„ქართუ ჯგუფის“ აქციების სავარაუდო გასხვისებას უცხოელი ინვესტორები ქონების ექსპროპრიაციად მიიჩნევენ

„ქართუ ჯგუფის“ აქციების სავარაუდო გასხვისებას უცხოელი ინვესტორები ქონების ექსპროპრიაციად მიიჩნევენ

 

„თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეისმენს უცხოელი აქციონერების განცხადებას და იძულებითი აუქციონის გზით გაასხვისებს „ქართუ ჯგუფის“ აქციებს, უცხოელ ინვესტორთა მიერ ეს შეფასდება, როგორც მათი ქონების ექსპროპრიაცია და უცხოური კომპანიები დაიწყებენ დავას საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აცხადებენ „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-იანი წილის მესაკუთრეთა ადვოკატები კრის ვასილიადესი და მაიკლ პიტაკისი.

ისინი გუშინ ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ საკმარისი დროა, რათა საქართველოს ხელისუფლებამ აუქციონთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს და სხვისი ქონება არ გაასხვისოს. „ქართუ ჯგუფის“ უცხოელ ინვესტორებს სურთ, მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, აქციების გაყიდვისგან თავი შეიკავოს. კერძოდ, დავის არსებითად გადაწყვეტამდე 10 ივლისს დანიშნული აუქციონი უნდა შეჩერდეს. აღსანიშნავია, რომ ეს უცხოური კომპანიები დარეგისტრირებულია სხვადასხვა ქვეყნებში და ქმნიან ისეთ იურისდიქციას, რომლის ფარგლებშიც მათი უფლებები დაცულია. ამასთან, „ქართუ ჯგუფს“ 16 აქციონერი ჰყავს, აქედან 14 უცხოური კომპანიაა, ხოლო 2 – ქართული.

უცხოელი ადვოკატების თქმით, დოკუმენტების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ არცერთი აქცია, იგი არ არის ბენეფიციარი მესაკუთრე, ასევე, არ ფლობს წილს „ქართუ ჯგუფის“ უცხოურ კომპანიაში.

უკვე ცნობილია, რომ „ქართუ ჯგუფის“ ხუთმა უცხოელმა აქციონერმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა და აქციების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მოთხოვნით, 11 აქციონერის სარჩელი სასამართლოში დღის ბოლომდე შევა.

ადვოკატების განმარტებით, არც საქართველოს და არც საერთაშორისო კანონმდებლობა არ შეიცავს ისეთ კანონს, რომლის თანახმადაც, ქონების ამოღება სხვა პირის ქონების ხარჯზე მოხდეს. კერძოდ, „ქართუ ჯგუფის“ დაყადაღება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმეს.

„არსად არ ხდება, რომ ერთი პირისთვის დაკისრებული ქმედების გამო აღსრულება სხვა პირის ქონებაზე განხორციელდეს, რა კავშირიც არ უნდა იყოს ამ პირებს შორის. შვილისთვის დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება მამას დააკისრონ“ – ასეთია ადვოკატების განმარტება. ამ ეტაპზე ისინი არ აკონკრეტებენ, თუმცა სამომავლოდ აპირებენ, უცხოელ არბიტრაჟს მიმართონ და ყველა სამართლებრივი საშუალება გამოიყენონ სიმართლის დასადგენად.

ამასთან, უცხოელი ადვოკატები განმარტავენ, რომ 2012 წლის 30 აპრილამდე „ქართუ ჯგუფის“ აქციებს 4 უცხოური კომპანია ფლობდა, გასხვისების შემდეგ კი – 16 უცხოური კომპანია, თუმცა მათი აქციების ღირებულება არ აღემატება 10%-ს.

კრის ვასილიადესის განმარტებით, 2012 წლის 30 აპრილამდე "ქართუ ჯგუფის" აქციონერები "ფინსეკ ლიმიტედი", "კარპან მენეჯმენტს ლიმიტედი", "კრისტა ინვესტმენტ ლიმიტედი", "სარგანს ლიმიტედი" და ორი ქართული კომპანია იყო. 2012 წლის 30 აპრილს კი "ფინსეკ ლიმიტედმა" მთლიანად გაასხვისა თავისი აქციები "ბენფილდ ინვესტმენტ ლიმიტედზე", "სანვორს ჰოლდინგს ლიმიტედსა" და "ჩარვუდ ფაინენს ლიმიტედზე". ასევე, 2012 წლის 30 აპრილს "კარპან მენეჯმენტს ლიმიტედმა" თავისი აქციების ნაწილი გაასხვისა "ფრენკლენდ ჰოლდინგს ლიმიტედზე", "როპვინდ ინვერტმენტს ლიმიტედზე", "ალერდალ ინვესტმენტ ლიმიტედზე", "ლავენი ჰოლდინგს ლიმიტედზე", "პადბური ჰოლიდინგს ლიმიტედსა" და "დროფილდ ინვესტმენტ ლიმიტედზე".

ადვოკატის ცნობით, 2012 წლის 30 აპრილს "კრისტა ინვესტმენტს ლიმიტედმა" თავისი აქციების ნაწილი გაასხვისა "ფელვეი ჰოლდინგს ლიმიტედზე".
2012 წლის 30 აპრილსვე "სარგანს ლიმიტედმა" თავისი აქციების ნაწილი გაასხვისა "მარსტენ ჰოლდინგ ლიმიტედზე". თუმცა ამის მიუხედავად, არცერთი ზემოაღნიშნული კომპანიის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი არ არის. თითოეული ამ კომპანიის უკან დგას სხვა მესაკუთრე და სხვა აქციონერი.
For ge „ქართუ ჯგუფის“ უცხოელი ინვესტორების ქართველ ადვოკატს პაატა კიკნაველიძეს ესაუბრა. იგიც იზიარებს აზრს, რომ არ შეიძლება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ერთ რომელიმე პირს, ხოლო მისი აღსრულება სულ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის ხარჯზე მოხდეს. ეს იგივეა, სასამრთლომ ერთ პირს მიუსაჯოს თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი კი სულ სხვა პირმა მოიხადოს.

„ასეთი გადაწყვეტილების აღსრულების შანსი არცერთ ევროპულ სახელმწიფოში არ არსებობს. გამიჭირდება იმის თქმა, რას გააკეთებს საქართველოს მოსამართლე და შეაჩერებს თუ არა აუქციონს. თუმცა, ქონებაზე ნებისმიერი კერძო დავის დროს, მხარის უფლების დარღვევა რომ არ მოხდეს, სასამართლო ყადაღას ადებს, რათა არ გასხვისდეს და არ დაიტვირთოს. ანალოგიური ტიპის სამართლებრივი დაცვის საშუალებაა აუქციონის შეჩერება. თუმცა ეს არის თემა, როცა ხელისუფლებას ამ საქმეში არასამართლებრივი ინტერესი გააჩნია“, – აცხადებს პაატა კიკნაველიძე,

მისი თქმით, თუ აუქციონზე განაცხადი არავინ შეიტანა, აუქციონი ჩაითვლება არშემდგარად. აღმასრულებელს კი აქვს ორი ოფცია – პირდაპირ გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში ქონება, ან დანიშნოს მეორე აუქციონი და ფასი გაანახევროს. თუ ამ შემთხვევაშიც არ გაიყიდება, სახელმწიფოს უფლება აქვს, ან გადასცეს დაიტოვოს ან მოხსნას ყადაღა.

„ქართუ ჯგუფის“ და „ქართუ ბანკის“ აქციები რომ შეაფასო, ამისთვის საჭიროა კვლევა, თუ რა აქტივები აქვთ და რა ვალდებულებები. ამის გაკეთება რამდენიმე დღეში შეუძლებელია. ამასთან, აღსრულების ბიუროს თავის საიტზეც არ დაუდევს შეფასების დოკუმენტი. ამდენად, საკითხის შესწავლა სახელმწიფოს არ ჩაუტარებია და ყველაფერი ეს სპონტანურად მოხდა, პოლიტიკური ინტერსის გამო“.  

For ge ადვოკატ არჩილ კბილაშვილს ესაუბრა.

– 30 აპრილამდე მდგომარეობით, „ქართუ ჯგუფის“ აქციონრები იყვნენ 6 სუბიექტი, აქედან ორი ქართული ფირმა, ოთხი – უცხოური. მაგრამ ამ ორ ქართულ ფირმაში ამ ოთხთაგან ერთ-ერთ უცხოელს ჰქონდა 100 %, ამიტომ შეიძლება მარტივად ვთქვათ, რომ „ქართუ ჯგუფი“ ეკუთვნოდა ამ ოთხ უცხოურ კომპანიას, რომლის უკანაც საზღვარგარეთ იყო ბიძინა ივანიშვილი. ე.ი. პირველ დონეზე „ბანკ ქართუს“ მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფი“, მეორე დონეზე კი სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ მესაკუთრეა 4 + 2 სუბიექტი, ხოლო მესამე დონეა, რომ ამ ოთხი უცხოური კომპანიის უკან, უკვე საზღვარგარეთ, დგას ბიძინა ივანიშვილი. ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ რეალურად ასეთი განლაგება იყო. 30 აპრილის შემდეგ ამ ოთხმა უცხოურმა კომპანიამ, ვინც მეორე დონეს წარმოადგენდა, გაასხვისა თავიანთი აქციები +11 კომპანიაზე. ანუ მეორე დონე თუ ადრე 6 იყო (4+2), დღეისთვის არის 16. მესამე დონე კი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ოთხ კომპანიაში იყო წარმოდგენილი, გასხვისდა უტა ივანიშვილზე.

ეროვნული ბანკი გედავებათ, რომ სწორედ ამ გასხვისების შესახებ მას არ აცნობეს.

– კანონის თანახმად, ეროვნული ბანკისგან ნებართავა საჭიროა მაშინ, როდესაც კომერციული ბანკის აქციები სხვისდება 10%-ის ზემოთ. პირველ დონეს თუ განვიხილავთ, „ბანკ ქართუს“ აქციები ეკუთვნოდა სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფს“ და პირველ დონეში ცვლილება არ მომხდარა. კანონი კი ამბობს, თუ პირველ დონეში ხდება ცვლილება, ინფორმაცია უნდა წარედგინოს ბანკს. ამდენად, ეს წარსადგენი ინფორმაცია არ ყოფილა.

მაგრამ მეორე დონეზეც რომ გავავრცელოთ იგივე მოთხოვნა?

– მეორე დონეზეც რომ გავავრცელოთ იგივე მოთხოვნა, მაშინ კანონი ამბობს, რომ თუ გასხვისება 10 %-ს ქვემოთ ხდება და შემძენი 10%-ზე ნაკლებს იძენს, მას ნებართვა არ სჭირდება. ამდენად, ეს 11 სუბიექტი რომ შემოვიდა, თითოეულის წილი 7–8%-ის ფარგლებშია. მესამე დონეს კი ეს არ სჭირდება, რადგან მესამე დონე საზღვარგარეთაა. ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს სენ ტროპეში აქვს სახლი. ის რომ გაასხვისოს, ამას არ სჭირდება საქართველოს იურისდიქციასთან კავშირი და ნებართვა. მესამე დონე საერთოდ გარეთაა. ამ დროს კი ხელისუფლება ამ დონეებს არ უყურებს და ბიძინა ივანიშვილს მთლიანად აღიქვამს, როგორც პირველი დონის მესაკუთრეს.