საქართველოში არის: 23 622 მსჯავრდებული და ბრალდებული; 600 000 მოსწავლე, 60 000 მასწავლებელი და 100 000 სტუდენტი; განათლების ბიუჯეტი 50 მილიონზე ნაკლები იყო და ახლა 596 მილიონია; ავარიების რაოდენობა 23%-ით არის შემცირებული; თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების პროქტის საბოლოო ვერსია მზად არ არის და რომ მომზადდება, პატრიარქს, პარლამენტს და ქართულ საზოგადოებას აუცილებლად გააცნობენ; მოსკოვს თავშეფარებული ვოვა სანაკოევი საქართველოში თუ დაბრუნდება, ხელისუფლება გულში ჩაიხუტებს და კვლავ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩააყენებს.
ესაა ის კონკრეტული მონაცემები და სიტყვიერი დაპირებები, რაც პარლამენტის სხდომაზე ოთხი მინისტრის სტუმრობის შემდეგ გახდა presasge.tv-სთვის ცნობილი. განათლების, შინაგან საქმეთა, კულტურის და ციხეების მინისტრები პარლამენტიდან სულ რაღაც სამსაათნახევარში გაუშვეს - მინისტრების მოსმენა 17.05 წუთზე დაიწყო და 20.33 წუთზე დასრულდა. 17 საათისთვის დარბაზში 79 დეპუტატი იჯდა, ხოლო რიგით მეოთხე მინისტრის გამოსვლისას დეპუტატების რაოდენობა განახევრებული გახლდათ.
ტრიბუნასთან პირველი დიმიტრი შაშკინი მივიდა და გამოსვლა ტყუილით დაიწყო - მე კი გავცემ გამოგზავნილ კითხვებზე პასუხს, მაგრამ კითხვების ავტორები აქ არ არიანო. არადა, ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“ სრული შემადგენლობით, რომ იყო წარმოდგენილი, ამას შაშკინიც კარგად ხედავდა და საპარლამენტო უმრავლესობაც. შემდეგ მინისტრმა კითხვები დაიწუნა - დაბალი დონის, საბჭოური იდეოლოგიის კითხვები გამომიგზავნეთო და გადავიდა განათლების სამინისტროს ქება-დიდებაზე, ოღონდ დამაჯერებლობა იმდენად აკლდა, რომ აშკარად თავადაც არ სჯეროდა იმის, რაზეც საუბრობდა.
თავიდან მან სიტყვისთვის 20 წუთი ითხოვა და იქვე აღნიშნა, ამდენი შეიძლება, არც დამჭირდესო, მაგრამ განათლების “დახვეწილი“ რეფორმის კიდევ უფრო “დახვეწაზე“ საუბრით ისე გაერთო, რომ 5 წუთის დამატება ითხოვა. ამ დროს დარბაზში წონაში თვალშისაცემად მომატებული გივი თარგამაძე შემოვიდა. კოლეგები პირზე კოცნით და მხარზე ხელის ტყაპუნით შეხვდნენ - ჩანდა, რომ კარგა ხნის უნახავი ჰყავდათ.
შაშკინის შემდეგ კითხვების დასაზუსტებლად მიკროფონთან ჯონდი ბაღათურია მივიდა - აქ, პარლამენტში ასე რომ თავხედობ, მასწავლებლებს და მოსწავლეებს როგორ მოექცევი, ადვილი წარმოსადგენიაო. ბაღათურია სხვა საკითხებთან ერთად დედაენის ფასსაც შეეხო - ნამუსი სად არის, 100 წლის წინ იაკობ გოგებაშვილის დაწერილ დედაენას 12 ლარად, რომ ჰყიდითო?! ბაღათურიას შემდეგ მინისტრი ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაკიცხა - თვალებში გვიყურებდი და იტყუებოდი, ასეთ სიცრუეს როგორ კადრულობო.
ამ დროს შაშკინი დროდადრო თავს აკანტურებდა, ირონიულად იცინოდა და მარცხენა მხარეს მჯდომ ახალგაზრდა კაცს თვალს უკრავდა. ხათუნა გოგორიშვილი სხდომაზე მოუსვენრად იყო - სამუსაიფოდ ხან ერთ დეპუტატს მიუჯდებოდა, ხან მეორეს; ერთს გამოართმევდა საღეჭი რეზინას ფირფიტას და მეორესთან მიჰქონდა; თან ტრადიციული, ხმამაღალი რეპლიკების წამოსროლასაც ასწრებდა. კობა ხაბაზი ვარდისფერ ფურცელზე ლურჯი კალმით რაღაც გაურკვეველ ფიგურებს ხატავდა. ვარდისფერი ფურცელი რომ გადაალურჯა, თეთრზე გადავიდა.
გია ცაგარეიშვილმა დიმიტრი შაშკინს უთხრა - შენ ხარ ის მინისტრი, ვინც განათლების სამინისტრო სადამსჯელო ორგანოდ გადააქციეო და შემდეგ სკოლიდან პოლიტიკური აქტივობისა და შეხედულებების გამო გაძევებული მასწავლებლების გვარები ჩამოთვალა: ია ბჟალავა, მაგული ბესიაშვილი, ქეთევან ხარაზიშვილი, ნათელა ნოზაძე...
სანამ შაშკინი კითხვებზე პასუხის გაცემას დაიწყებდა, საქმეში პარლამენტის თავმჯდომარე ჩაერთო - შემცირებულ პედაგოგებზე არ უპასუხოთ, რადგან ამის შესახებ კითხვა წინასწარ არ დაუსვამთ და თუ უპასუხებთ, რეგლამენტის და ჩემი მოწოდების წინააღმდეგ წახვალთო.
შაშკინმა დასაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემისას კიდევ ერთხელ, ურცხვად მოიტყუა - მათ დასმულ კითხვაზე პასუხს ვცემ და არ მისმენენო. ამ დროს “ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრები გასუსულები ისხდნენ. შაშკინის გამოსვლა და შემდეგ, დასაზუსტებლად დასმულ კითხვებზე მისი პასუხი 55 წუთი გაგრძელდა.
საპარლამენტო ტრიბუნასთან შინაგან საქმეთა მინიტრი ვანო მერაბიშვილი მივიდა - მიპატიჟებისთვის მადლობა გადაიხადა და იქვე მოიბოდიშა - დასმული კითხვების ნაწილს ვერ ვუპასუხებ, რადგან რამდენიმე წელია, რაც ფინანსური საკითხები შსს-ს აღარ ეხებაო. რამდენიმე წუთის შემდეგ გაირკვა, რომ მერაბიშვილი ფინანსურ საკითხში გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ფინანსურ საქმიანობაზე დასმულ კითხვებს. მერაბიშვილმა თავისი სათქმელი (პოლიციის ქება-დიდებითურთ) 8 წუთში ჩაატია და დასაზუსტებელ კითხვებზე პასუხების ჩასანიშნად მოემზადა.
“ქრისტიან-დემოკრატი“ ნიკა ლალიაშვილი დაინტერესდა დროებითი მოთავსების იზოლატორების მდგომარეობით - იქ არსებული არაადამიანური პირობების გასაუმჯობესებლად რემონტი დაიწყო თუ არაო. პეტრე მამრაძის კითხვას დარბაზში დაბალხმიანი რეპლიკები მოჰყვა. ადასტურებთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, მიხვედით თუ არა მასთან თხოვნით დაერწმუნებინა ბოკერია-სააკაშვილი, რათა ცხინვალზე შეტევა არ განეხორციელებინათო, - ეს ჰკითხა მამრაძემ. აკაკი მინაშვილმა მერაბიშვილს იმის დაზუსტება მოსთხოვა, პოლიციისადმი გამოცხადებული 80%-იანი ნდობა ნიშნავს თუ არა, რომ პოლიცია არის სამართლიანი. დიმიტრი ლორთქიფანიძემ ძმები ლუტიძეების საქმეზე მერაბიშვილს შეახსენა - თქვენ კი ამბობთ რომ პოლიციელები დასაჯეთ, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ ზანდუკელის ქუჩაზე ძმები ლუტიძეების უკანონო დაკავების ვიდეოთვალით გადაღებული მასალა გამოააშკარავა, მაგრამ ამ ფაქტის შეფასება დღემდე არ მომხდარაო.
ლორთქიფანიძის შემდეგ მიკროფონთან გოკა გაბაშვილი მივიდა და 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დაწყებისას საზღვარგადაკვეთილებზე ასეთი განმარტება გააკეთა - ხელისუფლებიდან 35-მა კი გადაკვეთა საზღვარი, მაგრამ 31 უკან შემობრუნდა და დანარჩენი 4 მთავრობას უცხოეთში სპეციალური დავალებით ჰყავდა მივლინებულიო. დავით დარჩიაშვილმა იკითხა - ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“ ძალიან ეკლექტიკურია და საინტერესოა ვიცოდეთ, ვინ არიან იმ კითხვების ავტორები, რომლებიც მინისტრებთან გაიგზავნაო. დარჩიაშვილს გოგორიშვილი რეპლიკით შეეშველა - მაგათმა რა იციან ეკლექტიკური რას ნიშნავს, უფრო მარტივად აუხსენიო.
ჯონდი ბაღათურიამ გაბაშვილ-მინაშვილს შტატიანი პროვოკატორები ეძახა, დანარჩენებს უთხრა, თქვენ რომ მიკროფონთან მიდიხართ, სიტყვების რახა-რუხის მეტს არაფერს აკეთებთო და შემდეგ მერაბიშვილს მიუტრიალდა - ე.წ. ქურდული სამყაროს წელში გადატეხით თავს იწონებ, ერთი-ორი ქურდი დაიჭირე და გამოკეტე, მაშინ, როცა ქვეყანას “პაგონებიანი“ და ჰალსტუხიანი ქურდები ყვლეფენ, რატომ არ ეხებით სააკაშვილის და მისი ოჯახის საეჭვო ფინანსურ კავშირებს, მაგალითად, თურქეთში რამდენიმეჯერ დაპატიმრებულ გიულანთან სააკაშვილის დედას აქვს ფინანსური კავშირიო.
დასაზუსტებლად დასმული კითხვების ნაწილს მერაბიშვილმა უპასუხა, რომელთა შორის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მასთან ერთ-ერთი ქალაქის მერის სტუმრობა - ჩემთან ლიტვის მერი იყო მოსული, რომელიც ჩვენი რეფორმით იმდენად აღფრთოვანდა, რომ ახლა ქალაქ ლიტვაში ქართული პოლიციის შენობა იდგმებაო. შემდეგ დაპატიმრებულ თანამდებობის პირებზე ისაუბრა - ერთი მინისტრის მოადგილე, სამი დეპარტამენტის თავმჯდომარე, სამი პარლამენტარი უმრავლესობიდან, 31 მოსამართლე და 40-მდე პროკურორი დავიჭირეთ და აბა დამისახელეთ ქვეყანა, სადაც მსგავსი რამ ხდებაო.
მერაბიშვილი ტრიბუნასთან ერთი საათის განმავლობაში სერიოზული გამომეტყველებით იდგა. შაშკინის მსგავსად არც ღაწვები დაწითლებია და არც ირონიულად იღიმებოდა. პირიქით, სულ ბოდიშებით საუბრობდა. მერაბიშვილის შემდეგ ტრიბუნასთან კულტურის მინისტრი ნიკა რურუა მივიდა. ოშკის ისტორიასა და მნიშვნელობაზე წვრილად მოყვა, მაგრამ თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებაზე (რომელზეც ხელმოწერას აპირებენ და რომელიც ითვალისწინებს ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებისა და ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე “აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში თურქების ჩართვის სანაცვლოდ ოშკისა და იშხანის აღდგენას) სიტყვაუხვი არ ყოფილა.
“ოცდაათიან წლებში კომუნისტების მიერ გადამწვარი ხის სამლოცველო თუ აღდგება, ეს პირადად მე პრობლემად არ მიმაჩნია, ვინაიდან ოშკის გადარჩენაში გადახდილი ფასი იქნება ძალიან მცირე“, - ესაა რურუას პოზიცია.
მას ტონი შეცვლილი ჰქონდა - აქამდე თუ ჯიუტად იძახდა, ხელს მაინც მოვაწერთ და ხელშეკრულების ტექსტს საზოგადოებას მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობთო, ახლა კეთილგანწყობილის პოზიციიდან, თბილად და ტკბილად საუბრობდა, მაგრამ რურუას დატკბობა და ტონის შეცვლა, ამ კონკრეტულ საკითხზე, ალბათ, ბევრს არაფერს ნიშნავს.
კითხვები თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ირგვლივ კულტურის მინისტრს ფრაქცია “ერთობა სამართლიანობამ“ გაუგზავნა. შემდეგ დასაზუსტებელი კითხვები მათთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობიდანაც დასვეს. მაგალითად, გაცხარებულმა კობა ხაბაზმა იმის დაზუსტება მოითხოვა, თურქეთის რესპუბლიკაში არიან თუ არა ჩართულები მოლაპარაკების პროცესში იქაური სასულიერო პირები. მას შემდეგ, რაც თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საჯარო განცხადებები კეთდება, არსად არავის უხსენებია, რომ ამ პერიოდში ზარზმა ჩამოინგრა. პარლამენტში გამოსვლისას ამაზე ნიკა რურუამ ისაუბრა.
ტყუილებში შემჩნეული მინისტრის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას უახლოეს დღეებში გადავამოწმებთ.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ რურუას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მეცხრე მუხლი გაახსენა, რომლის თანახმად, სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ კულტურულ მემკვიდრეობაზე - ეს ჩანაწერი გავალდებულებთ თუნდაც ზეპირი შეთანხმების საგანიც კი ცნობილი გახადოთ საქართველოს საპატრიარქოსთვისო. ამაზე რურუამ მიუგო - ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ და გამომდინარე აქედან ძეგლთა დაცვაზე მოლაპარაკებას სახელმწიფო აწარმოებს, ამის რესურსი აქვს სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემ ჩვენს ეკლესიასო.
ოთხ მინისტრს შორის ბოლო მომხსენებელი გახლდათ ციხეების პირმშვენიერი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე. 16 წუთი ისაუბრა. ხშირად ხმარობდა სიტყვებს: სკრინინგი, სერვისი, ხელმისაწვდომობა, წარმატება, მაგრამ შინაარსის გამოტანა რთული იყო. კალმახელიძის მონაცემებით ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 23 622 შეადგენს, ხოლო 2011 წელს პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა კლება დაიწყო. კალმახელიძის გამოსვლისას დარბაზში 44 დეპუტატი იჯდა.
დასაზუსტებელი კითხვების დროს ლევან ვეფხვაძემ ჰკითხა- სახალხო დამცველმა პრაქტიკულად საბრალდებო დასკვნა დაგიდო, ვერბალური რეკომენდაციაც გაახმოვანა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და აპირებ თუ არა გადადგომასო. ვეფხვაძის გამოსვლა ნუგზარ წიკლაურს მოეწონა - მაგარიი იყოო, - თქვა, მერე მცირე ზომის სენსორული კომპიუტერი ამოიღო და მეილი გახსნა. დავით ბაქრაძემ კი ციხეების მინისტრს შეახსენა - ეს კითხვა თქვენთვის გამოგზავნილი არ ყოფილა და შეგიძლიათ არ უპასუხოთო.
ნიკა ლალიაშვილმა მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ისაუბრა - მას შემდეგ, რაც სტრასბურგში საჩივარი გაგზავნა, რეჟიმი დაუმძიმეს, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა ესაჭიროება, ახლა ის რუსთავის N6 საპყრობილეშია, მის ოჯახს ერთადერთი თხოვნა აქვს - ბადრაგის თანხლებით ღია ტიპის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეთო.
ოქროპირიძეზე კალმახელიძეს არაფერი უთქვამს, თავისი სამინისტროს ქება-დიდება გააგრძელა, მაგრამ შაშკინის მსგავსად ამას იმდენად უნიჭოდ აკეთებდა, რომ შაშკინის მსგავსად, თავადაც არ სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა - ამ ბოლო 7 წლის მანძილზე იმდენი გაკეთდა, რომ ამას მსჯავრდებულები საკუთარ თავზე გრძნობენო და მართალი თქვა – ყველაზე უკეთ მსჯავრდებულებმა იციან კალმახელიძის ბადრაგებისა და ციხის დირექტორების მათრახების გემო; მსჯავრდებულებმა იციან როგორ ჩაჰყავთ მორგში, როგორ აშიშვლებენ, სცემენ, აწამებენ და ამცირებენ.
კალმახელიძის გამოსვლა და დასაზუსტებელ კითხვებზე პასუხები მთლიანობაში 47 წუთი გაგრძელდა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მინისტრი პარლამენტიდან, კუდამოძუებული, ან გაწურული წავიდა; უკეთესად მომზადებულები შეიძლებოდა დახვედროდნენ სანატრელი მინისტრების პარლამენტში სტუმრობას, რომ მათ თავი, ელემენტარულად, უხერხულად მაინც ეგრძნოთ.