რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატამ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები სამართალდამრღვევად სცნო და 2 383 000 ლარით დააჯარიმა. ჯარიმის გადასახდელად პარტიებს ერთკვირიანი ვადა ჰქონდათ, მაგრამ მათ ჯარიმა არ გადაუხდიათ. 6 ივლისს ეს ვადა ამოიწურა და დიდი ალბათობით კონტროლის პალატა ამ პარტიების მიმართ უკვე აღსრულების ღონისძიებებს დაიწყებს.
თავად „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები ამ ჯარიმას უკანონოდ მიიჩნევენ, მაგრამ ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, ჯარიმა კანონიერია თუ არა, მათ მისი დაფარვის შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან ამხელა თანხებს უბრალოდ არ ფლობენ. აღსრულების ღონისძიებებში, რაც ამიერიდან კოალიციის წევრებზე გავრცელდება, პარტიების ანგარიშების და ქონების დაყადაღება იგულისხმება. ხოლო თუ ანგარიშები დაყადაღდება, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, ამ პირობებში როგორ აპირებენ „ქართული ოცნების“ წევრები წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას და აქვთ თუ არა მათ რაიმე სათადარიგო გეგმა.
ამ თემაზე for.ge-ს „თავისუფალი დემოკრატები“ წევრი გია ცაგარეიშვილი ესაუბრება.
გია ცაგარეიშვილი: „დავიწყოთ იმით, რომ ეს არის კონტროლის პალატის მიერ მიღებული სრულიად უკანონო და შემდეგ სასამართლოს მიერ „დაკანონებული“ გადაწყვეტილება. ჩვენ ამ ჯარიმის გადახდა რომც გვინდოდეს, ამის საშუალება უბრალოდ არ გაგვაჩნია და ეს ძალიან კარგად იცის საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც თითოეულ ჩვენს ანგარიშს აკონტროლებს. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ ავასრულებთ, არა იმიტომ, რომ ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და ვერა იმიტომ, რომ არ გვაქვს მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდის საშუალება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეხება ექვს პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ამ კოალიციაში შედის და ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას საქართველოში. თუ საქართველო გაბედავს და ჩვენს ანგარიშებს დააყადაღებს, ანუ თავის ყველაზე მნიშვნელოვან კონკურენტს ფინანსური სახსრების გარეშე დატოვებს, არ მგონია, ამან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და ვითარების სტაბილიზაციას შეუწყოს ხელი.
შეიძლება საცნაური რამ გითხრათ, მაგრამ ჩვენთვის ეს კარგია, რადგან მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიგებს, რომ ხელისუფლება არათანაბარ პირობებში გვაყენებს, ყველანაირად ცდილობს, მოგვსპოს, გაგვანადგუროს და საარჩევნო მარათონიდან თავისი უმთავრესი კონკურენტი ჩამოიშოროს. ეს ყველაფერი სასიკეთოდ წაადგება ჩვენს რეიტინგს და იმ კონსოლიდაციის პროცესს, რაც კოალიციაში და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარეობს. შეიძლება ეს ყველაფერი უცნაურად ჟღერდეს, რასაც ახლა გეუბნებით, მაგრამ ეს მართლაც ასეა.
თუ საქართველოს ხელისუფლება ჰგონია, რომ ჩვენი ქონებისა და ანგარიშების დაყადაღებით საწადელს მიაღწევს, ეს არის უზარმაზარი შეცდომა. მიუხედავად იმისა, რომ ქონება და ანგარიშები დაყადაღდება, ჩვენ ხელს არაფერი შეგვიშლის, ყველა ლეგალური საშუალების გამოყენებით გავაგრძელოთ ბრძოლა.
ხელისუფლების ეს ნაბიჯი წარუმატებლობისთვის არის განწირული და ვერანაირად ვერ შეფასდება, როგორც საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი, განსაკუთრებით ვერ შეფასდება იქ, სადაც ამ შეფასებებზე ნაციონალები ძალიან ზრუნავენ, ანუ ვერც შეერთებულ შტატებში და ვერც ევროპაში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ დებატებს, რაც სტრასბურგში შედგა და იმას, თუ რა ვნებათაღელვა მოჰყვა ამას. რაც არ უნდა იძახონ, რომ ჩვენ რუსეთუმეები ვართ, რომ ქართულ პოლიტიკაში რუსულ ფულს ვაბანდებთ, ეს არის სიცრუე და წარუმატებელი პიარი, რადგან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კოალიციაში შემავალი პარტიების ანგარიშზე და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშზე, ყოველდღიურად შედის ასობით და ათასობით ლარი. ეს არის თანხები დაწყებული 50 თეთრიდან და დამთავრებული 1000 ლარით.
საიდან ირიცხება ეს თანხები?
- ამ თანხებს „ქართულ ოცნებას“ სწირავენ ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი თავისი დანაზოგებიდან ჩვენი პოლიტიკური აქტივობისთვის იმეტებენ ამ თანხებს. თუ ხელისუფლება დააყადაღებს და ჩამოჭრის ამ თანხებს, იგი ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ხელს ჩაუყობს ჯიბეში და დაკავდება იმ ქურდბაცაცობით, რითიც პრინციპში ნაციონალური მოძრაობა 10 წელია უკვე დაკავებული. როგორ გგონიათ, ამაზე ჩვენს მოსახლეობას შეიძლება დადებითი შეფასება ჰქონდეს?
ბატონო გია, გასაგებია, რომ პოლიტიკურად თქვენთვის ეს ყველაფერი უფრო მომგებიანია და ისიც გასაგებია, რომ ხელისუფლების ამგვარი ქმედებები საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ თუკი დაყადაღდა თქვენი ანგარიშები, საინტერესოა, როგორ მოახერხებთ პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას?
- დიახ, ახლა სწორედ ამ საკითხს მივუახლოვდი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სარეზერვო გეგმა, რაც მდგომარეობს შემდეგში - ენთუზიაზმი და თავის გადადება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არის ჩვენი სარეზერვო გეგმაც, ჩვენი ძირითადი გეგმაც და მთელი უბედურება იცით რაშია? თუ მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ძალა მის ქონებაში და მის მატერიალურ შესაძლებლობებშია, ეს არის მისი ყველაზე დიდი შეცდომა. ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მომავლის რწმენა იმიტომ კი არ დაუბრუნა, რომ ის მილიარდერია, არამედ დაუბრუნა იმიტომ, რომ ის არის ქართველი, თავისი ქვეყნის პატრიოტი და მას ბევრი ძალიან კარგი საქმე აქვს გაკეთებული.
მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი მილიონერი ცხოვრობს, რომელიც არათუ ქართულ სახელმწიფოს, თავისი ოჯახის წევრს და თავის მეზობელსაც კი არ ეხმარება, ერთი თეთრიც კი არ გაუცია ქველმოქმედებისთვის და არც რაიმე სხვა საჭიროებისთვის. ბიძინა ივანიშვილი უდიდესი მეცენატია და მისი ეს თვისება ამომრჩევლისთვის ყველაზე უფრო მიმზიდველია, ასევე მისი სიტყვის კაცობა, პრინციპებისადმი ერთგულება, სახელმწიფოებრივად აზროვნება და პატიოსნება. მდიდარი ადამიანი ჩემს გარშემო და დარწმუნებული ვარ თქვენც თქვენს გარშემო ბევრი გვინახავს, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი ხეც კი არ დაურგავთ.
ამდენად, ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის თავდადება და პრინციპებისადმი ერთგულემა. უამრავი ადამიანი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (ათასობით და ათობით ათასობით ადამიანზეა საუბარი) გვიდგას გვერდზე, გვეხმარება და საქმე უკვე იქამდეა მისული, რომ „ქართულ ოცნებას“ ხშირ შემთხვევაში ხელის განძრევაც არ სჭირდება იმისთვის, რომ მასობრივი აქციების ორგანიზება მოახდინოს. ხოლო თუ მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ანგარიშების დაყადაღებით ხელს შეგვიშლის, ძალიან ცდება. რა ქონება გაგვაჩნია მაგალითად „თავისუფალ დემოკრატებს“, ერთი ნაქირავები ოფისი ცაგარელის 74-ში. კი ბატონო იქიდანაც გამოვალთ და სამი თვე როგორღაც გავიჭირვებთ. სამი თვე გაიჭირვებს მთელი ქვეყანა და მერე თქვენ ნახავთ, ვის გაუჭირდება ქვეყანაში არსებობა.
ბატონო გია გასაგებია, რომ ადამიანები მოხალისეებად გიდგანან გვერდით, მაგრამ ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ იმის მოწმე, როგორ გადაუბირებია ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციის მხარდამჭერები, ვისაც ანაზღაურებაც ჰქონდა. თუ დაყადაღდა თქვენი ანგარიშები და თუ თქვენს აქტივისტებს ვერანაირ ანაზღაურებას ვერ მისცემთ, იგივე საფრთხის წინაშე ხომ არ დადგებით?
- ერთ რამეს გეტყვით, საქართველოს რეგიონებში უკვე მეხუთე მასობრივ შეხვედრას ვამზადებ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც ერთი თეთრი არც ერთი ადამიანისთვის არ გადაგვიხდია იმისთვის, რომ ისინი ამ აქციებზე წამოსულიყვნენ. არც ერთი ადამიანისთვის არავითარი საჩუქრის დაპირება არ მიგვიცია. რაიონებში ჩვენი ოფისები უმეტეს შემთხვევაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ჩვენ ამ ადამიანებს არ ვუხდით ხელფასებს და პრემიებს, რომ ისინი ჩვენზე მხოლოდ ამის გამო იყვნენ ჩამოკიდებულები. ჩვენი საარჩევნო კამპანიის ხიბლიც სწორედ ეს არის, რომ ეს ადამიანები უშურველად, ხმის ამოუღებლად დაუდგნენ გვერდზე „ქართულ ოცნებას“. ისინი გვერდზე დაუდგნენ და ზურგი გაუმაგრეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არა მხოლოდ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, არამედ თავის თავს გაუმაგრეს ზურგი, რადგან ყველა მიხვდა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.
უფრო მეტსაც გეტყვით, ასეთი კამპანიაში მონაწილეობა მიმიღია და მინახავს, რას ნიშნავს სამშობლოსთვის თავგადადება. ეს იყო 2007 წლის მიტინგის დარბევის შემდეგ. 2007 წლის 7 ნოემბრიდან 2008 წლის 5 იანვრამდე, როდესაც ლევან გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო და ზოგადად გაერთიანებული ოპოზიციის კამპანია მიმდინარეობდა, ჩვენ ფაქტიურად უფულოდ მოვიგეთ არჩევნები, რომელიც გაგვიყალბეს. მაშინ მე ვიყავი ვაკის საარჩევნო შტაბის უფროსი და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც ერთი თეთრი ფაქტიურად არავისთვის არ მიმიცია. ელემენტარული სახსარი იყო გამოყოფილი და იმ საარჩევნო კამპანიის ანგარიშგება ცეესკო-ს ვებ-გვერდზეც ჩანს. შეგახსენებთ, ათი დღის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ამასთანავე, მოვიდა თოვლი და მოგეხსენებათ, კლიმატურ პირობებს ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს იყო უმძიმესი საარჩევნო კამპანია. მინდა გითხრათ, რომ ამ ურთულესი ორთვიანი კამპანიის დროს დაახლოებით 800 ათას ლარამდე იყო დახარჯული, როდესაც ჩვენმა კონკურენტმა ათობით მილიონი ლარი დახარჯა.
ამდენად, რა თქმა უნდა მატერიალური სახსარი საჭიროც არის და აუცილებელიც, მაგრამ თუ არის ასეთი აღტკინება, ასეთი გვერდზე დგომა, თუ არის იმის გააზრება, რომ თუ ეს ავაზაკები და ვიგინდარები ხელისუფლების სათავეში დარჩნენ, საქართველი ფიზიკურად აღარ იარსებებს, თუ ამის შეგნება ძვალში და რბილში გაგვიჯდება ყველას, გამორიცხულია ვინმე წინ დაგვიდგეს. საერთოდ არ ვარ რევოლუციების მომხრე და მეზიზღება თვითონ სიტყვა რევოლუციაც კი, მაგრამ არავინ დამიწყოს ახლა იმის მტკიცება, რომ ეგვიპტეში კაიროს ცენტრში სამი მილიონი ადამიანი იმიტომ გამოვიდა, რომ მათ ვინმემ ფული მისცა. ასეთი სახსარი მსოფლიოში არ არსებობს, რომ სამ მილიონ ადამიანს ფული მისცე იმისთვის, რომ რევოლუცია მოაწყო. ასეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენელია. ეგვიპტეში უბრალოდ ხალხს გაუწყდა მოთმინების ძაფი, ქუჩაში გამოვიდა და ხელისუფლებას კუდით ქვა ასროლინა. მე არ მინდა, რომ ასეთი რამ საქართველოშიც მოხდეს, მაგრამ თუ სააკაშვილი ხალხს უკიდურესი აღშფოთების ზღვრამდე მიიყვანს, ეს საქართველოშიც აუცილებლად მოხდება და ამის მომწოდებელი არ იქნება ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნება“ იქნება ამის მოსურნე. ქართველი ხალხი ამას თვითონ გააკეთებს.
მიხეილ სააკაშვილი უნდა მიხვდეს, რომ არჩევნებს მეშვიდედ ვერ გააყალბებს. ექვსი არჩევნების განმავლობაში მან საქართველოში ხელისუფლება შეინარჩუნა, ეს იყო ორი საპრეზიდენტო, ორი საპარლამენტო და ორი თვითმმართველობის არჩევნები. მეტს კი ჩვენ უბრალოდ არ მოვითმენთ. ჩვენ გვყავს შვილები, რომლებიც ერთ დღესაც გვეტყვიან, ამ ქვეყანას თავს ლაფი რომ ესხმოდა, თქვენ სად იყავითო და მე მჭირდება, რომ ჩემი შვილისთვის ამაზე პასუხი მქონდეს. ამიტომ, ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.