საქართველოს მთავრობას დასაქმების სამინისტრო ტყუილად არ შეუქმნია, არც მეტი, არც ნაკლები, მთავრობის ახალი მეთაური ახალი სამუშაო ადგილების შექმნას პენტაგონის დახმარებით ვარაუდობს. ამის შესახებ სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს მთავრობისა და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივ სიმპოზიუმზე გახდა ცნობილი, სადაც ღონისძიებას მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაესწრო. დანამდვილებით ჯერ არ იციან, მაგრამ შესაძლოა, საქართველოში წარმოებული პროდუქცია პენტაგონის შესყიდვების სიაში მოხვდეს.
რაც მთავარია, უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ პენტაგონი საქართველოში უმუშევრობის პრობლემას გადაგვიჭრის. როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ბათუ ქუთელია აცხადებს, ქართული მხარის ამოცანაა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქვს, გამოიყენოს რათა ქართულმა ბიზნესმაც და საქართველოს მოქალაქეებმაც მაქსიმალური სარგებელი ნახონ.
როგორც მთავრობის ხელმძღვანელი გვეუბნება, ქართველ მეწარმეებს მიეცათ უნიკალური შანსი, რომ 47-მილიარდიან ბაზარზე გავიდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განმარტებით, პენტაგონის ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე „მთლიანი რეგიონი ჩვენს გარშემო“. ეს საქართველოსთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი იქნება, რაც საქართველოს მოსახლეობას მეტ სიკეთეს მოუტანს.
ძნელი სათქმელია, რამდენი ადამიანი დასაქმდება პენტაგონის წყალობით, მაგრამ ახალი სამთავრობო დაპირება 4 წელიწადში 273 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაა.
ბათუ ქუთელია ამბობს, რომ სიმპოზიუმის ამოცანა, სწორედ ის არის რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია პენტაგონის შესყიდვების სიაში მოხვდეს, რათა ის საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანაა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს და რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ქართულმა ბიზნესმა და საქართველოს მოქალაქეებმა. შეხვედრის მიზანია, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე, ქართული ბიზნესი ჩაერთოს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების პროგრამებში და ქართულმა პროდუქციამ გააღწიოს საერთაშორისო ბაზარზე. ქართული ბიზნესის განვითარება კი ბუნებრივია, ნიშნავს უფრო მეტ ჩვენი მოქალაქის დასაქმებას, უფრო მეტ ტექნოლოგიებს ქართულ ბიზნესში, რაც თავისთავად წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის მეტ სარგებელს“, - აცხადებს ბათუ ქუთელია.
კიდევ ერთი მოლოდინი ის არის, რომ ქართულ კომპანიებს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
ტენდერში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელმა. ამერიკული მხარე ბიზნესმენებს იმ კრიტერიუმებს აცნობს, რომელიც ტენდერში მონაწილეობისთვისაა აუცილებელი.
მერაბიშვილის შეფასებით, ეს საქართველოსთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი იქნება, რაც საქართველოს მოსახლეობას მეტ სიკეთეს მოუტანს.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიების მიზანია ქართულ კომპანიებს ამერიკის თავდაცვის სისტემის ლოგისტიკური მომარაგების სპეციფიკა გააცნოს. ორი დღის განმავლობაში საკუთარ პროდუქციას სიმპოზიუმზე ქართული კომპანიებიც წარადგენენ. მათ საშუალება ექნებათ, მოიპოვონ თავდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაცია, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ამერიკულ მხარესთან საქმიანი ურთიერთობების განვითარებას. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიითაა გათვალისწინებული.
თავდაცვის ლოგისტიკის სააგენტო ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ყველაზე დიდი უწყებაა. მშვიდობის და ომის პერიოდში მსოფლიო მასშტაბით ის ლოგისტიკურ მხარდაჭერას სთავაზობს სამხედრო და სამოქალაქო უწყებებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
სავარაუდოდ, წინასაარჩევნო პერიოდის წყალობით, მთავრობა შეეცდება კომპანიებს ხელი არ შეუშალოს. აქვე, ისიც საინტერესოა, როგორ და ვის მიერ შეირჩევა ქართული კოპანიები, რადგან საქართველოს ტენდერების მოწყობის საკმაოდ ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე ტრადიცია აქვს.