწვდი, მგონია, რომ ეს უფრო ფსიქოლოიური ზეწოლაა, ზემოქმედება მერყევ ან ნეიტრალურ ადამიანებზე, რომ არჩევნებზე საერთოდ არ მივიდეს და მათ წინააღმდეგ არ მისცეს ხმა, შეიძლება ამაზეა გათვლილი.
მე მოვუწოდებ ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ, პირადი ნომერი ჩააწერინონ, მაგრამ პირადობის მოწმობა არ გადასცენ არავის. საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებზე ზეწოლა ფაქტი იყო წინა არჩევნებზეც, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ემუქრებიან სამსახურიდან გამოგდებით და აშანტაჟებენ თუ ისინი არ მოემსახურებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში და მათ ხმას არ მისცემენ. აიძულებენ, რომ ტელეფონით გადაიღონ მათ მიერ შემოხაზული 5-იანი, გამოუტანონ და აჩვენონ. მსგავს უკუღმართობებს ადგილი აქვს, თუმცა, როცა ხალხის ნება მტკიცეა, ეს ხერხები არაერფექტურია და პირიქით, უკურეაქციას იწვევს.
რა არ მომწიფდა მათ თავში ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ვერანაირი ძალის გამოყენება, ვერანაირი ხრიკები, ვერ შეაჩერებს ხალხის ჩამოყალიბებულ ნებას, გააკეთოს საკუთარი თავისუფალი არჩევანი.
ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ ამ თავისუფალ არჩევნებს ჩევუწყოთ ხელი, იმიტომ დავფუძნდით, რომ ხალხს დავეხმაროთ გადალახონ შიში და გააკეთონ თავისუფალი არჩევანი. ამისათვის საჭიროს თანაბარი წვდომა ინფორმაციაზე, თანაბარი წვდომა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ფინანსურ რესურსებზე, გარემო იყოს თანასწორუფლებიანი და რეალურად ასეთ პირობებში შეიძლება მხოლოდ ჩატარებული არჩევნები შედგეს. დაცული იყოს პრინციპი, ერთი ადამიანი - ერთი ხმა და მხოლოდ და მხოლოდ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები შეიძლება, ჩაითვალოს ლეგიტიმურად და გამოუცხადოს ხალხმა ნდობა.
სხვა შემთხვევაში, თუ მოხდება ფალსიფიკაცია, ისე როგორც ხდებოდა წინა წლების განმავლობაში, ძალიან მტკიცედ დავიცავთ ხმებს მშვიდობიანი და კონსტიტუციური საშუალებებით.
უცხოურ ორგანიზაციებთან თუ გაქვთ კონტაქტები, კონსულტაციები...
- ჩვენ თითქმის, საქართველოში აკრედიტირებულ ყველა უცხოურ ორგანიზაციასთან გვაქვს ურთიერთობა, გვქონდა შეხვედრები საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუსთან, შეხვედრა გვქონდა აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების წარმომადგენლებთან, ალბათ, ჩამოვლენ კიდევ სადამკვირვებლო მისიები და აუცილებლად გვექნება მათთან კონტაქტი.
ჩვენ ვგემავთ, კიდევ უფრო ფართომასშტაბიან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში და ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი მიმართულება იქნება მათთან აქტიური თანამშრომლობა და მივაწვდით ყველა ფაქტს, როგორც დარღვევის ასევე უზუსტობის შესახებ, რომელსაც ადგილი ექნება წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.
ამ სამუშაოების ჩასატარებლად, ალბათ, საკმაოდ დიდი ფინანსებია საჭირო, როგორ ხდება ამ თანხის მოძიება?
- არც ისე დიდი თანხებია საჭირო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ თბილისსა და ზუგდიდში ვმუშაობთ, თუ იქნება დამატებითი შემოწირულობები, ცხადია, ჩვენ უარს არ ვიტყვით და გავზრდით არეალს, ცხადია, არსებობს ბევრი კეთილისმსურველი ადამიანი ამ ქვეყნის გარეთ, რომელსაც სურს, თავისი კონტრიბუცია შეიტანოს კეთილ საქმეში. ბევრი მოქალაქეა, ვისაც სურს სასიკეთო ცვლილებები ქვეყანაში, ვისაც სურს, რომ საქართველოში თავისუფლება და დემოკრატია შეუქცევადი პროცესი გახდეს.