და ვინჩის კოდისა რა მოგახსენოთ, ჩემდა სასახელოდ თუ სამარცხვინოდ ამ ამბებით დიდად არ დავინტერესებულვარ და მხოლოდ ყურმოკვრით ვიცი რაღაც რაღაცეები. სიმართლე ითქვას, არც საკონსტიტუციო ცვლილებებია მაინცა და მაინც მიმზიდველი და საინტერესო, მაგრამ, და ვინჩის კოდისაგან განსხვავებით, ეს ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს ეხება და ამიტომაც, მიმაჩნია, ვალდებულნი ვართ, შეძლებისდაგვარად გავერკვეთ, თუ რას გვიქადის იგი.
საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლებას ქვეყნის რეალური დემოკრატიზაციისათვის რომ არ სჭირდება, ვფიქრობ, საქართველოში მცხოვრები ყველა ნორმალური ადამიანისათვის იმთავითვე სრულიად ნათელი იყო და არის. ისიც ვიცით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებას (თუ ამგვარი საკითხი დღის წესრიგში დადგება), შეეცდება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკური ძალა (ხელისუფალი). განსხვავება ისაა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ცვლილებათა აუცილებლობის დასაბუთებისა და განხილვის პროცესი იქნებოდა სრულიად გამჭვირვალე, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ისეთი, რომელიც მოხსნიდა ყოველგვარ კითხვის ნიშნებს და უზრუნველყოფდა საზოგადოების უმრავლესობის კონსენსუსს.
ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. იმთავითვე ყველასათვის ცხადი იყო, რომ კონსტიტუციურ ცვლილებათა “საჯარო განხილვების” პროცესი და მიღების პროცედურა, ისევე, როგორც უშუალოდ ცვლილებების შინაარსი და მომზადების ფორმა (ვითომდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ!), დემოკრატიულობის იმიტირებას გულისხმობდა და არა რეალურ დემოკრატიულ პროცესს.
შესაბამისად, განსაკუთრებული მოლოდინი მის მიმართ საზოგადოებაში არც არსებობდა; მაგრამ, იყო გარკვეული ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, თუ როგორ ფორმას მოძებნიდა ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ან და, რატომ ჩქარობდა კონსტიტუციური ცვლილებების შემუშავებასა და განხორციელებას არჩევნებამდე რამდენიმე წლით ადრე?
ის, რომ მ. სააკაშვილი და ნაციონალები ყველაფერს იკადრებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ნათლად გამოჩნდა 2007წ. ნოემბერსა და 2008წ. არჩევნებში.
ის, რომ 2008წ. არჩევნებმა და აგვისტოს სამხედრო კონფლიქტმა ვერ შეცვალა მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი (უფრო - პირიქით!), ასევე მკაფიოდ დაადასტურა 2009წ. ხანგრძლივმა საპროტესტო აქციებმა.
ამავე აქციებმა, უფრო სწორედ, ამ აქციების უპერსპექტიობამ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება საკმარისი არ არის და აუცილებელია შემუშავდეს და განხორციელდეს რადიკალური და დემოკრატიული კონსტიტუციური რეფორმა, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის შექმნა. გაჩნდა რეალური შანსი, რომ საპროტესტო მოძრაობა, დემოკრატიული კონსტიტუციური ცვლილებების იდეის სახით, გაცილებით მყარ, დსავლეთისათვის გასაგებ და მისაღებ იდეოლოგიურ საფუძველს შეიძენდა, ვიდრე ერთი პიროვნების ან, გნებავთ, მთლიანად ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნა იყო და არის (ეს მექანიზმი - დემოკრატიულ კონსტიტუციურ ცვლილებათა განვრცობილი კონცეფცია - უკვე არსებობს და ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს მისი დახვეწა, ამოქმედება და გამოყენება!).
2007-2009 წ.წ.-ში ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად შეცვალა დასავლეთის აღფრთოვანებული დამოკიდებულება მ. სააკაშვილისა და მისი გუნდისადმი. დასავლეთი გაცილებით კრიტიკული და მომთხოვნი გახდა (გავიხსენოთ, თუნდაც, ჰ. კლინტონის ბოლოდროინდელი განცხადება კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით), თუმცა, ცდილობდა და ცდილობს, ზომიერება დაიცვას, რადგან შიშობს, მისი მხრიდან ხელისუფლების მისამართით გაკეთებულმა ხისტმა და მკვეთრმა განცხადებებმა ხელი არ შეუწყოს რადიკალური ანტისახელისუფლებო გამოსვლების დაწყებას.
ძალაუფლების შენარჩუნების სურვილმა, მოსახლეობის მზარდმა საპროტესტო განწყობამ, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის შექმნამ და საქართველოს ხელისუფლებისადმი (პრეზიდენტისადმი) დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში გაჩენილმა კრიტიკულმა დამოკიდებულებამ აიძულა ხელისუფლება გამოსავლის ძიება დაეწყო.
უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ, ყველა შესაძლო ვარიანტიდან, ყველაზე ოპტიმალური აირჩია - შექმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ამ ფორმით შეეცადა რამდენიმა პრობლემა ერთდროულად მოეგვარებინა. კერძოდ:
1. შეენელებინა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში მისადმი გაჩენილი მზარდი კრიტიკული დამოკიდებულება (კარგახანია, დასავლეთის პოლიტიკური ელიტა ხაზგასმით, თუმცა დელიკატურად, ცდილობს მ. სააკაშვილისაგან დისტანცირებას) და ეჩვენებინა, რომ ქვეყნა რეალურად იწყებს დემოკრატიზაციის პროცესს.
2. გაენეიტრალებინა ან იზოლირებაში მოექცია უკვე არსებული საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რათა მოეხდინა კონსტიტუციურ ცვლილებათა იდეის დევალვაცია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩენილი იდეა - კონსტიტუციური ცვლილებებით დემოკრატიის განხორციელება - არ ქცეულიყო საერთო-სახალხო, ეროვნულ იდეად.
3. ზედმეტი გართულებების გარეშე მიეღო ისეთი კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც მას ძალაუფფლებას შეუნარჩუნებდა.
რა თქმა უნდა, ხელისუფლების მთავარ სტრატეგიულ სამიზნეს დასავლეთი წარმოადგენდა და წარმოადგენს და არა საქართველოს მოსახლეობა. ამიტომაც ცდილობს, უპირველესად, დასავლეთი დაარწმუნოს თავისი განზრახვის გულწრფელობაში, ინციატივას თავიდანვე ხელში იღებს და მეტი ეფექტურობისა და დამაჯერებლობისათვის დემოკრატიზაციის პროცესს იწყებს არა უბრალოდ, არამედ, სწორედ, საკონსტიტუციო ცვლილებებით. თანაც, მზადაა კომპრომისებზე წავიდეს. საილუსტრაციოდ, ამ პოლიტიკურ შოუს, რომელსაც “დემოკრატიული კონსტიტუციური ცვლილებები” ჰქვია, დასავლეთისათვის მიმზიდველი მიზანსცენით იწყებს - კონსტიტუციურ ცვლილებათა იდეას ოპოზიციას (ე.დ.პ. - ს) ახმოვანებინებს, თავად კი - თანხმდება! კომისიის თავმჯდომარედ უპარტიო მეცნიერს ნიშნავს, ხოლო მდივნად - ოპოზიციის წარმომადგენელს; თვით კომისიის შემადგენლობაც კი უცხო თვალისთვის (განსაკუთრებით, შორიდან!), საკმაოდ რესპექტაბელური ჩანს! აი, ასეთ “ნეიტრალურ” კომისიაში ეპატიჟება პოლიტიკურ ოპოზიციას, მაგრამ უარს ღებულობს (პოლიტიკური და საზოგადოებრივი ოპოზიცია მშვენივრად ხედავს იმას, რაც “უცხო თვალისთვის”, “შორიდან”, არ ჩანს), რადგან (დასავლეთს თავადვე განუმარტავს) “ოპოზიციას კონსტიტუციური დემოკრატია კი არ აინტერესებს, არამედ - ძალაუფლებაო”.
განზრახვა - განახორციელოს დემოკრატიული კონსტიტუციოური ცვლილებები - დასავლეთისათვის კიდევ უფრო დამაჯერებელი და სარწმუნო რომ გახდეს, გამოცხადდა, რომ “სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს ვენეციის კომისიასთან და მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებსო!”
პარალელურად, ქვეყნის შიგნით, იწყებს პროცესს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის იგნორირებასა და იმ ეჭვების გასაფანტად, რაც ქართულ საზოგადოებაში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მოჰყვა (რომ კონსტიტუციური ცვლილებები მ. სააკაშვილს ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება). კონტროლირებადი მედიასაშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს სახელმწიფო საკოსტიტუციო კომისიის საქმიანობის ინტენსიური პროპაგანდა, რათა მოსახლეობაში, აქციების უშედეგობით გამოწვეული გულგატეხილობის ფონზე, ჩამოეყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებზე მხოლოდ სახელმწიფო კომისია და ხელისუფლების მომხრეები მუშაობენ, რადგან კონსტიტუციური ცვლილებები ხელისუფლებას (მ. სააკაშვილს) სჭირდება და არა ქვეყანას (ხალხს).
საზოგადოებრივი აზრის ამგვარად ფორმირება საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას ერთი მხრივ, მოეხდინა “კონსტიტუციური დემოკრატიის”, როგორც იდეის, დისკრედიტირება, ხოლო, მეორე მხრივ, ზედმეტი გართულებებისა და მძაფრი საპროტესტო წინააღმდეგობის გარაშე (ისევ დასავლეთის ფაქტორის გათვალისწინებით!) მიეღო კონსტიტუციური ცვლილებების სწორედ ის ვარიანტი, რომელიც მისთვის იქნებოდა გამოსადეგი.
უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ, საწყის ეტაპზე, მართლაც მიაღწია გარკვეულ წარმატებას და უზრუნველყო ამ პროექტისადმი დასავლეთის როგორც ფინანსური, ისე მორალური მხარდაჭერა. მაგრამ, შემდეგ, როდესაც დაჩქარებული ტემპით დაიწყო ჯერ ცვლილებათა ე. წ. “საჯარო განხილვა”, ხოლო შემდეგ, ასევე დაჩქარებული ტემპით გააგრძელა საპარლამენტო მოსმენები, თანაც ისე, რომ ამ ცვლილებების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები და შენიშვნები სერიოზულად და საფუძვლიანად არც კი განუხილავს, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ხელისუფლებისა და მის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური ცვლილებებისადმი კვლავ გაჩნდა ფრთხილი და თავშეკავებული დამოკიდებულება.
კონსტიტუციურ ცვლილებათა საპარლამენტო “განხილვამ” ექსტრავაგანტურ და კომიკურ ვითარებაში ჩაიარა. ხელისუფლება არ დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, მიუხედავად მათი თხოვნისა, და სასწრაფოდ დაიწყო საპარლამენტო მოსმენები. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ არც ჰ. კლინტონის მოსაზრებას(!) გაუწია ანგარიში, როდესაც ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ “საქართველოს პარლამენტი დაელოდებოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას”, თანაც დაამატა - “ჩვენ გვჯერა ვენეციის კომისიისო”. (სხვათაშორის, საქართველოს ხელისუფლებამ არც 2008წ. აგვისტოში გაუწია ანგარიში ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მდივნისა და, ზოგადად, დასავლეთის გაფრთხილებას და რა შედეგიც მოუტანა ამან ქვეყანას, ვნახეთ - ეს მათ გასაგონად, ვისაც ხელისუფლების პროდასავლურობისა გულწრფელად სჯერა ან მას დასავლეთისადმი მონურ მორჩილებაში ადანაშაულებს - თუ მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები ამოქმედდა, ეს იქნება ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც არანაკლებ უბედურებას მოუტანს ქვეყანას, ვიდრე 2008წ. აგვისტოს მოვლენებმა მოუტანა).
ერთი მხრივ, ხელისუფლებას არ გააჩნდა რაიმე სერიოზული და ანგარიშგასაწევი არგუმენტი (ან გააჩნდა, მაგრამ მისი გახმოვანება არ შეიძლებოდა?!), თუ რატომ ჩქარობდა კონსტიტუციურ ცვლილებათა მიღებას და ამიტომ იძულებული იყო ანგარიში გაეწია ჰილარი კლინტონის მიერ ლამის საჯაროდ გაკეთებული განცხადებისთვის, მეორე მხრივ, არ უნდოდა “ვინმეს” (ქვეყნის შიგნით!) ეფიქრა, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა, თუნდაც ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მდივნის წინაშე. შედეგად, რადგან უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, კენჭისყრის დრო ვენეციის კომისიის სხდომის დროს დაამთხვიეს (ვითომ, თან რომ დაელოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას და თან - არ დაელოდნენ!), მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი, მობილურით ხელში, საქართველოს მოსახლეობას არწმუნებდა, “ვენეციიდან დამირეკესო”, იმ დროს ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე ქ-ნი ჰ. კლინტონის ზემოთმოტანილი განცხადების სრული ტექსტი იდო და არა კომისიის საბოლოო დასკვნა!
მართალია, ხელისუფლებას არ გააჩნდა დამაჯერებელი არგუმენტი, რატომ ჩქარობდა კონსტიტუციურ ცვლილებათა მიღებას, თუ ეს ცვლილებები, ძირითადად, 2013წ. უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ აჩქარების სერიოზული მიზეზი არ არსებობდა?!
ხელისუფლებას შეეძლო რამდენადაც უნდოდა გაეხანგრძლივებინა ცვლილებათა მომზადების დრო, მაგრამ, როგორც კი ეს ცვლილებები კანონპროექტის სახეს მიიღებდა, იძულებული იყო, რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში მოეხდინა მისი საჯარო განხილვა და მიღება. მიზეზი მარტივია - ცვლილებები, ბუნებრივია, მორგებული იქნებოდა ხელისუფლების ინტერესებს (როგორც არის კიდეც!), ამიტომ ამ პროექტის ხანგრძლივი და რეალური საჯარო განხილვა, ნიშნავდა ხელისუფლების მხილების კამპანიას, რასაც, შესაძლოა, საპროტესტო მღელვარება მოჰყოლოდა. თუ ამ პროცესს ქვეყნის გარედანაც ექნებოდა მხარდაჭერა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის და ჰილარი კლინტონის განცხადების სახით, მაშინ, ხელისუფლებას არათუ კონსტიტუციურ ცვლილებათა მიღება, ძალაუფლების შენარჩუნებაც კი გაუჭირდებოდა.
ამიტომ, ხელისუფლება ვერ დაუშვებდა, რომ ცვლილებათა განხილვა და მიღება თვეობით გაგრძელებულიყო, მაგრამ რეალური მიზეზის გაცხადება ან არგუმენტად მოტანა თვითაღიარების ტოლფასი იქნებოდა და გამორიცხული იყო.
დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება დღეს უკვე ნანობს, რომ პროცესი, როგორც თავიდანვე ჰქონდა განზრახული, აგვისტოშივე არ დაასრულა და თვენახევრით გაახანგრძლივა, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში, ის, ალყაში მოქცეული, საკმაოდ უსუსური არგუმენტებით ცდილობდა გამკლავებოდა შინა თუ გარე ოპონენტებს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ “გაჭიმა” ცვლილებათა შემუშავების პერიოდი 2011 ან 2012 წლამდე, ეს ნაწილობრივ შიშისა და ნაწილობრივ პოლიტიკური გარემოს მცდარი შეფასების გამო მოუვიდა.
ხელისუფლებაში გაჩნდა ინციატივის და, შესაბამისად, პროცესებზე კონტროლის დაკარგვის შიში, რადგან საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ მიმდინარე წლის 9 აპრილს უკვე გამოაქვეყნა კონსტიტუციურ ცვლილებათა განვრცობილი კონცეფცია, რომელიც გააცნო როგორც ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს, ასევე ინგლისური ვერსია დაეგზავნა დიპლომატიურ კორპუსს და ვენეციის კომისიას. ხელისუფლება იძულებული გახდა სასწრაფოდ რაიმე საპირწონედ დაედო, რადგან გაჩნდა საფრთხე, რომ კონცეფციაში ასახული იდეები მისაღები იქნებოდა როგორც ქართული საზოგადოებისათვის, ასევე უცხოელი ექსპერტებისათვისაც. ამიტომ, კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომლის არსი ხელისუფლებამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდეც იცოდა, სასწრაფოდ მისცა კანონპროექტის სახე, რა თქმა უნდა, იმ საკითხებთან ერთად, რომლებიც ცვლილებათა შინაარსს არსობრივად არ ცვლიდნენ (მაგ. ორგანული კანონის გაუქმება) და კანონპროექტში მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ დებატების ან საჯარო განხილვების პერიოდში ხელისუფლებას ოპონენტთათვის მათი “დათმობით” პროცესისათვის დემოკრატიულობისა და კომპრომისულიბის იმიჯი შეექმნა.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რეალურად ვერ შეაფასა არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება და მის (ძირითადად, პრეზიდენტის) მიმართ ჩამოყალიბებული შეხედულებები შინ და გარეთ. ჩათვალა, რომ საეთაშორისო დამკვირვებლების (დასავლეთის) მიერ ადგილობრივი არჩევნების შეფასება, როგორც წარმატებულისა, რასაც დიდი ვნებათაღელვა არც ქართულ საზოგადოებაში გამოუწვევია, არის მაჩვენებელი, რომ დასავლეთი ასეთივე შეფასებას მისცემს კონსტიტუციური ცვლილებების მიღების პროცესსა და შინაარსს. მაგრამ შეცდა და ამის ადასტურებს როგორც ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნები, ასევე ქ-ნი ჰ. კლინტონის საჯარო განცხადება.
ხელისუფლების მცდელობამ, კონსტიტუციური ცვლილებების შემუშავების, საჯარო განხილვისა და მიღების პროცედურა და ცვლილებების შინაარსი მოსახლეობისთვის წარმოეჩინა როგორც დასავლეთის მიერ მოწონებული და აღიარებული დემოკრატიული რეფორმა, კრახი განიცადა. ამ ცვლილებებმა ვერ ჰპოვა მხარდაჭერა ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. ამიტომ, ის იქცა ნაციონალური მოძრაობის და არა ერის კონსტიტუციად.
მართალია, კონსტიტუციის ცვლილებების განხილვასა და მიღებას მძლავრი საპროტესტო აქციები არ მოჰყოლია (თუმცა, აქციები იყო), მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ (ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა, კონსტიტუციონალისტებმა, არასამთავრობო და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა) ტელეკომპანიების “კავკასიისა” და “მაესტროს”, ასევე ბეჭვდითი მედიის უდიდესი ძალისხმევითა და თანადგომით, შეძლო სრულად წარმოეჩინა ხელისუფლების მიერ შემუშავებული და მიღებული კონსტიტუციური ცვლილებების რეალური არსი.
თუმცა, ამ ფაქტის მხოლოდ კონსტატირება საქმეს ვერ შველის, რადგან მიღებული კონსტიტუციის ამოქმედება საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას იქნება ეს მ. სააკაშვილთან ერთად თუ მის გარაშე (სახვათაშორის, ამ კონსტიტუციით მ. სააკაშვილის “მოშორება” შეიძლება სრულიად უმტკივნეულოდ, ზედმეტი ძალისხმევის გარაშე), ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ან მის გარეშე.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ქართულმა საზოგადოებამ გააგრძელოს ინტენსიური დისკუსია და ძიება ისეთი კონსტიტუციური მოდელის შესამუშავებლად, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევცვალოთ არა მარტო ხელისუფლება, არამედ მმართველობის სისტემა და ამ გზით განვახორციელოთ კონსტიტუციური დემოკრატია.