„თქვენს ქვეყანაში კატისა და ძაღლის უფლებები უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე ჩვენთან - ადამიანის უფლებები. არსებობს ასეთი ქვეყანა - საქართველო, სადაც ქველმოქმედება დასჯადი გახდა“, - მიმართა უცხოელ დიპლომატებს საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდ „ქომაგის“ თავმჯდომარემ ია მეტრეველმა „თბილისი მერიოტში“ გამართულ კონფერენციაზე. კონფერენციას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დასასრულს, ია მეტრეველმა უცხოელ დიპლომატებს რამდენიმე წლის წინ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ქალაქში მკვლელია“ ვიდეოკასეტა და ინგლისურ ენაზე გამოცემული ბუკლეტები გადასცა, სადაც მოთხრობილია იმ ადამიანებზე ზეწოლის შესახებ, რომლებმაც დახმარებისთვის ფონდ „ქომაგს“ მიმართეს.
როგორც For.ge-სთან საუბარში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, ფონდ „ქომაგის“ წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა, მასშტაბური რეპრესიები მიმდინარეობს და ფონდი ვერ ახორციელებს იმ მიზანს, რის გამოც იგი შეიქმნა. ადამიანები, რომლებმაც ამ ფონდს დასახმარებლად მიმართეს, კონტროლის პალატისა და პროკურატურის მხრიდან პოლიტიკური დევნის ობიექტებად იქცნენ.
უჩა ნანუაშვილის თქმით, მისმა ორგანიზაციამ საქმეში რეალური მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა და დარწმუნდა იმაში, რომ ამ ადამიანების დაკითხვა პრევენციულ მიზანს ემსახურება, რათა ხალხმა დახმარებისთვის აღარ მიმართოს აღნიშნულ საქველმოქმედო ფონდს.
კონფერენციაზე უცხოელებს სიტყვით მიმართა ია მეტრეველმა. მისი თქმით, ვერცერთი სტუმარი თუ ჩამოსული ადამიანი, სააკაშვილის სასახლის ლამაზი ფანჯრებიდან, ვერ დაინახავს იმ რეალობას, რაც საქართველოშია.
„უამრავ ადამიანს დასაკითხად იბარებდნენ. ვისაც ადვოკატი არ ჰყავდა, მათ მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ - დილის 11.00 საათზე დაბარებულებს ღამის 01.00 საათზე უშვებდნენ, მათ შორის - მოხუცებსაც. ეუბნებოდნენ, რომ თქვენ ფულის გათეთრების კრიმინალურ სქემაში ხართ გარეული“.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ფონდ „ქომაგისთვის“ გადარიცხული თანხის გამო ბიძინა გიორგობიანს 900 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს, მაშინ, როცა ფონდ „ქომაგის“ ანგარიშზე თანხა გადაირიცხა არა ფიზიკური პირის, არამედ იურიდიული პირის მიერ. უბრალოდ, ბიძინა გიორგობიანი იმ ფონდის უფლებამოსილი პირია, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია რეგისტრირებული. ამასთან, გიორგობიანი არ გახლავთ პარტიის წევრი, მართალია, იგი „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი იყო, მაგრამ კარგა ხანია, პარტიული უფლებამოსილება შეუწყდა.
„სასამართლოს წარვუდგინეთ წერილობითი განცხადება „ქართული ოცნებიდან“, რომ მათ არავითარი კავშირი არ აქვთ ფონდ „ქომაგთან“, თუმცა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნები განუხილველი დატოვა“.
ამდენად, სოსო ბარათაშვილი ევროსასამართლოში წარსადგენ სარჩელს ამზადებს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ფონდ „ქომაგის“ საქმესთან დაკავშირებით დაასკვნა, რომ პროკურატურისა და კონტროლის პალატის ქმედებები უკანონოა. ახალგაზრდა იურისტების თქმით, ბიძინა გიორგობიანს რვა დღით ადრე (როცა გადარიცხვა განხორციელდა) არ ეცოდინებოდა, რომ ფონდ „ქომაგის“ მიმართ რეგულაციები დაწესდებოდა და მათ საქმიანობას ხელისუფლება კონკრეტულ პარტიას დაუკავშირებდა.
აქვე ახალგაზრდა იურისტები გივი ქურიძის შესახებ ამახვილებენ ყურადღებას, რომელმაც 5 ივნისს ოპერაცია გაიკეთა, ექიმები მის გადადგილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი მოდულის შენობაში დასაკითხად წაიყვანეს. პირველად ვერ მოხერხდა მისი დაკითხვა, მაგრამ საავადმყოფოდან მეორედაც წაიყვანეს და მოდულის შენობაში უკვე ცუდად გახდა. არადა, კანონმდებლობის თანახმად, თუ ავადმყოფის დაკითხვა აუცილებელია, იგი საავადმყოფოს ტერიტორიაზევე უნდა დაეკითხათ. რაც შეეხება მეორე პირს - ნუგზარ ბელქანიას, მისი დაკითხვაც უცნაურ გარემოში წარიმართა. როცა დასაკითხად მიჰყავდათ, იგი პოლიციის მანქანაში ჩასვეს, სადაც მოულოდნელად, არასრულწლოვანი შვილი დაახვედრეს. როგორც ჩანს, ესეც დაშინების ერთგვარი მეთოდია. დაკითხვის შინაარსიც უცნაური იყო: გამოხვალ თუ არა ქუჩაში, თუ ოპოზიცია არჩევნებს წააგებს?! რატომ ხარ ოპოზიციაში, მაშინ, როცა გაქვს დენი, გაზი, წყალი?!
უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ათეულობით ადამიანი მოდულის შენობაში იძულებით მიჰყავდათ, როგორც დედაქალაქში, ისე - რეგიონებში.
„ასეთივე დამოკიდებილებას ამჟღავნებდნენ რაიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ. მათ ამომრჩეველთა მოსყიდვის საბაბით იბარებდნენ. საუბარი იყო, თითქოს საზღვარგარეთ მყოფი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები მონაწილეობდნენ ამ სქემაში. თუმცა, ეს რეალობისგან შორს იყო“.
უჩა ნანუაშვილის თქმით, არცერთი ორგანიზაცია არაა დაცული, რომ მათ მიმართაც არ გაჩნდება კითხვები და მათ რომელიმე პარტიასთან კავშირში არ დაადანაშაულებენ. ამდენად, ეს უკვე ღია ტერორის ფორმას იღებს.
ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ფონდ „ქომაგი“ რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლება მაინც დააყადაღებდა ნებისმიერ ფონდს - ფონდ „კახას“ თუ ფონდ „ჟორას“ და მათაც პოლიტიკურ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულებდა. კახიშვილის ინფორმაციით, ბანკებში გაგზავნილია მრავალი ადამიანის სია, რომელთა ანგარიშებიც მონიტორინგზეა. ბანკის თანამშრომელს კი უფლება არ აქვს, გაამხილოს, რომ კლიენტის უფლებები იზღუდება.
For.ge ია მეტრეველს ესაუბრა.
ჩემთვის საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობა პირველი არ არის. 1999 წლიდან დღემდე ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაცია „SOS ბავშვთა სოფელში“, სადაც 100-მდე პატარას მომავალს ვემსახურები. ჩემი ტრაგედია 2004 წლიდან, რევოლუციის წლისთავზე დაიწყო, როცა ხელისუფლებამ ერთადერთი შვილი დიდუბის ეკლესიის წინ მომიკლა და მას მკვლელობაც არ აკმარა. 19 წლის ბიჭსა და მის მეგობებს იარაღები დაუწყეს და ბანდიტებად გამოაცხადეს.
დიდი სურვილი მქონდა, ბუტას ფონდი შემექმნა, როცა სატრასბურგში საქმეს მოვიგებდი და ამ ფულით გაჭირვებულ მოქალაქეებს დავეხმარებოდი, მაგრამ ხელისუფლებამ ამ საქმეშიც შემიშალა ხელი და დამნაშავეები სულ სხვა მუხლით გაასამართლა.
30 აპრილს საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტების დახმარებით მაინც შევქმენი საქველმოქმედო ფონდი. ხელისუფლებისგან რეპრესირებული ადამიანების დახმარება იყო ჩვენი ფონდის მიზანი. თუმცა, როცა ჩვენს ანგარიშზე გერმანიის მოქალაქის, ბიძინა გიორგობიანის თანხა ჩაირიცხა, ანგარიში დაგვიყადაღეს, რის გამოც მოქალაქეთა დახმარება შეფერხდა. ჩვენთან უამრავი ხალხი მოდიოდა. დღის მანილზე უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს ვუსმენდით.
კონკრეტულად ვის ეხმარებით? მართალია, რომ ნაცმოძრაობის და ქდმ-ს წარმომადგენლებსაც დაეხმარეთ?
- ამ ეტაპზე პოლიტიკური ნიშნით, თავისუფალი სიტყვისთვის დევნილ ადამიანებს ვეხმარებით, განურჩევლად ნებისმიერი პარტიის წევრობისა. მათ შორის, დავეხმარეთ პოლიციელებს, რომლებიც ხელისუფლებამ დაითხოვა, რადგან თურმე მათ თვალებში „ოცნება შეუმჩნევიათ“ და ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად აღიქვეს. ქდმ-მაც მოგვმართა, სახალხო კრებამაც, 26 მაისს დაზარალებულებმა, ნაცმოძრაობიდანაც მოგვმართა, ორმა ადამიანმა. ოქტომბრიდან, როცა ვითარება შეიცვლება, ჩვენი ფონდი სოციალურად დაუცველ ადამიანებსაც გაუწევს დახმარებას. დაახლოებით 2 ათასმა ადამიანმა მოგვმართა. კონტროლის პალატის ზეწოლის მიუხედავად, მათი რიცხვი დღითი დღე მატულობს.
დიპლომატების საქმეში ჩართვა ფონდ „ქომაგისთვის“ რამეს შეცვლის?
- საელჩოების წარმომადგენლები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებს წარმოადგენენ, ალბათ, ჩვენს მონათხრობს ვერ იჯერებენ, რადგან მათ ქვეყნებში ასეთი რამ წარმოუდგენელია. თუმცა, მათ ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ. მათ რეალისტურად უნდა შეაფასონ ვითარება და არა ის, რასაც „რუსთავი 2“ გადმოსცემს. მათ ყველაფერზე უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა, რაც ამ ქვეყანაში ხდება. დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით კი ჩვენ სტრასბურგსაც უნდა მივმართოთ და იმედია, სათანადო რეაგირება იქნება. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, ყადაღა ახსნას ფონდ „ქომაგის“ ანგარიშებს.
დაყადაღებული ანგარიშების მიუხედავად, როგორ ახორციელებთ ადამიანების დახმარებას?
- დღემდე მოგვმართავს ხალხი. ამ ადამიანებს დასაკარგი არაფერი აქვთ. უკანონობას არც ჩვენ ჩავდივართ და მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დახმარებას. ეს დახმარებები გრძელდება, საზღვარგარეთიდან ისევ ხორციელდება გადმორიცხვები და ბევრი მათგანი უბედნიერესია. ჩვენც ბედნიერები ვართ, როცა თანხას მიიღებენ და მათთან ერთად ვტირით. მართლაც უკიდურეს მდგომარეობამდე ჰყავთ ხალხი მიყვანილი.
ანუ დაყადაღების მიუხედავად, საზოგადოების დახმარება გრძელდება?
- დიახ, გრძელდება. რა დალევს კეთილ ადამიანებს საზღვრებს გარეთ. ჩვენ მათ ვუკავშირდებით, ისინი თავიანთ მეგობრებს უკავშირდებიან, მათგან ზოგი უცხოელია, ზოგიც - ქართველი და ერთობლივი ძალებით ვახერხებთ ხალხის დახმარებას.