სახელმწიფო აუდიტის სამსახური (ყოფილი კონტროლის პალატა) მიიჩნევს, რომ შპს „ბურჯისა“ და „მენეჯმენტ სერვისის“ საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება და საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაუგზავნა.
„შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ იქირავა და საკუთარი სახსრებით გაარემონტა კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები, თავადვე იხდის პარტიების კომუნალურ გადასახადებს, მათ შორის ინტერნეტით და მობილური ოპერატორებით სარგებლობის საფასურს. ამ უკანასკნელმა პარტიებისათვის ოფისების გარემონტება ბიძინა ივანიშვილისვე კომპანიას შპს „ბურჯს“ შეუკვეთა. შპს „ბურჯი“ პარტიულ ოფისებში ასრულებს ძვირადღირებულ სარემონტო სამუშაოებს, თუმცა აყალბებს ოფიციალურ დოკუმენტაციას, აწარმოებს შავ ბუღალტერიას და ოფიციალურად აჩვენებს რემონტისთვის დახარჯულ მხოლოდ მიზერულ თანხებს. შპს „ბურჯის“ მიერ კონტროლის პალატაში წარმოდეგნილ დოკუმენტაციაში, აღმოჩნდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელში ასახული ციფრებიც რადიკალურად განსხვავდება შპს „მენეჯმენტ სერვისისთვის“ წარდეგნილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციისაგან და შესაბამისად, იძლევა იმ ფაქტის დასაბუთებულად ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ორმა კომპანიამ, ურთიერთშორის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა და თითოეულ ოფისის სარემონტო სამუშაობეზე გაწეული ათიათასობით ლარის ნაცვლად, ხარჯის სახით მხოლოდ მიზერული თანხები აჩვენა. შპს „მენეჯმენტ სერვისის“ და შპს „ბურჯის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმე განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა“,- აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, შპს „ბურჯმა“ 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს უწევს მომსახურებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ბურჯის“ და „მენეჯმენტ სერვისის“ ქონებასა და ანგარიშებს ყადაღა დაედო. „ბურჯის“ ადვოკატები ამბობენ, რომ კომპანიის ქონებას ყადაღა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე დაედო. მათი თქმით, აუდიტის სამსახურისთვის „ბურჯის“ მიერ მიწოდებულ ფინანსურ დოკუმენტაციაში თავად აუდიტის სამსახურმა ჩაამატა ის ფურცელი, სადაც ასახულია კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები და „ქართული ოცნების“ იმ ოფისების მისამართები, რომლებიც „ბურჯმა“ გაარემონტა.
კომპანიის ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ შპს „მენეჯმენტ სერვისი“ და შპს „ბურჯი“ 2 373 475 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, დღესვე სასამართლომ ცალკე შპს „ბურჯი“ 8 644 640 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნულ საკითხზე for.ge შპს „ბურჯის“ ადვოკატს ეკა ბესელიას ესაუბრა.
ეკა ბესელია: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მორიგი შეტევა კომპანია „ბურჯისა“ და „მენეჯმენტ სერვისის“ წინააღმდეგ არის იმ ერთიანი პოლიტიკური დევნის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხელისუფლება ახორციელებს. სპეციალურად ამისთვის მან კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურიც შექმნა. აუდიტის სამსახურის ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა სიცრუე, ფაქტების დამახინჯება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მასში მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება. აუდიტის სამსახურის განცხადება ისეთი წარმოუდგენელი სისულელე და სამართლებრივად ისეთი სიბეცეა, რომ პირადად ჩემთვის ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი შეურაცხმყოფელია. პრაქტიკულად ახლა ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კანონმდებლობით ქვეყანაში ნებადართულია ოფისების ქირაობა, მათი გარემონტება და ა.შ.
მაინც რასთან გვაქვს საქმე?
- უფრო მარტივად რომ ვთქვა, საქმე ეხება კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ჩვეულებრივ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. კერძოდ, „მენეჯმენტ სერვისმა“ საოფისე ფართები „ქართულ ოცნებას“ და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს მიაქირავა, ეს ფართები ნაწილობრივ კომპანია „ბურჯის“ მონაწილეობით გაარემონტა. ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამ ორ კომპანიას შორის, ასევე ამ კომპანიებსა და „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის არის გაფორმებული, არის კანონთან შესაბამისი და ყველა ხელშეკრულება თეთრი ბუღალტერიით არის ნაწარმოები.
კონტროლის პალატის წარმომდგენლებმა სასამართლო პროცესზე ვერც ერთი ფაქტი, ვერც ერთი ოფისის თაობაზე შედგენილი ფინანსური დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს, სადაც რაიმე შეუსაბამობა ან სიყალბე იქნებოდა.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ 22-ვე ოფისში დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარეთ. სასამართლომ ეს ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, დაკითხა ექსპერტი, რომელმაც 22-ვე სადავო ოფისი მოინახულა და დაასკვნა, რომ „ბურჯისა“ და „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ჩატარებულ სამუშაოებს სრულად შეესაბამება. ამასთანავე, ექსპერტმა დაასკვნა, რომ ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არის არა 470 000 ლარი (როგორც ამას აუდიტის სამსახური ამტკიცებს), არამედ 160 000 ლარია. ყველა დოკუმენტი არის ღია, გამჭვირვალე და ამ კომპანიების არც ერთი მოქმედება რაიმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.
კონტროლის პალატის და ხელისუფლების არგუმენტით „ქართული ოცნების“ მიერ ოფისების დაქირავება კანონსაწინააღმდეგოა, ისევე როგორც, ოფისების გარემონტება და ამ ოფისებით სარგებლობა. ხელისუფლების ლოგიკით საერთოდ უკანონოდ ცხადდება პოლიტიკური პარტიების მიერ პოლიტიკური საქმიანობისთვის საჭირო ინფრაქსტრუქტურის მოწყობა. შეუძლებელია ამას სერიოზული არგუმენტი დაუპირისპირო, იმდენად აბსურდულ ბრალდებასთან გვაქვს საქმე.
ხელისუფლებას უბრალოდ სურს, „ქართული ოცნების“ და ამ კომპანიების წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტი სისხლის სამართლის საქმე ჰქონდეს დაწყებული, რათა შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებას ეს სტატისტიკური მონაცემები მიაწოდოს, რომ ამდენ ფაქტზეა საქმე აღძრული, რომ „ქართული ოცნება“ და მასთან სამოქალაქო ურთიერთობაში შესული კომპანიები ამომრჩევლის მოსყიდვას აწარმოებენ. ეს ყველაფერი საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბრალდებების დამადასტურებელი არც ერთი კონკრეტული ფაქტი ან დოკუმენტი ხელისუფლებას არ აქვს.
სახელმწიფო აუდიტის განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ „ბურჯი“ არის ბიძინა ივანიშვილის კომპანია და რომ მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ საბოლოოდ უკვე პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა?
- ბუნებრივია, ხელისუფლების ეს ქმედება მხოლოდ სტატისტიკის შექმნას არ ემსახურება, თუმცა ერთი ფაქტორი ესეც არის, მაგრამ არის ალბათ რაღაც მზაკვრული ჩანაფიქრი. უკვე რამდენიმე ფაქტზეა გამოძიება ხელოვნურად დაწყებული. როგორც ჩანს, ხელისუფლება რაღაც გეგმისთვის ემზადება და ბუნებრივია, ეს გეგმა ჯანსაღად არ გამოიყურება და საკმაოდ სახიფათო ნიშნებს შეიცავს. თუმცა, მე გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას ამ გეგმის განხორციელების საშუალება მიეცეს, ეს ის გზაა, რომელიც მისთვის აუცილებლად მარცხისთვის არის განწირული.