ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა 4-დან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6299 ადამიანი გამოიკითხა.
კვლევის შედეგები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ლუის ნავარომ წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს NDI მომავალ კვირაში წარმოადგენს, მაგრამ რა თქმა უნდა, რეიტინგები მხოლოდ თავად პარტიებს მიეწოდება. ნავარო მოსახლეობის პოლიტიკურ სიმპათიებს მხოლოდ ზოგადად შეეხო. მისი თქმით, NDI-ს მიერ თებერვალში ჩატარებული მსგავსი ტიპის კვლევა უფრო პოზიტიური იყო, ივნისში ჩატარებული კვლევის თანახმად კი ამჟამად უფრო მეტია იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.
კვლევის თანახმად, ყველაზე პრობლემურ საკითხებად მოსახლეობას უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სიღარიბე მიაჩნია, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად კი - ადამიანის უფლებები, ურთიერთობა რუსეთთან, ნატოში გაწევრიანება და სიტყვის თავისუფლება. გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ 2008 წლის იანვართან შედარებით მკვეთრად გაუარესდა რუსეთთან ურთიერთობა, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხი, მოიმატა სიღარიბემ, შემცირდა სამუშაო ადგილები და ჯანდაცვაც უფრო ძნელად ხელმისაწვდომი გახდა. ყველაზე მეტად კი 2008 წლის შემდეგ მოსახლეობის აზრით მოიმატა ინფლაციამ. ამასთანავე, NDI-ს კვლევის თანახმად, საქართველოში პოლიტიკოსები არასათანადოდ განიხილავენ შემდეგ საკითხებს - ინფლაცია, სიღარიბე, სამუშაო ადგილები. ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად საქართველოს მოქალაქეებს ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმა, კომუნალური მომსახურების და ტრანსპორტის ღირებულება მიაჩნიათ და თვლიან, რომ სწორედ ამ საკთხებს პოლიტიკოსები ნაკლებად განიხილავენ.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 69% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს და ამ ფონზე კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 14% კი თვლის, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულების ვითარდება. კითხვაზე, არის თუ არა ამჟამად საქართველოში დემოკრატია, მოსახლეობის 38% დადებითად პასუხობს, ხოლო 43% უარყოფითად. შედარებისთვის მოყვანილია თებერვლის კვლევა, როდესაც პასუხები იგივე კითხვაზე ასე გადანაწილდა - მაშინ მოსახლეობის 49%-ს მიაჩნდა, რომ საქართველოში არის დემოკრატია, ხოლო 34% ამ კითხვას უარყოფითად პასუხობდა. ამასთანავე, მოსახლეობის 59%-ისთვის დემოკრატია ნიშნავს სიტყვის, მედიის თავისუფლებას და განსხვავებული აზრის მოსმენას, ხოლო 36%-ის აზრით დემოკრატია არის თანასწორობა კანონის წინაშე და სამართლიანობის დაცვა, ადამიანთა 30% თვლის, რომ დემოკრატია ადამიანის უფლებების დაცვაა, 18%-ს მიაჩნია, რომ დემოკრატია სამუშაო ადგილების არსებობაა, ხოლო 16%-ის აზრით დემოკრატია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.
კითხვაზე, მოყვანილი მოსაზრებებიდან რომელს ეთანხმებით ყველაზე მეტად, მოსახლეობის 32% პასუხობს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას, 22% ფიქრობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება, ხოლო 19%-ის აზრით საქართველო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ლუის ნავარომ ამ კითხვასთან დაკავშირებით გააკეთა შენიშვნა, რომ მეორე პასუხის (საქართველო არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება) გამცემთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით გაიზარდა.
საზოგადოების მოლოდინებთან დაკავშირებით კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა - მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ ყველაზე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება (თუმცა მისი განხორციელების მოლოდინი მხოლოდ მოსახლეობის 25%-ს აქვს, 42% თვლის, რომ უნდა განხორციელდეს სოფლის მეურნეობის რეფორმა (მაგრამ მის განხორციელებას მხოლოდ 16% მოელის), საპენსიო რეფორმის საჭიროებას 33% ხედავს (მის განხორციელებას კი 26% მიიჩნევს მოსალოდნელად).
მოსახლეობის 78% ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ საქართველოში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სპეციალური კომისია შეიქმნა, აქედან ასევე 78% ფიქრობს, რომ კომისია საარჩევნო სიებს გააუმჯობესებს, 69% აცხადებს, რომ მასთან სახლში ამ კომისიის წევრები იყვნენ მისულები, ხოლო 25% ამბობს, რომ კომისიის წევრები მასთან არ მისულან. მოსახლეობის 77% ამბობს, რომ არ ცხოვრობს იქ, სადაც ჩაწერილია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% თვლის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდება, 13%-ის აზრით, არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდება. რაც შეეხება იმას, თუ რა არის უმთავრესი დაბრკოლება საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის, მოსახლეობის 22% ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს, 19%-ის აზრით, ეს არის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები, 15% თვლის, რომ პრობლემაა საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა და ამავე რაოდენობის ადამიანს მიაჩნია, რომ პრობლემა არის კარუსელები. ამასთანავე, 14%-ის აზრით, პრობლემაა არმომჩეველთა შევიწროება, ხოლო 13% მიიჩნევს, რომ ხმის მიცემა სამსახურის შესანარჩუნებლად ხდება.
ამის შემდეგ კვლევის ფარგლებში რამდენიმე კითხვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დაისვა. კვლევის თანახმად, თუკი ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, მოსახლეობის 27% მის ამგვარ მოწოდებას მხარს დაუჭერს, ხოლო 53% - არა. როგორც ლუის ნავარომ აღნიშნა, თებერვალში იგივე კითხვაზე მხოლოდ 17% ამბობდა, რომ ქუჩაში გავიდოდა. მოსახლეობის 71% ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება, 76%-მა იცის, რომ ივანიშვილმა მოქალაქეობის აღდგენა სცადა, 61%-ს იმაზეც აქვს ინფორმაცია, რომ სამოქალაქო რეესტრმა მას ამ მოთხოვნაზე უარი უთხრა, ხოლო 63% რეესტრის ამ გადაწყვეტილებას არ ამართლებს. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ორმაგი მოქალაქეობა უნდა მოითხოვოს, 45%-ის აზრით კი, თუკი „ქართული ოცნების“ ლიდერი მოქალაქეობს ვერ მიიღებს, მას მაინც გამონაკლისის სახით არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს. მოსახლეობის 32% ინფორმირებულია საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომლითაც ევროკავშირის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში 5 წელი უცხოვრია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, და აქედან 31% ამ ცვლილებას მხარს უჭერს, ხოლო 25% - არა. 36% ინფორმირებულია იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებაც, რომლისთ ანახმადაც პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკის ზღვარი 25-დან 21 წლამდე შემცირდა, და აქედან მხოლოდ 1% უჭერს მხარს, ხოლო 67% ამ ცვლილების წინააღმდეგია.
კვლევის ფარგლებში მოსახლეობას დაუსვეს ასეთი კითხვა - 27 მაისს თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა - ჩემი პირველი განცხადებიდან 7 თვე გავიდა და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ვგეგმავდი და გააზრებული მქონდა. იცით თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ? ამ კითხვაზე 71% უარყოფითად პასუხობს, 17% კი - დადებითად.
ასევე დაისვა კითხვა - საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგი წერეთელის ცნობილ განცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ საჯარო მოხელე ოპოზიციის მიტინგზე არ დადის, ამ განცხადებას მოსახლეობის 61% არ ეთანხმება.
რამდენიმე კითხვა ქალაქ ლაზიკასთან დაკავშირებითაც დაისვა. მოსახლეობის 84%-მა იცის პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ასეთი ქალაქი უნდა აშენდეს, აქედან 54% ამ გადაწყევტილებას მხარს უჭერს, 32% კი წინააღმდეგია. ხოლო მას შემდეგ, რაც იგებენ, რომ ლაზიკის მშენებლობის პირველი ფასი სავარაუდო ღირებულება 1.5 მილიარდი ლარია, გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია. ამასთანავე, 68% თვლის, რომ ამ საკითხზე უნდა მიმდინარეობდეს საჯარო დისკუსია.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს, გამოკითხულთა 36% ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს, 33% კი თანახმაა.
კვლევის ავტორებმა მოსახლეობას ჰკითხეს ასევე მხარს უჭერენ თუ არა ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას, რომლითაც უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება, რაზეც გამოკითხულთა 89% დადებითად პასუხობს.
რამდენიმე კითხვა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას ეხებოდა და ყველა მათგანზე პასუხიები იმგვარად განაწილდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს იმას, რომ ქალები მეტად იყვნენ ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილები.
საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით გამოკითხულთა 87%-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამიდნელი ურთიერთობა რუსეთთან, ამასთანავე გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას უჭერს მხარს, თუმცა იმის იმედი, რომ ქვეყანა ნატოს წევრი მალე გახდება, ბევრ არ აქვს. გამოკითხულთა 24%-ს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ 2014 წლის შემდეგ მოხდება, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ეს არასოდეს მოხდება.
გამოკითხულთა 75% მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს (თებერვალში ეს მაჩვენებელი 64%-ს შეადგენდა), ასევე გამოკითხულთა 77% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას მიიღებდა, თებერვალში კი ასე მხოლოდ 68% ფიქრობდა.
დაბოლოს, რამდენიმე კითხვა დაისვა ქართულ მედიასთან დაკავშირებითაც, საიდანაც ირკვევა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა ინფორმაციას ტელევიზიის საშუალებით ღებულობს. 65% თვლის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“ ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავს, 62% იგივეს ფიქრობს „იმედზე“, ხოლო 54% - პირველ არხზე. ამასთანავე, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ „მაესტრო“ ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავს და 28% იგივეს ფიქრობს „კავკასიაზე“.