40 მილიარდიანი ბიუჯეტი ჯამურად, 1000 ლარიანი ვაუჩერები, ჭაობების დაშრობა, მილიარდები ყველა სფეროში რაც კი გაახსენდათ, ამისთანა ზღაპრებს აქამდე მხოლოდ პრეზიდენტისგან ვიყავით შეჩვეულები, მაგრამ რაც არ უნდა სახალისოდ მოგვეჩვენოს ეს ყველაფერი სავარაუდოდ, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაშიც შევა.
ალბათ, ხალხს, რომელსაც არითმეტიკა ჯერ არ დავიწყებია, არ დაეზარება დასახელებული რიცხვების 4-ზე გაყოფა, რომ მიხვდნენ, წელიწადში რის დახარჯვას გეგმავს ხელისუფლება სულ ახლახანს აღმოჩენილი რთული სფეროების ასაღორძინებლად. ისე კი, ახალ პრემიერ-მინისტრს სინამდვილეში ამ ყველაფრის მენეჯმენტი რომ დავალებოდა შეიძლება უკეთესადაც დაეთვალა და გაეთვალა, მაგრამ როგორც ამბობენ, ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების მოსაგებად გააპრემიერა. მართალია, ცოტა გაუგებარია, აქ ვინ უნდა ივაჟკაცოს, ვანო მერაბიშვილმა თუ მისმა შემცვლელმა ბაჩო ახალაიამ, მაგრამ ალბათ, მალე ყველაფერი თავისთავად გახდება ნათელი.
მოიგებს თუ წააგებს ასეთი სვლებით „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემაზე ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
ვანო მერაბიშვილი ახალ ამპლუაში ცოტა არ იყოს, ნოსტალგიური და ემოციური გამოჩნდა, როცა თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული დრო იყო მისთვის საუკეთესო წლები და ბაჩო ახალაიას „მუშაობის შენარჩუნება“ გაუჭირდება, თუმცა აღარ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა, როგორი შთაბეჭდილება დარჩა, არაკომფორტულად გრძნობს თავს პრემიერი ახალ თანამდებობაზე?
- ძალიან ძნელია იმ კითხვაზე პასუხი, რომელზეც წესით, მერაბიშვილმა უნდა უპასუხოს, მაგრამ არ უპასუხებს, რომც დაუსვათ ეს კითხვა. პრინციპში, ადამიანი ყოველთვის კარგად გრძნობს თავს იქ, სადაც გრძნობს, რომ მისი ადგილია, სადაც უფრო შედეგიანია.
ის უდავოდ შედეგიანი და სისტემაში კარგად ჩამჯდარი მინისტრი იყო. ამდენად, სრულიად ბუნებრივია, მისი ეს დამოკიდებულება ამ სისტემის მიმართ, მითუმეტეს, რომ მთლიანად სისტემას უყვარდა მერაბიშვილი, თანამშრომლებს და ეს სიყვარული არ იყო მხოლოდ ცალმხრივი, თვითონაც დიდ სითბოსა და ყურადღებას ავლენდა ამ თანამშრომლების მიმართ. ასე რომ, მთელი ეს ემოციური მხარე მისი სამინისტროში ყოფნისა, სრულიად გასაგებია, ის იღებს დასაბამს უფრო შორიდან ვიდრე დღევანდელი დღეა და ბუნებრივია, მისული ახალ ადგილას, სადაც ჯერ ასეთი ემოციებით გამთბარი არაფერი არ არის და არც იქნება, იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრობისთვის თანამშრომლები მინისტრები არიან, რომელთა მიმართ ყურადღებიანი და თბილი ვერ იქნები და არც უნდა იყო.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილს თითქოს რაღაც უფლებამოსილებები ეზრდება, თუმცა ეს, როგორც განმარტებულია, უფრო ტექნიკურ ხასიათს ატარებს, როგორ ფიქრობთ, ეს იმისთვის ხომ არ არის საჭირო, რომ მერაბიშვილმა მხოლოდ ვერა ქობალიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მინისტრად არ იგრძნოს თავი?
- რომ გითხრათ, მკაფიოდ ვხედავ რომ ეს ცვლილებები მის შესაძლებლობებს ზრდის, ასე არ არის, შესაძლოა მისი შესაძლებლობები გაიზარდოს ტექნიკურ საკითხებში, თორემ ქვეყნის ბედ-იღბლის გადაწყვეტაში არა.
თუმცა, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ქვეყნის ბედ-იღბალზე ახდენდა გავლენას. მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო რევერანსებია მერაბიშვილის მიმართ, რომ მან თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიათი მის ჩანაცვლებას, ეს ნიშნავს თუ არა რომ იმ გავლენებსა და ძალაუფლებას რასაც ფლობდა მერაბიშვილი რეალურად ჩამოაცილეს?
- მე მგონი მერაბიშვილს გამოაცალეს ძალაუფლება ერთი მხრივ და მეორე მხრივ ამ სისტემას გამოაცალეს მერაბიშვილი. აქ მე მგონი, სისტემის თემაც არის. ისე როგორც თავდაცვის სისტემას არ ენდობოდა პრეზიდენტი, მთლიანობაში, როდესაც ომის შემდეგ ბაჩო ახალაია დაუნიშნა მათ და პრინციპში მიიღო მერე ისეთი თავდაცვის სისტემა, როგორიც თვითონ უნდოდა. ანალოგიურად აქაც ნდობის პრობლემაა და სისტემის მიმართ უნდობლობის ფონზე შეუშვა ახალაია ამ ორგანიზმში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქვია.
ეს უნდობლობა რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ შესაძლოა, მერაბიშვილს არ შეესრულებინა პრეზიდენტის ბრძანებები, თუ რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?
- ყოველი შემთხვევისთვის, შეიძლებოდა სისტემას, მერაბიშვილის ან უფრო ქვედა დონეებზე გარკვეული უკმაყოფილება გამოეთქვა მისი ბრძანებების მიმართ. სავარაუდოა, რომ ეს ეხება ძირითადად სადამსჯელო ოპერაციებს.
არავის არ სიამოვნებს სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობა და ამ დროს თუკი ეს სტრატეგია აქვს პრეზიდენტს, რომ არჩევნები სადამსჯელო ოპერაციების ფონზე ჩაატაროს, რა თქმა უნდა, მაშინ ახალაია უფრო საჭირო იქნება ვიდრე სხვა.
თუმცა, როდესაც მომიტინგეების დარბევა ხდება, 26 მაისს კი ეს მსხვერპლით დასრულდა, არც ერთ ძალოვან სტრუქტურას არასდროს თავი არ შეუკავებია...
- არ ვიცით, შიგნით როგორ მომზადდა ეს გადაწყვეტილება. შეიძლება შესრულდა გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს სრული თანხმობით მოხდა. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, წესიერად, რომელი სტრუქტურების პასუხისმგებლობით შესრულდა და ა.შ. თან არც ის არის გამორიცხული, რომ მაშინ შესრულდა და ახლა აქვთ უკმაყოფილება. იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს შთამბეჭდავი პოლიტიკური პროცესია „ქართული ოცნების“ პრეზენტაციები სხვადასხვა რეგიონში, პოლიციელებიც ადამიანები არიან და არ უნდათ ისეთი ცოდვა აიკიდონ, რომელიც ხელისუფლების შეცვლის პირობებში თითოეულ მათგანს მოეკითხება.
ასე რომ, ამ შემთხვევაში ბევრი სირთულე ჩნდება. მე ამ სირთულის ერთ-ერთ ილუსტრაციად არა პოლიციაში არამედ, ზოგადად, მთავრობაში, მეჩვენება გილაურის გაბრწყინებული სახე, როდესაც მას პრემიერ-მინისტრობა ჩამოართვეს. გაცილებით ბედნიერი სახე ჰქონდა ვიდრე მას, ვისაც პრემიერობა მისცეს.
ასე რომ, არის შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ტვირთია დაწყებული პოლიციელის ხელისუფლებიდან დამთავრებული პრემიერის ხელისუფლებამდე.
სხვათა შორის, ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ ასეთი სურათი, როდესაც ოქრუაშვილს ჩამოართვეს თავდაცვის სამინისტრო და ეკონომიკის აღორძინება დაავალეს, თუმცა შემდეგ ოქრუაშვილმა მინისტრობა აღარ ისურვა და „სწავლის გასაგრძელებლად“ გაემგზავრა. როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა ვანო მერაბიშვილიც ვიხილოთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად სადმე წასული?
- კარგი მაგალითია სახეების ინტერპრეტაციისთვის, თუმცა ქცევაც იქნება თუ არა ანალოგიური, ვერ გეტყვით...
ალბათ, არ იქნება, რადგან ვანო მერაბიშვილი, უკვე ძალიან აქტიურად შეუდგა ახალი პროგრამის წარდგენას, თუმცა შთაბეჭდილება დარჩა, რომ ამ თემაზე არა თუ ნამუშევარი, არამედ ნაფიქრიც კი არ აქვს ვინმეს...
- გარდა არარეალურობისა, არასერიოზულობის შთაბეჭდილებას ტოვებს ფორმა, ფორმატი და ზომა. ლოზუნგური ფრაზები გამოთვლებისა და კონკრეტიკის გარეშე, რაღაც 15 გვერდიანი ნაშრომია მგონი თითო წელიწადზე ორი გვერდი უნდა ვიგულისხმოთ, უამრავი თემა ამოვარდნილია, რაც აღნიშნეს კიდეც, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემა საერთოდ არ არის ნახსენები და ასეთი კიდევ უამრავია, იმიტომ, რომ 20 გვერდს მარტო 4 წელიწადში გასაკეთებელი თემების ჩამონათვალი დაიკავებდა. ასეთი ელემენტებითაც არ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას.
რა გითხრათ აბა, არ ტოვებდა ამდენად არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას თვითონ მერაბიშვილიც, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით ურჩევნია, გააკეთოს ის, რასაც მისგან ითხოვენ.
ჩვენ გვახსოვს გილაური, რომელიც იყო საკმაოდ უფერული ფიგურა და მის განცხადებებს ყურსაც არავინ უგდებდა, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის კომიკურ გამონათქვამებსაც კი ბევრად მეტი ყურადღებით უსმენენ. ხომ არ შეიძლება ასეთივე უფერულ და გავლენადაკარგულ პრემიერად გადაიქცეს ვანო მერაბიშვილიც?
- რა თქმა უნდა შეიძლება გაუფერულდეს მერაბიშვილიც, მითუმეტეს, როტორიკაში მერაბიშვილი შთამბეჭდავიაო, ნამდვილად ვერ იტყვი, ძალაუფლება ისედაც შესუსტებულია - იმ სისტემაში იმ ინსტრუმენტებით იყო ის ძლიერი თორემ... დურგალს თუ გამოართვი დანა, ნაჯახი, ხერხი და ა.შ. ცარიელი ხელებით ხომ ვერ მოახერხებს მუშაობას. ანალოგიურად ინსტრუმენტები მერაბიშვილს გამოცლილი აქვს.
ასე რომ, დიდი შანსია მივიღოთ მისგან საკმაოდ უფერული პრემიერი, რომელსაც მერე ადვილად დაუწუნებენ მოღვაწეობას და საერთოდაც გააგდებენ პრემიერობიდანაც.
ვანო მერაბიშვილს უკვე უწევს იმისი აღიარება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ გაკეთდა. მან თქვა, რომ ინფრასტრუქტურა კი შეიქმნა, მაგრამ ოჯახებამდე ჯერ ვარდების რევოლუციის სიკეთე ვერ მივიდა. მის პროგრამასაც ასე ჰქვია, „მეტი სარგებელი ხალხს“, როგორ ფიქრობთ, ასეთი პიარი რაიმე ეფექტს მოახდენს ხალხზე?
- სიკეთე რომ იგრძნოს ხალხმა, სიკეთე უნდა იყოს. თუ სიკეთე არის და ხალხი ვერ გრძნობს, ეს გაუგებრობაა, არალოგიკურია. თუ ხალხი ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, სიკეთის დეფიციტია -ანუ ადამიანის კეთილდღეობაზე 8 წლის განმავლობაში სახელმწიფოს არ უზრუნია.
შარშან თუ შარშანწინ მიშა თვითონაც იძახდა, „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, ან „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, ასეთ პასაჟებს აკეთებენ, რაც თვითკრიტიკულობას გულისხმობს, რომ სხვის კრიტიკას დაასწრო და სხვა რომ გაგაკრიტიკებს თქვას, რომ აი, ახლა ვაპირებ ადამიანებისთვის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. სიტყვის მოსაგები პოზიციაა და მეტი არაფერი.
ამის პასუხად მათ აქვთ არგუმენტები, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის დროს საქართველოს ბიუჯეტი იყო სულ რაღაც 250 მილიონი დოლარი და ამის შემდეგ 15-ჯერ გაზარდეს ბიუჯეტი, ამდენით გაიზარდა ეკონომიკა და ა.შ.
- სწორია, ბიუჯეტი მართლაც საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ ესაა საკითხავი, რომ თუ ხალხი ამას არ გრძნობს, ე.ი. ბიუჯეტის ზრდის შედეგი ხალხამდე არ მივიდა და სადღაც წავიდა, - სად? - ეგაა ძირითადი კითხვა და ამ კითხვაზე პასუხი არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება ან საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი განკარგვა, იმიტომ, რომ ბიუჯეტს სხვა ფუნქცია, გარდა იმისა, რომ ხალხამდე მივიდეს, არ აქვს.
შეიარაღებაზე იყო ლაპარაკი და ისე წავაგეთ ომი, რომ მგონი გინესის წიგნში შევედით, როგორც ყველაზე ჩქარა წაგებული ომის თვალსაზრისით - ამ დროს შეიარაღებაზე უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა.
სოფლის მეურნეობაზე ვლაპარაკობთ და სოფლის მეურნეობის საქმე სულ უკან და უკან მიდის, მარტო ლაპარაკია - რეალურად რაც იხარჯება!
სამუშაო ადგილების შექმნაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ უმუშევრობა ზუსტად იმხელაა, რაც იყო, თუ უფრო არ გაიზარდა, სად მიდის ეს გაზრდილი ბიუჯეტი გაუგებარია.
ახალ პრემიერს გაახსენდა დევნილებიც, როგორც წესი, ისინი მთავრობას ყველაზე გვიან ახსენდება ხოლმე, მერაბიშვილმა დევნილთა წინაშე დაშვებული შეცდომებიც საკუთარ თავზე აიღო და თქვა, რომ წლების განმავლობაში უსამართლოდ ვექცეოდით დევნილებსო, ალბათ, ესეც ამომრჩეველზე თამაშია...
- ამ ქალაქში ხომ ყველაფერი დასწრებაზეა. კრიტიკაც დასწრებაზეა სანამ სხვები გეტყვიან იგივე ფრაზას, შენ რომ იტყვი, უკვე ის ვეღარ იტყვის. დაასწრეს კრიტიკოსებს, რომ დევნილები მოუვლელები არიან, ესენი იტყვიან, კი ბატონო, ჩვენც ვიცით, რომ მოუვლელები არიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ რას მიიღებს ამით, ეს არის საინტერესო, დევნილთა ხმებს?
- მეტად რთულ კითხვას აყენებთ, იმიტომ, რომ ჩვენ უცნაური მოსახლეობა გვყავს ზოგადად და უცნაური დევნილებიც. ყველა ქვეყანაში, როდესაც არსებობს მიგრაციული ჯგუფი - სხვა ქვეყნის მცხოვრებლებისგან შემდგარი გჯუფი - ის ავტომატურად ხელისუფლების მხარდამჭერია, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას საკუთარ ქვეყნად არ აღიქვამს და როგორც სტუმარი არ ერევა მასპინძლის საქმეებში, მიგრანტები იშვიათად ერევიან ხოლმე იმ ქვეყნის ცხოვრებაში სადაც ცხოვრობენ.
ჩვენთანაც ასეა აქ მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების ხმები ყოველთვის არის ხელისუფლების რეზერვი, გახსოვთ ალბათ. აი, ასევე იქცევიან ჩვენი დევნილებიც, თითქოს ეს მათი ქვეყანა არ იყოს, ყველა ხელისუფლებას აძლევენ ხმას მიუხედავად იმისა, რას უზამს ეს ხელისუფლება. ძალიან სამწუხაროა მათი ეს დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ, მაგრამ გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ საქართველოში ბევრი იქცევა ასე.
როდესაც საუბარია, რას მიიღებს ვანო მერბიშვილის გაპრემიერებით მმართველი პარტია, ჩნდება ვარაუდი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან გაუჭირდა და ამიტომ შემოგვთავაზა ეს სვლა. თუ არის ასეთი განცდა, რომ მმართველი პარტია სერიოზული სირთულეების წინაშე დგას?
- „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციის შეცვლაზე წავიდა და მერაბიშვილის დანიშვნა რა გასაკვირია, რ ათქმა უნდა, ძალიან გაუჭირდა, ერთის მხრივ ის მოტივი, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, რომ გაიზარდა მოთხოვნა უშიშროების სისტემის მიმართ და უფრო ერთგული კაცი სჭირდება, რომელიც სისტემას გაწმენდს კიდეც და ასეთი ცოცხი ახალაია ხშირად არის ხოლმე.
ხოლო. მეორე მხრივ მას სჭირდება კარგი ორგანიზატორი არჩევნების მომზადებაში და ორგანიზატორი და მენეჯერი მერაბიშვილი ნამდვილად არის და მას როგორც პრემიერს ეს ფუნქცია ექნება.
ასე რომ, ეს ორი კურდღელი ერთად მოხვდა ხაფანგში, დანარჩენი გასაჭირი უფრო მოგვიანებით გამოჩნდება. ეს ხდება იმ პირობებში, როცა თითქმის განაღდებული ჰქონდათ ხელისუფლებაში დარჩენა, ივანიშვილს რომ არ მოსვლოდა ასეთი იდეა - პოლიტიკოსობის დაწყებისა.
პრინციპში, პირველი ეფექტი მიღწეულია, ერთი კვირაა, „ნაციონალური მოძრაობა“ სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო მედიის მთავარი თემაა, ამის მიუხედავად, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მაინც და მაინც მოსახერხებელ დროს ვერ განხორციელდა ეს ცვლილება, ბოლოს და ბოლოს, არჩევნებამდე სულ სამი თვით ადრე, ბევრს ვერაფერს მოასწრებ. როგორ ფიქრობთ, მომგებიანია თუ წამგებიანი სააკაშვილის ეს სვლა?
- მე მგონი ეს სვლა ძალიან წამგებიანია, იმიტომ, რომ ეს სვლა მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა აღიქვა, როგორც ახალაიას საჭიროებით გამოწვეული სვლა, ხოლო ახალაია ასოცირდება იმ სადამსჯელო ღონისძიებებთან, რასაც ციხეში ჰქონდა ადგილი და იმ ანგარიშსწორებასთან რაც მაშინ ხდებოდა თუნდაც ჯარში.
ასე რომ, ფაქტობრივად, საჯაროდ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი რეპრესიების მიმართულებით და ეს ძალიან წამგებიანია მოსახლეობის თვალში. თუ რაღაც N პროცენტი იყო ხელისუფლების რეალური მხარდამჭერი, ამ ნაბიჯის შემდეგ ეს პროცენტი ცოტა შემცირდება.
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამის კომპენსაციას დაშინებით მოახდენს და შიშის ხარჯზე შეიძენს ხმებს და არა სიყვარულის ხარჯზე. მაგრამ არ მგონია ეს სწორი გზა იყოს, რადგან თუ ძალიან აშინებ ხალხს, იმ ხალხს, მერე შენი, როგორც საფრთხობელის შენარჩუნებაც აღარ უნდა.
და თან გარდა ხალხისა, რომელსაც არ უნდა ახალაიას რეპრესიერბის ქვეშ მოხვედრა, თვითონ მინისტრთა კაბინეტში გაუჩნდება სააკაშვილს წყალი. მერაბიშვილისთანა ერთგულ მინისტრს რომ გამოაცლი სამინისტროს, იქ ყველა მინისტრის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშაა და მაშინ ყველა მინისტრი ამჯობინებს ხელისუფლების შეცვლას.
როცა პირველი პირი სახიფათო ხდება თითოეული მათგანისთვის მაშინ, ისინი ამ პირველი პირის მოცილებას შეეცდებიან. ასე რომ, ეს ნაბიჯი თვითონ სააკაშვილისთვის იყო სახიფათო.
მარტო ახალაიათი ის ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ისევე როგორც თუ პირველი პირი მინისტრებს წირავს ადვილად, მერე მინისტრებიც მას ადვილად გაწირავენ.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მისი გამოჩენით სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ვგულისხმობ იმ შიშის ფაქტორს, რომელიც რეგიონებში განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა. ახალაია რამდენად შეძლებს, დაუბრუნოს მმართველ პარტიას ის, რაც უკვე დაიკარგა, როგორ ფიქრობთ რა გადაწონის ამ შემთხვევაში ისევ ის შიში თუ იმედი, რაც ახალმა პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოებას გაუჩინა?
- ძნელი სათქმელია დაბეჯითებით, იმიტომ, რომ თითოეული მხარე როგორ მოიქცევა, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მაგრამ მაინც მგონია, რომ საშიშის მოშორება უფრო ენდომებათ ვიდრე შიშის შენარჩუნება.
როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი რაც ხდება, ხომ არ გამოიწვევს „ქართული ოცნების“ ყურადღების მოდუნებას?
- მათ საბაბი ყურადღების მოდუნებისა არ აქვთ, ლამის ოფისების განათების ფული აღარ აქვთ, უკვე ისეთი მძიმე ბრძოლა მიდის იქითა ფრონტიდან - დაყადაღებები და ფინანსური ზეწოლები, ასე რომ, მოსადუნებლად იმათ საქმე ნამდვილად არ აქვთ. ჯერ ბრძოლაა და გამარჯვებული არავინ არ არის.