წინა კვირას ქართულ პოლიტიკაში მთავარ თემად ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატები იქცა, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ხელისუფლება აცხადებდა, რომ კოალიციის წევრებს ევროპარლამენტარებმა „დაახურეს“. ამაზე მიხეილ სააკაშვილი პრემიერ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჩართული კამერის წინ „ჩუმად“ ესაუბრებოდა. ყველას კარგად გვახსოვს ეს ჩანაწერი, რომელიც ქართულ მედიაში „გაეპარათ“. იმის დასადასტურებლად, რომ ოპოზიციას არავინ არაფერი „დაახურა“, „ქართული ოცნების“ წევრებმა სწორედ ის ფაქტი მოიყვანეს, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ამ სცენის გათამაშება მოუწია, თითქოს სააკაშვილი-მერაბიშვილის გულწრფელი საუბარი ფართო საზოგადოების სამსჯავროზე შემთხვევით აღმოჩნდა.
ლოგიკურიც არის ასე იფიქრო, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებას ასე შემთხვევით არაფერი „ეპარება“ და სავარაუდოდ არც სააკაშვილი დაიწყებდა ასეთ გულწრფელ საუბარს ჩართული კამერის წინ მაშინ, როდესაც რამდენიმე წუთში მერაბიშვილის პირდაპირი ჩართვა უნდა განხორციელებულიყო. თუმცა ამ სცენას თავი რომ დავანებოთ, ევროპარლამენტში დებატების შეფასებისას ერთ რამეზე ყველა თანხმდება - თავად ის ფაქტი, რომ დებატები შედგა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყანა ევროპის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს იყო დებატები, ანუ მასში ორი მხარე მონაწილეობდა - სააკაშვილის მომხრე ევროპის სახალხო პარტია და მისი მოწინააღმდეგე ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია. ამდენად, გამოხატული იყო ორი პოზიცია და ორივე მხარე საკუთარ პოზიციას იცავდა. ევროპის სახალხო პარტიის შეფასებით საქართველოში დემოკრატია ყვავის და სააკაშვილი სავარაუდოდ ისევ დემოკრატიის შუქურაა, ხოლო ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს იმ დარღვევებზე, რასაც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება სჩადის, მათ შორის ზეწოლა თავისუფალ მედიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ასევე საარჩევნო გარემოს შემადგენელ სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოში სერიოზული პრობლემები არსებობს. ფაქტია ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით ამ დებატების შემდეგ ევროპა საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიური გახდა.
ევროპის სახალხო პარტია რომ სააკაშვილს და მის გუნდს უჭერს მხარს, ეს საყოველთაოდ ცნობილია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიის წევრია და შესაბამისად, ამ გაერთიანების მხარდაჭერაც გარანტირებული აქვს. ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“ ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის სამუშაო სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ევროპის სახალხო პარტიის თანმჯდომარე ვილფრიდ მარტენსმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის საერთო ევროპულ ფასეულობებს მიესალმება. ამასთანავე, მარტენსმა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებებიც გააკეთა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა შექმნეს ახალი დემოკრატია საქართველოში და ეს არის ახალი პერიოდის შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრიდ მარტენსმა ბათუმში , „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
ამის პარალელურად ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე ქართული მედიისთვის აქვეყნებს წერილს, რომელშიც ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში მოუწოდებს პატივი სცენ საარჩევნო პროცესს. ფულე დარწმუნებულია, რომ არჩევნები იქნება უპირველეს ყოვლისა იმ პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების შესახებ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვისაა სასიკეთო.
„ნება მომეცით დავუბრუნდე ვითარებას კონკრეტულად საქართველოში. დემოკრატია ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციისათვის. როდესაც ცოტა ხნის წინათ კეტრინ ეშტონი და მე შევხვდით პრეზიდენტ სააკაშვილს, ჩვენ მივესალმეთ ბოლოდროინდელი რეფორმის მიღწევებს საქართველოში და, კერძოდ, მივულოცეთ პრეზიდენტს ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. თუმცა, ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით, რომ საჭიროა ვითარების გამოყენება დემოკრატიის კონსოლიდაციისა და საქართველოს ინქლუზიური ეროვნული განვითარების უზრუნველსაყოფად.
სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ასეთ მნიშვნელობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში - ჩვენ გვსურს, რომ საარჩევნო პროცესმა დააკმაყოფილოს საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები, მაგრამ ასევე იყოს „ღრმა დემოკრატიის“ ნიმუში, როდესაც უზრუნველყოფილია მედიის ხელმისაწვდომობა ყველა კანდიდატისათვის და გარანტირებულია პრესისა და შეკრების თავისუფლება და იქმნება გარემო, რომელიც გამოსადეგია საკითხებზე, და არა პროცესებზე საბრძოლველად. მე ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში პატივი სცენ საარჩევნო პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება უპირველეს ყოვლისა იმ პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების შესახებ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისათვისაა სასიკეთო“, - აღნიშნულია შტეფან ფულეს სტატიაში.
საქართველოში იმყოფება ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა.
ეუთოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთაც აღნიშნეს, რომ საქართველოში არ არის თანაბარი პირობები, ხდება შერჩევითი მართლმსაჯულება და დისპროპორციული დამოკიდებულებაა ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ. ზანიერიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია დიალოგი მთავრობასა და ოპოზიციას შორის იმისათვის, რათა თამაშის თანაბარი პირობები იქნას უზრუნველყოფილი.
რას ფიქრობენ საქართველოში ევროპელების გააქტიურებაზე და რას უკავშირებენ ამ ყველაფერს? რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ევროპის მხრიდან განსაკუთრებულ აქტივობას ვერ ხედავს, მაგრამ ამბობს, რომ ევროპელების რიტორიკა საქართველოსთან მიმართებაში შეცვლილია.
„თუკი ადრე ძირითადად იმ სტილის განცხადებები იყო, რასაც ბატონი მარტენსი აკეთებს ხოლმე, ახლა საქართველოს ხელისუფლების მიმართ უფრო მეტი კრიტიკა გაისმის და ასევე კეთდება მოწოდება, რომ წესიერი არჩევნები ჩატარდეს“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ევროპელების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მხარდამჭერი განცხადებები ერთგვარი ავანსები იყო ხოლმე, ანუ იმედი იმისა, რომ შემდეგ საქმე უკედ წავიდოდა, მაგრამ როდესაც ამდენი ხანი გადის და ქვეყანაში დემოკრატიის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია, უნდათ თუ არ უნდათ, ევროპელები ამაზე თვალს ვერ დახუჭავენ. მეორე მნიშვნელოვან საკითხად დავით ზურაბიშვილს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხელისუფლების რეალური ალტერნატივის გამოჩენა მიაჩნია.
„საერთოდ, პოლიტიკაში დიდია პრაგმატიზმის როლი. როდესაც იცი, რომ გინდა თუ არ გინდა, ეს ხელისუფლება მაინც იქნება, ყველაფერს ამაზე აწყობ, ხოლო როდესაც რეალური ალტერნატივა ჩნდება, მაშინ დამოკიდებულებაც იცვლება“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ევროპის ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებს დემოკრატიის განვითარებასთან მიმართებაში სერიოზულად აკვირდება. მომავალი საპარლამენტო არჩევნები კი სწორედ ამის ინდიკატორია, რამდენად ჩააბარებს ამ გამოცდას საქართველოს ხელისუფლება, რადგან სწორედ ხელისუფლების ხელშია ის ბერკეტები, რომლებიც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
აბაშიძე „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ევროპა ამ ყველაფერს ხედავს.
„დამთავრდა ის დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, მეორეხარისხოვანი იყო. დღეს საქართველო გადის ამ გამოცდას, რომელიც ღირსეულად უნდა ჩავაბაროთ. რეგიონებში ძალიან ხშირია მოსახლეობის დაშინება და დატერორება. ეს არის საკითხები, რომლებსაც ჩვენი უცხოელი კოლეგები აკვირდებიან და სწორედ ამიტომ კეთდება ამგვარი განცხადებები. მათთვის ცხადი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სერიოზულად მზად ვართ იმისთვის, რომ სამართლიან ბრძოლის პირობებში შეგვიძლია ეს პროცესი გამარჯვებით დავასრულოთ. ხელისუფლება კი ყველანაირად ცდილობს, რომ პროცესი დააზიანოს, რისთვისაც მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
იგი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ითხოვს, ევროპის მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს.