დიალოგი, ოღონდ კრემლის პირობებით - აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ რუსეთი რიტორიკას არ ცვლის

დიალოგი, ოღონდ კრემლის პირობებით - აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ რუსეთი რიტორიკას არ ცვლის

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, რუსეთის რიტორიკა საქართველოსთან მიმართებაში უცვლელია. კრემლის პოლიტიკის გამომხატველი რუსული გამოცემა „იზვესტია“ 8 აგვისტოს წერდა, რომ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენა, ამიერკავკასიაში, რუსეთის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად რჩება. ამასთან, მოსკოვი არ აპირებს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პოლიტიკის უკან წაღებას, თუმცა თბილისთან ურთიერთობების დალაგების იმედს მაინც გამოთქვამს. თბილისიდან კი მოკოვს პასუხობენ, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია, საქართველო კრემლის შეთავაზებას დიალოგზე, სერიოზულად არ აღიქვამს. 

პროპაგანდისტული გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან, მოსკოვსა და თბილისს დიპლომატიური ურთიერთობები აღარ აქვთ, აქტიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირები. „იზვესტია“ იმასაც წერს, რომ რუსეთ-საქართველოს კავშირებისთვის ხელსაყრელია თბილისსა და ევროკავშირს შორის „ურთიერთობების გაცივება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა „იზვესტიასთან“ საუბარში განაცხადა:

„ქართული მხრიდან იყო მთელი რიგი, რამდენადაც მახსოვს, განცხადებები იმის შესახებ, როგორ ხედავს რუსეთთან მომავალ ურთიერთობებს. ჩვენ კი ვრჩებით მზადყოფნის პოზიციაზე, საქართველოსთან ჯანსაღი, პრაგმატული თანამშრომლობა განვავითაროთ იქ, სადაც ეს ორივე მხარისთვის მომგებიანია და მზად ვართ, ვიაროთ თბილისთან ორმხრივი ნორმალიზაციის გზით. ასე რომ, თბილისმა უნდა განსაზღვროს თავისი შემდგომი მოქმედებები“.

ამასობაში, 8 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარი, რომლის თანახმად, რუსეთი ისევ საქართველოს ადანაშაულებს „სამხრეთ ოსეთზე შეიარაღებულ თავდასხმაში“. ზახაროვას განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა ჟენევის დისკუსიების ფორმატით იყოს წინსვლა იმ ფონზე, როცა ბოლო ერთ წელიწადში, საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის ფაქტი“ და აფხაზებსა და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ზახაროვა კიდევ ერთ ამოცანად ისევ ასახელებს „საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის დაწყებას“, რაც მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს „ვითარების სტაბილიზაციას სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში“ და აცხადებს, რომ „რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, მზად არის ამ პროცესებს ხელი შეუწყოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მოსკოვის ამგვარ შეთავაზებებს თბილისიდან მკაფიო პასუხი მოჰყვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 8 აგვისტოს, გამოაქვეყნა განცხადება 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით.

სამინისტრო „მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვის შეთავაზება არასერიოზულია და მას საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს:

„ეს მოწოდება არ არის ჩვენთვის სერიოზული. რაც შეეხება თავდაუსხმელობას, ჩვენ ვაცხადებთ ერთადერთ რამეს - ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მშვიდობიანი გზა და, რა თქმა უნდა, ვერავითარ სხვა შეთანხმებასა და დოკუმენტზე ვერ იქნება საუბარი. იქ ზახაროვა რაღაცას ამბობს, იქ კუბილიუსი რაღაცას ამბობს, თქვენ ნუ დასდევთ მათ განცხადებებს. მგონი, კუბილიუსი ზახაროვაზე უარესიც არის. კუბილიუსი კატასტროფაა. კუბილიუსი პირდაპირ ემტერება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მთელი ამ წლების განმავლობაში, ქართველი ხალხის მტრობის მეტი არაფერი უკეთებია. კონკრეტულად კუბილიუსზე გეუბნებით, რომელიც მტრობს ჩვენს ქვეყანას ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენთვის ასეთი მოწოდებები სრულიად მიუღებელია. ჩვენი მხრიდან ვერც პირდაპირი, ვერც ირიბი აღიარება ე.წ. დამოუკიდებლობისა ვერ მოხდება, შესაბამისად, ნებისმიერი მოწოდება, რომელიც ამისკენ მიანიშნებს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, -ამბობს პრემიერი.  

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ბოლოდროინდელ განცხადებებში სიახლე არ არის. ექსპერტი for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ მოსკოვი წლების განმავლობაში გაჟღერებულ იმავე მოთხოვნებს იმეორებს, რომელთა რეალური შესრულების პერსპექტივაც არ არსებობს.

„ზახაროვას მსგავსი ტექსტები წლების მანძილზე გვესმის განმეორებით, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. პირადად ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის, მაგალითად, კონსტანტინ ზატულინის პოზიცია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არავინ შეურიგდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის ფაქტს“, - განმარტა არეშიძემ.

ექსპერტის თქმით, ზახაროვას განცხადებაში ნახსენებია, თითქოს საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რასაც საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია მოჰყვება. არეშიძე ამ ვარიანტს აბსოლუტურად მიუღებლად და გამორიცხულად მიიჩნევს.

კონფლიქტოლოგი ასევე შეეხო განცხადების იმ ნაწილს, სადაც ზახაროვა პრიორიტეტად ასახელებს საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმებას.

„ეს თემა პირველად 2008 წელს გააჟღერეს, როცა საუბარი იყო მსგავსი შეთანხმების გაფორმებაზე. მაშინ ეს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატების ნაწილშიც ფიგურირებდა. თუმცა, საქართველოს ხელი არასდროს მოუწერია და არც მომავალში მოაწერს“, - აღნიშნა არეშიძემ.

მისი თქმით, ომი რუსეთმა წამოიწყო, რომელმაც კოსოვოს პრეცენდენტის გამოყენებით, ქართულ მხარეს წინასწარ ხაფანგი დაუგო. მასში კი მაშინდელი სააკაშვილის ხელისუფლება მარტივად გაება.

„დიახ, სამხედრო მოქმედებები პირველმა საქართველომ დაიწყო, მაგრამ ეს იყო მხოლოდ კონკრეტული ბრძოლის დაწყება, ომი კი - რუსული აგრესიის შედეგი“, - განმარტა არეშიძემ.

მისივე თქმით, რუსეთის მზადება ომისთვის ჯერ კიდევ 2008 წლის ზაფხულიდან იყო აშკარა.

„მე, როგორც იმ მოვლენების უშუალო მონაწილეს, ნათლად მახსოვს, როგორ მიმდინარეობდა ეს მზადება - მაშინდელი მასშტაბური სამხედრო წვრთნების „კავკასია 2008“-ის ფონზე. მაგალითად, ივლისში, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი პროცესები, რომლებიც აშკარად მიუთითებდა მოსკოვის გეგმებზე. აქედან გამომდინარე, ომი რუსეთის მიერ იყო დაწყებული, თუმცა ცნობილია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ხაფანგის შესახებ იცოდა, მაინც მიიღო გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად. ეს იყო შეგნებული ნაბიჯი“, - დასძინა ექსპერტმა.

 

 

Gami რატომ არის ალ "ექსპერტისთვის" ველიკოდერჟავნიკი ქართველთმოძულე ზატულინის პოზიცია მნიშვნელოვანი?
1 საათის უკან