ზონდერბრიგადებში მონაწილე სპორტსმენების ვინაობას ამ ეტაპზე ჯერ არ ასახელებენ, მაგრამ ქართველ სპორტსმენებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ სპორტი პოლიტიზირებულად აქცია, მათი კოლეგები კი არაკეთილსინდისიერი მიზნით გამოიყენა. ამ მხრივ ხელისუფლებისთვის მისწრებაა ძიუდოსა და სამბის სპორტსმენები. ისინი ზონდერბრიგადების რიგებს ავსებენ...
ქართველი სპორტსმენები, რომლებშიც არიან ოლიმპიური, მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონები, საქართველოში მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირების ასაცილებლად საერთაშორისო საზოგადოებასა და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართავენ და სპორტსმენებზე ხელისუფლებისგან განხორციელებული ზეწოლისა და რეპრესიების აცილებას ითხოვენ. მიმართვას ხელს 130 მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენი აწერს. მიმართვის ტექსტი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ სპორტის თემატური ჯგუფის ინიციატივით შეიქმნა.
დღეს „თბილისი მარიოტში“ დამსახურებული სპორტსმენები საზოგადოების წინაშე წარდგნენ. აქ იყვნენ ნონა გაფრინდაშვილი, ზურაბ ზვიადაური, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხაბარელი, სოსო ჯაჭვლიანი და სხვანი. ერთადერთი სიტყვა, რაც მათგან ყველაზე მეტად ისმოდა, ეს სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება იყო. როგორც ჩანს, სპორტსმენთა მხრიდან ასეთი მკვეთრი ტერმინის გამოყენება სპორტის პოლიტიზირებამ განაპირობა.
ღვაწლმოსილი სპორტსმენების თქმით, ხელისუფლებამ სპორტსმენები დაჰყო არა სპორტული მიღწევების, არამედ მისდამი მორჩილების მიხედვით და ქვეყანაში სპორტისა და სპორტსმენთა პოლიტიზაცია მოახდინა. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე მიმდინარეობს, რაც ხელისუფლება ცდილობს, შექმნას ილუზია, თითქოს ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიის გზის ადგას, რითაც შეცდომაში შეჰყავს არა მარტო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, არამედ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები.
„ყოველივე ეს ქვეყანაში სპორტისა და სპორტსმენის ღირსების შელახვას იწვევს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება სპორტსმენებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეების დასაშინებლად, დასაჩაგრად და დასასჯელად. ქმნის ჯან-ღონით გამორჩეულ სპორტსმენთა სადამსჯელო რაზმებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუნდობლად უსწორდებიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის, სპორტსმენებსა და მათი ოჯახის წევრებს. ეს კი სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობად შეიძლება იქცეს“, - ნათქვამია სპორტსმენთა მიმართვაში.
ქართველი სპორტსმენების თქმით, თავისი არსით, ოლიმპიური მოძრაობა და სპორტი მშვიდობის სამსახურშია და არ შეიძლება, განიხილებოდეს ერთი ან რამდენიმე ჯგუფის კუთვნილებად.
არაერთი სპორტსმენის ხელმოწერას შორის, მიმართვის ტექსტზე ისეთი ცნობილი პიროვნებების გვარებიც ამოვიკითხეთ, როგორებიც არიან მანუჩარ მაჩაიძე, კახა კალაძე, რევაზ ძოძუაშვილი, ოლეგ იაძე, გურამ საღარაძე (მოჭიდავე), ვიტალი დარასელია, ლევან ყიფიანი, ლიკა კურტანიძე, გელა კეტაშვილი, ზურაბ აზმაიფარაშვილი, ნოდარ მოდებაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ამირან ტოტიკაშვილი, ზურაბ და დათო რურუები (წყალბურთი), პაატა ვახტანგიშვილი (ალპინიზმი), გივი ჭიჭინაძე (რაგბი), მიხეილ წიკლაური (კარატე), იოსებ მაღალაშვილი (სამბო), რამაზ სანებლიძე (რაგბის დამსახურებული მწვრთვნელი), გურამ ბიგანიშვილი (აფროსნობა), გურამ მინაშვილი (კალათბურთი), გიორგი ანჩაბაძე (ფეხბურთი), კახაბერ ერგემლიძე (ძალისმიერი სამჭიდი) და სხვანი. მიმართვის ტექსტზე ხელმოწერები კვლავაც გაგრძელდება.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის, ლევან ყიფიანის თქმით, მიმართვის ტექსტს უცხოეთში გადახვეწილი სპორტსმენებიც შეუერთდებიან. ამასთან, მიმართვის ტექტსი, პირველ რიგში, საელჩოებს გადაეგზავნება, ასევე, - გაეროსა და საერთაშორსო ორგანიზაციებს, ოლიმპიურ კომიტეტს, ევროკავშირს. მისივე განმარტებით, კონკრეტულად, ხელისუფლება დევნის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ სპორტსმენებს, მათ შორის, კახი კალაძეს, შოთა ხაბარელს.
გარდა ამისა, რეგიონებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებზეც დაიწყეს ზეწოლა და ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
For.ge ცნობილ სპორტსმენებს ესაუბრა.
ზურაბ ზვიადაური: ყველამ ვიცით, რომ სპორტი პოლიტიზირებულია, განსაკუთრებით კი, პოლიტიზირებულია ძიუდო. ამის მიუხედავად, რეგიონებში შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან ერთად განვაგრძობთ. ჩვენი მომხრეების დევნის თვალსაზრისით, ყველაზე რთული გორი აღმოჩნდა. ჩემი აზრით, აუცილებლად მოხდება იმ სპორტსმენების გამომჟღვნება, ვინც ზონდერბრიგადებში მონაწილეობს.
ნონა გაფრინდაშვილი: ეს მიმართვა დღევანდელმა ხელისუფლებამ გაფრთხილებად უნდა აღიქვას. არ შეიძლება, სპორტი პოლიტიკური იყოს. როცა ამდენი მსოფლიო თუ ოლიმპიური ჩემპიონი პოლიტიკურ პროცესებში ერთვება, იმ ქვეყანაში არ შეიძლება, საქმე კარგად იყოს. პირადად მე ამდენი წლის ვარ და დღემდე ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო, დამამშვიდებელი და ენერგიის მომტანი არის ჭადრაკის ის სამყარო, რომელ სამყაროშიც ვტრიალებდი. მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მოგწონს შენი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ჩატარებული რეპრესიები და ამ აზრს აფიქსირებ, არ შეიძლება, დევნას განიცდიდე. მე ვარ მოქალაქე, რომელსაც კონსტიტუციური უფლება მაქვს, ჩემი მოსაზრება გამოვთქვა. ამის გამო, ამ ხელისუფლების თვალში, მტერი არ უნდა ვიყო. კარგის მეტი ქვეყნისთვის არაფერი გამიკეთებია. ეს მიმართვა სპორტის გათავისუფლებისთვისაა. სპორტი ქვეყნის სამსახურში უნდა იყოს და არა რომელიმე მმართველის სამსახურში. ამ ადამიანებს, ვინც დღეს მაჟორიტარებად ჩაერთვნენ, სულ არ უნდოდათ მაჟორიტარობა, უნდოდათ, თავიანთი ცხოვრებით ეცხოვრათ და სპორტს გაყოლოდნენ, მაგრამ მათი დასაქმება ვერ მოხერხდა, რადგან თურმე საწინააღმდეგო აზრი გამოუთქვამთ ოდესმე.
სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევები უკვე ვნახეთ, თუ ვინმე 26 მაისს საზიზღრობებს აკეთებდა, გულმოდგინედ სცემდა (ცემა კიდევ რბილი სიტყვაა) ადამიანებს, ზონდერები იყვნენ. დღესაც არის ამის საფრთხე, ყველა რაიონში ჰყავთ ზონდერები, მათ შორის, მოჭიდავეები თუ მოკრივეები, ძალისმიერი სპორტის წარმომადგენლები. ესაა უბედურება, როცა სპორსტსმენი სპორტსმენის თუ სხვა ადამიანის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას უბრძანებენ და ამისთვის ხელფასს უხდიან და პრემიებს აძლევენ.
მე „სახალხო კრების“ თავმჯდომარე ვარ, მაგრამ, როგორც სპორტსმენი, ამ მიმართვას ვუერთდები.
ლევან ყიფიანი: სპორტსმენებმა გაერთიანება გადავწყვიტეთ, რათა პრევენცია მოვახდინოთ ხელისუფლების ასეთ ქმედებებზე. სპორტმა გაერთიანება უნდა მოახერხოს. სამოქალაქო დაპირისპირება გამოიხატება შეხლა-შემოხლაში, ზონდერების გამოყენებაში. ხელისუფლებისგან დევნის ყველაზე დიდი მაგალითია კახი კალაძის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ასეთი რამ დამსახურებული სპორტსმენების წინააღმდეგ არ უნდა ხორციელდებოდეს. ასეთივე ქმედებებს მიმართავენ შოთა ხაბარელის, ზურაბ ზვიადაურის წინააღმდეგ. შესაძლოა, ზონდერბრიგადები სპორტში ზედმეტად გამოჩენილნი არ არიან, მაგრამ გარკვეული წვლილი ოდესღაც მათაც შეუტანიათ ჩვენს სპორტულ კარიერაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ხალხი სინდისის ქენჯნამ შეაწუხოს. ნელ-ნელა პრესაშიც და ტელევიზიაშიც იბეჭდება მათი ფოტოები, ისმის მათი გვარები და სახელები. სპორტსმენი-ზონდერები ბევრნი არ არიან. ჩვენ, ამ მიმართვის ტექსტზე ხელმომწერები, უფრო მეტნი ვართ და სხვა არანაკლებ სახელოვანი სპორტსმენებიც შემოგვიერთდებიან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მის რეგიონებში გასვლას ვერაფერი შეაფერხებს. პირადად მე ახლა ხაშურიდან ჩამოვედი, ნახევარ საათში ისევ დავბრუნდები, რომ იქაურ მოსახლეობას შეხვდე და გავაგებინო, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში, სოფლის მოსახლეობა ინფორმაციის წარმოუდგენელ ვაკუუმში იმყოფება.
შოთა ხაბარელი: სპორტსმენებს გვინდა, ქვეყანა მართლაც ქვეყანას დაემსგავსოს. ხელისუფლებისგან პირადი ზეწოლა, ქონებაზე ზეწოლა ხორციელდება. არა მარტო ჩემს ბიზნესს შეეხო ეს, რაც მის ჩამორთმევაში გამოიხატა და ჩემს ბიზნესს ყადაღა დაადეს, არამედ ყველანაირი ფორმით ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ იმისთვის, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი დავაფიქსირეთ. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოებისადმი ჩვენს მიმართვას მსოფლიო ორგანიზაციები გულისყურით მოეკიდებიან, რადგან მთელი მსოფლიოსთვის საქართველო ერთ-ერთ სპორტულ ქვეყნად მოიხსენიება. ამიტომ, შესაბამის რეაგირებას მოველით. ზონდერბრიგადები კი გამოვლინდება, უკვე ცნობილია ამ ადამიანების მონაცემები, ხმამაღლა ჯერ ვერ ვიტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი თავადვე მიხვდებიან, რომ ეს ძალიან უდიერი საქციელია და ამას ქართველი სპორტსმენი არ უნდა სჩადიოდეს.
სოსო ჯაჭვლიანი: ზონდერბრიგადის წევრები გადაღებულნი არიან, მათი სურათები არსებობს და თავის დროზე ყველა ადამიანი მხილებულ იქნება და პასუხსაც აგებენ. ნებისმიერი სპორტის სახეობას მიეკუთვნებიან ეს ზონდერები. რა, ნაძირალა არ შეიძლება ყველგან იყოს?! ბოლოს და ბოლოს, ოჯახში ერთი ნაძირალა შეიძლება, გამოიპაროს.
მურად იზორია: ამდენი უსამართლობა ხდება ქვეყანაში, განსხვავებული აზრის გამო დევნიან სპორტსმენებს. რამდენი მსოფლიო ჩემპიონია გადახვეწილი სხვა ქვეყანაში და იმ ქვეყნის სახელით ასპარეზობენ?! მე მოჭადრაკეებზე მოგახსენებთ. ქართველი მოჭადრაკეები ესპანეთის ან შოტლანდიის სახელით გამოდიან. ჩვენი ჭადრაკის ნაკრების ტოლფასოვანი გუნდი საზღვარგარეთ იმყოფება, ამიტომაც შედეგი არ გვაქვს მამაკაც მოჭადრაკეებში. საინტერესოა, რომ ყველა სპორტსმენი გამოვიდა თავისი აზრის დასაფიქსირებლად, რატომღაც მოჭადრაკეები იკავებენ თავს. არადა, ბიძინას ფულებით მიდიოდნენ ევროპის, მსოფლიო ასპარეზობაზე, ოლიმპიადაზე, ცალკეულ მოჭადრაკეებს, ვეტერანებს თუ ახალგაზრდებს, ბიძინა აფინანსებდა. ის მოჭადრაკეები, რომლებიც საქართველოში კაბალურ პირობებში იმყოფებიან, უნდა დადგნენ ბიძინას გვერდით და, ახლობლებისა და ნათსავების დაშინების გამო, არ უნდა შეჩერდნენ.