შვეიცარიის მთავრობის მიერ პოლიტიკურ დევნილად აღიარებული ქართველი ჟურნალისტი, სტუდია “რეპორტიორის“ ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძე, შვეიცარიაში სტუდიის გაკეთებას და თავისი საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. პრესა.გე-მ მასთან ინტერვიუ ინტერნეტის საშუალებით ჩაწერა.
რას ნიშნავს თქვენთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოცემა, შვეიცარიის მთავრობის მხრიდან, თქვენი აზრით, ამით რისი აღიარება მოხდა?
ვახტანგ კომახიძე: შვეიცარის მთავრობას თავშესაფრის თხოვნით მივმართე, რადგან ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით განხორციელდა მუქარა. ჩემი მისამართით მუქარას თან აგრესიული აქტივობები ახლდა. ამ განცხადების საფუძველზე და შესაძლებელია, მათ მიერ მოპოვებული სხვა მასალების საფუძველზეც, დევნილის სტატუსი მომანიჭეს. ეს ყველაფერი რის აღიარებას ნიშნავს, ამაზე უმჯობესია საქართველოს ხელისუფლება დაფიქრდეს, შეცვალოს მედიისადმი დამკვიდრებული პოლიტიკა და საერთოდ, მისი გათავისუფლება დაიწყოს.
მიიღეთ ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ამიერიდან პოლიტიკური დევნილი ხართ?
- დიახ, ეს დოკუმენტი მივიღე.
თებერვლიდან მოყოლებული დღემდე სად, როგორ პირობებში ცხოვრობდით?
- დევნილთა ცენტრში პირობები ხანდახან ძალიან მძიმე იყო, ხან ასატანი. ამის შესახებ წიგნს ვწერ და ალბათ, მალე ყველაფერს ამ წიგნიდან შეიტყობთ.
კიდევ რაზე იქნება მოთხრობილი, თქვენს წიგნში?
- ეს მხატვრულ ფორმაში მოქცეული ისტორიებია, ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან. შვეიცარიის დევნილთა ცენტრში ყოფნისას, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შევძელი, იყო ის, რომ მივბრუნებოდი ჩემს ძველ საქმეს - მწერლობას და მივხვდი რომ ამჯერად მას თავ არასდროს დავანებებ.
როგორი გეგმები გაქვთ?
- უკვე მაქვს კონრეტული მონაცემები, რომ შევძლებ სტუდიის აქ აღდგენას და ფილმებზე მუშაობას; “რეპორტიორი“ იქნება შვეიცარიაში და საქართველოშიც ეყოლება თანამშრომლები; რასაკვირველია, მანძილი დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში, ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება. თუ ეს მართლაც მოვახერხე, იმედია, შემდეგ შევძლებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ და რა გზებით გაკეთდა ეს ყველაფერი. შეიძლება ნაწილობრივ უფლებადაცვით სფეროშიც გადავერთო.
რა ბედი ელის ფილმს, რომელიც საქართველოში ყოფნისას დაიწყეთ და რომელიც ეხება აგვისტოს ცნობილ მოვლენებს?
- ამ ფილმზე უახლოეს მომავალში ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას. შეიძლება ძალიან ბევრ გეგმაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ყველა ამ გეგმის განხორციელება რეალური მგონია.
რა მოხდა მიმდინარე წლის თებერვალში, აეროპორტში, როცა აქედან უცხოეთში მიდიოდით და რა მუქარები ხორციელდებოდა მანამდე?
- არაერთხელ გავავრცელე ინფორმაცია მუქარის შინაარსზეც და აეროპორტის ინცინდენტის შესახებაც. მუქარა განხორციელდა იმ მოთხოვნით, რომ შემეწყვიტა ცხინვალის შესახებ ფილმზე მუშაობა. ბორის ჩოჩიევთან გამგზავრების წინ კი, აეროპორტში შსს-ს დიდი თანამდებობის პირთა მიერ ჩემი “გაცილება“, ვფიქრობ, კიდევ ერთი გაფრთხილება იყო. მუქარის და ლანძღვის დეტალური ტექსტის გადმოცემა მგონი ზედმეტია.
ყოველთვიურად მიიღებთ თუ არა რაიმე ფინანსურ დახმარებას, როგორც პოლიტიკური დევნილი?
- დევნილის სტატუსს რა თქმა უნდა, თან ახლავს სოციალური დაცვისა და ადაპტაციის გარკვეული პროგრამა; თუმცა, მუშაობას ვაპირებ და არა სოციალზე ასე ვთქვათ, ჩამოკიდებას.
გრძნობდით თუ არა თქვენი კოლეგებისგან, უფლებადამცველებისგან თანადგომას, ამ ექვსი თვის განმავლობაში?
- ადამიანურად ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ უამრავი ადამიანისგან მივიღე თანადგომის შეტყობინება. ემოციურად საკმაოდ დატვირთული იყო ეს შეტყობინებებიც და ამგვარი ფაქტებისადმი ჩემი დამოკიდებულებაც, მაგრამ ემოციებზე როდესმე ფინჯან ყავასთან ერთად ვისაუბროთ.